"თინე­ი­ჯერი გოგონები სათამაშო ფულის საშოვნელად ონლაინსექსით არიან დაკავებუ­ლი" - თვითმკვლელთა ატრაქციონი - კვირის პალიტრა

"თინე­ი­ჯერი გოგონები სათამაშო ფულის საშოვნელად ონლაინსექსით არიან დაკავებუ­ლი" - თვითმკვლელთა ატრაქციონი

"საოცრება ხდება რეკლამის სფეროში, ყველაზე დიდი წილი კაზინოებზე მოდის, ამასთან ეს ბიზნესი უამრავი გადაცემის სპონსორია, ანუ სამაგალითოა. არადა, თავისი არსით დამაქცევარია"

აზარტული თამაშების შესახებ "კვირის პალიტრაში" დაბეჭდილ სტატიას "ლუდომანია - "შავი ჭირი",  რომელიც თაობებს ანადგურებს", მკითხველის გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეები იმ თავზარდამცემი მდგომარეობის შესახებ გვიამბობენ, რაშიც თვითონ და მათი ახლობლები აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი მკითხველი, გიორგი, აზარტული თამაშებით გატაცებული არ არის, მაგრამ ინტერნეტში გოგონების გაცნობის დიდი გამოცდილება აქვს. ამტკიცებს, რომ ძალიან ბევრი თინეიჯერი გოგონა თამაშობს ინტერნეტკაზინოში და იმისათვის, რომ ფული იშოვონ, ონლაინპროსტიტუციასაც კი მიმართავენ.

გიორგი: - “უცნობმა გოგონამ სკაიპში შემომთავაზა, შენთვის გავიხდი, თუ კაზინოს ანგარიშზე ფულს ჩამირიცხავო. ამ ტიპის მომსახურებას უმეტესად თინეიჯერი გოგონები გვთავაზობენ. ტარიფებიც სხვადასხვა აქვთ, 10 ლარიდან ზევით. ერთხელ თუ ჩაურიცხე ფული, მერე აღარ მოგასვენებენ, ყოველ საღამოს შეგეხმიანებიან და მათი მომსახურების ასორტიმენტიც იზრდება - გთავაზობენ სექსს სკაიპით. ალბათ, კლიენტები ჰყავთ, თორემ ონლაინსექსით, თუ პროსტიტუციით ამდენი გოგონა ხომ არ იქნებოდა დაკავებული?! საგანგაშო მდგომარეობაა. არასრულწლოვანები რომ ასეთ დღეში არიან, მათგან ჯანსაღი დედები დადგებიან?! მეგობრებისგან ვიცი, ქალის სახელით ფულის ჩარიცხვას მამაკაცებიც გთხოვენ. თაღლითობენ, ისინი ჯერ შიშველი ქალების ფოტოებს გიგზავნიან, ცდილობენ, დაგაინტრიგონ და ფულის გადახდაზე დაგიყოლიონ იმ პირობით, რომ როგორც კი თანხა მათ ანგარიშზე დაჯდება, გაიხდიან. ხალხს ფსიქიკური პრობლემები, გადახრები აქვს გემბლინგის გამო. ყველაფერზე მიდიან სათამაშო ფულის ხელში ჩასაგდებად.“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტ გიორგი ბახტურიძის აზრით, თუ სახელმწიფო კაზინოების მოქმედებას კანონით არ შეზღუდავს, კატასტროფულ შედეგს მივიღებთ.

- სახელმწიფო არ ცდილობს ყველა ამ წამახალისებელი ფაქტორის არათუ აკრძალვას, შესუსტებასაც კი.

- გქონდათ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ამ თემაზე საუბარი?

- მეტიც, მომზადდა ცვლილებათა პროექტი, რომელიც პარლამენტში განსახილველად შეიტანა კობა დავითაშვილმა. სამწუხაროდ, შედეგს ვერ მიაღწია...

