რა სთხოვა იღბლიანმა მკითხველმა "კვირის პალიტრას"
23-02-2015
რა სთხოვა იღბლიანმა მკითხველმა "კვირის პალიტრას"
"შემდეგი იღბლიანი მკითხველი  ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება გახდეს. საყვარელი გაზეთისგან მიღებული საჩუქარი კი ყოველთვის "კვირის პალიტრას" გაგახსენებთ"

"დამთხვევაც ამას ჰქვია! - პიკასო ჩემი საყვარელი მხატვარია. გმადლობთ ასეთი  საჩუქრისთვის, რომელსაც არ ველოდი და ძალიან გამახარა. ეს წიგნი ყოველთვის თქვენს თავს გამახსენებს"


2015 წლის 18 აპრილს "კვირის პალიტრის" პირველი ნომრის გამოსვლიდან  20 წელი სრულდება. საიუბილეო  ღონისძიებების ფარგლებში, უკვე მეშვიდე კვირაა, ყოველ ორშაბათს, გაზეთის ჟურნალისტები ქალაქის სხვადასხვა უბანში გავდივართ და სპეციალური პრიზით ვასაჩუქრებთ იმ
იღბლიან ადამიანს, რომელიც პირველი შეგვხვდება "კვირის პალიტრით" ხელში.


გასულ ორშაბათს მორიგი იღბლიანი მკითხველის გამოსავლენად ისანში ვიყავით. მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველთვის ხალხმრავლობაა. "კვირის პალიტრით" ხელში ბევრი ადამიანი შევნიშნეთ, თუმცა ზოგს სამსახურში ეჩქარებოდა, მოგვიბოდიშა და ჩვენთან გასაუბრებაზე უარი თქვა, ზოგმა კი ტრანსპორტში აგვასწრო. ის იყო, თბილისის სხვა
რაიონში ვაპირებდით წასვლას, რომ ახალგაზრდა ქალბატონი შევნიშნეთ, რომელიც ჩვენს გაზეთს ჩანთაში ინახავდა.

- გამარჯობა, ჩვენ "კვირის პალიტრიდან" ვართ.
- მართლა? ხომ მშვიდობაა, რამე გამოკითხვას ატარებთ?'

- ჯერ გაგვეცანით.
- მზია შერმაზანაშვილი, 85-ე სკოლის პედაგოგი.

- 18 აპრილამდე, ყოველ ორშაბათს, იმ ადამიანს, რომელიც "კვირის პალიტრით" ხელში პირველი შეგვხვდება, სპეციალური პრიზით ვასაჩუქრებთ.
- და მე ვარ ასეთი იღბლიანი მკითხველი? საჩუქარი რა არის?

- გამომცემლობა "პალიტრა L"-ის "დიდი მხატვრების" სერიიდან "პიკასოს" ტომი.

- დამთხვევაც ამას ჰქვია! - პიკასო ჩემი საყვარელი მხატვარია. გმადლობთ ასეთი  საჩუქრისთვის, რომელსაც არ ველოდი და ძალიან გამახარა. ეს წიგნი ყოველთვის თქვენს თავს გამახსენებს. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ გაზეთს აკეთებს. "კვირის პალიტრას" ჩვენს ოჯახში ყველა კითხულობს.

- რამდენი წელია, რაც "კვირის პალიტრის" მკითხველი ბრძანდებით?
- უკვე ექვსი წელია, ყოველი ორშაბათი ამ გაზეთის შეძენით იწყება. მაშინ, როდესაც ჩემს სახლთან მდებარე პრესის ჯიხურში გაზეთი აღარ მხვდება, სპეციალურად მეტროს ტერიტორიაზე მოვდივარ. დღეს სწორედ ასეთი შემთხვევა იყო...

- გამორჩეული რუბრიკა თუ გაქვთ?
- რომელიმე რუბრიკის გამორჩევა გამიჭირდება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის გაზეთი, სადაც ყველა ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანი საჭირო ინფორმაციას ამოიკითხავს. მე განსაკუთრებით მაინტერესებს ანალიტიკური სტატიები, რომელიც ვფიქრობ, დღეს საზოგადოებას ძალიან აკლია. გარდა ამისა, ჩემი დიდი სურვილი და თხოვნაა, რომ მეტი ყურადღება დაუთმოთ კულტურის თემებს. გილოცავთ საიუბილეო წელს და ჩემსავით ბევრ ერთგულ მკითხველს გისურვებთ, რომელიც ნამდვილად ვიცი, რომ არ გაკლიათ.

P.S. შემდეგი იღბლიანი მკითხველი ნებისმიერი თქვენთაგანი შეიძლება გახდეს.

თორნიკე ყაჯრიშვილი
lela
03 მარტი 2015 18:33
ყველა კატეგორიას ექცევა ყურადღება, გარდა იმ ინვალიდებისა, რომელთაც გარეთ გასვლა არ შეუძლიათ თავიანთი მძიმე მდგომარეობის გამო.მათთვის პენსიის გარდა არავითარი შეღავათი არ არსებობს, ისინი არც საზეიმო დღეებში ახსოვს ვინმეს, მაგრამ ისინიც ხომ ცოცხალი ადამიანები არიან და ყველაფერი ისე ჭირდებათ, როგორც ჯანმრთელ ადამიანს.მე მყავს ასეთი შვილი, 21წლის.თუ დაინტერესდებით ჩემი ოჯახის მდგომარეობ ით და დამიკავშირდებით სრულყოფილ პასუხს გაგცემთ.ამ კომენტარს იმიტომ ვწერ რომ თქვენი გაზეთის მუდმივი მკითხველი ვარ. ტ.599354781.წინასწარ გიხდით მადლობას.

რედაქტორის რჩევით