დაზოგე ქაღალდი, გადაარჩინე პლანეტა! - კვირის პალიტრა

დაზოგე ქაღალდი, გადაარჩინე პლანეტა!

ქაღალდის მოხმარების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ხეების ჩეხის სტატისტიკური მაჩვენებელიც  კატასტროფულად იზრდება

თუ თქვენი მაკულატურა 500 კილოგრამს აჭარბებს, "მაკულიტერატურის" შესაბამისი სამსახური თავად მოახდენს მის ტრანსპორტირებას. მაკულატურის ჩაბარების პუნქტი 2012 წელს წერეთლის #116-ში გაიხსნა, ამჯერად პროექტს ქუთაისიც შემოუერთდა - სულხან-საბას 2-ში და გუგუნავას 5-ში მეორეული ქაღალდის ჩაბარება შეგიძლიათ

თუ ახლა სამსახურში ან შინ ბრძანდებით, წუთით ირგვლივ მიმოიხედეთ - თქვენ გარშემო უამრავი საჭირო თუ არასაჭირო ქაღალდის ნაწარმია, რომლის დასამზადებლად, სულ ცოტა, რამდენიმე ათეულობით ხე განადგურდა!

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 40 წლის მანძილზე მსოფლიოში ქაღალდზე მოთხოვნა 400%-ით გაიზარდა - დღესდღეობით მსოფლიო წელიწადში დაახლოებით 300 მილიონ ტონა ქაღალდს მოიხმარს. ქაღალდის მოხმარების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი ხეების ჩეხის სტატისტიკური მაჩვენებელიც  კატასტროფულად იზრდება. სხვათა შორის, ამ პროცესის ონლაინრეჟიმში დაკვირვება ცოტა ხნის წინ "გუგლის" ახალი პროექტის, Global Forest Watch-ის წყალობით გახდა შესაძლებელი. პროექტი დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, რეალურ დროში დააკვირდნენ მსოფლიოში ხეების ჩეხის მასშტაბსა და მიმდინარეობას. ვებგვერდზე გამოქვეყნებულია "ნასას" თანამგზავრების მიერ ბოლო 13 წლის მანძილზე გადაღებული ფოტოებიც. უფრო მეტიც, გამოსახულება საშუალებას გვაძლევს, დეტალურად გამოვთვალოთ ყოველ ტერიტორიასა და ქვეყანაში წლების მანძილზე გაჩეხილი და განახლებული ტყის მასივების მოცულობაც.

სამწუხაროდ, ამ რუკაზე საქართველოს ტყის საფარზეც საგანგაშო მონაცემებია დაფიქსირებული! ამიტომ დადგა დრო, მოქალაქეები გარემოს დაცვაზე დავფიქრდეთ - დროა, გავაცნობიეროთ, რომ მაქსიმუმის მისაღებად გარე სამყაროს მინიმალურად დაზიანებაა საჭირო. ალბათ, მკითხავთ, მაშინ რა ვქნათ, ქაღალდზე უარი ვთქვათ და წიგნებიც გადავყაროთ, რომელიც კაცობრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია და რომლის დაბეჭდვისთვის ხეების გაჩეხა აუცილებელიაო? არა, მერწმუნეთ, სულაც არ არის აუცილებელი, ყოველი ახალი ფურცლის წარმოებას ახალი ხე შეეწიროს, რადგან საამისოდ მეორეული ქაღალდის გადამუშავება და ამ გზით ახლის მიღებაც შესაძლებელია - მაკულატურა გადამუშავდება, იქცევა ისევ ქაღალდად და უბრუნდება იმ ბაზარს, რომლისთვისაც ხე უნდა მოიჭრას.

ორი წლის წინ სწორედ ამ მიზნით მედიასახლმა "პალიტრამ" დაიწყო პროექტ "მაკულიტერატურის" განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს შეუძლია უსარგებლო მეორეული ქაღალდები ახალ წიგნში გადაცვალოს. კერძოდ, მაკულატურის ჩაბარებისას მიიღებთ ელექტრონულ "ნერგი ბარათს", რომელზეც კილოგრამების შესაბამისი "ნერგების" ერთეული დაგერიცხებათ (1 კგ - 1 ნერგი). დაგროვილი "ნერგები" კი შეგიძლიათ პროექტისთვის გამოყოფილ ახალ წიგნებში გადაცვალოთ (წიგნების ფასიც ნერგებში აისახება).

გახსოვდეთ, ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავება 17 ხეს გადაარჩენს, რის შედეგადაც 26 კუბ/მეტრი წყალი და 2,3 კვადრატული მეტრი მიწის მოცულობა დაიზოგება... ორი წლის მანძილზე პროექტმა "მაკულიტერატურა" 150 ტონაზე მეტი მეორეული ქაღალდი ჩაიბარა. გაითვალისწინეთ, მუყაოს, ცელოფანის ფაილისა და ბაინდერის გარდა, ნებისმიერი ქაღალდის ნაწარმის, წიგნის, რვეულებისა თუ ბუკლეტების ჩაბარება შეგიძლიათ.

ბუნებრივია, "მაკულიტერატურის" დაწყებისთანავე იმის საფრთხეც გაჩნდა, რომ მაკულატურას ღირებული ლიტერატურაც გაჰყვებოდა. ეს რისკიც გაითვალისწინეს  და ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა მაკულატურაში გაბნეული მნიშვნელოვანი წიგნების მოძიება დაიწყეს - ასი ტონა მაკულატურიდან 1 500 წიგნზე მეტი გადარჩა!

"მაკულიტერატურა" განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს კერძო კომპანიებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად უამრავ ქაღალდს იყენებენ და მის გადამუშავებაზე ნაკლებად ფიქრობენ. სხვათა შორის, უსარგებლო მაკულატურის ჩაბარებით მათ ბიბლიოთეკის გამდიდრების შესაძლებლობაც ეძლევათ, რადგან პროექტისთვის გამოყოფილ ნუსხაში არაერთი საინტერესო და თანამედროვე ბიზნესლიტერატურაა წარმოდგენილი.

რუსუდან შელია