"კვირის პალიტრა" საზღვარზე მიიწვიეს - კვირის პალიტრა

"კვირის პალიტრა" საზღვარზე მიიწვიეს

ჩვენმა ერთგულმა მკითხველმა უკვე იცის - "კვირის პალიტრის" საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, ყოველ ორშაბათს  ქალაქის სხვადასხვა უბანში დავდივართ და იმ იღბლიან ადამიანს, რომელიც პირველი შეგვხდება ჩვენი გაზეთით ხელში, სპეციალური პრიზით ვასაჩუქრებთ. "კვირის პალიტრას" 18 აპრილს 20 წელი უსრულდება.

ამჯერად ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიას ვესტუმრეთ. ხალხის თვალიერება დავიწყე.  რამდენიმე ჩვენმა თანამოქალაქემ, რომელთაც ხელში "კვირის პალიტრა" ეჭირათ, მეტროში შემასწრო. აფსუს-მეთქი, გავიფიქრე. თუმცა, რამდენიმე წამში შევამჩნიე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც "კვირის პალიტრით" ხელში სადღაც მიიჩქაროდა. როდესაც გაიგო, რომ მორიგი იღბლიანი მკითხველი გახდა, გაუხარდა. მას "პალიტრამედიის" სახელით გამომცემლობა ,,პალიტრა  L"-ის "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" 24-ტომეულის ერთ-ერთი ტომი, ,,მეფე თამარი" და ბოთლი ღვინო გადავეცით.

- მამუკა ოჩიაური გახლავართ, ხევსური, არხოტიდან. სასაზღვრო პოლიციაში ვმუშაობ.

თქვენი გაზეთის ერთგული მკითხველი ვარ და "კვირის პალიტრა" განსაკუთრებით მიყვარს.  ჩემ გარდა, ასევე ერთგული მკითხველები არიან ჩემი შვილები, მეუღლე, დედაჩემი და და.

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, განსაკუთრებით  სამხედრო თემა მაინტერესებს, რომელსაც თქვენი გაზეთი დიდ ყურადღებას უთმობს.

ასევე, ძალიან მიყვარს "კვირის პალიტრის" ჩანართი "მამულ-დედული", სადაც იმდენ საინტერესო რჩევას ვკითხულობ, რაც აქამდე არ ვიცოდი.

- "მამულ-დედულის" რჩევები გამოგიყენებიათ?

- მთაში ვცხოვრობ, მიწასაც ვამუშავებ და ბევრი რამ ვიცი სოფელზე, მაგრამ ზოგიერთი რამ "მამულ-დედულიდან" ვისწავლე. მაგალითად, მასში მოცემული რჩევებით ხეხილი დავამყნე და გაიხარა.  თუმცა, ისე არ გამიგოთ, რომ მარტო სოფლის მეურნეობასა და სამხედრო თემასთან დაკავშირებულ სტატიებს ვკითხულობ. ყველა წერილს ინტერესით ვეცნობი. თუმცა, ერთი თხოვნა მექნება.…

- გისმენთ.

-   ახლა თამარ მეფეზე წიგნი რომ მაჩუქეთ,  ამან გამახსენა.

კარგი იქნება, თუ "კვირის პალიტრაში" უფრო ხშირად გამოქვეყნდება სტატიები საქართველოს ისტორიაზე, ქართველ მეფეთა ცხოვრებაზე.

მაღალმთიან რეგიონებში ინტერნეტი სანატრელია, პრესა უფრო ხელმისაწვდომია. შესაბამისად, მთაში შემორჩენილი ახალგაზრდები უფრო მეტს გაიგებენ საქართველოს ისტორიაზე. ისე, კარგი იქნება, ერთ სტატიას ქართველ მესაზღვრეებზეც თუ მოამზადებდით. მუშაობა რთულ პირობებში გვიწევს. იქ სამანქანო გზაც არ არის, ვერტმფრენით გვიწევს სამხედროების როტაცია. სხვათა შორის, სამსახურში ყოველთვის მიმაქვს ,,კვირის პალიტრა" და ბიჭებიც სიამოვნებით კითხულობენ.

-  სიამოვნებით, გესტუმრებით.

- ჩვენც სიამოვნებით გიმასპინძლებთ. მაშ, გელოდებით საზღვარზე.

თორნიკე ყაჯრიშვილი

სიუჟეტი იხილეთ პალიტრატვ-ზე