"ილუსტრაცია ყოველთვის ამდიდრებს წაკითხულის შთაბეჭდილებას" - კვირის პალიტრა

"ილუსტრაცია ყოველთვის ამდიდრებს წაკითხულის შთაბეჭდილებას"

პირველად იყო სიტყვა, რომელიც ფრაზად იქცა, ფრაზა - აბზაცად, აბზაცი - ქვეთავად, ქვეთავი - წიგნად... დახვეწილი გამოსახვის ხერხებისა და დეკორატიული ელემენტების კავშირმა საზოგადოებას ყველაზე დიდი ისტორიული მონაპოვარი - წიგნი მოუტანა. წლები გადიოდა და წიგნის ვიზუალი, მასალა და ფორმატი სულ უფრო იხვეწებოდა. თიხა, პაპირუსი, არყის ქერქი და პერგამენტი ქაღალდმა ჩაანაცვლა. მის ფურცლებზე გაჩენილმა ილუსტრაციებმა კი ტექსტუალურ მასალასთან ერთად მკითხველს აღქმის უნარი გამოუმუშავა. ერთი სიტყვით, წიგნის ისტორიამ დიდი და რთული გზა განვლო, თუმცა, იმ დროიდან დღემდე მჭიდრო კავშირშია საზოგადოების განვითარებასთან.

წიგნის ილუსტრირება ერთ-ერთი განსაკუთრებული და საინტერესო სფეროა თანამედროვე  ხელოვნებაში. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ილუსტრირებული წიგნებით ბავშვების დაინტერესება აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რადგან ის, რასაც პატარები თვალით ხედავენ, ბევრჯერ გამეორებულზე უკეთ ამახსოვრდებათ...

ოთხი თვეა, რაც მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" სერიიდან მკითხველისთვის ყოველთვიურად საუკუნის წინანდელი ისტორიები ეპოქების მიხედვით ცოცხლდება. საქართველოს ისტორიის ეს ვიზუალური რეკონსტრუქცია მთავარ მოვლენებს, მნიშვნელოვან ფაქტებს, ოდესღაც რეალურად მომხდარ ამბებს ცალკეულ წიგნებად ყოფს და 24 ტომად აერთიანებს.

უნიკალურ სერიაზე ქართველი მხატვრები, ავტორები, რედაქტორები, დიზაინერები და დამკაბადონებლებისგან შემდგარი პროფესიონალთა ჯგუფი სამი წელია მუშაობენ. პროექტის ფარგლებში აღწერილი ყველა ამბავი, ეპიზოდი, დეტალი, თითოეული ეპოქის, საერო და საეკლესიო კოსტიუმები დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით შეიქმნა.„

როგორც ამბობენ, უგემოვნოდ შერჩეულ ილუსტრაციას მკითხველზე უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია. გია ბუღაძე ილუსტრირებული წიგნის მნიშვნელობაზე გვესაუბრა:

გია ბუღაძე, მხატვარი: "ბავშვი ვიზუალით აზროვნებს და მისთვის ილუსტრაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ბოლო წლებში საყმაწვილო ილუსტრაციებზე ვიმუშავე და დიდად ვისიამოვნე. საკუთარი თეორიაც მაქვს შემუშავებული, როგორი ტიპის ილუსტრაციები მოსწონთ ბავშვებს.

პატარებს არ უყვართ, როდესაც ხედავენ მათი ნახატების იმიტაციას. მათ მოსწონთ რეალურთან მიახლოებული გამოსახულება. ისინი უფრო კარგად ხედავენ ნახატში იმას, რასაც, ჩვეულებრივ, ყოფით ცხოვრებაში ვერ ამჩნევენ.

მაგალითად, აყვავებულ ხეს, კოშკს ან მთაზე აღმართულ ტაძარს ნახატში უფრო კარგად აღიქვამენ, ვიდრე რეალურ სივრცესა და გარემოში. ასე რომ, ილუსტრაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის აღზრდისა და მისი სულიერი განვითარებისთვის.

