"ბავშვობიდან პირდაპირ მეძავი ქალის როლზე გადამახტუნეს..." - კვირის პალიტრა

"ბავშვობიდან პირდაპირ მეძავი ქალის როლზე გადამახტუნეს..."

ისევ ეშმაკურად მოციმციმე თვალები და ღიმილი, თითქოს მანანა არც შეცვლილა. ყველასთვის საყვარელი მსახიობი, ნანული სარაჯიშვილი, ისეთივე ენერგიული და მოუსვენარია, როგორიც თავის პირველ ფილმში იყო.

"ლაღი, უდარდელი ბავშვობა მქონდა. დიდი ვანო სარაჯიშვილის ძმის შვილიშვილი ვარ და ისეთ ოჯახში ვიზრდებოდი, სადაც მუსიკა, ხელოვნება უპირველეს ფასეულობას წარმოადგენდა. მეც ვმღეროდი, ვცეკვავდი, კონცერტებზე გამოვდიოდი. "მანანამ" ერთბაშად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ფილმში ნამდვილი ვარსკვლავები შეიკრიბნენ: სესილია თაყაიშვილი, სანდრო ჟორჟოლიანი, მედეა ჩახავა, იპოლიტე ხვიჩია, იაკობ ტრიპოლსკი... 12 წლისა ამ არაჩვეულებრივ ადამიანთა შორის მოვხვდი.

მსახიობობა რომ გადავწყვიტე, სწორედ ამ ფილმის და ამ დიდი ადამიანების დამსახურებაცაა. რომ გითხრათ, გამორჩეულად ლამაზი ბავშვი ვიყავი და როლზე ამის გამო დამამტკიცეს-მეთქი, მოგატყუებთ. ერთ ოჯახში, სუფრასთან მნახა რეზო ჩხეიძემ და რეჟისორებს ურჩია, ეს ბავშვი მანანას როლისთვის ზედგამოჭრილიაო. 1500 გოგონას შორის ამომარჩიეს.

ფილმში ახტაჯანა გოგო ვარ, არადა ცელქი ბავშვი არ მეთქმოდა. ფილმის გამოსვლის დღიდანვე ქუჩაში მცნობდნენ, მეფერებოდნენ, რაც ძალიან მახარებდა. იმის შემდეგ რამდენი როლი ვითამაშე და ხალხი მაინც მანანას მეძახის, თან მწყინს და თან მიხარია".

ამ როლის შემდეგ პატარა ნანული სარაჯიშვილი არც ერთ ფილმში აღარ გადაუღიათ მანამ, სანამ თეატრალურ ინსტიტუტში არ ჩააბარა. სწორედ თეატრალური ინსტიტუტიდან დაიწყო მისთვის მსახიობის რთული და საინტერესო ცხოვრება:

- გიორგი შენგელაია "ვერის უბნის მელოდიებს" იღებდა და ტურფას როლი შემომთავაზა. გიორგი ხუმრობდა - ძეგლი უნდა დამიდგა, ბავშვობიდან პირდაპირ მეძავი ქალის როლზე გადაგახტუნეო. ვერც ერთ ჩემს როლს ვერ გამოვყოფ, იმიტომ, რომ ყველა მიყვარს. ზოგი კარგი გამოვიდა, ზოგი საშუალო, მაგრამ ყველაზე საყვარელი "გარიგებაა", რადგან მის გამო მივიღე არაჩვეულებრივი პრიზი - მათ შორის საუკეთესო, რაც მაქვს:

შავი ზღვის აუზის ქვეყნების საერთაშორისო ფესტივალზე ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის "ოქროს არწივით" დამაჯილდოეს. ზაზა კოლელიშვილს უნდოდა მაროს როლი კახელ მსახიობს შეესრულებინა, მაგრამ ბოლო წუთებში გადაიფიქრა. როდესაც ეკითხებოდნენ - რატომ გადაიფიქრეო, პასუხობდა:

კახელი რომ კახელის თამაშს დაიწყებს, უკვე არ ვარგაო. მახსოვს, მოულოდნელად დამირეკა და მითხრა - ჩაალაგე ჩემოდანი და წავედით თელავში, გადაღებებზეო. როგორც კი ჩავედი თელავში, ბარგი შევინახე და ქალაქში გავედი. იქაურ ქალებს ვაკვირდებოდი, როგორ დადიოდნენ, რას საქმიანობდნენ. თავისით არაფერი მოდის, მაროს სახის შექმნასაც საკმაო შრომა დასჭირდა, ისევე როგორც ყველა სხვა როლს. არასოდეს ვკმაყოფილდები მიღწეულით. ალბათ ამის გამოც, ჩემს ფილმებს მშვიდად ვერ ვუყურებ. თუმცა, იმედი მაქვს, მომავალში უკეთეს როლებს შევასრულებ.

ქალბატონმა ნანულიმ ისიც გაგვიმხილა, რომ ზაზა კოლელიშვილი "გარიგება 2"-ის გადაღებას აპირებს, თუმცა სცენარს მკაცრად ასაიდუმლოებს. სცენარი მზად არის, ახლა დაფინანსებას ველოდებით და იმედია, ეს ჩანაფიქრი ამისრულდებაო.…

- ოჯახი არ შემიქმნია, მაგრამ იმდენად დატვირთული ცხოვრება მქონდა, რომ სიმარტოვეს ვერც ვგრძნობდი. ახლაც დაძაბული რეჟიმი მაქვს - ახალგაზრდებს ვასწავლი, დისშვილს ვუვლი და თავისუფალი დრო თითქმის არა მაქვსო, - გვიმხელს ნანული სარაჯიშვილი, მსახიობი, რომელსაც შეუძლია ერთნაირი ოსტატობით ითამაშოს უდარდელი, ქარაფშუტა მეძავიც და მიტოვებული, საბრალო ქალიც, რომელიც ასეთად თავისივე წინდაუხედაობამ აქცია. და რაც ყველაზე მთავარია, ქალბატონი ნანული მზად არის, შექმნას ახალი და საინტერესო სახეები. მომავალი 2010 წლისგანაც ბევრს არაფერს ითხოვს: მშვიდობასა და ახალ-ახალ როლებს, რადგან ამის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია!

ხათუნა ჩიგოგიძე