წყალსაცავებით დაფარული სოფლები - ჩაძირული საფლავების სევდა
09-03-2015
წყალსაცავებით დაფარული სოფლები - ჩაძირული საფლავების სევდა
გეომორფოლოგ გიორგი დვალიშვილთან საუბრის შემდეგ სიზმარეული განცდა დამყვება - თითქოს შემაღლებულ ადგილზე ვდგავარ და წყალში ჩაძირულ ჩემს ისტორიას ზემოდან დავცქერი. მწვანედ დაგუბებული წყლიდან დრო­დადრო ეკლესია უნდა ამოცურდეს, რომელსაც საუკუნოვანი წინაპრის ლანდი ამოჰყვება; მან უნდა შემახსენოს, რომ სამშობლო მახსოვდეს! მისტიკაა? არა, რეალობაა - ვინც გაზაფხულზე  წალკის, ჟინვალის ან სიონის წყალსაცავებიდან ამოცურებულ ეკლესიებს ჭაობიანი ბილიკებით მიეახლება, ეს განცდა მასაც მუდამ გაჰყვება. ქართველებს წინაპრის აშენებული კიდევ 2 უძველესი ნაგებობა წაგვართვა წყალმა - პალიასტომის
ტბასა და სოხუმის სანაპიროზე ჯერაც ჩანს წყლიდან ამოწვერილი საუკუნოვანი ციხეების ქონგურები. ბატონი გიორგი ამბობს, რომ ეს ნაგებობები ქრისტიანულზე ბევრად ადრინდელია.


- არ დამავიწყდება, როცა წალკის წყალსაცავიდან ამოსული ფეოდალური ხანის წმინდა სტეფანე პირველმოწამის ტაძარი პირველად ვნახე. თვალს ვერ ვაშორებდი! წალკის წყალსაცავი საქართველოში ყველაზე დიდია; ის 1946
წელს, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ დააგუბეს. წყალმა 6 სოფელი დაფარა. მათ შორის სოფელი ხადიკიც - ისტორიული ტბეთი. მაშინ ამ სოფლებში თურ­ქეთიდან დაახლოებით 150 წლის წინ შემოსახლებული მართლმადიდებელი ბერძნები ცხოვრობდნენ; ეს ხალხი აქაური ტაძრების ბედმა ისე დააღონა, რომ დაშალეს და სხვაგან გადაიტანეს. წმინდა სტეფანეს ტაძარს კი დასაშლელად ვერავინ მიუახლოვდა, ვერც ბერძნები და ვერც მაშინდელი ხელისუფლება - ტაძარში წმინდა ბერი ლოცულობდა და ეკლესიას არავინ მიაკარა - აქ ამ ეკლესიის მფარველის სული მეუფეობს და არავის მივცემ უფლებას, ტაძარს შეეხოს, დაე, წყალმა ჩაძიროს, მეც მასთან ერთად ჩავიძირებიო.

ახლა ხადიკში (ტბეთში) რამდენიმე ბერძნულ ოჯახთან ერთად სვანები ცხოვრობენ. ამ ბერძნებმა მიამბეს ამ ბერის შესახებ. თუმცა, მისი ჩაძირვის შემსწრე არავინ არის, ან გარდაიცვალნენ, ან ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდნენ...

- ვიღაცას მაინც უნდა ახსოვდეს ბერის სახელი, 1946 წლიდან არც ისე დიდი დროა გასული...
- იმ დროს არც ამ ამბის მოყოლის, არც ამ ბერის სახელის ხსენების ნება არავის ჰქონდა - მაშინვე დაიჭერდნენ.  აქედან გადასახლებულ ბერძენთა შორის, შეიძლება კიდეც იყოს ცოცხალი მოწმე. ეს ლეგენდად ქცეული ამბავი ლევან გოთუასაც ჰქონდა აღწერილი პიესაში "ჩაძირული ქალაქი". მაშინდელმა ხელისუფლებამ  პიესაც ისევე მოსპო და გაანადგურა, როგორც იმ წმინდა ბერის სახელი; მაგრამ  ღვთიური ვერ დაიმალება. ტაძარიც, ვიდრე წყალი საბოლოოდ გაანადგურებს, წყლიდან ამოცურდება ხოლმე...

- ეს როგორ ხდება?
-  წყალსაცავში ჩამავალი მდინარეები ზამთრობით იყინება და საგუბარში წყალი აღარ ჩაედინება. პარალელურად, ზამთარში ელექტროენერგიის მოხმარება მაღალია, ამიტომ დეკემბრიდან მარტამდე წყალსაცავის სიღრმე დაახლოებით 20 მეტრით დაბლდება. მარტში კი ტაძრის გალავნის დანგრეული ქონგურები სრულად ჩნდება, გარშემო ლამი შრება და კედლებთან მისვლა შეიძლება. ამ დროს ისეთი გრძნობა გეუფლება, თითქოს წყლიდან თავდახსნილი საუკუნეები შემოგყურებს. ერთ ადგილას კედელში შერჩენილია ჯვრიანი ქვა. ტაძრის გარშემო საფლავის ქვები ჩანს, მაგრამ მათ ქვეშაც მხოლოდ ლამი იქნება - წყლის ძალა ხომ ყველაფერს ანგრევს.

