"გამიმართლა, რომ აივ-ინფექცია მაქვს და არა - სიმსივნე" - "საიდუმლო" დაავადება - კვირის პალიტრა

"გამიმართლა, რომ აივ-ინფექცია მაქვს და არა - სიმსივნე" - "საიდუმლო" დაავადება

"თუ გაქვთ ინფორმაცია, რომ ადამიანი ინფიცირებულია და ამას  გაამჟღავნებთ, ოთხწლიანი ციხე გემუქრებათ"

ჩემ წინ ორი მამაკაცი ზის... ერთი მოუსვენარი და მხიარული, მეორე - დინჯი და სევდიანი... პირველი ამბობს, რომ მოუწესრიგებელი სექსუალური ცხოვრება გახდა დასნებოვნების მიზეზი, მეორე კი ნარკოდამოკიდებული გახლდათ და ევროპაში ცხოვრების დროს დაინფიცირდა. თუმცა, არც იმას გამორიცხავს, რომ  ამის მიზეზი დაუცველი სექსუალური კონტაქტი გახდა.

აივ-ინფიცირებულებთან გასაუბრება შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის დირექტორის, იზა ბოდოკიას დახმარებით შევძელი.

ნიკა, აივ-დადებითი სტატუსის მქონე:- შეიძლება ითქვას, გამიმართლა, რომ აივ-ინფექცია მაქვს და არა - სიმსივნე. მკურნალობა უფასოა. 34 წლის ვარ და იმედი მაქვს, დიდხანს ვიცოცხლებ.

გიგა, აივ-დადებითი სტატუსის მქონე:

- 18 წლიდან წამლის მომხმარებელი ვიყავი. წლების განმავლობაში ევროპაში ვცხოვრობდი. იქ საერთო ნემსით რამდენიმე ადამიანს გაგვიკეთებია წამალი. ალბათ, ამ გზით დავინფიცირდი. საქართველოში რომ დავბრუნდი,  გადავწყვიტე წამლის "გადაგდება". სწორედ ამიტომ ჩავაბარე ანალიზი. აღმოჩნდა, რომ აივ-ინფექცია მაქვს. მეგობარი გოგონა მყავდა, რომ გაიგო, რაც მჭირდა, დამშორდა. ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ ისეთ ადამიანს შეხვდე, ვისაცგაგიგებს, არ შეეშინდება და ოჯახის შექმნას მოინდომებს.

საზოგადოებაში არსებული სტიგმა ბევრ პრობლემას უქმნის ინფიცირებულ ადამიანებს. ადამიანებს ეშინიათ ასეთებთან ურთიერთობის, არადა, მათთვის ხელის ჩამორთმევა, გადაკოცნა, ურთიერთობა საშიში არ გახლავთ.

იზა ბოდოკია: - უამრავი მაგალითი გვაქვს, როდესაც ინფიცირებულ წყვილს ჯანმრთელი შვილი შეეძინა. ერთ ამბავს გავიხსენებ: ინფიცირებული მამაკაცის საყვარელი დაფეხმძიმდა. ამ კაცს ცოლიც ჰყავდა. მამაკაცი არ ეუბნებოდა საყვარელს, რომ ინფიცირებული იყო, სამაგიეროდ, ცოლმა შეგვატყობინა... მივედი ორსულთან და ავუხსენი მდგომარეობა... პატარა სრულიად ჯანმრთელი დაიბადა.

- რამდენი ინფიცირებულია დარეგისტრირებული საქართველოში?

- 6 700-ზე მეტი. თუმცა, ეს რიცხვი 1,5-ზე უნდა გავამრავლოთ, რომ რეალური სურათი მივიღოთ.

კანონით, ინფიცირებულ ადამიანს უფლება აქვს, სამედიცინო დაწესებულებაში მისვლისასაც კი არ განაცხადოს, რომ აივ-დადებითია. ეს მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

ამიტომ, სამედიცინო დაწესებულებებს ყველა სანიტარიული ნორმა უნდა ჰქონდეთ დაცული. შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ აივ-ინფიცირებულები სამედიცინო დაწესებულებაში უფრო მეტად განიცდიან დისკრიმინაციას - სტატუსის გამჟღავნების შემდეგ, ხშირად მომსახურებაზე უარს იღებენ. ასეთ ფაქტს რამდენჯერმე რომ გადააწყდებიან, შემდეგ სტატუსს მალავენ, არადა, ეს ადამიანები არ უნდა გავაბოროტოთ.

აივ-ინფიცირებული მამაკაცი კუჭიდან სისხლდენით მიიყვანეს საავადმყოფოში. როგორც კი თქვა, აივ-დადებითი ვარო, მაშინვე მიატოვეს ექიმებმა. რეგიონში დავრეკე და მადლობელი ვარ ზუგდიდის საავადმყოფოსი, რომელმაც პაციენტი მიიღო და სიკვდილს გამოსტაცა ხელიდან.

ამ პრობლემის წინაშე ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს. კანონი არეგულირებს საიდუმლოს გამჟღავნებასაც. თუ გაქვთ ინფორმაცია, რომ ადამიანი ინფიცირებულია და გაამჟღავნებთ, ოთხწლიანი ციხე გემუქრებათ.

- რას ამბობს კანონი იმ შემთხვევაში, როცა ინფიცირებული არ აფრთხილებს პარტნიორს? ან სამედიცინო პროცედურების შედეგად დაინფიცირებული ჯანმრთელი ადამიანების უფლებებს როგორ იცავენ?

