ფული, რომელიც კანონზე მეტია?! ანუ "მაგთის" ანომალია - კვირის პალიტრა

ფული, რომელიც კანონზე მეტია?! ანუ "მაგთის" ანომალია

"მაგთისატმა" იმაში, რაც კანონით უფასოდ გვეკუთვნის, თვეში 5.000 დოლარის გადახდა მოგვთხოვა"

ლაშა ტუღუში: "მომხმარებელი იმსახურებს მისთვის სასურველ ნებისმიერ მედიასაშუალებაზე ხელმისაწვდომობას.

"მასთ ქერის" კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ვარ, ამიტომ "მაგთისატის" ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად შევისწავლი!"

ეკა გიგაური: "გაუგებარია, რისთვის ითხოვს კომპანია "მაგთიკომი" ყოველთვიურად ხუთი ათას

დოლარს, მაგრამ ამ საკითხით აუცილებლად დავინტერესდებით"

"მასთ ქერის" პრინციპი "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში

გასულ კვირას "პალიტრა TV"-ზე გადაცემა "პროვოკატორის" პირდაპირ ეთერში აღშფოთებულმა მაყურებელმა დარეკა - რატომ არ აჩვენებს "პალიტრა TV" "მაგთისატზეო"! ბევრჯერ დავრეკე "მაგთისატშიც" და თქვენთანაც და მაინც არ გვაღირსეთ ეს ტელევიზიაო - დაახლოებით ეს იყო მსმენელის გაცხარების მიზეზი... ალბათ, გახსოვთ, 2012 წელს საზოგადოების წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქტიური კამპანიით როგორ აიძულეს მაშინდელი ხელისუფლება, მიეღო კანონი "მასთ ქერის" შესახებ. კანონის მოთხოვნა მარტივია–- ე.წ. საკაბელო კომპანიები (ოფიციალურად მათ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ეწოდებათ) ვალდებულნი არიან, პაკეტში ჩართონ ის ტელევიზიები, რომელთაც აქვთ საინფორმაციო გამოშვებები და პოლიტიკური ტოქშოუები (ანუ საერთო მაუწყებლები). თავის მხრივ, ტელევიზიები ვალდებულები არიან, მიაწოდონ მათ სიგნალი. მთავარი –ის გახლავთ, რომ დაცულია მომხმარებლის უფლება, უყუროს იმ არხს, რომელიც მოსწონს. მოკლედ, ორჯერ ორი ოთხია. თუმცა, როგორც ჩანს, ზოგიერთი კომპანიისთვის ორჯერ ორი ოთხი არ არის. და არც მომხმარებელთა უფლებები ადარდებს და არც კანონში გაწერილი ვალდებულება(?!). ამ საკითხზე "პალიტრა TV"-ს დირექტორს, ინგა დადიანს, ვესაუბრებით:

"16 თებერვლიდან "პალიტრა TV" HDHD  ხარისხის მაუწყებლობაზე გადავიდა.  დღეისათვის ყველა საკაბელო ოპერატორმა -   როგორც მსხვილმა, ისე შედარებით პატარა კომპანიებმა, ტელევიზია სამომხმარებლო ბადეში ჩასვეს. რეგიონების დიდი ნაწილიც ადგილობრივი საკაბელო კომპანიების საშუალებით ავითვისეთ. გამონაკლისი მხოლოდ "მაგთისატია", რომელიც ძირითადად იმ სოფლებში მაუწყებლობს, სადაც სხვა ე.წ. საკაბელო კომპანიები ჯერ არ შესულან და რომელიც კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე უარს აცხადებს.  ჩვენსა და "მაგთიკომს" შორის დავა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

თავდაპირველად,  "მაგთის" წარმომადგენლებმა გვითხრეს, ჯერ ბადეში თავისუფალი სივრცე არა გვაქვს, უახლოეს მომავალში სადგურის (რომლის მეშვეობით აც სატელევიზიო  არხებს ათავსებს პაკეტში) დამატებას ვგეგმავთ და ამის შემდეგ პაკეტში აუცილებლად ჩაგრთავთო. სადგური დაამატეს, თუმცა, ეს პირობა მაინც არ შესრულდა. სხვადასხვა საბაბით, პაკეტში განთავსება რამდენჯერმე გადაგვიდეს. საბოლოოდ კი, სატელევიზიო პაკეტში "პალიტრა ტვ"-ს განთავსებისთვის ყოველთვიურად 5 ათასი დოლარის გადახდა მოითხოვეს(?!).