იმ ჯგუფს, რომელიც გემბლინგის წინააღმდეგ იბრძვის საქართველოში, წარმოადგენენ ფსიქოლოგები, ნარკოლოგები და სხვა პროფესიის ადამიანები. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ამ ჯგუფის წევრებთან გემბლინგზე მკურნალობდნენ ცნობილი ადამიანები, მათ შორის პოლიტიკური პარტიის ლიდერების ოჯახის წევრები, ზოგი თვითონ ლიდერიც. "ნაციონალები" თავად აღნიშნავდნენ, რომ საგანგაშო სიტუაცია იყო ბევრი მათგანის ოჯახში. ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, დაგვეყოლიებინა მაშინდელი ხელისუფლება, რომ აკრძალვები დაეწესებინა. ამაოდ. სათამაშო ბიზნესი ის სფერო იყო, სადაც დიდი ფულის შოვნა შეიძლებოდა და ვინც ხელს ითბობდა ამ ბიზნესის მფლობელებთან სიახლოვით, ეწინააღმდეგებოდა შეზღუდვებს. ალბათ, მათი გავლენა უფრო დიდი იყო, ვიდრე მოწინააღმდეგეებისა. გვეგონა, ახალი ხელისუფლება დაგვიჭერდა მხარს. კვლავ ამაოდ... დავითაშვილს ცვლილებათა პროექტი დაუბლოკეს, პარლამენტში განსახილველადაც კი არ გავიდა. მეტიც, დავითაშვილმა პოლიტიკა დავტოვეო და, ყველაფერს ზურგი შეაქცია. ვვარაუდობ, რომ ის გააჩერეს, ვიღაცებმა სათამაშო ბიზნესიდან ხელისუფლებაში ლობი გამონახეს, ან უბრალოდ, დაარწმუნეს, რომ კაზინო არჩენს საქართველოს ბიუჯეტს. მიმაჩნია, რომ იმაზე ბევრად ნაკლები შედის ბიუჯეტში, ვიდრე რეალურად უნდა შედიოდეს სათამაშო ბიზნესიდან. ამის დადგენა შეიძლება მონიტორინგით, რომელიც არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას და ამ მხრივ ხელისუფლებას ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს.

- რა ტიპის აკრძალვები იყო გათვალისწინებული ცვლილებათა პროექტში?

- ინტერნეტკაზინოები უნდა აიკრძალოს, რადგან სრულიად უკონტროლო გახდა მოზარდთა ქცევა. ადამიანს ნებისმიერ დროს აქვს ცდუნება, თუ ჯიბეში ფული აქვს, ჩარიცხოს შესაბამის ანგარიშზე და შინიდან გაუსვლელად ითამაშოს. უნდა აიკრძალოს სათამაშო ბიზნესის შესახებ ყოველგვარი რეკლამა. საოცრება ხდება რეკლამის სფეროში, ყველაზე დიდი წილი კაზინოებზე მოდის, ამასთან, ეს ბიზნესი უამრავი გადაცემის სპონსორია, ანუ სამაგალითოა. არადა, თავისი არსით დამაქცევარია.

როგორც მოზარდზე, ისე ზრდასრულ ადამიანზე, რეკლამა განსაკუთრებით დამღუპველ გავლენას ახდენს. ერთ-ერთი სკოლის დირექტორი სამსახურიდან რომ დაითხოვეს, სამოც წელს გადაცილებული იყო. სამსახურის დაკარგვამ ძალიან ააფორიაქა. ფიქრობდა, როგორ ეშოვა ფული და უცებ კაზინოს რეკლამების ნახვის შემდეგ გადაწყვიტა, ბედი ეცადა. ის მომაკვდინებლად დამოკიდებული ლუდომანი გახდა. გაყიდა სახლი, რომელშიც მისი მოხუცი დედა ცხოვრობდა, და ისიც რომ წააგო, გაგიჟდა და თავი მოიკლა. ზოგადად, იმდენი ადამიანი უბედურდება და თავს იკლავს ამ აზარტული თამაშების გამო, რომ ყველაფერი ლამის თვითმკვლელთა ატრაქციონს დაემსგავსა.ჩემი ახლობლის ვაჟებმა ოჯახს გააყიდვინეს თუ რამ ებადათ და ახლა ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ ვალებში ჩაფლული. მოვითხოვთ, გაიტანონ კაზინოები დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით და თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ეს სფერო აუცილებელია ტურიზმის განვითარებისთვის, შეიქმნას ტურისტებისთვის განკუთვნილი ზონა, საკუთარ, ისედაც გაღატაკებულ მოსახლეობას კი ნუ გავწირავთ განადგურებისთვის.

