დევნილი პედაგოგები თვითმკვლელობით იმუქრებიან... - კვირის პალიტრა

დევნილი პედაგოგები თვითმკვლელობით იმუქრებიან...

"გამოდის, ყრუ კედლების ტყვე ყოფილა ჩვენი პრეზიდენტი"

ავსტრიის მთავრობის ჰუმანიტარული დახმარებით ხეითში უზარმაზარი ევროპული სტანდარტების სკოლა ავაშენებინეთ. ამით შევარდნაძის მთავრობასაც მოსწონდა თავი და სააკაშვილისასაც. ომის შემდეგ ის სკოლა ნაცარტუტად აქციეს.

"იქ, ჩემს მიწაზე, ხეითში მაინც მოვმკვდარიყავი, ასე მათხოვრად ხომ არ ვიქცეოდი"

ოსი სეპარატისტების და რუსი ოკუპანტების მიერ კონტროლირებადი სოფლის, ხეითის საჯარო სკოლის დირექტორი ნანული ბურძგლა "კვირის პალიტრას" დახმარებას სთხოვს. ქალბატონი ნანული აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ  დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობების სკოლების პედაგოგები და ტექნიკური პერსონალი, დაახლოებით 800-მდე კაცი შიმშილით სიკვდილისთვის გაწირა.

ის გმობს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად 2010 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის დევნილი მასწავლებლების ხელფასების გაცემა. ნანული ბურძგლას განცხადებით, დევნილობაში ხელფასი მათთვის ერთადერთი თავის გატანის საშუალება იყო. უამისოდ პურისა და წამლის ფულის გარეშე რჩებიან. მიუხედავად იმისა, რომ დევნილი პედაგოგები დროდადრო საპროტესტო აქციებს მართავენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და პარლამენტის შენობებთან, ხელისუფლებიდან დღემდე არავინ ინება მათთან შეხვედრა.

ნანული ბურძგლა: -მაინც თუ არ დაგვთანხმდება პრეზიდენტი შეხვედრაზე, ისღა დაგვრჩენია, ჩვენი მთავრობის წევრების, როგორც უღირსი აღზრდილების გამზრდელებმა ტყვია ისევ ჩვენ ვიკრათ გულში. სკოლაში ბავშვს პირველ რიგში მოსმენის კულტურა უნდა ჩამოუყალიბო, რომ მერე საგნების ახსნისას მოგისმინოს. ჩვენი მთავრობა კი არ გვისმენს, მეტიც, მასხრად გვიგდებს და დევნილობის გამო ისედაც მიწასთან გასწორებულებს, ახლა საერთოდ დამარხვას გვიპირებენ.

-ამ ხელფასების გარდა, სხვა დახმარება არ გეძლეოდათ?

-მე ორგზის დევნილი ვარ. 1990 წელს ცხინვალიდან გავიქეცი ხეითში, 2008 წელს კი ხეითიც დამატოვებინეს. ცხინვალიდან დევნილობის გამო რომ დამინიშნეს დახმარება 28 ლარი, მხოლოდ იმას ვიღებ დღემდე, ეს კი ერთ კაცს მთელი თვე მხოლოდ პურის ფულად ჰყოფნის.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ერთადერთი სიცოცხლეღა დაგვრჩენია და ისიც უნდა მოგვისწრაფონ? როცა კონფლიქტის ზონაში ვცხოვრობდით, ჩვენ მასწავლებლებიც ვიყავით და ჯარისკაცებიც, რათა ჩვენს მოსწავლეებს თავი უსაფრთხოდ ეგრძნოთ. დღეს კი გასაჭირში ვართ ჩავარდნილი: 2010 წლის ბიუჯეტში მთავრობამ არ გაითვალისწინა დევნილი პედაგოგების დაფინანსება.

-ამბობთ, რომ წლების განმავლობაში მხოლოდ 28-ლარიან დახმარებას იღებდით?

-სანაკოევის დროებითი ადმინისტრაციის შექმნის შემდეგ დაგვინიშნეს ყოველ კვარტალში 300 ლარი ოჯახზე. წლიურად 1.200 ლარი გამოგვდიოდა, ამას ემატებოდა ხელფასები და ჩვენი მეურნეობებიდან შემოსული მოგება. არავის უჭირდა მაშინ ხეობებში. შემდეგ კი, დევნილები რომ გავხდით, დახმარება საერთოდ მოგვიხსნეს. ახლა კი აღარც ხელფასები გვაქვს. დევნილ პედაგოგთა დიდ ნაწილს დევნილობამდე ჰქონდა გამოტანილი "სახალხო ბანკიდან" სამომხმარებლო სესხები. ბანკი თავისას ითხოვს. მაგრამ რით შეძლებენ პედაგოგები გადახდას, თუკი ხელფასს ვერ იღებენ?!  ჩვენ ხომ სხვა შემოსავალი არ გაგვაჩნია.

-ამ პრობლემებზე ხელისუფლებაში არავის ელაპარაკეთ?

