მაგიდაზე კლავიატურა დაუხატავს და წარმოსახვით გაუგრძელებია მეცადინეობა - კვირის პალიტრა

მაგიდაზე კლავიატურა დაუხატავს და წარმოსახვით გაუგრძელებია მეცადინეობა

"პაუზის ხელოვნება", ანუ პაუზა ყველაზე საჭირო ნოტია მუსიკაში"

მუსიკალურ სამყაროში დღემდე ცოცხლობს ლეგენდა პიანისტზე, რომელმაც გადასახლებაში ყოფნისას ინსტრუმენტის უქონლობის გამო კლავიატურა მაგიდაზე დახატა. ეს ამბავი თბილისში დაბადებული და გაზრდილი პიანისტის, რუდოლფ კერერის ცხოვრების ყველაზე მძიმე 13-წლიან პერიოდს უკავშირდება. მომავალში მან  დიდი აღიარება მოიპოვა და არაერთი სახელოვანი პიანისტი აღზარდა. იგი 2013 წელს ბერლინში გარდაიცვალა. გასულ წელს კი მისი ვაჟი ჰერმანი, ქალიშვილ ელზასთან ერთად თბილისს ეწვია. ელზა კერერი სწორედ მაშინ გავიცანი.

- ელზა, როდის მოხვდნენ თქვენი წინაპრები საქართველოში?

- ჩემი დიდი ბებია და ბაბუა XIX საუკუნეში დასახლებულან თბილისში. ისინი შვაბი გერმანელები იყვნენ. მათ სამშობლოში, ისევე როგორც ასობით სხვა გერმანულ ოჯახს, რელიგიურ ნიადაგზე დევნიდნენ, ვინაიდან ისინი ლუთერანული ეკლესიის მანკიერ მხარეებს ამხელდნენ.

ჩემი წინაპრები დღევანდელი აღმაშენებლის პროსპექტზე, მიხეილის საავადმყოფოს შორიახლოს ცხოვრობდნენ. ჩემს დიდ ბაბუას დაუარსებია გოლოვინის პროსპექტზე, ფორტეპიანოების პირველი საწარმო. ფორტეპიანოების საფირმო სახელწოდება ყოფილა "Herman Kehrer"-ი. რამდენიმე დღესაც შემორჩენილია ზოგიერთ თბილისურ ოჯახში.

კერერებს, ისევე როგორც მაშინდელი გერმანული კოლონიების სხვა მკვიდრთ, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ადგილობრივ ინტელიგენციასთან.

ბაბუა რუდოლფი 1923 წელს დაბადებულა. ამ დროს საქართველო უკვე გასაბჭოებული გახლდათ, შედეგად, კერერების მუსიკალური საწარმო დაუხურავთ. რუდოლფის მამა, რიჰარდი, იძულებული გამხდარა, კონსერვატორიაში ფორტეპიანოების ამწყობად დაეწყო მუშაობა. იგი კონსერვატორიაში ჩატარებულ ყველა კონცერტს ესწრებოდა და თუ საჭირო შეიქნებოდა, დაუყოვნებლივ ცვლიდა ინსტრუმენტზე სიმებს. მამასთან ერთად პატარა რუდოლფ კერერიც კონსერვატორიის ხშირი სტუმარი იყო და 12 წლისამ საფორტეპიანო რეპერტუარი შესანიშნავად იცოდა.

1935 წელს სსრკ-ის კულტურის სამინისტროს ბრძანებით, რესპუბლიკაში, რომელშიც სახელმწიფო კონსერვატორია ფუნქციონირებდა, გახსნეს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვთა ჯგუფები. თბილისის კონსერვატორიაში შვიდი ბავშვი ჩარიცხეს, მათ შორის  სამი - ფორტეპიანოს ჯგუფში. სამიდან ერთ-ერთი სწორედ რუდოლფ კერერი გახლდათ.

კერერები თითქოს მიეჩვივნენ ახალ ყოფას და ფეხი აუბეს საბჭოთა  ყოველდღიურობას, თუმცა, 1939 წელს გერმანული წარმომავლობის გამო ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს რუდოლფის მამა და ბიძები. ისინი გულაგში დაიღუპნენ.

