"ბიჭს ცალი თვალი და ხელი არა აქვს" - 13 წლის ბიჭის ტრაგიკულად შეცვლილი ცხოვრება - კვირის პალიტრა

"ბიჭს ცალი თვალი და ხელი არა აქვს" - 13 წლის ბიჭის ტრაგიკულად შეცვლილი ცხოვრება

"სხეულის კიდევ რა ნაწილი არ უნდა ჰქონდეს, რომ პირველი ჯგუფის ინვალიდის სტატუსი მიანიჭონ?"

"ჩვენისთანა გაჭირვებულებისთვის სახელმწიფოს არ სცალია"

გუგული აბჟანდაძე ახლა 17 წლის  არის. რამდენიმე წლის წინ მომხდარმა ტრაგედიამ მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.

2010  წლის 25 დეკემბერს გუგული და თენგიზ ქამხაძე, სახლთან ახლოს თამაშობდნენ, როცა ღობესთან დაგდებული ნაღმი იპოვეს. ბიჭები ვერ მიხვდნენ, რომ ნაღმი იყო, ჯართში ჩაბარება გადაწყვიტეს და დასაშლელად გუგულიმ მეზობლის სახლის კედელს მიარტყა. ამ დროს ნაღმი აფეთქდა... ცოცხალ-მკვდარი ბავშვები იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც დაუყოვნებლივ ოპერაცია გაუკეთეს. საბედნიეროდ, თენგიზი მსუბუქად დაშავდა, მაგრამ გუგულიმ მარჯვენა თვალი და მარჯვენა მკლავი დაკარგა. ქირურგიულმა ჩარევამ ნაყოფი ვერ გამოიღო... შემთხვევის ადგილიდან 2 კილომეტრში ყოფილი სამხედრო ბაზაა. ვარაუდობენ, რომ ნაღმი იქიდან ვიღაცამ წამოიღო და მათ სახლთან გადააგდო. დასახიჩრებულ მოზარდს ინვალიდის სტატუსი მიანიჭეს და ყოველთვიურად 100 ლარი დაუნიშნეს. რამდენიმე დღეში გუგული სრულწლოვანი ხდება და დედამ პირველი ჯგუფის ინვალიდის სტატუსის მისანიჭებლად შვილი ჯანდაცვის სამინისტროში მიიყვანა. თუმცა, უარით გამოისტუმრეს, კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებსო(?!).

- ცალი თვალი არა აქვს, ხელი არა აქვს, სხეულის კიდევ რა ნაწილი არ უნდა ჰქონდეს, რომ პირველი ჯგუფის ინვალიდის სტატუსი მიანიჭონ? - შემოგვჩივლა გუგულის დედამ მაია გვაჯავამ.

მრავალშვილიანი ოჯახი ლოგინად ჩავარდნილ 85 წლის მოხუცთან ერთად  ნაქირავებ ბინაში წლებია, ცხოვრობს. ოჯახს ორი ინვალიდის სტატუსის მქონე ბავშვი ჰყავს: გუგული და 8 წლის გაგა, რომელსაც კურდღლისტუჩი აქვს. სამი ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა, მკურნალობა კიდევ ესაჭიროება. ტყუპი მესამე კლასშია, უფროსი გოგონა სტუდენტია, თუმცა, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სასწავლებლიდან გარიცხეს. ახლა მუშაობს, ფულს აგროვებს, რომ სწავლა განაგრძოს. თუმცა, შემოსავალი მწირი - 200 ლარამდე აქვს. რაც შეეხება გუგულის, დასახიჩრების შემდეგ სწავლას თავი დაანება და შინ ჩაიკეტა. მასთან საუბარი საბედისწერო დღის გახსენებით დავიწყეთ.

გუგული აბჟანდაძე: - იმ დღეს ბიჭები ეზოში ვთამაშობდით და ღობესთან, ხმელ ფოთლებში, ნაღმი შევნიშნეთ. გადავწყვიტეთ, დაგვეშალა და ჯართში ჩაგვებარებინა.

კონცერტზე მინდოდა წასვლა, ვიფიქრე, ჯართში აღებულ ფულს დავამატებ და ბილეთს ვიყიდი-მეთქი. ნაღმი დასაშლელად კედელს შემოვარტყი და ამ დროს აფეთქდა. შემდეგ არაფერი მახსოვს...

