"იმ ხნის ვარ, სიტყვა დამეჯერება - წიგნებიც სულ იქნება და მისი მკითხველიც"
16-03-2015
"იმ ხნის ვარ,  სიტყვა დამეჯერება - წიგნებიც სულ იქნება და მისი მკითხველიც"
როცა მასზე მითხრეს, - ამ საუკუნეში და იმ საუკუნეში გამოცემული ყველა წიგნის შინაარსი ახსოვსო, არ დავიჯერე, - როგორ შეიძლება 95 წლის ადამიანს ეს ახსოვდეს-მეთქი! მიდი და ნახე, ახლაც ოზურგეთის ბიბლიოთეკაში მუშაობსო! ის დღე უქმე იყო, ამიტომ შინ მივადექი. საუკუნოვანი სახლის კიბეზე სქელტანიანი წიგნით ხელში ჩამოდიოდა. ზინაიდა სალუქვაძე ბრძანდებით-მეთქი? არც უკითხავს, რა მინდოდა, შემიყვანა შინ, თხილი და ჯანჯუხა გამომიტანა, - აბა, ახლა გისმენო! რაც თქვენს ხელში წიგნს გაუვლია, ყველა გახსოვთ-მეთქი? კი,
მაგრამ ასე უნდა გეკითხა, - ყველა ეს წიგნი ხომ ნამდვილად გიყვარს, რადგან დამახსოვრება კი არა, სიყვარულია მთავარიო! ასე გავიცანი ზინაიდა სალუქვაძე  მართლაც საოცარი ქალბატონი.


-  ახალგაზრდობაში ვმღეროდი და ვცეკვავდი. სტალინის დროს ცეკადან ჩამოდიოდნენ, რომ ანსამბლები შეემოწმებინათ, ჩემზე კარგ მოცეკვავეს ვის ნახავდნენ, მეც ფეხსაცმელს ვცვეთდი ცეკვაში,
ისინი კი კმაყოფილი მიდიოდნენ. ომი რომ დაიწყო, ფრთები ჩამოვყარე­ - პედაგოგიურ სასწავლებელს კი ვამთავრებდი, მაგრამ მასწავლებლობას ვეღარ შევძლებდი - დედას მარტო ვერ მივატო­ვებდი, ამიტომ იქ დავიწყე მუშაობა, სადაც­ ადგილი გამოჩნდა - საბავშვო ბიბლიოთეკაში. 1944 წელი იდგა, ცივი და მშიერი. ბიბლიოთეკა ერთი საცხოვრებელი სახლის 2 პატარა ოთახში იყო. ორიოდ ღერ შეშას გვაძლევდნენ და ასე ვთბებოდით. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც გვამარაგებდნენ წიგნებით და კილომეტრობით მოშორებული სოფლ­ებიდან მოსულ ბავშვებს წიგნი გულში ჩაკრული მიჰქონდათ. რომ ვუყურებდი, რა ბედნიერები იყვნენ, ვთქვი, ამ სიმდიდრეს ისე უნდა მოვუარო, ფურცელი არ უნდა დავკარგო-მეთქი. ასეც ვიქცეოდი, - დაბრუნებული წიგნის ყველა გვერდს ვამოწმებდი. ათიათასობით წიგნი მაქვს გაცემული, ათასობით ადამიანთან მილაპარაკია და მისი ცხოვრება გამიგია. არც ერთი მკითხველი არ დამვიწყებია. ოღონდ ის ძველი სახეები მახსოვს და შეიძლება ახლა ვეღარ ვიცნო - ჩემი პირველი მკითხველები 70 წელიწადს არიან გადაშორებულები, რაღას ვიცნობ!

ვინც ბიბლიოთეკაში არ შემოდიოდა, მასთან თავად მივდიოდი. პლანტაციაში შევდიოდი მეჩაიე ქალებთან, წიგნებს ვუტოვებდი. წაუკითხავად დაბრუნებას როგორ გამიბედავდნენ! მწერლებიც ჩამომყავდა და ბავ­შვებს ვახვედრებდი!  სულ გვამოწმებდნენ და თანაც მოსკოვიდან. მახსოვს, იანვრის ერთ დღეს ქარიშხალს ძლივს შევასწარი ბიბლიოთეკაში. მითხრეს, - კაცია ჩამოსული მოსკოვიდან და მაინცდამაინც ახლა, საღამოს 6 საათზე უნდა ბიბლიოთეკის შემოწმება. თუ რამე აღმოაჩინეს, დავიღუპებით - მგონი, რაიონული ბიბლიოთეკების დახურვას აპირებენო. მერე რისი გეშინიათ,  დავათვალიერებინოთ წიგნები-მეთქი. მოვიდა ის კაცი და მერე მოსკოვში წაიკითხა მოხსენება, - ოზურგეთის ბიბლიოთეკისთანა ბიბლიოთეკა არსად მინახავსო. ვერც ნახავდა, წიგნის გამო მატარებელი გავაჩერე და ადგილზე ვეღარ დავაწყობდი? 