როდესაც ბავშვი გამოკვებილია ისტორიული ლეგენდების ილუსტრაციებით, ჩათვალეთ, რომ პირდაპირ მის სულში შეაღწიეთ... ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ, საზღვარგარეთ ყოფნისას, როდესაც იქაურ ილუსტრირებულ წიგნებს ვხედავდი, საშინლად მშურდა. საბედნიეროდ, უკვე კარგა ხანია ქართველებიც წინ წავედით ამ საქმეში. პატარებს რომ თავი დავანებოთ, თანამედროვე საზოგადოებაც დღეს ვიზუალს დიდ ყურადღებას აქცევს. სასურველია, თანამედროვე ლიტერატურაში ყველა ასაკისთვის იყოს ვიზუალური მასალა. თუ ამ ყველაფერს შემეცნებითი ხასიათიც ექნება, კარგ საქმეს გავაკეთებთ.

ბოლო პერიოდში დიდი ინტერესი გაჩნდა ილუსტრირებული წიგნების მიმართ. ბევრი კარგი ხელოვანი და ილუსტრატორია ჩართული ამ საქმეში. ძალიან მომწონს "პალიტრა L“ -ის გამოცემული წიგნები - ვიზუალშიც და შესრულებაც არაჩვეულებრივია".

გია მურღულია, განათლების ექსპერტი: "როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, თვალი სწავლობს ექვსჯერ უკეთესად, ვიდრე ყურიო. ბუნებრივია, წიგნის წაკითხვისას ილუსტრაცია ყოველთვის ამდიდრებს წაკითხულის შთაბეჭდილებას. ფერადი ილუსტრაციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწყებითი კლასის ბავშვებისათვის, რომელთა წარმოდგენები სამყაროზე, ადამიანებსა და ურთიერთობებზე ყალიბდება სწორედ ამ ასაკში. როდესაც წიგნი სავსეა  შემეცნებითი ილუსტრაციებით, ეს ყოველთვის საგულისხმოა და კარგია. მსმენია, "პალიტრა L“ -ის გამოცემაზე და მივესალმები ამ ტიპის შემეცნებითი ლიტერატურის გამოცემას".

"საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" 24-ტომეული მდიდარია უნიკალური სამუზეუმო ექსპონატებითა და არქივში დაცული ფოტოებით. ყველა მნიშვნელოვანი ეპიზოდის გაცოცხლება ისტორიული სინამდვილის დაცვით რთული, თუმცა, საინტერესო სამუშაო აღმოჩნდა. ახლებურად გადმოცემული მატიანის პირველი ტომი წიგნის მაღაზიებში ნოემბერში გამოჩნდა.

ოდესღაც მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების კრებული, რომელიც ეპოქებისა და თემების მიხედვით დაიყო, თვეში ერთხელ გამოიცემა.  მიუხედავად იმისა, რომ „"საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" სერიიდან ჯერ მხოლოდ ხუთი ტომია გამოსული, მასზე უკვე დიდი მოთხოვნაა.

მზია სიხარულიძე, პედაგოგი: "თავიდანვე დავიწყე ამ სერიის შეგროვება, ორი მოზარდი მყავს სახლში და მინდა მქონდეს ყველა ტომი. სამწუხაროდ, ერთი ტომი გამორჩენილი მაქვს, აქციის დროს მისი შეძენა ვერ მოვასწარი და შემდეგ რომ მოვიკითხე, "ბიბლუსში" უკვე აღარ იყო, თუმცა დამამშვიდეს, რომ თავიდან დაიბეჭდება და მალე ისევ გაიყიდება".

თათა დგებუაძე, მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" მარკეტინგის მენეჯერი: "საქართველოს ილუსტრირებული ისტორია" რომ ყველა თაობისთვის საინტერესო და მოთხოვნადი წიგნია, ეს უკვე დაამტკიცა ამ სერიის ყოველდღიურმა გაყიდვებმა. თითქმის ყველა ასაკის მოქალაქე ყიდულობს. არიან ადამიანები, ვინც ვერ მოასწრო ტომების შეძენა, ამიტომ გამომცემლობამ იზრუნა მათზე და თავიდან დაიბეჭდება გამოსული ტომები".“

საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის“ შემდეგი ტომი "კვირის პალიტრასთან" ერთად” მარტიდან გაიყიდება.

თორნიკე ყაჯრიშვილი