"გმადლობთ ყოველი ორშაბათისთვის" - კვირის პალიტრა

"გმადლობთ ყოველი ორშაბათისთვის"

გამარჯობა! უკვე მეოცე წელია, ჩემი ყოველი ორშაბათი გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან" ერთად იწყება. ძალიან მიხარია, რომ ყოველ ორშაბათს ერთგულ მკითხველს სამახსოვრო პრიზით ასაჩუქრებთ. მე ვცხოვრობ მოსკოვის პროსპექტზე. როგორც თქვენი გაზეთის ერთგულ მკითხველს, მაინტერესებს, როდის მოხვდებით ჩვენს უბანში. ძალიან მინდა თქვენს კორესპონდენტთან შეხვედრა და გასაუბრება. პატივისცემით თინა ბებო, 78 წლის".

უკვე არაერთი ასეთი წერილი მივიღეთ რედაქციაში. ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ 18 აპრილს ,,კვირის პალიტრას" 20 წელი უსრულდება. საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის სხვადასხვა უბანში გავდივართ და ვინც პირველი შეგვხვდება ,,კვირის პალიტრით" ხელში, ,,პალიტრამედიის" სახელით სპეციალურად მათთვის დაწესებული პრიზით ვასაჩუქრებთ. უბნებს, სადაც ერთგული მკითხველი უნდა გამოვავლინოთ, ასეთი პრინციპით ვარჩევთ: კალათაში ვყრით ქაღალდზე დაწერილ უბნების სახელებს და ერთ-ერთს ვიღებთ. თუმცა, მოსკოვის პროსპექტზე თინა ბებოს აუცილებლად ვესტუმრებით.

ამჯერად იღბლიანი მკითხველის გამოსავლენად გლდანში გავედით, მანამდე კი, ტრადიციულად,„"კვირის პალიტრის" მარკეტინგის განყოფილებაში შევიარეთ, სადაც მკითხველისთვის გადასაცემი საჩუქარი დაგვახვედრეს.

მარიკა დარჩია, "პალიტრამედიის" კრეატიული დირექტორი: - ითვლება, რომ მარტი ქალების თვეა და გამიხარდება, თუ ამ თვის იღბლიანი მკითხველები ქალები იქნებიან. საჩუქარი ამჯერადაც საგულდაგულოდ შევარჩიეთ. ეს გახლავთ ,,შოკოლადის ოქროს წიგნი", სადაც 300-ზე მეტი საოცარი რეცეპტია, თუ რა შეიძლება მომზადდეს შოკოლადით. გარდა იმისა, რომ წიგნი მაღალი პოლიგრაფიული დონისაა, მასში მართლაც ბევრი სასარგებლო და საინტერესო რეცეპტია. სასურველია, ამჯერად იღბლიანი მკითხველი ქალბატონი აღმოჩნდეს, თუმცა, თუ მამაკაცი იქნება, არც ეს არის პრობლემა, რადგან ამ წიგნით მეუღლეს ან დედას გაახარებს.”

გლდანში, მეტრო "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიაზე, დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია. რამდენიმე წუთში იღბლიანი მკითხველი გამოჩნდა. ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც "კვირის პალიტრით"“ ხელშAი შევნიშნეთ, ირმა ღლონტი აღმოჩნდა.

ირმა ღლონტი: - ყოველ ორშაბათს ,,კვირის პალიტრას" წიგნთან ერთად ვყიდულობ. საოჯახო ბიბლიოთეკას ,,პალიტრა L"-ის წიგნებით ვაახლებ. პროფესიით აგრონომი გახლავართ, თუმცა, უკვე ათი წელია, ძიძად ვმუშაობ. თავისუფალ დროს წიგნებს ვკითხულობ. თქვენ ყოველთვიურად გვანებივრებთ სხვადასხვა ავტორის გამოცემებით, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო გაზეთის”ყველა თანამშრომელს.

- ჩვენს გაზეთში კონკრეტულად რომელი რუბრიკა მოგწონთ?

-  ძალიან მომწონს ქალებისა და მედიცინის გვერდი, ბევრ სასარგებლო რჩევას და საინტერესო ისტორიებს ვკითხულობ. ჩემი ძმისშვილი სტუდენტი გახლავთ და მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკში უფრო ინტერნეტი აინტერესებთ, თქვენს გაზეთს ისიც კითხულობს. როდესაც ოჯახში ყველა გადაიკითხავს "კვირის პალიტრას", შემდეგ დედაჩემს ვუგზავნით გურიაში. ისიც თქვენი გაზეთის აქტიური მკითხველია. თუ ერთ კვირას ვერ გავუგზავნე, მირეკავს და მახსენებს. ერთი სიტყვით, ჩვენი ოჯახი თქვენი გაზეთის ერთგული მკითხველია.

- მაშინ, ალბათ, ოჯახის წევრებს გაუხარდებათ ჩვენი პრიზი - "შოკოლადის ოქროს წიგნი".

- ეს ყველა ქალისთვის საოცნებო წიგნია და დიდი მადლობა ასეთი მოულოდნელი და ძვირფასი საჩუქრისთვის.  გმადლობთ ყოველი ორშაბათისთვის, რომელსაც გვილამაზებთ და იმედს არასდროს გვიცრუებთ. ჩემი, როგორც ერთ-ერთი რიგითი მკითხველის თხოვნაა, იქნებ მეტი ყურადღება დაუთმოთ ემიგრაციაში მყოფ ქართველებს. ვფიქრობ, ისინიც გამოგეხმაურებიან. გისურვებთ წარმატებებს. კიდევ ბევრი საიუბილეო თარიღი აღგენიშნოთ.

თორნიკე ყაჯრიშვილი