- სამედიცინო დაწესებულება, სადაც სისხლის გადასხმის ან სხვა პროცედურების შედეგად დაინფიცირდება ადამიანი, ფაქტობრივად, დაუსჯელი რჩება. კანონი ითვალისწინებს სასჯელს, მაგრამ ძნელია, დაამტკიცო, რომ სწორედ ისინი არიან დამნაშავე. შემთხვევა მახსენდება: გოგო მოიტაცა ბიჭმა, რომელმაც იცოდა, რომ აივ-დადებითი იყო, მაგრამ არ გაუმხილა. ერთი თვე ჩაკეტილი ჰყავდა, მერე გოგონა წამოვიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბიჭმა უთხრა, C ჰეპატიტზე გაესინჯეო. ამ შემთხვევაში ანალიზს შიდსის ვირუსზეც აკეთებენ. პასუხი დადებითი იყო. გოგონა სტრესის გამო სამი თვე სიბნელეში იჯდა, მერე ბიჭს უჩივლა. ის ბიჭი ციხეში ისე სცემეს, გარეთ გამოსული გარდაიცვალა.

- რამდენი ბავშვია დაინფიცირებული საქართველოში?

- აღრიცხული 65 ბავშვია. აქედან,  ხუთი დაინფიცირებულია სისხლის გადასხმით, დანარჩენი კი - მშობლებისგან.

უცხოეთში ფსიქოლოგები ურჩევენ, რომ 7-12 წლის ასაკში უთხრან ბავშვს თავისი დაავადების შესახებ.

საქართველოში მშობლებს დანაშაულის შეგრძნების გამო უჭირთ ამის თქმა. მქონდა შემთხვევა, როცა მშობლებმა შვილს თავისი სტატუსი დაუმალეს. გაიზარდა ბავშვი. ის წლების განმავლობაში ერთსა და იმავე წამალს  სვამს და ბუნებრივია, აინტერესებს - რატომ. წამლის სახელწოდება "გუგლში" მოძებნა და აღმოაჩინა, რომ ინფიცირებულია.

- ხშირად ინგრევა ოჯახები იმის გამო, რომ მეუღლე იგებს თანამეცხედრის აივ-ინფიცირების შესახებ?

- გაგიკვირდებათ და შიდსის დიაგნოზის გამო არც ერთი ოჯახი არ დანგრეულა. ასეთ შემეთხვევაში მეუღლე ზრუნვას იწყებს... თუ შვილი გადარჩა და არ დაინფიცირდა, ეს უფრო ადუღაბებს მათ. წლების წინ მამაკაცმა ჩააბარა ანალიზი და პასუხის გამოსატანად ცოლი გაუშვა. ცოლმა უთხრა, რომ პასუხი უარყოფითი იყო, არადა, კაცი ინფიცირებულია. ოთხი თვე უმალავდა, რომ ქმარი არ გაშორებოდა. ამას ყველა ვერ შეძლებს. პაციენტი გოგონა მყავდა, რომელმაც შეყვარებულს არ დაუმალა, რომ ინფიცირებული იყო. ბიჭს უკან არ დაუხევია და მაინც  დაქორწინდნენ. ახლა 4 წლის ბავშვი ჰყავთ. ის ბიჭი ანალიზსაც არ იღებს, ისიც არ ვიცი, დაინფიცირდა თუ არა... კიდევ ერთ ამბავს გეტყვით, რომელიც გაგაოცებთ:

ქალი, რომელმაც მამაკაცის სტატუსის შესახებ იცოდა, მესამე ცოლად გაჰყვა მას. პირველ ორ ცოლს აქვს ქმრისგან გადადებული ვირუსი, მესამეს - არა. არსებობს ადამიანის ისეთი გენოტიპი, რომელსაც შიდსი არასოდეს დაემართება.

ეს ქალიც ამ ტიპს მიეკუთვნება, როგორც ჩანს. გვქონდა შემთხვევა, როცა ქალი ჯანმრთელ ქმარს გაშორდა და "ჩემს ინფიცირებულს" გაჰყვა. ასეთი რაღაცები მეც მიკვირს.

- უფრო ხშირად რა გზით ხდება დაინფიცირება?

- ევროპასა და ამერიკაში ყოველთვის მეტი იყო იმათი წილი, ვინც სექსუალური გზით დაინფიცირდა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში კი წამლის ინტრავენური მომხმარებლების წილი მეტია. ახლა საქართველოში

შეინიშნება ტენდენცია, რომ ინტრავენური გზით დაინფიცირებულების პროცენტული მონაცემი იკლებს. სამაგიეროდ, იზრდება სექსუალური გზით დაავადებულთა რიცხვი.

-  ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს?

- ჯანმრთელობის სამინისტრო ამბობს, რომ არ იმატებს. ლაბორატორიაში, სადაც ვმუშაობ, შიდსის ვირუსის გამოვლენა ხდება, ყველა ადამიანის ანალიზი ჩემს ხელში ხვდება. ადრე თვის განმავლობაში ვაკეთებდი ორი ათას ანალიზს და აქედან 35-40 დადებითი პასუხი იყო. ახლა ვაკეთებ დაახლოებით 700 ანალიზს და გამოვლენილთა რაოდენობა იმდენივეა. უბრალო არითმეტიკაა საჭირო, რომ მიხვდე, რა სიტუაციაა.

მარი ჯაფარიძე