- მატარებელი გააჩერეთ?..
- სამეცნიერო წიგნი მომპარეს. ბიბლიოთეკარმა ამბავი დამახვედრა, - ვიღაც კაცმა შენი სახელით წიგნი გაიტანაო. არავისთვის მიმიცია ნება, წიგნი წაეღო-მეთქი! ეს სტუდენტებისათვის საჭირი წიგნი იყო. სტუდენტის მშობელი ვინც იყო, მშვენიერად ვიცოდი და ყველა მოვიკითხე. ერთზე მითხრეს, ეგ დღეს თბილისში წავიდაო და ვაგზალზე გავვარდი. მატარებელი უკვე თვალს ეფარებოდა, სადგურის უფროსს დავუყვირე, - გააჩერე, ჩემი წიგნი მიაქვთ-მეთქი. მატარებელში დავადექი იმ კაცს, - ქურდი ხარ, ჩემი წიგნი უკან მომეცი-მეთქი. რაღაც იზამდა, მომცა. ამისთანა ბევრი მიქნია, - ჩაის საკრეფად იყვნენ სოხუმის უნივერსიტეტიდან სტუდენტები ანასეულში და მათაც გაიძღვანიეს ჩემი წიგნები. რექტორს მივწერე, - სანამ არ დამიბრუნებენ, გამოცდაზე არ დაუშვა-მეთქი. უკლებლად გამომიგზავნა! სხვას კი არა ჩემს ძმისშვილს დავადექი წიგნებისთვის თბილისში. მეხვეწებოდა, - მამიდა, მჭირდება, სწავლა მინდა, დამაცადეო. შენ თუ გინდა სწავლა, სხვას აღარ უნდა-მეთქი და წამოვიღე!

- ბოლო წლებში რომ ბიბლიოთეკებში აღარავინ შემოდიოდა, როგორ გუნებაზე იყავით?
- მიმქონდა სახლიდან 2-2 ღერი შეშა, ვათბობდი ოთახს და ხალხს ველოდებოდი. იშვიათად თუ შემოიხედავდა ვინმე­. მაგრამ კიდევ კარგი, ეს არ გაგრძელდა, ბიბლიოთეკაში ბავშვები ისევ დაბრუნდნენ.

- რას ამბობთ?
- კომპიუტერი რა არის, უბრალო ყუთია! ეგ იცის ჭკვიანმა ხალხმა და იმიტომ აკითხებენ შვილებს წიგნებს.  ბავშვები ბიბლიოთეკაში მოდიან. მე მათ სხვადასხვა ღონისძიებას ვუმართავ, წიგნი რომ უფრო შეიყვარონ! 

- სასულიერო სკოლის ბიბლიოთეკაში როგორღა მოხვდით?
- 2006 წელს  ჩემი ბიბლიოთეკა დაიხურა. 12 000 წიგნი მქონდა. ვიფიქრე, ვეღარ ვიცოცხლებ, ეს წიგნები თუ დაიფანტა-მეთქი და შემოქმედელ მიტროპოლიტს მივადექი, - თუ იცით, ვინ გადაარჩინა იაკობ ცურტაველი­, შოთა რუსთაველი ან დავით გურამიშვილი-მეთქი?! გაოცებულმა შემომხედა. მერე ავუხსე­ნი. ამ დროს შემოვიდა კვირიკეთის ეკლესიის მოძღვარი მამა მათე და მითხრა, - წიგნები სასულიერო სკოლაში გადმოიტანე, შენც იქ იმუშავებო!

- "პალიტრა L"-ის წიგნებს თუ იღებთ?
- ვიღებ და ვინახავ, მომავალ საუკუნეს ვუტოვებ. ბევრს ჰგონია, რომ მომავალში წიგნი გაქრება, მაგრამ ცდება, იმ ხნის ვარ, სიტყვა დამეჯერება - წიგნებიც სულ იქნება და მისი მკითხველიც, -
დედამიწაზე, არც წიგნის დაწერაზე უკეთესი საქმე მოუგონია კაცს და არც მის წაკითხვაზე.


4 მილიონი წიგნი...

საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა, იგივე თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა დაარსდა 1846 წელს თბილისში მთავარმართებლის კანცელარიის ბიბლიოთეკის ბაზაზე, როგორც „"ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა". ეს პირველი ბიბლიოთეკა იყო საქართველოში, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა მოსახლეობის ყველა ფენისთვის.

ბიბლიოთეკის დაარსებას საზოგადოების დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, რომელმაც, 1848 წელს, ახალდაარსებულ საჯარო ბიბლიოთეკას დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით 1842 წელს თბილისში გახსნილი "კერძო საამხანაგო ბიბლიოთეკის" ფონდი გადასცა. საჯარო ბიბლიოთეკის დაკომპლექტების საქმე დაევალა მეფისნაცვლის კანცელარიის მოხელეს, გავრილ ტოკარევს და გადაწყდა, რომ ბიბლიოთეკა დაკომპლექტებულიყო წმინდა კავკასიოლოგიური ლიტერატურით. ამ საქმეში მას დიდი დახმარება გაუწია საქართველოში მყოფმა ფრანგმა მოგზაურმა დიუბუა დე მონპერემ. ბიბლიოთეკა დაახლოებით 4 მილიონ წიგნს, 17 000 კარტოგრაფიულ გამოცემას და 5000 ელექტროგამოცემას ითვლის. აქ ყველაზე ძველი ნაბეჭდი წიგნი 1629 წელს რომში გამოცემული ქართულ-იტალიური ლექსიკონია.
თამარ
21 მარტი 2015 02:55
ასეთი ადამიანები გადაარჩნენ საქარტველოს!
mari qerqadze
20 მარტი 2015 11:38
ღმერთმა ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე მოგცეთ ქალბატონო ზინაიდა ძალიან მიყვარხართ და მიყვარდა თქვენი ბიბლიოთეკა, ბევრი ძალიან კარგი შევიძინე თქვენი დახმარებით.
თეა თავბერიძე
19 მარტი 2015 22:19
იცოცხლეთ ქალბატონო ზინა, ვამაყობ თქვენი ნაცნობობით, თქვენ ყველა სიტყვა დაგეჯერებათ...


რედაქტორის რჩევით