25 თებერვალი ივერიის ღვთისმშობლის ხსენების დღეა - კვირის პალიტრა

25 თებერვალი ივერიის ღვთისმშობლის ხსენების დღეა

25 თებერვალს ყურადღება მახათას მთისკენ იქნება მიმართული, სადაც ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი შენდება.  ქტიტორთა სია ძალიან დიდია - ეს ტაძარი ჩვენი საერთო ძალისხმევით შენდება. ტაძარს მალე გადახურავენ. პაატა ბურჭულაძე, მსოფლიო ბანი, რომელიც ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდის დამფუძნებელია, უდიდესი სიხარულით ხვდება ყოველი სანტიმეტრის მატებას ტაძრის მშენებლობაზე. წელს მას 60 წელი შეუსრულდა. დარწმუნებული ვართ, ამ დღის აღსანიშნავად ბევრი მნიშვნელოვანი საჩუქარი მიიღო, მაგრამ ყველაზე დიდი საჩუქარი სულიერი ღირებულების ძღვენია - ტაძრის შენებასა და ქველმოქმედებაში შეტანილი წვლილი. ბატონი პაატა ამას ღვთის დიდ წყალობად მიიჩნევს.

- ტაძარი აპრილში გადაიხურება. მაგრამ ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი. უკვე შემოგვიერთდა მილიონ ორასი ათასზე მეტი ადამიანი. მათი სახელები ქტიტორთა წიგნში შევა.

- ერის გაერთიანება ძალიან გვიჭირს. ჩანს, სწორი იდეაა, გამაერთიანებელი.

- იდეა, ცხადია, მთავარია. ამასთანავე, ქართველს თუ დაანახებ, რომ მისი ყოველი თეთრი მიდის დანიშნულებით, აუცილებლად გახდება ქველმოქმედი... პენსიონერები იხდიან პენსიიდან ფონდ "ივერიისაში" ფულს.

ჩვენ ტაძარს ვაშენებთ და ეს უწმინდესის დამსახურებაა.

- ისეთი სიყვარულით საუბრობთ ტაძრის შენებაზე, ასე მგონია, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტია თქვენს ცხოვრებაში...

- ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ვერთიანდებით და ვაკეთებთ სიკეთეს. ღმერთი არ წირავს საქართველოს. რამდენჯერ ამოგვიყვანა უფსკრულიდან...

გული რომ არავის დასწყდეს, ქტიტორთა სიაში ვერ მოვხვდითო, ამიტომ გავაგებინოთ ყველას, ნაცნობებს, მეგობრებს და მივცეთ საშუალება, მათაც ააშენონ ტაძარი... ყველა ბიზნესმენს თითო ტაძარი აშენებული აქვს, მაგრამ არის ხალხი, ვისაც ტაძრის ასაშენებელი კი არა, პურის ფული არ აქვს, ეს კი ის ტაძარია, რომელიც შეუძლია ყველამ ააშენოს, მათი თეთრიც შეიწირება და ლოცვაც...

ტაძრის კურთხევა გვინდა დავამთხვიოთ უწმინდესის აღსაყდრების 40 წლისთავს (2017 წლის 25 დეკემბერს), რომ უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ თავად აკურთხოს ტაძარი, რომელიც მისი ლოცვით შენდება.

ვისაც აქამდე არ გაუღია შესაწირი, ამიერიდან შეუძლია ჩაერთოს ამ დიდ საქმეში. ამისთვის საჭიროა, ამოჭრათ და შეავსოთ ანკეტა. ანკეტაში ჩაწერეთ თქვენი ოჯახის წევრების გვარ-სახელები, როგორც ცოცხლების, ისე გარდაცვლილებისა. ეს ანკეტა უნდა მიიტანოთ ნებისმიერ ბანკში და მითითებული თანხა ავტომატურად ჩამოგეჭრებათ ანგარიშიდან. თუ ისეთ რაიონში ან სოფელში ცხოვრობთ, სადაც ახლომახლო ბანკი არ არის, მაშინ შეავსეთ ანკეტა და გამოგზავნეთ ფონდ "ივერიისას" მისამართზე: თბილისი, პეკინის ქ. #28. შემოწირულობის გასაღებად კი იმდენჯერ აკრიფეთ ტელეფონის ნომერი 0901777777, რამდენის ფინანსური შესაძლებლობაც გაქვთ. თითო აკრეფილ ნომერზე თქვენი სატელეფონო ანგარიშიდან ერთი ლარი ჩამოიჭრება.