დღესვე საჭიროა მკაცრი რეაგირება ისეთ რეკლამებზე, რომელთაც შეცდომაში შეჰყავს მოქალაქეები. მაგალითად, როდესაც თქვენ სარეკლამო კლიპიდან გესმით, რომ არაფერს აგებთ და კაზინო თითოეულ თეთრს გიბრუნებთ უკან, იზრდება ცდუნება, ბედი სცადო. შესაძლოა, ვინმემ თავი იმართლოს, ეს არის აქცია და აქციის ფარგლებში ასეთი რამ დასაშვებიაო. ნურას უკაცრავად, ეს არის ჩათრევის მცდელობა, ისეთივე ქმედება, როგორიც ნარკომანიის გავრცელების შემთხვევაში ხდებოდა, მოზარდებს უფასოდ აძლევდნენ ნარკოტიკს, აჩვევდნენ და ასე იძენდნენ მუდმივ კლიენტურას.

კანონით, არასათანადო რეკლამაზე განკუთვნილია საჯარიმო სანქცია. ჩვენ თუ დავუმტკიცებთ რეკლამის ავტორებს, რომ ცდილობენ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას, ამით მნიშვნელოვნად დავეხმარებით საზოგადოების გაჯანსაღებას. ბევრ ადამიანს ვიხსნით თამაშის ჭაობში ჩაფლობისგან. არსებობს კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საზოგადოების საჩივარი, თუ, რა თქმა უნდა, ვინმე მიმართავს ამ თხოვნით. ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ...

თუ სახელმწიფომ სასწრაფოდ რამე არ იღონა, შეიძლება დავასკვნათ, რომ სულ არ ანაღვლებს, ნარკოტიკით მოწამლავენ ხალხს თუ ფსიქოლოგიურად, რის შემდეგაც ადამიანები ყიდიან ყველაფერს და ცარიელ-ტარიელი ღია ცის ქვეშ რჩებიან. ვიღაც იტყვის, რომ ეს მათი უნებისყოფობის ბრალია. მერედა, რისთვის ვქირაობთ ხელისუფლებას, განა იმისათვის არა, რომ საზოგადოების, ცალკეული ინდივიდის განვითარებისთვის ჯანსაღი გარემო შექმნას? როდესაც ვამბობთ, რომ სახელმწიფოს მოვალეობაა თავისი მოქალაქეების დაცვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ დაცვის მექანიზმები საკანონმდებლო სისტემის გამართულობით უნდა უზრუნველყოს...

"კვირის პალიტრა" კომენტარისთვის დაუკავშირდა კობა დავითაშვილს, რომელმაც ამ თემაზე ლაპარაკი, ჩვენდა გასაკვირად, კატეგორიულად არ ისურვა და განაცხადა, რომ თავი დაანება პოლიტიკას... იმის გასარკვევად კი, თუ რატომ ჩაუგდეს კანონპროექტი, პარლამენტში გადაგვამისამართა...

კანონი სათამაშო ბიზნესის შესახებ

საქართველოში სათამაშო ბიზნესი 2005 წლიდან რეგულირებულია სამი კანონით: "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ" "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ" და "სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ".

რეგულირების მიზანია საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების ბიზნესის სახელმწიფო კონტროლი, მოქალაქეთა ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლების დაცვის გათვალისწინებით(?!).

2011 წელს სათამაშო ბიზნესის მოწყობაზე ნებართვების გაცემა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პრეროგატივა გახდა. ეს სამსახური აზარტული და მომგებიანი თამაშების ნებართვის გაცემასა და გაუქმებას, მათში ცვლილებების შეტანას უზრუნველყოფს.

შემოსავლების სამსახურს გარკვეული უფლებამოსილებები მიენიჭა, რაც მანამდე აზარტული თამაშების მოწყობაზე ნებართვის გამცემ ფინანსთა სამინისტროს არ გააჩნდა. კერძოდ, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, გადაამოწმოს ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტების უტყუარობა. ასევე, შეუძლია დააწესოს კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე. შემოსავლების სამსახურს ნებისმიერ დროს შეუძლია შეამოწმოს ამგვარი დაწესებულებები და პირობების შესრულების მდგომარეობა.