ამ ამბის შემდეგ სკოლა მივატოვე. გარეთ იშვიათად გავდივარ. ერთმა უცხოელმა კომპიუტერი მაჩუქა და ძირითად დროს კომპიუტერთან ვატარებ...

"წითელი ჯვრის" დახმარებით გუგულის ამპუტირებულ მკლავზე პროთეზი გაუკეთეს, თუმცა, უკვე შესაცვლელია - პროთეზი სძვრება. მარჯვენა თვალში შუშის თვალი ჩუდგეს, რომელიც წელიწადში ერთხელ უნდა შეიცვალოს. ახლა  შეცვლის დროა, თუმცა, ოჯახს ამის სახსარი არ გააჩნია...

მაია გვაჯავა, გუგულის დედა: - იმ დღეს, როცა აფეთქება მოხდა, შინ ვიყავი. იმდენად ძლიერი ხმა იყო, რომ სახლები შეაზანზარა. ცოტა ხანში მეზობლის ბავშვები მოცვივდნენ, გუგული სისხლიანი გდია, ნაღმი აუფეთქდაო. ბავშვი თითქმის დაფლეთილი მივიყვანეთ საავადმყოფოში.  მაშინ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი,  ჩემი შვილი გადარჩენილიყო...

შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა. ვის არ მივმართეთ, პრეზიდენტით დაწყებული და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროთი დამთავრებული. წლებია ქირით ვცხოვრობთ. დედაჩემი ლოგინად ჩავარდა, ეს ორი ბავშვი ინვალიდია, არანაირი შემოსავალი არა გვაქვს.. სოციალური დახმარება და პენსია წინასწარ ავიღე, მაგრამ ამდენ ხარჯს ვერ ავუდივარ.

- საქმეზე გამოძიება თუ ჩატარდა?

-  ერთხელ უბნის ინსპექტორი მოვიდა და ეგ იყო.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ჩვენთვის არ არსებობს, იქ შEეტანილი განცხადებების დასტა მაქვს შენახული.

მხოლოდ 5 თვე გადაგვიხადეს ბინის ქირა და ამით დასრულდა მათი დახმარება. ბინის მისაღებად აპლიკაცია შევავსე. თურმე, ჩემი დოკუმენტებიდან ბავშვების ინვალიდობა ამოუღიათ, ამით 4 ქულა დამაკლეს და უბინაოდ დავრჩი. არადა, მონაცემთა ბაზაში ორივე ბავშვის ინვალიდობაა დაფიქსირებული. ჩვენისთანა გაჭირვებულებისთვის სახელმწიფოს არ სცალია.

ოჯახმა იურიდიული დახმარებისთვის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართა და სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, სახელმწიფოს  მორალური ზარალის ანაზღაურებას - 200 ათას ლარს, ხოლო სამედიცინო მომსახურებისთვის გარკვეული ვადით ყოველთვიურად 1.000 ლარს სთხოვენ.

მიხეილ ჯახია, საია-ს იურისტი: - ამ საქმის გამოძიება დღემდე  არ ჩატარებულა. როცა ოჯახმა მოგვმართა, მაშინვე დავუკავშირდით შს საქმეთა სამინისტროს და ინფორმაცია გამოვითხოვეთ, მაგრამ დათვალიერების ოქმი და სხვა მასალები ვერ მოიძიეს. საქმე 118-ე მუხლის მესამე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) არის აღძრული, თუმცა, ჩვენ ამ მუხლის გადაკვალიფიცირებას ვითხოვთ, რადგან სხეულის დაზიანების ხარისხი ბევრად მაღალია. სამწუხაროდ, თავის დროზე, ბავშვს ექსპერტიზა არ ჩაუტარდა და ეს ვერ დადგინდა.

ვისაც სურვილი გაქვთ, მცირედი შემოწირულობა მაინც გაიღოთ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გუგული აბჟანდაძის დედას მაია გვაჯავას .

ტელ: (790) 78-99-98; ანგ. ნომერი: GE81LB0711107510329740 ლიბერთი ბანკი , მიმღები მაია გვაჯავა

სალომე გოგოხია