ზღვაში დარჩენილი - "დატყვევებულ გემზე" მეზღვაურები სიკვდილისთვის იყვნენ განწირული"
16-03-2015
ზღვაში დარჩენილი - "დატყვევებულ გემზე" მეზღვაურები  სიკვდილისთვის იყვნენ განწირული"
ქართველ კაპიტანს ორი წელია ხმელეთზე ფეხი არ დაუდგამს

მამა ჯერ ნიგერიის პოლიციის შენობაში ჰყავდათ გამოკეტილი. 38 დღე დამცირებისა და არასათანადოდ მოპყრობის პირობებში გაატარა, მერე ჰარკორტში დატყვევებულ გემზე გადაი­ყვანეს, სადაც 13 თვე მშიერი იყო...

"64 წლის კაცისთვის ამდენი ხნის განმავლობაში ზღვაში ცხოვრება ძალიან რთულია"


ალბათ, გახსოვთ, ნიგერიის ნავსადგურ ჰარკორტში  გახმაურებული ინციდენტი, როცა ეკიპაჟის სხვა ეროვნების წევრებთან ერთად ქართველი მეზღვაურებიც დააკავეს. ესენი იყვნენ  კაპიტანი რამიზ ქათამაძე, მოტორისტი ჯაბა დუმბაძე და ასევე, საქართველოს
მოქალაქე, კაპიტნის თანაშემწე - ნიკოლაი ტოდარჩუკი. მიზეზი გემზე არსებული კონტეინერი აღმოჩნდა, რომელიც საბრძოლო მასალით იყო დატვირთული. როგორც  მეზღვაურები ირწმუნებოდნენ, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ რა იდო კონტეინერში (საბუთების მიხედვით, შესაბამისმა პირებმა არა იარაღის, არამედ საყო­ფაცხოვრებო მასალის გადაზიდვას მოაწერეს ხელი). მოგვიანებით ყველაფერი გაირკვა და მეზღვაურები გაათავ­ისუფლეს,
თუმცა, მათ ნიგე­რიის პოლიციაში გატარებული 38 დღე კოშმარივით ახსენდებათ.…


უარესი აღმოჩნდა შემდეგი 13 თვე, რომელიც მეზღვაურებმა ჰარკორტის ნავსადგურში დატყვევებულ გემზე გაატარეს, საჭმელ-სასმლის, სამედიცინო დახმარებისა და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი პირო­ბების გარეშე... თუმცა, ამის შემდეგაც 64 წელს მიღწეული კაპიტანი რამიზ ქათამაძე საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ზღვაში დარჩენილი კაპიტნის ცხოვრების ბოლო ორ მძიმე წელიწადზე "კვირის პალიტრას" მისი ვაჟი, ირაკლი ქათამაძე ესაუბრა:

- 40 წელზე მეტია, რაც მამა ამ სფერ­ო­ში მოღვაწეობს. ადრე ბათუმის ტანკერე­ბზე მუშაობდა, მას შემდეგ, რაც საქარ­თ­ვ­ელოს ფლოტი დაიშალა, უცხო ქვეყნის­ დროშით მცურავ გემზე იშოვა სამსახური.

მამამ საშინელი დღეები გაიარა ნიგე­რიის პოლიციის შენობაში - ხან უფროსის კაბინეტში, ხან კი წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ გამოკეტილი. 38 დღე დამცირებისა და არასათანადოდ მოპყრობის პირობებში გაატარა, მერე ჰარკორტში დატყვევებულ გემზე გადაი­ყვანეს, სადაც ფაქტობრივად, 13 თვე საჭმელ-სასმლის და ელემენტარული  პირობების გარეშე გაატარა.

- ცოცხალი როგორღა გადარჩა?
- პორტში შემოსული სხვა გემები მეზღვაურების მიმართ სოლიდარობას იჩენდნენ და მათ საჭმელსა და წყალს აწვდიდნენ.­ თუმცა, ეს ნებაყოფლობითი ქმედება იყო. თუკი ვინმე უგულო აღმოჩნდებოდა, მეზღვაურები მშიერ-მწყურვალი რჩებოდნენ. ყველაფერი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როდის გადაიხდიდა თურქი გემთმფლობელი ჯარიმებს და დატყვევებული გემი როდის გათავისუფლდებოდა. ამ ამბავს კი  13 თვეზე მეტი დრო დასჭირდა.

- მეზღვაურები არ ცდილობდნენ, რომ პორტში ჩასულიყვნენ და ლუკმაპურის მოსაპოვებლად რაიმე სამუშაო ეშოვათ? მტვირთავებად ემუშავათ ან რაიმე შრომით მოეპოვებინათ საკვები?
- ნიგერიის სათანადო უწყების დაცვა  გემზე იდგა და მათ ამის უფლებას არ აძლევდა. დატყვევებულ გემზე მეზღვაურები სიკვდილისთვის იყვნენ განწირული. 

- რა მოხდა მას შემდეგ, რაც თურქმა გემთმფლობელმა ჯარიმა გადაიხადა.

- გემი ჰარკორტის ნავსადგურიდან გავიდა და გეზი ბრაზილიისკენ აიღო. ახლა  ის სწორედ ბრაზილიის ერთ-ერთ ნავსადგურშია გაჩერებული. თუმცა, იქ მეზღვაურებს გაცილებით უკეთესი პირობები აქვთ. გემს სასმელი წყლით, საჭიროების შემთხვევაში კი საკვებითაც იქაური პორტი ამარაგებს.­ ბრაზი­ლიის პორტის უფროსი რამდენიმე მეზღვ­აურს დაეხმარა, მათ ვიზა აუღო და სამშობლოში დააბრუნა. საბოლოოდ, როცა ეს გემი აუქციონზე გაიყიდება, ყველა ხარჯი აღებული თანხიდან გაიქვითება. რამდენადაც ვიცი, საქართველოში დაბრუნება კაპიტნის თანაშემწე ნიკოლაი ტოდარჩუკმა მოახერხა, მაგრამ ის ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ჯანმრთელობა შერყეული აქვს. ამ გემის მეზღვაურებს ისეთი სტრესი აქვთ მიღებული, რომ მომხდართან დაკავშირებით თითქმის არ ლაპარაკობენ...

- ე.ი. შესაძლოა კაპიტანი რამიზ ქათა­მაძეც მალე დაბრუნდეს საქართველოში?
- ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როდის  გაიყიდება გემი. თანაც მას სურს, რომ გემის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხიდან გემთმფლობელმა სახელფასო დავალიანება გაუსტუმროს, რაც ხელშეკრ­ულებით ნაკისრი ვალდებულებაა.

- მამათქვენის ჯანმრთელობის მდგომა­რეობა როგორია?

- ის ძალიან ჯანმრთელი კაცია და მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა და გადატანილი ამბებისა, მაინც მხნედ არის. გვირეკავს და გვაიმედებს, მალე დავბრუნდებიო. მაგ­რამ 64 წლის კაცისთვის ამდენი ხნის განმავლობაში ზღვაში ცხოვრება ძალიან რთულია.

- როგორ ფიქრობთ, მამათქვენი უცხო დრო­შით მცურავ გემზე სამუშაოდ ისევ წავა?

- გამორიცხულია! თუ ახლა ყველაფერი მშვიდობით დასრულდება, მამა საქართველოში დარჩება.
megi
17 მარტი 2015 22:52
ღმერთი შეეწიოს!!!!
nino
16 მარტი 2015 22:01
kartveli sasgvao tu sanaosno saministro ra ubedurebas aketebs?tumca es saministro xmeletse ar uknia gmerts

რედაქტორის რჩევით