1941 წელს საქართველოში არც ერთი გერმანელი აღარ ცხოვრობდა, ყველა მათგანი გადაასახლეს. მათ შორის იყვნენ 16 წლის რუდოლფ კერერი დედასთან, ძმასა და დეიდასთან ერთად. გადასახლებას გადაურჩა გერმანელთა ის მცირე ნაწილი, ვისაც ოჯახები აქაურ მოქალაქეებთან ჰქონდა შექმნილი. ასეთები ჩვენს ნათესავებს შორისაც იყვნენ. მათი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ თბილისში. ბაბუა მიყვებოდა, რომ გადასახლების შესახებ ორი დღით ადრე გაუფრთხილებიათ, რასაც მოერევით, წაიღეთო... ორ დღეში მართლაც მანქანებს მოუკითხავთ. ბინა დაულუქავთ და უცნობი მიმართულებით წაუყვანიათ. თითოეულს ის წაუღია, რაც ორ ჩემოდანში ჩაეტეოდა. ბაბუა იხსენებდა, ერთი ჩემოდანი ნოტებით გავავსე, რადგან დარწმუნებული ვიყავი, სადაც უნდა გადავესახლებინეთ, მეცადინეობას არ შევწყვეტდიო.

მოკლედ, ყველანი ერთ მატარებელში შეუყრიათ პირუტყვებივით, თითო ვაგონში ორმოცი კაცი, და ბაქოში ჩაუყვანიათ. იქიდან გემით კასპიის ზღვის მოპირდაპირე სანაპირომდე. მერე კიდევ მატარებლით და ასე უსასრულოდ... საბოლოოდ შუა აზიაში ჩასულან.

- ბაბუა როგორ იხსენებდა გადასახლებაში გატარებულ წლებს?

- ყველანი სხვადასხვა დასახლებაში გადაუნაწილებიათ. "სუფთა ველი" - ასე ერქვა სოფელს, რომელშიც კერერები დაუბინავებიათ. თურმე, ძალიან უჭირდათ, ბაზარში ტანისამოსს სიმინდსა და კარტოფილზე ცვლიდნენ, რომ მშივრები არ დახოცილიყვნენ. რუდოლფის ძმა კბილის ექიმი იყო და პოლიკლინიკაში დაუწყია მუშაობა. თითქოს ხვალინდელი დღის იმედი გაუჩნდათ, თუმცა, სულ ცოტა ხანში ახალი განსაცდელი დაატყდათ თავს - რუდოლფის ძმა სხვა ახალგაზრდებთან ერთად შრომით ბატალიონში გაგზავნეს. რუდოლფი დაიწუნეს, რადგან ხშირად ავადმყოფობდა, მალარიაც გადაიტანა და საერთოდ, სავალალო იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ბაბუამ კარგად იცოდა მათემატიკა და ადგილობრივ სკოლაში დაიწყო პედაგოგად მუშაობა. ასე გადიოდნენ ფონს.

- რამდენი წელი გაატარეს კერერებმა გადასახლებაში?

- 13 წელი. ამ ხნის განმავლობაში ბაბუას ინსტრუმენტი არ ჰქონია, ამიტომაც დაუხატავს მაგიდაზე კლავიატურა და წარმოსახვით გაუგრძელებია მეცადინეობა.

1949 წელს რუდოლფ კერერს უფლება მისცეს, დაუსწრებლად ესწავლა ინსტიტუტში, როგორც სოფლის პედაგოგს, კვალიფიკაცია აემაღლებინა მათემატიკაში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგაც ქალაქში ცხოვრების უფლებაც მისცეს. რა თქმა უნდა, ის კვლავ კონსერვატორიაში სწავლაზე ოცნებობდა და 1954 წელს ტაშკენტის კონსერვატორიის სტუდენტი გახდა. მესამე კურსზე დასვეს. 36 წლის იყო, როცა საკავშირო კონკურსზე მთელი რუსული ელიტა გააკვირვა. 1961 წელს ბაბუა ოჯახთან ერთად მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად.

- როდის წავიდა რუდოლფ კერერი საბჭოთა კავშირიდან?

