"250 გრამი პური მთელ დღეს მეყოფა?" - რა ხდება უფასო სასადილოებში
23-02-2015
"250 გრამი პური მთელ დღეს მეყოფა?" - რა ხდება უფასო სასადილოებში
"მათ იციან, რომ თითო ულუფა ყოველთვის დახვდებათ"

მართალია, ჩვენს ქვეყანაში სტატისტიკის მიხედვით სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა რიცხვი იკლებს, მაგრამ სამაგიეროდ, უფასო სასადილოების რიცხვი მატულობს. დღეისთვის თბილისში 58  სასადილო ფუნქციონირებს, სადაც ყოველდღიურად 26 269 ადამიანი იღებს კუთვნილ ულუფას (2011 წლის მონაცემებით, თბილისში 35 უფასო სასადილოში 15 000-მდე სოციალურად დაუცველი სადილობდა).

როგორც მერიაში გვითხრეს, ამის გარდა, არსებობს დამატებითი სია, რომელშიც 1177 ბენეფიციარია. თუ ძირითად სიაში მყოფი პირი კუთვნილი ულუფის მისაღებად არ მივიდა,
საკვები დამატებით სიაში მყოფ ბენეფიციარს ეძლევა.

უფასო სასადილოების მომსახურებაზე ყოველწლიურად გამგეობები ტენდერს აცხადებენ. წინა წლების სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მენიუს საშუალო დღიური ენერგეტიკული ღირებულება უნდა ყოფილიყო 900 კილოკალორია. თუმცა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს  საიტზე სატენდერო დოკუმენტაციების გაცნობისას კალორიების შესახებ ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ. ამიტომ ბენეფიციარები დღეში რამდენ კალორიას
იღებენ, უცნობია. დიეტოლოგების თქმით კი ჯანმრთელმა ადამიანმა, დღეში სულ მცირე, 2 200-2 500 კილოკალორია უნდა მიიღოს!

თვალში საცემია, რომ რაიონებში გამოცხადებულ ტენდერებში მხოლოდ თითო იურიდიული პირი მონაწილეობს. გამონაკლისი აღმოჩნდა ნაძალადევის რაიონის გამგეობა, სადაც მონაწილეობის სურვილი გამოთქვა სამმა კონკურენტმა.

როგორც "კვირის პალიტრას" მერიაში განუცხადეს, ამჟამად მიმდინარეობს მომწოდებლებთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი. მანამდე კი იმისათვის, რომ სასადილოებმა შეუფერხებლად იმუშაოს, ძველ მიმწოდებლებს ვადა გაუხანგრძლივეს.

მომწოდებლებმა  საჯაროდ ამ თემაზე კომენტარისაგან თავი შეიკავეს, პირად საუბარში კი გვითხრეს, რომ ერთი ბენეფიციარისთვის გამოყოფილი დღიური თანხა საკმარისი არ არის. ამასთან,
ხშირად ტენდერის მოგების მიზნით კონკურენტები ფასს აგდებენ, საბოლოოდ კი ბენეფიციარის გამოსაკვებად განკუთვნილი თანხა -  დღეში 1,15 ლარი - შეიძლება შემცირდეს.

ცხადია, გაჭირვებული ადამიანისთვის დღეში ერთი ულუფა კერძიც შეღავათია, მაგრამ უმრავლესობა უფასო სასადილოების მუშაობით უკმაყოფილოა. ამბობენ, რომ თუ ზედიზედ სამჯერ არ მივიდნენ, სიიდან შლიან და მერე სადილის გარეშე რჩებიან, თუმცა, ეს ინფორმაცია უფასო სასადილოების პერსონალმა არ დაგვიდასტურა.   
76 წლის სონია ბებო ერთ-ერთ უფასო სასადილოში სადილობს:”- 250 გრამი პური მთელ დღეს მეყოფა? იმ დღეს ლობიო შინ წავიღე, ხელახლა წამოვადუღე, მწვანილი, სუნელები და ცხიმი ვუყავი.  კვირაში ორჯერ ხორცია ან შემწვარი ქათამი, სოსისს  ხან თითოს, ხანაც ორს  გვაძლევენ.  ერთ უმ კვერცხსაც გვიმატებენ. ხილიდან მხოლოდ ვაშლია და ისიც - კვირაში ერთხელ...

