"შვილი არ მატირეს, მომეცი ნება, შენთან ვიტირო" - 9 მარტის ცრემლიანი ისტორია - კვირის პალიტრა

"შვილი არ მატირეს, მომეცი ნება, შენთან ვიტირო" - 9 მარტის ცრემლიანი ისტორია

"გულის სიღრმეში ახლაც ბევრს სჯერა, რომ სტალინი არაფერ შუაში არ იყო 37 წელთან"

მედეა თიკანაძე 5 წლის იყო 1937-ში დედ-მამა რომ დაუპატიმრეს და მამის აშენებული სახლიც წაართვეს. შემდეგ ნათესავების კარზე იზრდებოდა. ამის მიუხედავად, სიცოცხლე არა ბოროტების, არამედ ადამიანური ღირსებების ძებნაში გაატარა.

- ბევრს უკვირს, რატომ ვიყავით ჩვენ, სტალინის ეპოქის მსხვერპლთა შვილები, სტალინის ერთგულები... დამერწმუნეთ,  გულის სიღრმეში ახლაც ბევრს სჯერა, რომ სტალინი არაფერ შუაში არ იყო 37 წელთან.

ჩემი ოჯახიც 37 წლის მსხვერპლია - როცა მამა მიჰყავდათ, თან მისი ყველა ნივთი მიჰქონდათ და ჰალსტუხი დაუვარდათ. ეს მაინც დამიტოვეთ ქმრის მოსაგონრადო, - იხვეწებოდა დედა, მაგრამ ამის ნაცვლად თავადაც წაიყვანეს... 10 წლის მერე დედა დაბრუნდა, მაგრამ 4 წელიწადში გარდაიცვალა 46 წლისა, მამა თურმე მაშინვე დახვრიტეს... მე კი ნათესავებმა წამიყვანეს გასაზრდელად...

მიუხედავად ამ ყველაფრისა, 56-ის მარტში მშრალ ხიდთან, ბაღში, სტალინის ძეგლთან მაინც ვიდექით მე და ჩემი მეუღლე. ის 24 წლის იყო, მე - 23-ის. აქვე ახლოს ვცხოვრობდით, შემოგვესმებოდა სტალინის დასაცავად შეკრებილი ხალხის გუგუნი, დავუტოვებდით ბავშვს დედამთილს, გავიქცეოდით ბაღში და როცა ჭამის დრო დაუდგებოდა, უკან გამოვიქცეოდი. 9 მარტის იმ საღამოსაც ამიტომ გამოვიქეცი შინ. ბინდდებოდა, გზად ნათესავი შეგვხვდა, - არ მომწონს ეს ამბავი, ჰაერში დენთის სუნი ტრიალებს, ფრთხილად იყავითო. არ დავუჯერეთ, მაგრამ შევედით თუ არა სახლში, სროლა ატყდა. აივანზე გავცვივდით. ამ სროლაში უცებ "მრავალჟამიერი" გაისმა. ხალხს ესროდნენ, ის კი ისევ სტალინის ძეგლთან იდგა და მღეროდა. "მრავალჟამიერს" "გაფრინდი, შავო მერცხალო" მოჰყვა. მერე ჩვენი სახლის წინ მომიტინგეებმა ჩამოიარეს... მათ უკან სროლით რუსული მერვე პოლკი მოჰყვებოდა (მთელი პოლკი საბავშვო სახლებში აღზრდილი უთვისტომო ჯარისკაცებისგან შედგებოდა). სროლისას მომიტინგეების რიგებში დახოცილები ეცემოდნენ, ცოცხლები კი ისევ მღეროდნენ! მაშინდელი განცდა დღემდე მომყვება, მეც ჩემი 9 მარტი მქონდა, მაგრამ რა იყო ეს? ალბათ ის, რომ მაშინ ჩვენ სტალინთან ერთად ეროვნულობასაც ვიცავდით, ის ხომ ქართველი იყო. იმ დღეს დახოცილებისგან ზოგი მტკვარში გადააგდეს, ზოგი კაცმა არ იცის, სად დამარხეს...

ერთი ოსი ქალი დამამახსოვრდა, მისი გარდაცვლილი შვილი სადღაც გააქრეს. თავად კი 40 დღის შემდეგ გაიგო, რომ ორთაჭალაში ვიღაც მოხუცი გარდაცვლილა. მივიდა და მიცვალებულს თავთან ჩამოუჯდა, - შვილი არ მატირეს, მომეცი ნება, შენთან ვიტიროო. ხან ოსურად ტიროდა, ხან ქართულად, მასთან ერთად მისი 16 წლის შვილი მთელმა ორთაჭალამ დაიტირა.