- 1990 წელს ვენის კონსერვატორიაში მიიწვიეს სამუშაოდ, სადაც 8 წელი ასწავლიდა. ბაბუას შემდეგ ჩვენც მალევე, 1994 წელს გადავედით ბერლინში საცხოვრებლად. 2010 წლამდე ბაბუა ციურიხში ცხოვრობდა, შემდეგ კი ბერლინში გადმოსახლდა. ბაბუა 2013 წელს გარდაიცვალა.

- საქართველო მოვინახულეო, ახსენეთ.

- როცა მე, მამაჩემი ჰერმან კერერი და დეიდა, გიზელა რასპერი საქართველოში ჩამოვედით, ის  ადგილები მოვინახულეთ, სადაც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ, შევხვდით გერმანელი საზოგადოების წევრებს. მამამ და დეიდა გიზელამ მასალაც მოიძიეს საქართველოს ეროვნულ არქივში, დეიდაჩემი წიგნს წერს საქართველოში მცხოვრები რამდენიმე გერმანული შტოს შესახებ.

ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მოსიყვარულე ქალაქი აღმოვაჩინე. ალბათ, ამიტომ იხსენებდა ბაბუა ამ ქალაქსა და ქართველებს დიდი სიყვარულით. ყველაზე თბილად სწორედ თბილისური დღეები მახსენდებაო, ხშირად ნოსტალგია შემოაწვებოდა და გონებაში შემორჩენილ ქართულ მელოდიებს მიმღეროდა.

"არ არსებობს ჰარმონია პაუზის გარეშე. პაუზა უნდა შეასრულო. პაუზა ყველაზე საჭირო ნოტია მუსიკაში", - ეს სიტყვები ბაბუას ბავშვობაში მისი მასწავლებლისგან მოუსმენია და შემდგომში იქცა კიდეც მისი ცხოვრების ფილოსოფიად.

"პაუზის ხელოვნება" ხელოვნების რწმენასა და ჭეშმარიტებას ემყარება და ადამიანის გაძლიერებისა და გადარჩენის უნარი შესწევს. ამის ნათელი მაგალითი იყო რუდოლფ კერერი.

სოფელი ელიზაბეტტალი

1819 წელს ასურეთში გერმანელებმა სოფელი ელიზაბეტტალი დააარსეს. 1871 წლიდან სოფელს უკვე ამშვენებდა გოტიკური სტილის ეკლესია, სადაც ყოველკვირეულ წირვა-ლოცვას ეკლესიის იმდროინდელი პასტორი  შრენკი აღავლენდა (30-იან წლებში, საბჭოთა მთავრობის ბრძანებით, ეკლესია კულტურულ ცენტრად გადაკეთდა. ეკლესიას ჯვარი მოხსნეს და ვარსკვლავი დაადგეს. 60-იან წლებში საბჭოთა მთავრობის ინიციატივით შენობას რვაწახნაგა გუმბათი მოანგრიეს),1907 წელს ინჟინერ იაკობ კოფის თაოსნობით გერმანელებმა წყალსადენი გაიყვანეს. ასევე, ააშენეს აბანო, 1930 წელს პირველად ამუშავდა მანქანა-სატრაქტორო და ელექტროსადგურები, რომლის მთავარი ინჟინერი ალბერტ ქობი იყო. გადასახლების შემდეგ გერმანელთა საფლავები დაიკარგა და მხოლოდ ნაწილი შენარჩუნდა (2001 წელს სოფელში გერმანელების სასაფლაო განაახლეს).

1925-26 წლიდან სოფლის კლუბიც ჰქონდათ, რომელიც დაახლოებით 200 კაცს იტევდა. ამ ადგილს დღევანდელი ასურეთელები "სასეირნო ბაღს" უწოდებენ. სოფლიდან შვიდი კილომეტრის მოშორებით, მდინარე ალგეთის ნაპირზე, გერმანელებმა 1931 წელს გერმანული არქიტექტურის მქონე მარანი ააშენეს, სადაც ქართული ვაზის ღვინო მხოლოდ გერმანული ტექნოლოგიით მზადდებოდა. მის გარშემო შალას ვენახია გაშენებული. ასურეთული შალა ქართული ვაზის ჯიშია, რომელიც გერმანელმა გლეხმა შალმამ იპოვა ტყეში და სახელიც მის პატივსაცემად დაერქვა. მარანი სამსართულიანია, აქედან პირველი სართული სარდაფის ტიპისაა, რომელიც გაერთიანებულია ერთმანეთში გამავალი ხუთი გვირაბით. მთავარი მეღვინე იყო გერმანელი კოლონისტი ევგენი რეიტენბახი.