-მაგას ვჩივით სწორედ, რომ არავინ გვისმენს. 2009 წლის 22 დეკემბერს თბილისის¹23-ე საჯარო სკოლაში დევნილ პედაგოგთა ფორუმი გაიმართა, განგებ შევარჩიეთ ეს სკოლა, რადგან ახლოს იყო განათლების სამინისტროსთან და გვეგონა, იქ მაინც არ დაიზარებდნენ მოსვლას, მაგრამ ამაოდ გავისარჯეთ. მაშინ დევნილმა პედაგოგებმა გადავწყვიტეთ განათლების სამინისტროში თვითონ მივსულიყავით, მაგრამ შენობაში არ შეგვიშვეს.

სხვა გზა რომ არ დაგვრჩა, შეურაცხყოფილმა პედაგოგებმა გადავწყვიტეთ ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან შევკრებილიყავით და იქიდან მიგვეწვდინა მიხეილ სააკაშვილისთვის ხმა. სამწუხაროდ, ეტყობა რეზიდენციის კედლებში სმენის დამხშობია ჩასმული და პრეზიდენტს მხოლოდ სასურველ ხმებს ასმენინებენ. გამოდის, ყრუ კედლების ტყვე ყოფილა ჩვენი პრეზიდენტი. ეს იმაზე უარესია, ვიდრე ჩვენთვის ხელფასების მოუცემლობა. ყრუ კედლებიდან ქვეყანას ვერ მართავ. სახელმწიფო რომ გამართული გქონდეს, მის მაჯისცემაზე უნდა გქონდეს დადებული გულიც და ყურიც. ეგებ გაზეთიდან მაინც გაიგონ ჩვენი სატკივარი, მაგრამ ისიც საკითხავია, გულთან თუ მიიტანენ დევნილი პედაგოგების გასაჭირს, თუ ღვინიასავით გადაგვჩეხენ ხევში?

თუ ვერ დაგვეხმარებით, დაგვაბრუნეთ ჩვენს მიწაზე და აღარაფერს მოგთხოვთ...

-ახალ დასახლებებში დაბინავების შემდეგ ბავშვები სად სწავლობენ, ახალ სკოლებში რატომ არ დაგასაქმეს?

-მხოლოდ წეროვანშია ახალი სკოლა. დანარჩენი დასახლებებიდან ახლომდებარე სოფლებსა და რაიონულ ცენტრში დადიან სასწავლებლად. იქაც ადგილობრივი კადრები დაასაქმეს გაზრდილი კონტინგენტის გამო. როდესაც სამსახურები მოვითხოვეთ, გვითხრეს, ვზრუნავთო, მაგრამ ეგ ზრუნვა ორი-სამი პედაგოგის დასაქმებით გამოიხატა, ისიც როგორ: კლასს ერთი დამრიგებელი ხომ უნდა ჰყავდეს, დანიშნეს ორი და ხელფასიც გაიყო. გული მტკივა ასეთი აგდებული დამოკიდებულების გამო.

1983 წლიდან ვარ პედაგოგი, 1991 წლიდან კი სკოლის დირექტორი. როდესაც დირექტორი გავხდი, ერთი პატარა შენობა ჩავიბარე არასრული საშუალო სკოლის სახით. მალე მიწისძვრამ ის ხუხულაც დაანგრია, რეგიონში კონფლიქტიც გამწვავდა და იძულებული გავხდით სკოლა დროებით ვაგონებში გადაგვეტანა. ცხინვალის გავლით, ფაქტობრივად ომის პერიოდში 12 ვაგონი ამოვიტანეთ გორიდან, მერე მოსახლეობის თხოვნით განათლების სამინისტროს სრული საშუალო სკოლის სტატუსიც დავამტკიცებინეთ. წიგნები მხოლოდ მე, შემოვლითი გზით (უფრო სწორად, ბილიკით) ზურგით გადავიტანე ხეითში.

მოგვიანებით კი იმდენი ვიწვალე, რომ ავსტრიის მთავრობის ჰუმანიტარული დახმარებით ხეითში უზარმაზარი ევროპული სტანდარტების სკოლა ავაშენებინეთ. ამით შევარდნაძის მთავრობასაც მოსწონდა თავი და სააკაშვილისასაც. მე კი საქმეს ვინმეს თავმოსაწონებლად კი არა, იმისთვის ვაკეთებდი, რომ ჩემს შვილებს ყველაფერი ჰქონოდათ სოფელში, რათა იქიდან არსად წასულიყვნენ და მიწა სხვისთვის არ დაეტოვებინათ. ომის შემდეგ ის სკოლა ნაცარტუტად აქციეს.

თუ პრეზიდენტიც არ მოგვისმენს, იძულებული ვართ, მოვაწყოთ გაფიცვა, ოღონდ ეს იქნება გამაფრთხილებელი და მერე შიმშილობას დავიწყებთ. რახან მაინც მშიერი უნდა მოვკვდე, პროტესტის გამოხატვით მოვკვდე, მირჩევნია. იქ, ჩემს მიწაზე, ხეითში მაინც მოვმკვდარიყავი, ასე მათხოვრად ხომ არ ვიქცეოდი.