"ნაირ-ნაირი ბიჭი ვიყავი" - მამუკა ჩარკვიანის სევდა, რომელიც დროს არ მიაქვს
23-03-2015
"ნაირ-ნაირი ბიჭი ვიყავი" - მამუკა ჩარკვიანის სევდა, რომელიც დროს არ მიაქვს
- შეცდომები მქონია, ბოდიშიც მომიხ­დია, მაგრამ ისეთი არაფერი ჩამიდენია, რომ შემრცხვეს. სიმართლით ვცხოვრობდი­ და ვცხოვრობ... ახლა ეტლში რომ მხედავთ, ასე რა გამაჩერებდა?!” - მეუბნება და მაინც არ ჩერდება... უკრავს და ძველ სახლში­ ბევრი ნაცნობი მელოდია და ემოცია იღვრება, ისეთი, გული რომ ვერ დაიტევს. ეს მამუკა ჩარკვიანია, თავისი სევდითა და სიმღერებში ნაპოვნი ბედნიერებით.

ჩემი აწმყო

როგორი მდგომარეობაცაა ქვეყანაში, ისეთია ჩემი აწმყოც. ერთი ვიცი, რომ ყველაფერი ორ წელიწადში ვერ გაუმჯობესდება. მაგრამ ეს
ოხერი დროც აღარ არის. 50 წელი სხვანაირად ვიცხოვრე, 50 წლის შემდეგ სულ სხვანაირად ვცხოვრობ - უფრო კარგი მეუღლე ვარ, კარგი მამა. 60-ის ვხდები და მინდა, უფალმა 20 წელი მაინც კიდევ მაცოცხლოს, ვიყო ამ ქვეყანაზე და სარგებელი მოვუტანო ჩემს ხალხს.

ჩვენ განუყოფელნი ვართ


მე და მამას
ერთი ვარსკვლავი გაგვიხსნეს­ ფილარმონიის შესასვლელში. როცა დადგა საკითხი, რომ ცალ-ცალკე გაეხსნათ ვარსკვლავი, ვუთხარი, არავითარ შემთხვევაში-მეთქი. სულ მის ლექსებზე ვმღერი. ამხელა­ პოეტი სახლში მყავდეს და სხვის ლექსებზე ვიმღერო? 7 წლის წინ ჯანომ (ჯანსუღ ჩარკვიანი) ძალიან ლამაზი ლექსი მომიძღვნა. იქ არის ასეთი ფრაზა: "მე ვტირი, მაგრამ სიმღერას ჰგავს­ ჩემი ტირილი..." მაშინ ვერ გავითავისე, ის ახლა გახდა ჩემთვის აქტუალური. განა მთელი ჩემი ცხოვრება ტირილი არ არის?

მაგრად დაჰკარით!

ყველა მომღერალს აქვს თავისი სიმღერა... ჩემი სიმღერაა "სულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა". ეს არის ერთგვარი შეძახილი, მაგრამ მიუვიდათ კი ქართველებს ჩემი ხმა? თუ მიუვიდათ, რა ხდება? პირველი სიმღერა "მაგრად დაჰკარი" იყო. აფხაზეთის ომი როცა დაიწყო, მაშინ დავწერე. ახლაც აქტუალურია. ჩემი ნება რომ იყოს, ყოველ წუთას ჩავურთავდი პოლიტიკოსებს და ვასმენინებდი, სანამ არ გამოფხიზლდებოდნენ - იქნებ საქმე ეკეთებინათ. ცოტა მაგარი ხელი სჭირდება ქვეყანას. რა გაალაღებს მშიერ-მწყურვალ ადამიანს? ცოტა მიჭირს, მაგრამ არ ვწუწუნებ - იმასთან, რაც ქვეყანას სჭირს, ჩემი გაჭირვება რა მოსატანია? როცა შვედეთს გაუჭირდა, პრეზიდენტმა უთხრა ხალხს: ახლა ძალიან გვიჭირს და გთხოვთ­, 2-3 თვის განმავლობაში მხოლოდ შვედური წარმოების პროდუქცია შეიძინოთო. ერმაც დაუჯერა და მოიგო. ჩვენ როცა აქამდე მივალთ, მაშინ გვეშველება.

"ჰოდა, გადართული მაქვს!"

ტელევიზორს რომ ვრთავ, საშინელებას აჩვენებენ და თან ნიშნის მოგებით გეუბნებიან, თუ არ მოგწონს, გადართეო. მუდმივად გიჩვენებენ, ვიღაცამ ვიღაც შეჭამა, მერე ტიტველი ქალები გამოცვივდებიან, ზოგჯერ ვერც გაიგებ, ქალია თუ კაცი. ზოგი ამბობს,­ ადრე ბიჭი ვიყავი, ახლა გოგო ვარო, ზოგი - გოგო ვიყავი, ბიჭობა მინდოდაო. ეს რა უბედურებაა?! თუ არ მოგწონთ, გადართეთო. ჰოდა, მეც გადართული მაქვს!
გულისტკივილით მახსენდება ჩემი თბილისიც... დღეს ყველანი თბილისში ჩამოვიდნენ და წასვლა აღარ უნდათ. ხელისუფლებას თავის დროზე უნდა ეზრუნა­ იმაზე, ადამიანებს რეგიონებიდან წამოსვლის სურვილი არ გასჩენოდათ, იქვე ჰქონო­დათ ბიზნესი და აეწყოთ ცხოვრება.