ამაზე ჩვენგან უარი მიიღეს, რადგან არ ვიხდით ფულს იმაში, რაც კანონით გვეკუთვნის. თავის დროზე,  "მასთ ქერი" სწორედ იმიტომ დაინერგა, რომ ვინმეს ბოროტად არ გამოეყენებინა თავისი მდგომარეობა. Aდღესაც მზად ვართ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით მივაწოდოთ სიგნალი, მაგრამ  გვეუბნებიან, სიგნალი მაინცდამაინც სატელიტით მოგვაწოდეთო.

- ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით სიგნალის მიღება "მაგთისატს" რაიმე პრობლემას უქმნის?

- რა პრობლემას უნდა უქმნიდეს მაშინ, როცა, მაგალითად,  "რუსთავი 2", "ტაბულა", "ერთსულოვნება" და კიდევ რამდენიმე არხი  "მაგთისატს" ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის საშუალებით აწვდიან სიგნალს.

"მაგთისგან" მხოლოდ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას ვითხოვთ.

სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც "მაგთისატს" ფულის გადახდაზე პრინციპული უარი ვუთხარით, მათ ჩვენს სარეკლამო დროსთან დაკავშირებით ბარტერი შემოგვთავაზეს. ჩვენ კეთილი ნება გამოვიჩინეთ და დავთანხმდით. ხელშეკრულების თითოეული პუნქტი მხარეებს შორის შეთანხმდა, მაგრამ მოულოდნელად, ბოლო მომენტში "მაგთის" ზედა ეშელონებში ვიღაცამ ამ ხელშეკრულებას ხაზი გადაუსვა და შეთანხმებაც ჩაშალა.

- ეს ვიღაც ვინ არის?

- ალბათ, ის, ვინც ყველაფერს წყვეტს "მაგთიში". ეს ნამდვილად არ არის კორექტული საქციელი და ამ კომპანიაზე კარგად მაინცდამაინც ვერ მეტყველებს. ჩვენ ვაგრძელებთ დავას სასამართლოში. იმედია, გადაწყვეტილება დაეფუძნება "მასთ ქერის" მარტივ პრინციპს - მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია,  პაკეტში ჩართოს საერთო მაუწყებელი. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ "მაგთისატი" არად დაგიდევთ საკუთარი მომხმარებლების მოთხოვნებსაც, ჩვენთვის არაერთი ფაქტია უკვე ცნობილი, როდესაც იმის გამო, რომ მათ პაკეტში "პალიტრა TV" არ არის წარმოდგენილი, აბონენტებმა შეწყვიტეს "მაგთისატთან" ურთიერთობა და სხვა კომპანიებზე გადაერთნენ და ასეთი შემთხვევები ჩვენი ტელევიზიის რეიტინგის ზრდასთან ერთად დღითი დღე მატულობს. თუმცა, ამას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ იმ სოფლების მცხოვრებნი, სადაც "მაგთისატს" მონოპოლიური მდგომარეობა აქვს და კონკურენტი არ ჰყავს.

"მაგთის" გადაწყვეტილება გაუგებარია "მასთ ქერის" კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, ლაშა ტუღუშისთვისაც.

ლაშა ტუღუში, პრესის ასოციაციის თავმჯდომარე, “გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი: "სამწუხაროა, რომ კომპანია "მაგთისატი" "პალიტრა TV"-ს მომსახურების პაკეტში ჩართვაზე უარს ეუბნება. ქვეყანაში მსგავსი პრეცედენტის შექმნა ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს. წინა ხელისუფლების მმართველობისას სწორედ ამ ტიპის პრობლემების აღმოსაფხვრელად შევიმუშავეთ "მასთ ქერის" პრინციპი - საკმაოდ მძიმე ბრძოლა გამოვიარეთ, რომ უპირველესად მომხმარებლის უფლებები დაგვეცვა.