ასურეთში დღესაც შემორჩენილია გერმანული არქიტექტურული დეტალებით აგებული სახლები, სადაც არ არის გამოყენებული არც ერთ ლურსმანი და ნაშენია თეთრი ქვით, რომელიც უცნობია, სად მოიპოვეს.

გერმანული კოლონიები საქართველოში

გერმანელი კოლონისტები პირველად 1817 წელს გამოჩნდნენ საქართველოში (31 ოჯახი, - 186 სული). მარიენფელდი - ასე ეწოდებოდა მათ პირველ დასახლებას სართიჭალაში. შემდგომ წლებში შეიქმნა კიდევ 5 ახალი სოფელი: თბილისის კოლონია - დღევანდელი მეტროსადგურ "მარჯანიშვილის" მიდამოებში (51 ოჯახი); ალექსანდერსდორფი -  დიდუბეში, ახლანდელი სამტრედიის ქუჩის მიდამოებში (23 ოჯახი); პეტერსდორფი - ისევ სართიჭალაში, მარიენფელდთან ახლოს (17 ოჯახი); ელიზაბეტტალი - დღევანდელი ასურეთის ტერიტორიაზე (65 ოჯახი), კატარინენფელდი - ბოლნისის ტერიტორიაზე (116 ოჯახი). 1884 წელს სოხუმთან დაარსებულა კიდევ ორი გერმანული სოფელი - ნაიდორფი და გრანდენბერგი.

გერმანელთა ქართული დასახლებები გამოირჩეოდა თავისი არქიტექტურული სტილით, წესრიგითა და სისუფთავით. ჰქონდათ კარგად მოვლილი ბაღები და მოკირწყლული ქუჩები. აწარმოებდნენ ლუდს, რძეს, კარაქს. წალკაში ყველის ქარხანაც კი ააგეს. მათი თაოსნობით "სიმენსისა" და "პალსკეს" ფილიალებიც გახსნილა მაშინდელ თბილისსა და ბოლნისში. ერთ-ერთმა მეწარმემ, გვარად კუჩენბახმა, XIX საუკუნის II ნახევარში საქართველოში კავკასიაში პირველი მინის ქარხანა ააგო. არის ცნობები, რომ ეს ქარხანა წელიწადში 300 ათას ღვინის ბოთლსა და 200 ათას ლამპის შუშას უშვებდა, აქვე ამზადებდნენ სააფთიაქო შუშებსაც.

ამ პერიოდის თბილისში არაერთი გერმანელი მისდევდა სააფთიაქო საქმეს, მათ შორის იყვნენ: ევგენი ზემელი, ფერდინანდ ოტენი, ფლორა შენბერგი და სხვები. მართალია, დღეს ზემელის აფთიაქი, ისევე როგორც სხვები, აღარ არსებობს. ზემელი ფულს უხდიდა ტრამვაის ვატმანებს, რათა მის აფთიაქთან გაჩერებისას ხმამაღლა დაეძახათ: "ზემელის აფთიაქი!” ზემელის აფთიაქი!" აფთიაქი XX საუკუნის 30-იან წლებში დაუნგრევიათ ქალაქის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, თუმცა, სახელი დღემდე შემორჩა ამ ადგილს.

გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში გერმანელ კოლონისტებს შეეზღუდათ დამოუკიდებლობა, წარმოება გაურთულდათ, ამიტომ დიდმა ნაწილმა ისტორიულ სამშობლოში (გერმანიაში) დაბრუნების ნებართვა მოითხოვა, თუმცა, უშედეგოდ.

1941 წელს საქართველოში მცხოვრები გერმანელები მასობრივად გაასახლეს შუა აზიაში. ბევრი მათგანი გზაშივე დაიღუპა. გადარჩენილების ნაწილი 80-90-იან წლებში დაბრუნდა ისტორიულ სამშობლოში. გერმანიის მთავრობა იღებდა ყველას, ვინც კი დაამტკიცებდა, რომ წარმოშობით გერმანელი იყო.

ეკა შავლაძე