"ავედი და აღარც ჩამოვსულვარ"

40 წლის ავმღერდი. მაშინ იყო ისეთი­ თბილისი, ნოტებიანი ბიჭები რომ არ უყვარდათ. დრო რომ შეიცვალა, მეგობრებმა მითხრეს, სცენაზე ადი და შენი სიმღერა­ მოგვასმენინეო. ავედი და აღარც ჩამოვსულვარ. მანამდე სანდრო მრევლიშვილთან დავიწყე მუშაობა თეატრში, სამხატვრო ხელმძღვანელად, მერე ახალგაზრდა ხელოვანთა ცენტრად გადაკეთდა, მეც იქ აღმოვჩნდი. ნაირ-ნაირი ბიჭი ვიყავი, კომკავშირელის გარდა, მაგრამ ვაჟა ლორთქიფანიძემ და ცხონებულმა ჟიული შარტავამ მთხოვეს, ჩვენთან იყავი, განათლებული კაცი ხარ, არაფერს მოგთხოვთო. ვერ ვეგუებოდი ამ სამკერდე ნიშანს - ლენინი მინდოდა მე? წამოვედი და ლიტერატ­ურის მუზეუმში ვიმუშავე დირექტორის მოადგილედ. იმხანად ვერაზე­ მარტო ვცხოვრობდი და მაშინ მქონდა, თუ მქონდა ბოჰემური ცხოვრება!  მერე ომი დაიწყო და ედუარდ შევარდნაძის მრჩევლად გადამიყვანეს კულტურის დარგში. მალე დავკარი ფეხი და წამოვედი. ეს ჩემი ისტორიაა.


რა იქნება ხვალ
ისეთ სიმღერას ვერ ვმღერი, თუ მელოდიური არ არის. ვეღარ წერენ კომპოზიტორები მელოდიურ სიმღერებს, გადავიდნენ ამ ამერიკულ ფორმატზე. მე ჩემი ნიშა დავიკავე და დღემდე ასე გრძელდება, სულ ზევით, ზევით უნდა მიდიოდე. ორი ოპერაცია გავიკეთე ხერხემალსა და ფეხზე. მას მერე ვწევარ და ელიზაროვის აპარატი მიკეთია, რომელსაც ეიფელის კოშკს ვეძახი. ვიტან და ამტანიც შემარქვეს. მიწვევები მაქვს კონცერტებზე ქუთაისში, ბათუმში და როცა ჩავალ, მინდა ჩემი აპარატით დავუარო სოფლებს და უფასო კონცერტები ჩავატარო. ხალხს გავახარებ, ვეტყვი, რომ მამუკას მათგან არაფერი უნდა, სიყვარულის გარდა.

"სევდა მიაქვს დროს?"


ყველაზე უცნაურად ლამაზი მომენტი ჩემს ცხოვრებაში ის იყო, როცა პირველად დავინახე ჩემი მომავალი მეუღლე. ვერცხლის წყალივით მოძრავი, დაუდგრომელი ხარო, მეუბნებოდა. ირმას გვერდით სადარბაზოში უცხოვრია და არც ვიცოდი, შინიდან დილით გავდიოდი, ღამით შემოვდიოდი, სად უნდა გამეცნო? აივანზე იდგა, მანქანიდან გადმოვედი, სადაც ჩვენი საერთო მეგობარი მეჯდა და ავძახე, ყავას არ დაგვალევინებ-მეთქი?  მას შემდეგ 23 წელია, ერთად ვართ.

დღეს ჩემი სევდა ირმაა და სამშობლო. ირმა ჩემი მშვენიერი პატარა სევდაა, სამშობლო - დიდი. რატომ არის სევდა? სწორედ იმიტომ, რომ სევდა არ მიაქვს დროს და ორივე ჩემთან რჩება.

ნანა ფიცხელაური
მარა
10 აპრილი 2015 03:32
ძალიან მაგარი ადამიანი ხართ ბატონო მამუკა, ძალიან მიყვარხართ და პატივს გცემთ არა მარტო თქვენ, არამედ მთელ თქვენს ოჯახს, იშვიათი ოჯახი ხართ, დასაფასებელი. მიყვარს თქვენი სიმღერები. პირველ კლასში ვიყავი ცხვარიჭამიაში ვისვენებდით ჩვენი ცეკვის გუნდი ბანაკ ოპიზარში. იქ ერთ საღამოს კონცერტი ჩავატარეთ. ერთი ციდა გოგო ვიყავი, სცენაზე არც ვჩანდი (ხმა კი მაღალი მქონდა). ჩემმა ნათქვამმა ,, ირინოლამ,, დარბაზში დიდი ემოცია გამოიწვია. დღემდე ვგიჟდები ამ ლექსზე. ამისათვის დიდი მადლობა ბატონ ჯანსუღს. უფალს ვთხოვ გამოგაჯანმრთელოთ და ძალიან ბევრი წელი გემღეროთ ქართველი ხალხისთვის. აღდგომის ძალა და მადლი გფარავდეთ თქვენ და თქვენს ოჯახს.
lia
29 მარტი 2015 16:04
ძალიან მიყვარს მ. ჩარკვიანის მუსიკა, და თავად მამუკა.
რაღაცნაირი კეთილი მუხტი მოდის მისგან. ღმერთმა ხელი მოუმართოს ჯანმრთელობის მხრივ და ყველაფერში.
მაღალი ინტელექტის არის ყველა მაგ ოჯახში.
khatuna
25 მარტი 2015 13:03
დიდი კაცი ხართ ბატონო მამუკა,ღმერთმა დაგლოცოთ

რედაქტორის რჩევით