ყოველდღიურად უფასო სასადილოს სტუმრობს 64 წლის მარიამიც:”- ნახევარჯერ მხოლოდ პური მიმაქვს. სუპები წყალწყალაა, შიგ ერთი-ორი მაკარონი და კარტოფილი დაცურავს. ზოგჯერ საჭმელს მარილიც არ აქვს. წიწიბურას გვაძლევენ, მაგრამ შიგ კენჭები ყრია...

ქალბატონი ლამარა უფასო სასადილოში 13 წელი მუშაობდა: - შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, ასეთი სასადილოები არსებობს. მაშინ იმდენი გაჭირვებული არ მოდიოდა, რამდენიც დღეს. ვარკეთილის სასადილოში  დღეში 70 ადამიანს ვემსახურებოდით. მერე ეს რიცხვი გაიზარდა. სამწუხაროა, რომ ჩვენს  ქვეყანაში ადამიანებს ასე უჭირთ. ადრეც და ახლაც უმრავლესობას სადილი შინ მიაქვს. აქ იშვიათად სადილობენ. მე უკვე აღარ ვმუშაობ, მაგრამ როგორც ყოფილი თანამშრომელი, სიაში ვარ და სადილს მეც ვიღებ. მენიუ უკეთესი გახდა, პირობებიც, პერსონალი საკვებს სუფთად ამზადებს, წუნს მართლა ვერ დასდებ.”

სალომე ლოლაძე, საქველმოქმედო ფონდ "ქვიშის საათის" დამფუძნებელი: - ბოლო ხანს ბენეფიციართა რიცხვი გაიზარდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა. გინახავთ იქაური საკვები? ისეთია, ჭამა არ მოგინდება. სუპები წყალწყალაა, თუმცა, როცა სხვა საშუალება არ გაქვს, ესეც შეღავათია. სასადილოებში მრავალშვილიანი ოჯახებიც დადიან. მართალია, მოზარდისთვის იქაური ულუფა საკმარისი არ არის, მაგრამ შიმშილობას მაინც  სჯობს, მათ იციან, რომ თითო ულუფა ყოველთვის დახვდებათ.


სტატისტიკის მიხედვით

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველთა რიცხვი შემცირდა: 2012 წელს - 501 445 ადამიანი იყო, 2013 წელს - 453 857, 2014 წელს კი - 421 387.

ერთ-ერთი უფასო სასადილოს ზამთრისმენიუ

ორშაბათი
1. მაწვნის შეჭამანდი - 400გ;  
2. წიწიბურას ფანტია ფაფა - 150გ
3. კომპოტი ხილის - 200გ;  
4. პური ხორბლის - 250გ

სამშაბათი
1. ბორშჩი ვეგეტარიანული - 400გ;
2. მაკარონი ყველით - 35/200გ
3. ასკილის ნაყენი - 200გ;
4. პური ხორბლის - 250გ

ოთხშაბათი
1. ხაბახუბა-ბოსტნეულის სალათი (ვინეგრეტი) - 150გ;
2. ლობიო ამოლესილი - 400გ
3. ხილი - 80გ;
4. პური ხორბლის - 250გ

ხუთშაბათი
1. ჩიხირთმა ქათმის ბულიონზე - 400გ;
2. ქათამი შებრაწული ან ჩათუშული
3. კომბოსტოს გარნირით 75/120U;
ლიმონის ვიტამინიზირებული სასმელი - 200გ
4. პური ხორბლის - 250გ

პარასკევი
1. ბარდის წვნიანი - 400გ;
2. ბრინჯის ფლავი ქიშმიშით და ჩირით - 180გ;
3. კომპოტი ხილის - 200გ,
4. პური ხორბლის - 250გ

შაბათი
1. მაკარონის ან ვერმიშელის წვნიანი - 400გ;
2. სოსისი წიწიბურას გარნირით 100/150გ;
3. კომპოტი ხილის - 200გ;
4. პური ხორბლის - 250გ

კვირა
1. წვნიანი ხორცის გუფთებით - 400გ;
2. შვრიის ფანტელის (ჰერკულესი) ფაფა რძით - 250გ/50გ
3. პური ხორბლის - 250გ

სალომე გოგოხია

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით