განსაკუთრებული შემოთავაზება - 1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლით
16-03-2015
განსაკუთრებული შემოთავაზება - 1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლით
მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციის - "დედამიწის საათი" ფარგლებში მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე და ჩვენი პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას ასე გამოხატავს. ამ მასშტაბური კამპანიის მეცხრე რაუნდი 2015 წლის 28 მარტს, შაბათს, ადგილობრივი დროით 20:30 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას თითქმის ყველა სახელმწიფო მიიღებს - "დედამიწის საათის" დადგომისას მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობებიც ჩაბნელდება. კამპანია გამაფრთხილებელი სიგნალია კაცობრიობისთვის, რომ მზის ენერგიის გამოყენება და ტყის გაჩეხასთან ბრძოლა უნდა
გააქტიურდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პლანეტას ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება...


მსოფლიო მასშტაბის კამპა­ნ­იას "პალიტრამედია" და პროე­ქ­ტი "მაკულიტერატურაც" უერთდება და "დედამიწის საათთან" დაკავშირებით მოსახლეობას უპრეცედენტო აქციას სთავაზობს - თუ აქამდე 1 კგ მაკულატურის ჩაბარებისას "ნერგი ბარათზე" 20 თეთრის ეკვივალენტი "ნერგი" გერიცხებოდათ, ახლა რამდენ კილო მაკულატურასაც ჩააბარებთ, იმდენი ლარის ღირებულების
ახალ წიგნებს აირჩევთ.

ამ აქციის ფარგლებში "ნერგი ბარათი" არ გჭირდებათ, რადგან იქვე გადმოგცემენ სპეციალურ კუპონს, რომელსაც ახალ წიგნებზე გაცვლით.
თქვენ ბიბლიოთეკის განახლებისა და გამდიდრების უნიკალური შანსი­ გეძლევათ! 2015 "პალიტრის" საიუბილეო წელია - ის 20 წლის ხდება! სწორედ ამიტომ ეს აქცია გამორჩეულია და განსაკუთრებული პირობებით განხორციელდება.

მოგეხსენებათ, მედიასახლმა "პალიტრამ" 2012 წელს პროექტი "მაკულიტერატურა" დაიწყო, რომლის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია უსარგებლო მეორეული ქაღალდი ახალ წიგნში გადაცვალოს...

"მაკულიტერატურის" დეტალებს მედიასახლ "პალიტრის" კრეატიული დირექტორი მარიკა დარჩია განმარტავს:
- სამწუხაროდ, ქაღალდის წარმოებისთვის ტყის დიდი მასივების განადგურებაა აუცილებელი, არადა, მწვანე საფარი დედამიწის სასიცოცხლო რესურსია. სწორედ ამიტომ დაიწყო მსოფლიომ მეორეული ქაღალდის გადამუშავებაზე ფიქრი. ეკომეგობ­რული პროექტების განხორციელების იდეა მედიასახლ "პალიტრას" დიდი ხნის წინ გაუჩნდა... ბევრს ვფიქრობდით, როგორ დაგვეწყო მუშაობა. იდეა პროექტად მას შემდეგ იქცა, რაც პროექტის - "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" - განხორციელება დავიწყეთ. მოგეხსენებათ, ამ პროექტში საზოგა­დოების დი­დი ნაწილი­ იყო ჩარ­თული,­ უამრავ წერილს ვიღებდით. მკითხველები გვწერდნენ, "პალიტრა L"-ის გამოცემული წიგნების შეძენა გვსურს, მაგრამ ძველ წიგნებს რა ვუყოთ, რომლებიც, ფაქტობრივად, მტვრის ბუდეა, ადგილს იკავებს, ზოგიერთი კი წლებთან ერთად ფასეულობასაც კარგავსო. სწორედ ამ პერიოდიდან დავიწყეთ პროექტ "მაკულიტერატურის" განხორციელება, რომლის მთავარი იდეა ძველი წიგნების არა ფულში, არამედ ახალ წიგნებში გადაცვლაა. პროექტს თავიდანვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, აქცია "დედამიწის საათის" ფარგლებში კი მაკულატურის სანაცვლოდ მიღებული ქულების კურსი იზრდება და მისი გამოყენებით ათასი დასახელების წიგნიდან თქვენთვის სასურველის არჩევა შეგიძლიათ.

ამ პროექტით ბიბლიოთეკასაც განაახლებთ და ბუნებასაც დაეხმარებით, თორემ ხეების ჩეხამ, შესაძლოა, კატასტროფულ შედეგამდე მიგვიყვანოს.

თბილისის აქცია შვიდდღიანია, შემდეგ რეგიონებსაც მივაკითხავთ. ჩავალთ ქუთაისში, ბათუმში, სენაკში, ხაშურსა და ყვარელში. ზუსტ განრიგს უახლოეს მომავალში გაცნობებთ.

პროექტ "მაკულიტერატურას" უმნიშვნელოვანეს წამოწყებად მიიჩნევს ეკოლოგი, "გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის" თავმჯდომარე ლაშა ჩხარტიშვილიც:

- ხელისუფლება ტყის დიდი მასივების განადგურების თავიდან ასაცილებლად არაფერს აკეთებს, კარგი იქნება, თუ გარემოს დაცვაზე კერძო კომპანიები მაინც დაფიქრდებიან. პროექტი "მაკულიტერატურა" მართლაც უმნიშვნელოვანესი წამოწყებაა.  როგორც გარემოს დამცველი, მადლობას ვუხდი მედიასახლ "პალიტრას" ბუნებრივი რესურსების გადარჩენის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის.

ეკა ბენდელიანი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი:
- ჩვენი სამინისტროს  ინიციატივამ - "შეაგროვე მაკულატურა, გადაარჩინე ტყე!" - დიდი ინტერესი გამოიწვია. სასიხარულო და განსაკუთრებულია  მედიასახლ "პალიტრის"  მასშტაბური კამპანია "მაკულიტერატურა", რომელიც  გამოუყენებელი მაკულატურის ჩაბარების სანაცვლოდ ახალი წიგნების მიღებას გულისხმობს.

ვფიქრობ, თქვენი "მწვანე მიმართულება" გადამდები და მისაბაძი იქნება სხვა კერძო კომპანიებისთვის.
ასეთ "მწვანე" ინიციატივებს მხარს გარემოს დაცვის სამინისტროც უჭერს. ჩვენ გვინდა, შევიმუშაოთ ერთგვარი ლეიბლები "მწვანე" კომპანიებისთვის, რაც, ჩვენი აზრით, მათ საქმიანობას წაახალისებს. სამინისტრო მოუწოდებს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორს, საზოგადოებას, აქტიური მონაწილეობა მიიღონ აქციაში. ორგანიზაციებსა და ოფისებში დიდი რაოდენობით ქაღალდი იყრება სანაგვე ყუთებში, რომლებიც ხელახალი გადამუშავებისთვის გამოდგება. მაკულატურის უტილიზაციასა და გადამუშავებას დიდი ეკოლოგიური და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. მეცნიერების გამოთვლით, 1 ტონა მაკულატურით 5 კუბმეტრამდე ხის მასალა იზოგება, რაც 20-25 ხის გადარჩენის საშუალებას იძლევა. ინიციატივა - "შეაგროვე მაკულატურა - გადაარჩინე ტყე" - ემსახურება საზოგადოებაში მაკულატურის შეგროვებისა და ეკოლოგიური კულტურის ჩამოყალიბებას, ქაღალდის პარკების პოპულარიზაციას, ბუნებრივი რესურსების დაცვის, ასევე, გარემოს დასაცავად სამთავრობო სტრუქტურების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოსახლეობის გაერთიანებას.

რუსუდან შელია
mzia
21 აპრილი 2015 15:15
რომელ რიცხვამდე გრდზელდება ეს პროექტი და მაინტერესებს ტუ გაქვტ სულაკაურის :მოსწავლის პირველი ენციკლობედია"
mzia
21 აპრილი 2015 15:11
რომელ რიცხვამდე გრდზელდება ეს პროექტი და მაინტერესებს ტუ გაქვტ სულაკაურის :მოსწავლის პირველი ენციკლობედია"
რევაზი
25 მარტი 2015 23:24
მთელი სამეგრელოს სახელით გტხოვტ ზუგდიდშიც გახსნათ რო ცჰავაბაროდ ცჰვენც.გთხოვთ სამეგრელოდან

რედაქტორის რჩევით