"ის მაძლიერებს, რომ ვაჟკაცი შვილი მყავდა" - ბიჭები, რომლებიც ქვეყანას დააკლდნენ - კვირის პალიტრა

"ის მაძლიერებს, რომ ვაჟკაცი შვილი მყავდა" - ბიჭები, რომლებიც ქვეყანას დააკლდნენ

ტრაგიკულად დაღუპული ორი ახალგაზრდა ორ ქვეყანაში გამოიგლოვეს. აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის კურსანტების, სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის, პატივსაცემად ამერიკელმა კადეტებმა "ფეისბუკის" საკუთარი პროფილის სურათი საქართველოს სახელმწიფო დროშით შეცვალეს...

სოსო მაკარიძე ნიუ-ჯერსიში აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის მეოთხე, დამამთავრებელი კურსის მსმენელი იყო, ბესარიონ გორჯოლაძე კი მეორე კურსს ასრულებდა. ორივენი ნიუუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ.

კახაბერ გორჯოლაძე, ბესო გორჯოლაძის მამა: "რაც ამერიკაში წავიდა სასწავლებლად, ბესო ორჯერ იყო საქართველოში - აგვისტოში და შობას. ისეთი შეცვლილი და ლამაზი ბიჭი დამიბრუნდა, თვალს ვერ ვწყვეტდი, ჩუმად ვუმზერდი, ვფიქრობდი, არ დამინახოს და არ მისაყვედუროს-მეთქი. 28 მარტს 23 წლის ხდება...

ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაირიცხა, შემდეგ პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გადავიდა. გული მაინც სამხედრო საქმისკენ მიუწევდა... 2007 წელს შექმნა პროექტი, რომელმაც ლისაბონში, ახალგაზრდა მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო კონფერენციაზე პირველი ადგილი აიღო. იყო კონკურს "ალიანტეს" სამგზის გამარჯვებული პოლონეთში, კლდეზე მცოცავი, ნატოს საინფორმაციო ცენტრის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე. მარცხენა მკლავზე ფაფახიანი ვაჟა-ფშაველა ამოისვირინგა, მკლავზე ხელს მოვკიდებდი ხოლმე და ვეტყოდი, ჰა, პაპა როგორ გყავს-მეთქი. ზეპირად იცოდა ვაჟას პოეზია. კასპში ჩვენი სოფელი კონფლიქტის ზონასთან ახლოს არის. სანამ ამერიკაში წავიდოდა, სოფელში ჩავედით. მახსოვს, აივანზე იდგა, ნაღვლიანი იცქირებოდა საზღვრის მხარეს, ამოიოხრა და მითხრა, მამა, მე უნდა დავიბრუნო სამაჩაბლოო. აბა, შენ იცი, შვილო-მეთქი, და მხარზე დავკარი ხელი.

ღამის 4 საათზე მომისამძიმრა ამერიკის FBI-ს დირექტორმა, მითხრა, ბესო არა მარტო საქართველოს, ამერიკის სიამაყეც იყოო. 6 თვის მანძილზე არ უძინია, ისე მოამზადა ამერიკული ეროვნული გამოცდები, სულ ბიბლიოთეკაში იჯდა. მერე დილის 6 საათზე ადგებოდა და უნივერსიტეტის პროგრამას სწავლობდა, მოუმზადებელი რომ არ წასულიყო, იქიდან "წითელ ჯვარსა" და ნატოს საინფორმაციო ცენტრში მიდიოდა. ან საიდან ჰქონდა ამხელა ენერგია?! მოემზადა და 100%-იანი დაფინანსებით გახდა საზღვაო თავდაცვის აკადემიის  კურსანტი, სადაც სწავლა წელიწადში 82.000 დოლარი ჯდება.

რიჩარდ ოლანდი გვესტუმრა მოსასამძიმრებლად მეუღლესა და ატაშესთან ერთად. მათ გაგვიმხილეს, ბესო უკვე ინსტრუქტორი ყოფილა აკადემიაში, სხვებს ასწავლიდაო.

ბესომ სოსო მაკარიძე ამერიკაში გაიცნო და დამეგობრდნენ. ბესოს არ უყვარდა ფოტოს გადაღება, მაგრამ ეს ორი ბიჭი ყველგან ერთად არის.

სოსო მაკარიძე აკადემიას წელს ამთავრებდა და მანჩესტერის უნივერსიტეტში უნდა გაევლო მაგისტრატურა. მისი მშობლები ამერიკაში, ცერემონიალზე დასასწრებად მიფრინავდნენ - ბარაკ ობამას სოსოსთვის, როგორც აკადემიის ყველაზე წარჩინებული კურსდამთავრებულისთვის, პირადად უნდა გადაეცა ჯილდო.

იმ საბედისწერო დღეს საჭესთან მათი ამერიკელი მეგობარი იჯდა. ბიჭებმა ის ზაფხულში, არდადეგებზე ჩამოიყვანეს და მთელი საქართველო შემოატარეს. იმ ავადსახსენებელ დღეს 60 კმ/სთ სიჩქარით მიდიოდნენ, ავტომანქანა ყინულზე მოსრიალდა და წინიდან მომავალი მანქანა შეეჯახათ. მძღოლი გადარჩა, სოსო იქვე, ბესო კი ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ეს ამბავი ტელევიზიით ღამის 12 საათზე გამოაცხადეს, თუმცა, ბიჭების ვინაობა არ უთქვამთ. სამსახურში ვიყავი, ღამით თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ფსიქოლოგი და მოძღვარი მოსულა ჩვენთან და უთქვამთ, ბიჭების ვინაობა დადგენილი არ არისო. წასვლისას ტელეფონის ნომერი დაუტოვებიათ, მამამ დარეკოსო და როცა დავრეკე, მითხრეს, რომ ბესო დაღუპულა.

თავის მოკვლაც ვცადე, აივნიდან ვხტებოდი. მერე გონს მოვეგე და მივხვდი, ბესოს ჩემი საქციელი არ მოეწონებოდა.

ამიერიდან ისე უნდა ვიცხოვრო და ისე გავაკეთო ყველაფერი, როგორც ჩემს შვილს მოეწონებოდა. ბესოს თვალებით უნდა ვუყურო ყველაფერს.

ის მაძლიერებს, რომ ვაჟკაცი შვილი მყავდა, ნამდვილი ღვთის საჩუქარი. მე კი ვცდილობ გავუძლო, მაგრამ გადაიტანს თუ არა ბესოს მძიმე ავადმყოფი დედა, არ ვიცი. ჩემი მეუღლე ახლა შოკშია, იმეორებს, ბესო არ მომკვდარა, სხვამ მოჰპარა ფორმა და ჯიბეში მისი საბუთები იპოვესო. არ ვიცი, რა გვეშველება."

ნანა ფიცხელაური