რატომ მიდის საქართველოდან უნიკალური ტექნოლოგიების ავტორი? - სასწაულმოქმედი ქართული ბაზალტის ისტორია - კვირის პალიტრა

რატომ მიდის საქართველოდან უნიკალური ტექნოლოგიების ავტორი? - სასწაულმოქმედი ქართული ბაზალტის ისტორია

ლბათ, ჩემსავით უამრავი ადამიანი პირველად გაიგებს, რომ ვულკანური ქანის, ბაზალტისგან, საწარმოო ტექნოლოგიური და საქსოვი ბოჭკო, უნიკალური ძაფი მზადდება, რომელიც წარმოუდგენელი მდგრადობით გამოირჩევა. ძაფის წარმოების ტექნოლოგია საბჭოთა კავშირის დროს, კიევში მიუღიათ უკრაინელ მეცნიერებს. ძაფს ყველანაირი ბაზალტისგან ვერ დაამზადებ, საჭიროა შეიცავდეს სპეციფიკურ მინარევებს. ასეთი შემადგენლობა კი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მხოლოდ ქართულ ბაზალტს ჰქონია. ამიტომაც უკრაინაში ძაფს გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისიდან 1994 წლამდე მხოლოდ მარნეულის საბადოდან მოპოვებული ბაზალტით  აწარმოებდნენ. უკრაინელ მეცნიერებთან ერთად ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ჯონი გიგინეიშვილი ერთ-ერთია, ვინც  ძაფის გამოყენების უნიკალურ მეთოდებს მიაგნო, რომელთა პრაქტიკაში დანერგვაზე მუშაობას სთხოვს სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის, "ნასა" დიდი ხანია სთავაზობს სამოქმედო პოლიგონს. საქართველოში კი ამით არავინ ინტერესდება...

ჯონი გიგინეიშვილი: - ძაფისგან შეგვიძლია მივიღოთ ნებისმიერი ფორმისა და პროფილის კომპოზიციური მასალა და კონსტრუქცია, რომელიც სამჯერ მტკიცე და მჩატეა, ვიდრე ფოლადისა და ლითონის კონსტრუქციები. ფილები მოუხეშავი და მძიმეა, ძაფის დაპრესვის შედეგად კი ნებისმიერი ფორმისა და ზომის ფილას დავამზადებთ... უკვე დაპატენტებული მაქვს და ინვესტიციის ჩადების შემთხვევაში ვაწარმოებთ უამრავ მასალას მშენებლობის ყველა სფეროში: მანქანათმშენებლობაში, სამოქალაქო, სამხედრო და საავიაციო სფეროში. შეგვიძლია ბაზალტის ძაფით დავამზადოთ არმატურა, ნებისმიერი სახის მილი. იქ, სადაც არმირებულ ასფალტსა და ბეტონს ვიყენებთ, უნიკალურია ბაზალტის ძაფი, ჩვეულებრივი არმატურისგან განსხვავებით კოროზიამედეგია. სიმტკიცით ბაზალტთან ვერც ერთი ლითონი ვერ მივა. მე დავამზადე ბაზალტის ძაფით დაპრესილი შიფერისა და კრამიტის შემცვლელი სახურავის მასალები, ბაზალტის ძაფის ნარჩენებისგან მატარებლის ხუნდი, შვერილები, მილები. მე ვარ ბეტონის არმირებული კოჭის ტექნოლოგიის ავტორი. ეს ტექნოლოგია დიდი ხანია წარმატებით გამოიყენება რუსეთსა და უკრაინაში, მაგრამ საქართველოში - არა. თუ სახელმწიფო ინებებს ქარის გენერატორების დადგმას, შემიძლია დავამზადო გენერატორები, დგარები, პროპელერები... არაფრის შემოტანა არ დაგვჭირდება, მეტიც, შევძლებთ ექსპორტზე მის გატანას.

- ელაპარაკეთ ხელისუფლებას?

- მყავდა პოტენციური ინვესტორი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, უკრაინელები აპირებდნენ საქართველოში ბაზალტის ძაფის წარმოებას და შესაბამისად, უახლესი ტექნოლოგიების განვითარებას, მაინც მარნეულიდან მოგვაქვს მადანი და მზად ვართ, მანდ ვიმუშაოთო. მაშინ ქართველმა ბიზნესმენებმა შემიშალეს ხელი. ჩვენ მივხედავთ ამ საქმესო... ფაქტია, როგორც მიხედეს. მოგვიანებით, 2000 წელს, მეცნიერებათა აკადემიის საბჭოზე მხარი დამიჭირეს - ეს პროექტი ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროგრამაში ჩავდოთო, მაგრამ სახელმწიფოს ერთი ლარი ვერ გავაღებინეთ. სამწუხაროდ, დღემდე არავინ მოსულა, მოდიან მხოლოდ იმისათვის,  რომ ტექნოლოგიის შესახებ ინფორმაცია წამართვან. არ მინდა ასეთ ხალხთან ბრძოლა. ამიტომაც წავალ საქართველოდან და ვეცდები, რეალობად ვაქციო ჩემი პროექტები, რომლებსაც კაცობრიობისთვის უდიდესი სიკეთის მოტანა შეუძლია. რატომ არ უნდა იხეიროს ამ ყველაფრით საქართველომ?

- "ნასაში" როდის შემოგთავაზეს წასვლა?

- ჯერ კიდევ 1991 წლის ოქტომბერში ჰიუსტონში მიმიწვიეს. მთხოვდნენ დავრჩენილიყავი, მაგრამ მიმაჩნდა, რომ ვჭირდებოდი ჩვენს ქვეყანას, რომელიც მაშინ დამოუკიდებლობის პირველ ნაბიჯებს დგამდა.  1999-2000 წლებშიც მთხოვეს წასვლა. 2007 წლიდან მიწვევენ სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაზე... დროდადრო მეხმიანებიან უკრაინელებიც, რატომ არაფერს არ ცდილობო. თავის დროზე რომ აგვეწყო ბაზალტის ბიზნესი, დღეს ტექნიკური მრეწველობის განვითარებით გამორჩეული ქვეყანა ვიქნებოდით. გონივრულად დაგეგმარების შემთხვევაში, საქართველო ბაზალტით ისევე წარდგება მსოფლიოში, როგორც აზერბაიჯანი ნავთობით.