"მისი ბოლო სიტყვები იყო - დედა, ზვიადი რას ამბობსო?" - მიტინგების საქმე - კვირის პალიტრა

"მისი ბოლო სიტყვები იყო - დედა, ზვიადი რას ამბობსო?" - მიტინგების საქმე

"კვირის პალიტრის" 2015 წლის არქივი

"თუ ასეთი საქართველო და აწმყო უნდა მიგვეღო, რა აზრი ჰქონდა, ვის ან რას შევწირე ანგელოზივით შვილი?"

"სიგუა-კიტოვანი-იოსელიანის კისერზეა იმ ახალგაზრდების სისხლი. იოსელიანი დღეს დიდუბის პანთეონში რომ არის დაკრძალული, ამის ღირსი იყო?"

სამხედრო გადატრიალების დღეებში და მას შემდეგაც, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში სისტემატურად მიმდინარეობდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა საპროტესტო მშვიდობიანი მიტინგები და დემონსტრაციები. იყო სისხლიანი 3 იანვარი და 2 თებერვალი. სამხედრო საბჭოს სისასტიკის მიუხედავად, საპროტესტო მუხტი უფრო და უფრო იზრდებოდა. 1992 წლის 3 იანვარს დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მომიტინგეებს სპეცრაზმელებმა ცეცხლი გაუხსნეს, 2 თებერვალს თამარ მეფის გამზირზე "მხედრიონმა" და გვარდიამ უიარაღო მანიფესტაცია დახვრიტეს.

3 იანვარს 21 წლის გივიკო რეხვიაშვილი, 2 თებერვალს კი - 17 წლის მამუკა ტერიშვილი, მშვიდობიან მანიფესტაციაზე დახვრიტეს. მამუკა სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა, გივიკო კი, რომელიც შეიარაღებული ხალხის შეჩერებას ცდილობდა, ავტომატით დაცხრილეს.

ჟანა რეხვიაშვილი, გივიკო რეხვიაშვილის დედა: - გივიკო კალათბურთელი იყო და ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობდა. 1989 წლის 9 აპრილს 19 წლის იყო, როდესაც რუსთაველის პროსპექტზე სამხედრო ტექნიკა შემოვიდა, გივიკო მათ შორის იყო, ვინც ტანკებს წინ გადაუდგნენ.

1992 წლის 3 იანვარს დიდუბის მეტროსთან გამსახურდიას მომხრეების აქცია გაიმართა. გივიკო ძმასთან, ნუგზართან ერთად წავიდა. წინადღეს ჯაბა იოსელიანმა გამოაცხადა, არავის დაგინდობთ, ყველას დაგხოცავთო. იმხანად ზვიადი და მისი მთავრობის წევრები ბუნკერში იმყოფებოდნენ, ზვიადის მომხრეები ინფორმაციულ ვაკუუმში იყვნენ. შეიარაღებულმა პირებმა მიტინგის მონაწილეებს ავტომატის ჯერი მიუშვეს. გივიკო ჯერ დაჭრილ მამაკაცს (მერე შევიტყვეთ, გურამ დოლიძე იყო) მივარდნია დასახმარებლად.

ხალხი მიმოფანტულა და ჩემი შვილი, რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად იმ მანქანებისკენ გაქცეულა, საიდანაც ისროდნენ, მათი შეჩერება უნდოდათ, მაგრამ რას გახდებოდნენ?!

გივიკოსთან ერთად დაიღუპნენ ლევან თაქთაქიშვილი, გიზო ხატიაშვილი, გელა ხუციშვილი, ტრისტან ცერაძე... გივიკოს ტყვია მაჯასა და ფილტვში მოხვდა. სამი დღე იცოცხლა... მისი ბოლო სიტყვები იყო - დედა, ზვიადი რას ამბობსო.

წლისთავზე მეუღლეც დავკარგე.

ჩემი შვილი ბევრს კითხულობდა, რაც მოეწონებოდა, იმ ფრაზებს რვეულში იწერდა. ერთი ასეთია: "თუ არ იცი, რისთვის იცხოვრო, სჯობს იპოვო ის, რისთვისაც ღირს სიკვდილი". იპოვა ნეტავ გივიკომ ის, რისთვისაც ღირდა სიკვდილი? თუ ასეთი საქართველო და აწმყო უნდა მიგვეღო, რა აზრი ჰქონდა, ვის ან რას შევწირე ანგელოზივით შვილი?

2005 წელს გვაღიარეს რეპრესირებულებად.

რამდენი წელია, 3 იანვრის მიტინგის დახვრეტის საქმის გამოძიებას ვითხოვთ, მაგრამ თაროზეა შემოდებული.