- როცა ტაძარი ჩანს, მასთან  ხალხი მიდის?

- აქაური სვანები იქ აღდგომამდე 84 დღით ადრე ლამპრობას დღესასწაულობენ მეფე თამარის პატივსაცემად - თამარი ღამით ანთებული ჩირაღდნებით ითვლიდა, რამდენი მოლაშქრე მოუვიდოდა სვანეთიდანო! ყველა კაცი, ვისაც სიარული და ლამპრის ხელში დაჭერა შეუძლია, ვალდებულია, ამ დღესასწაულში მონაწილეობა მიიღოს, ეკლესიას მიეახლოს და უფალს საქართველო შეავედროს. სანთელს დაანთებენ, წყლიდან ამოცურებული ეკლესიის ქვებს ზედაშეს აპკურებენ და "ლილეოს" დააგუგუნებენ...

- ალბათ ვინც ამას უყურებს, ჟრუანტელი უვლის.
- ასეა. ზუსტად მსგავს განცდას ტოვებს ჟინვალის წყალსაცავში ჩაძირული XII საუკუნის ჯვარი პატიოსანიც - არაგვის ხეობელები ამ ეკლესიაში 8 საუკუნე ლოცულობდნენ და მტკივნეულად განიცდიან მის ჩაძირვას. როცა ჯვარი პატიოსანი წყლიდან ამოცურდება, ნათლად ჩანს ფერმილეული ფრესკები, რომელიც ენით გამოუთქმელ სევდას ტოვებს. ტაძრის გაღმა­ ნაპირას, იქ, სადაც წყალი ვერ აღწევს, შემორჩენილია ბზის კორომი,­ იმ სიცოცხლის მოსაგონებლად, რომელიც ამ ხეობაში დუღდა.

- ამ ეკლესიის ნაცვლად შორიახლო ხომ იმავე სახელწოდების ტაძარია აგებული...

- ის  ოდნავადაც ვერ  მიუახლოვდება ჩაძირულ საუკუნეებს. თუმცა, აქ აღვლენილი ლოცვის მადლი ჩვენს ქვეყანას ნამდვილად შეეწევა... სიონის წყალსაცავში ჩაძირული ეკლესია ფეოდალური ხანისაა და როცა ის წყლიდან ამოცურდება, იმდენად საინტერესო რელიეფური ქვები ჩნდება, რომ შეუძლებელია რაიმე მნიშვნელოვანი ისტორიული ინფორმაციის მოძიებაში არ დაგვეხმაროს. ეს ტაძარიც ისევე შეუსწავლელია, როგორც დანარჩენი ჩაძირული ტაძრები.

- პალიასტომის ტბასა და სოხუმის სანაპიროზე ჩაძირულ ნაგებობებზე რას გვეტყვით?
- ესენი ქრისტიანობაზე ადრინდელი ნაგებობებია და იმდენად მტკიცე, რომ აგერ უკვე 20 საუკუნეზე მეტია, წყალს უძლებს. სავარაუდოა, რომ იმდროინდელია, როცა შავი ზღვის სანაპიროზე ბერძნული ტიპის თავდაცვითი სიმაგრეები კეთდებოდა; ფოთი ფაზისი იყო, სოხუმი კი დიოსკურია. ორივე მათგანი დიდებულების და მისტიკურობის საოცარ განცდას იწვევს, მაგრამ მათ ჩაძირვაში კაცის ხელი არ ურევია, - სოხუმიცა და ფოთიც ზღვაში საუკუნეების განმავლობაში ნელ-ნელა იძირება. წყალს მიწა მიაქვს და ხმელეთს იპყრობს. თუმცა, როცა ფოთში პალიასტომის და ფიჩორას შესართავთან ან სოხუმის სანაპიროზე წყლის მორევიდან ამოწვერილ ქონგურებს უყურებ, ხვდები, ადამიანზე ძლიერი არავინ და არაფერია, თუ დგას ჟამი შენებისა და ისიც ღვთის ნებით აშენებს!..
დავითი
09 მარტი 2015 14:17
საოცარი სტატიაა. ფიქრისა და განსჯისთვის, განსაკუთრებით განწყობას გიქმნის. შენების ნიჭი, უნარი, სურვილი არ გაგვნელებოდეს ქართველებს, და ზოგადად კაცობრიობას.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები