რატომ გარდაიცვალა დუშეთის რაიონში 2 ახალგაზრდა?! - საშიში სექტები - კვირის პალიტრა

რატომ გარდაიცვალა დუშეთის რაიონში 2 ახალგაზრდა?! - საშიში სექტები

"ბევრი სექტა ქრისტიანობის სახელით მანიპულირებს, რაც ერთგვარი სატყუარაა"

ბოლო ერთი თვის განმავლობაში დუშეთის რაიონში 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა - 18 წლის ამიკო და 15 წლის მარიამი. მათი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი. დუშელები ეჭვობენ, რომ ახალგაზრდები სექტის წევრები იყვნენ. დუშეთში სექტის არსებობის შესახებ ინფორმაცია პარტია "რეფორმატორების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო ჩარკვიანმა გაავრცელა. ამბობს, რომ სატანისტურ სექტაში 50 ბავშვია გაწევრებული. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ისინი რიტუალებს ასრულებენ და სასაფლაოზე ცხოველებს აწამებენ, წყვილთა მსხვერპლშეწირვასაც მიმართავენ. შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება ამიკოსა და მარიამის გარდაცვალება. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებმა კალიუმის ციანიდი დალიეს...საქართველოში საშიში სექტების არსებობის შესახებ "კვირის პალიტრა" ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, ეთნოკულტურის მკვლევარს, პროფესორ ელდერ ნადირაძესა და ისტორიკოს სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.

სოსო მანჯავიძე: - სატანისტები ისეთ ახალგაზრდებს იზიდავენ, რომელთაც დარღვეული აქვთ ფსიქიკა და მათი ზომბირება ადვილია. სისხლიანი რიტუალები სწორედ ასეთი, ჰიპნოზირებული და მანიაკური გადახრების მქონე ადამიანების წრეში შეიძლება მოხდეს.

ძალიან ფრთხილად, ღრმა კონსპირაციის პირობებში ხდება წევრების შერჩევა და მათგან სატანისტური სექტების შეკოწიწება.

სამწუხაროდ, ჩვენთანაც გამოჩნდა სატანისტური სექტის ნიშნები, ვგულისხმობ ახალგაზრდების თვითმკვლელობას დუშეთში. თუ მართლა მსხვერპლშეწირვასთან გვაქვს საქმე, სასწრაფოდ არის ზომები მისაღები, რადგან, როგორც ყოველგვარ ავადმყოფობას, ამასაც ახასიათებს გავრცელების ტენდენცია. თითქმის ყველა სატანისტური კულტი სისხლიან მსხვერპლშეწირვას მისდევს, რაც, როგორც წესი, დაკავშირებულია ტანჯვასთან.

სამსხვერპლო თუ არ ჰყავთ, შეიძლება გამოიყენონ ფოტო ან მსხვერპლშეწირვის ობიექტის მსგავსი თოჯინა... არსებობს ტოტალიტარული სექტები, რომლებიც არანაკლებ საშიშია და ეწინააღმდეგება ქრისტიანობას.

რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღონ კანონი "რელიგიის შესახებ", სადაც ზუსტად იქნება გაწერილი, რომელია რელიგია და რომელი - სექტა. ტოტალიტარული სექტა, როგორც წესი:

1. იწვევს თავისი წევრების დაპირისპირებას საზოგადოებასთან;

2. ითხოვს უპირობო მორჩილებას. სექტის ხელმძღვანელის განუსაზღვრელი ავტორიტეტი ფსიქიკის შეუქცევად დეგრადაციას განაპირობებს. ადამიანები ვერ თავისუფლდებიან გავლენისგან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ სექტა განადგურდა, ვერ უბრუნდებიან საზოგადოებას;

3. სექტის ხელმძღვანელს შეუძლია მოუწოდოს სექტის წევრებს, ჩაიტარონ სუიციდი ან განახორციელონ ანტიჰუმანური, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. მაგალითად, იაპონიაში "ამომავალი მზის ორდენმა" აპოკალიფსური მოლოდინის გამო მასობრივი თვითმკვლელობა ჩაიდინა; ჩარლზ მენსონმა ამერიკაში კალიუმის ციანიდი დაალევინა 1000-ზე მეტ კაცს, რის შედეგადაც ისინი საშინელი ტანჯვით გარდაიცვალნენ;

4. ტოტალიტარული სექტებისთვის დამახასიათებელია სექსუალური აღვირახსნილობაც - სექტის ხელმძღვანელის სექსუალური სურვილების დაკმაყოფილება უდიდეს პატივად ითვლება სხვა წევრებისათვის.

უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ მთავარი მაშველი რგოლი ამ სამყაროში კრიტიკული აზროვნების უნარია. ადამიანი თავისით უნდა მივიდეს ჭეშმარიტებამდე და ერთმანეთში არ აერიოს პატივისცემა და ბრმა მორჩილება.

ყველა ტოტალიტარული სექტა საშიშია. მას ადამიანები ჭეშმარიტი გზიდან გადაჰყავს და სულს ჰპარავს. არადა, ადამიანის დანიშნულება ხომ ის არის, სულის ამაღლებით სასუფევლისკენ გაიკაფოს გზა. სექტები კი საკუთარ სულზე უარის თქმასა და სხვა ადამიანის თაყვანისცემას მოითხოვენ, რაც სულიერ სიკვდილს იწვევს.

ელდერ ნადირაძე: - ყველა ქვეყანაში რელიგიურ სექტებს ადგილი აქვთ მიჩენილი, მათ არავინ ებრძვის, მაგრამ დადგენილია, რომ ქვეყნის კონსტიტუციას, კანონმდებლობასა და სამართლებრივ წესრიგს არ უნდა უპირისპირდებოდნენ... რელიგიის ძალადობრივი პროპაგანდა ყველგან აკრძალულია.

სექტანტები არ მონაწილეობენ სახელმწიფოს შენებაში, მაგალითად, არ მიდიან ჯარში. თუ საზოგადოების ნაწილი ხარ და მისი სიკეთეებით სარგებლობ, მაშინ ამ ქვეყნის ყველაფერი უნდა გაითავისო და მის აღმშენებლობაში მიიღო მონაწილეობა. ზოგიერთი სექტის წარმომადგენლები სისხლის გადასხმას რომ არ ცნობენ, ამის გამო ხომ შეიძლება დაიღუპოს ადამიანი? გორის ციხიდან რომ გადმოხტნენ თუ გადმოფრინდნენ, რითაც საზოგადოებას აუწყეს აღსასრულის მოახლოება, ეს ნორმალურია?

დასავლეთ საქართველოში იყო შემთხვევა, სადაც ერთ-ერთი სექტის წევრებს შორის ჯგუფური სექსი დაფიქსირდა. ბევრი სექტა ქრისტიანობის სახელით მანიპულირებს, რაც ერთგვარი სატყუარაა. მიდიან იქ, სადაც დაძაბული სიტუაციაა და დახმარებით ნიღბავენ ყველაფერს.

სექტები იმისთვის არის შექმნილი, რომ მართლმადიდებლობა, როგორც რელიგია, გააუბრალოონ და დაირღვეს მთავარი ღირებულებები: ოჯახი, სულიერება, მორალი, პატიოსნება, ტრადიციები...

ნანა ფიცხელაური