გამაგებინეთ, ვინ და რატომ დახვრიტა მიტინგი? დამნაშავეებმა პასუხი ხომ უნდა აგონ?! 2012 წელს სასამართლოში განცხადება შევიტანე და მოსამართლემ კომპენსაციად 500 ლარი გამომიყო. ფულს ხელს როგორ მოვკიდებდი, არ არის ეს დაცინვა? ჩემი შემხედვარე, დანარჩენ რეპრესირებულ ოჯახებს აღარ შეუტანიათ განცხადება. აი, რამდენად უღირთ ჩვენი შვილების სიცოცხლე.

ჩემთვის 3 იანვარი ყველაზე მძიმე და სასტიკი, ძმათა მკვლელობის დღეა, რა დროსაც არა მარტო შვილი, არამედ ყველაფერი - იმედი, მომავალი, რწმენაც დავკარგე.

მარინე არჩვაძე-ტერიშვილი: - მამუკა 14 თებერვალს 18 წლის უნდა გამხდარიყო, 2-ში კი მოკლეს. იმ წელს უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად ემზადებოდა. 3 იანვარს დიდუბეში, მიტინგზე იყო. შოკირებული დაბრუნდა, ამბობდა, ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა, ხალხს ხოცავდნენ, სისხლის გუბეები დააყენესო. ჩემი შვილი მაშინ სიკვდილს გადაურჩა. მას შემდეგ არც ერთ მიტინგს არ ტოვებდა. მეც დავდიოდი. ჩემი შვილები იქ იყვნენ და მე რა გული გამიძლებდა, შინ ვმჯდარიყავი?

2 თებერვალს, დილით, შინიდან გასვლის წინ ხელი გადამხვია, ჩამიხუტა და მითხრა, რისი გეშინია, დედა, რა მოხდება, ერთი შვილი შენც შესწირო საქართველოსო. ეს მისი უკანასკნელი სიტყვები იყო.

12 საათზე კოლონამ სადგურის მოედნიდან დაიწყო მსვლელობა. ცოტა ხანში მეც წავედი მიტინგზე, ბავშვებს ვეძებდი, მაგრამ ამდენ ხალხში რას ვიპოვიდი. მამუკას დროშა ეჭირა და წინა ხაზზე მიდიოდა თურმე, მე კი უკანა რიგებში დავეძებდი.

როგორც კი თამარ მეფის ხიდზე გადავიდნენ, სადაც გზა ავტობუსებით იყო გადაკეტილი, მომიტინგეებზე წყლის ჭავლი მიუშვეს, რასაც სროლა მოჰყვა - ცირკის მოპირდაპირე მხარეს, ფერდობზე იყვნენ სნაიპერები ჩასაფრებული.

ხალხს ფუჭი ტყვიები ეგონა, ვერ გაგვიმეტებენო, ამბობდნენ, მერე დაიჩოქეს, იფიქრეს, აღარ გვესვრიანო. ხიდს რომ მივუახლოვდით, დავინახე, ხელში აყვანილი ჩემი შვილი მიჰყავდათ ბიჭებს, ფეხსაცმლით ვიცანი. სნაიპერის ტყვია საძილე არტერიაში მოხვედრია და იქვე გარდაცვლილა. დღემდე ვინახავ ჩემი შვილის სისხლიან პერანგს, საყელოზე აქვს ნატყვიარი...

ამბობდნენ, რომ იმ დღეს 18 მომიტინგე დაიღუპა. მაშინდელი კომენდანტი გელა ლანჩავა იყო და ის ასრულებდა სისხლიანი მთავრობის ბრძანებებს. სად იყო იმ დროს კომენდანტის საათი, როცა დღის 12 საათზე მშვიდობიანი მიტინგი დაარბიეს?!

სიგუა-კიტოვანი-იოსელიანის კისერზეა იმ ახალგაზრდების სისხლი. იოსელიანი დღეს დიდუბის პანთეონში რომ არის დაკრძალული, ამის ღირსი იყო?

რაც მათ ცოდვა დაატრიალეს - ახალგაზრდები დახოცეს, ააოხრეს მთელი თბილისი, ბარათაშვილის ხიდზე, ავტობუსში ჩახოცეს ადამიანები და ამის მერე მათ ნამოქმედარს გამართლება აქვს? რისთვის დამიხვრიტეს უდანაშაულო შვილი, რას ერჩოდნენ, რა დააშავა?!

ეს ბიჭები მართლაც ზვარაკად შეწირულები არიან და რაღაცით ხომ უნდა დაფასებულიყო მათი თავგანწირვა? ჯერ იყო და, რეპრესირებულის სტატუსი ძლივს მოგვანიჭეს, შემდეგ პენსიაზე დაგვიმატეს კომპენსაცია - 7 ლარი, რაც მასხრად აგდებაა. ბავშვების საფლავებისთვის მაინც მიეხედათ ან მოეკითხათ მათი ოჯახები?! ამ ბავშვების სიკვდილი არავის არაფრად ჩაუგდია.

ნანა ფიცხელაური