მომხმარებელი იმსახურებს მისთვის სასურველ ნებისმიერ მედიასაშუალებაზე ხელმისაწვდომობას.

"მასთ ქერის" კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ვარ, ამიტომ "მაგთისატის" ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად შევისწავლი!

როგორც ჩანს, კომპანია ცდილობს კანონი განსხვავებული ინტერპრეტაციით გამოიყენოს. ეს დაუშვებელი და ანომალიური მოვლენაა.

ფაქტია, "პალიტრა TV"-ს შემთხვევაში კანონის მთავარი არსი ირღვევა, ამიტომ, თუ საჭირო გახდა, ბრძოლას განვაახლებთ, რადგან "მასთ ქერი" ქვეყნის მონაპოვარი და დემოკრატიული განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამას მხოლოდ იმიტომ არ გავაკეთებთ, რომ "პალიტრა TV" ვინმეს მოსწონს ან პირიქით, საზოგადოდ, მომხმარებლის და მედიის უფლებების დაცვაა აუცილებელი. პირადად ჩემი და ასევე, ჩემი კოლეგების მოსაზრება ასეთია:

ტელევიზიას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა,  თითოეულ  მომხმარებლამდე მივიდეს.

საერთოდ, უცნაური და გაუგებარია, რატომ შეიქმნა მსგავსი პრობლემა მხოლოდ კომპანია "მაგთისატთან", როცა სხვა საკაბელო კომპანიები ტელევიზიის მომსახურების პაკეტში ჩასმაზე სიამოვნებით თანხმდებიან".

საკითხის შესწავლას გეგმავს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაურიც:

- "მასთ ქერის" მთავარი მიღწევა სწორედ ის იყო, რომ ყველა ტელევიზიას დაფარვის ზონის გაფართოების შესაძლებლობა მიეცა.

კანონის თანახმად, საკაბელო კომპანიებს არა აქვთ უფლება, ტელევიზიებს მომსახურების პაკეტში ჩართვაზე უარი  უთხრან.

თავის მხრივ, ტელევიზიებსაც არა აქვთ უფლება,  საკაბელო კომპანიების სამომხმარებლო ბადეში განთავსებაზე უარი განაცხადონ. გაუგებარია, რისთვის ითხოვს კომპანია "მაგთიკომი" ყოველთვიურად ხუთი ათას დოლარს, მაგრამ ამ საკითხით აუცილებლად დავინტერესდებით. ვიმეორებ, "მასთ ქერი" მოსახლეობისთვის მრავალფეროვანი ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს. სწორედ ამისთვის ვიბრძოდით და შედეგს მივაღწიეთ კიდეც. არსებული ინფორმაციის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ კომპანია "მაგთიკომის" მოთხოვნები "მასთ ქერის" პრინციპს არ შეესაბამება. თუ სხვა კომპანიებისთვის "პალიტრა TV"-ს სამომხმარებლო ბადეში ჩასმა პრობლემა არ იყო, კომპანია "მაგთიმ" უნდა დაასაბუთოს, რის საფუძველზე აცხადებს უარს "პალიტრა TV"-ს სამაუწყებლო ბადეში განთავსებაზე!

P.S. ჯერ კიდევ არ განელებულა ის განცვიფრება, როდესაც რამდენიმე კვირის წინ "მაგთის" აბონენტებმა შეიტყვეს, რომ მათი კუთვნილი თანხები "მაგთიმ" უბრალოდ... გაუნულა(!) ამას დიდი საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც "მაგთი" იძულებული გახდა ხალხისთვის ფული დაებრუნებინა.

ამ შემთხვევაშიც ფულია მთავარ როლში! ფული, რომელიც კანონზე მეტია?!

რუსუდან შელია