ბაბუშერადან ბიჭები "დაბრუნდნენ" - აფხაზეთიდან კიდევ 5 მებრძოლი გადმოასვენეს - კვირის პალიტრა

ბაბუშერადან ბიჭები "დაბრუნდნენ" - აფხაზეთიდან კიდევ 5 მებრძოლი გადმოასვენეს

24 თებერვალს,ბაბუშერადან "დაბრუნებულებმა" თბილისში ძმათა სასაფლაოზე სამუდამო განსასვენებელი პოვეს

მალხაზ ფირანიშვილის 21 წლის ქალიშვილი, ეთერ ფირანიშვილი, ამაყობს, რომ გმირი მამა ჰყავს, რომელსაც მხოლოდ ნაამბობით იცნობს

გასული წლის გაზაფხულზე ბაბუშერას სამარხებმა "საკინძე შეიხსნეს" და ენგურს გამოღმა საქართველოში ომის ტკივილი განაახლეს. საერთაშორისო წითელი ჯვრის (არგენტინელი ექსპერტ-სპეციალისტები) მიერ მოძიებული და ამოსაცნობად გამზადებული დაღუპულთა ნეშტების იდენტიფიკაცია სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაიწყო და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

იდენტიფიცირებულთაგან პირველი სადაზვერვო სამსახურის მებრძოლები: ზურაბ და თემურ ზალდასტანიშვილები და მათი ტყუპი ბიძები: ვასიკო და ნუკრი წიკლაურები იყვნენ. ოჯახმა ახალი წლის წინადღეებში ოთხი მიცვალებული შეასვენა სახლში. მესამე დღეს სამების საკათედრო ტაძარში გმირულად დაღუპულებს სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაუხადა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ.

...24 თებერვალს, კიდევ ხუთ ადგილას დაჰკრეს ბარისპირი მესაფლავეებმა. 21 წლის შემდეგ სოხუმიდან თბილისში "დაბრუნდნენ" 20 წლის კახაბერ აბულიძე, 27 წლის მალხაზ ფირანიშვილი, 17 წლის ზურაბ მელიშიანი, 22 წლის გიორგი ჩარგეიშვილი და... 26 წლის რუსუდან ჩხეტიანი! სამების საკათედრო ტაძარში გამოსათხოვებლად მოვიდნენ საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლები, დაღუპულთა ოჯახის წევრები, თვითმფრინავის გადარჩენილი მგზავრები. პროცესიამ დიღმის ძმათა სასაფლაოზე გადაინაცვლა, სადაც ბაბუშერადან "დაბრუნებულებმა" სამუდამო განსასვენებელი პოვეს.

ვენერა ოშორიძე, დაღუპული კახაბერ აბულიძის დედა: "კახა "თეთრი არწივის" მებრძოლი იყო. ოცი წლისა წავიდა ომში. დროდადრო, როცა შინ ბრუნდებოდა, ვეტყოდი ხოლმე, ახლა სხვები წავიდნენ, შენ დარჩი-მეთქი. მპასუხობდა: დე, სხვებს რას უყურებ, ვისაც სად უნდა, იქ წავიდეს, მე კი აფხაზეთში უნდა დავბრუნდეო. ქრისტიანული წესით დაკრძალვა ჩემი ოცნება იყო. ახლა ვიცი, სად დავღვარო ცრემლი და სად ავანთო სანთლები!"

17 წლის ზურაბ მელიშიანის დედას, ქალბატონ მანანა მელიშიანს, რეალობასთან შეგუება უჭირს, ახლა, როდესაც შვილის ცხედარი ჩამოასვენეს,  ამბობს, რომ მოლოდინი ერჩივნა, მაშინ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ მისი შვილი ცოცხალი იყო.

მალხაზ ფირანიშვილის 21 წლის ქალიშვილი, ეთერ ფირანიშვილი, ამაყობს რომ გმირი მამა ჰყავს, რომელსაც მხოლოდ ნაამბობით იცნობს.

გოგი ფაცაცია, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე, ბაბუშერას აეროპორტის ყოფილი უფროსი:

"ბაბუშერას ავიაკატასტროფიდან 5 წუთში აეროპორტში გავჩნდი. საჰაერო ხომალდს ზღვიდან სითბური რაკეტა ესროლეს, რამაც სამი ძრავა მწყობრიდან გამოიყვანა. პირველი სალონის მგზავრები გადარჩნენ. მეორე დღესვე მე, ანზორ ლაცუზბაიამ და გია გვაზავამ დაღუპულთა ნეშტები ორ მწკრივად განთავსებულ ტრანშეებში ჩავასვენეთ. ყველა მიცვალებული დაინომრა, რამაც გააადვილა მათი ამოცნობა". გადარჩენილი მგზავრები იმ ტრაგედიას უცრემლოდ ვერ იხსენებენ, ეამაყებათ, რომ იმ მეომრების გვერდით იბრძოდნენ, რომლებმაც უყოყმანოდ გაწირეს თავი სამშობლოსთვის".

ქეთინო მჭედლიძე: "ზღვიდან რომ გვესროლეს, თვითმფრინავი შეტორტმანდა და ავარიული სინათლე აინთო. ავფორიაქდი. დამშვიდდიო, გამაჩუმეს. ღამე რომ ყოფილიყო, ის მცირე ნაწილიც მგზავრებისა, ვერ გადავრჩებოდით".

დათო გრძელიშვილი: "აფრენამდეც ვიცოდით, რომ დაფრენის შანსი ძალიან ცოტა იყო, მაგრამ ახლაც ისევე მოვიქცეოდი. აფხაზეთის შემდეგ, 2008 წელს, სამაჩაბლოში ვიომე, არ მევალებოდა წინა ხაზზე წასვლა, მაგრამ მაინც წავედი. საბრძოლველად ქვეყნის, ხალხის, თანამებრძოლების სიყვარულს მიჰყავხარ. გადამწყვეტ წუთებში ეს ძალა გამოძრავებს, და კიდევ, მოვალეობა გიბიძგებს, ვიღაცას დაეხმარო".

ნუკრი ზირაქაშვილი: "თვითმფრინავში ოთხი თანამებრძოლიდან მხოლოდ ერთი დაგვეღუპა, დანარჩენები დავშავდით. დამწვარ მეომრებს შორის ბესო ხაჩიშვილი მოვძებნე, თუთიის კუბოთი მშობლიურ ტიბაანში ჩავასვენე.

ბაბუშერაში გადარჩენილები ერთმანეთს ტყუპისცალებს ვეძახით".

ალექსანდრე ნადიბაიძე: "პილოტებთან ვიჯექი კაბინაში, მფრინავმა მინა ჩაამსხვრია და იქიდან გადმოვხტით. ამან გადაგვარჩინა. მეტსაც გეტყვით, ერთ-ერთი გადარჩენილი მეომარი პირდაპირ ბრძოლის ველზე წავიდა დაჭრილი თანამებრძოლის გამოსაყვანად... საძმო საფლავზე მოსვლა ჩვენი წმიდათაწმიდა ვალია. ეს ჩვენი ძმების სასაფლაოა!"