დეტექტივების დედოფალი
23-03-2015
დეტექტივების დედოფალი
მან თავის დეტექტიურ მოთხრობებს ისეთი სიცოცხლისუნარიანობა მიანიჭა, რომ ასი წლის შემდეგაც კი ბესტსელერთა სიაში არიან

წელს, სექტემბერში, აგათა კრისტის დაბადებიდან 125 წელი გადის. 2015 წელი მის წლად არის გამოცხადებული. ამ მოვლენასთან დაკავშირებით მსოფლიოში, განსაკუთრებით კი დიდ ბრიტანეთში, ღონისძიებების სერიაა დაგეგმილი, რომელიც მწერლის ძეგლის გახსნას, სხვადასხვა კონკურსის ჩატარებასა და გრანდიოზულ რამდენიმედღიან ფესტივალს მოიცავს.

ორგანიზატორები მსოფლიოს ყველა კუთხეში აგათას თაყვანისმცემლებს სიურპრიზებს ჰპირდებიან.  BBჩ-მ უკვე გააშუქა კონკურსი ,,როგორ შეცვალა კრისტიმ ჩემი ცხოვრება". მკითხველთან
ერთად, კონკურსში მსოფლიოში ცნობილი ადამიანებიც მონაწილეობენ და რამდენიმე სიტყვით ან ვრცელი წერილით ჰყვებიან მათ დამოკიდებულებაზე "დეტექტივის დედოფლის" მიმართ. თუმცა, ეს მხოლოდ პირველი ეტაპია, რომელიც ახლახან დაიწყო და სექტემბრამდე გაგრძელდება. იმედია, ამ რბოლაში საქართველოც ჩაერთვება, დეტექტივი ხომ მსოფლიოში. 

საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაბადებული კლასიკოსი ჯადოსნური ენერგიით
იყო სავსე. მან თავის დეტექტიურ მოთხრობებს ისეთი სიცოცხლისუნარიანობა მიანიჭა, რომ ასი წლის შემდეგაც კი ბესტსელერთა სიაში არიან.
მსოფლიო კლასიკური ლიტერატურა გაცილებით მეტ მამაკაც ავტორს იცნობს, ვიდრე ქალს (კარგი იქნებოდა, აქაც თანასწორობა ყოფილიყო, მაგრამ რას იზამ)... მაგრამ ის ქალები, ვინც ამ სიაში მოხვდნენ, საზოგადოების დიდ ყურადღებას ყოველთვის იმსახურებდნენ.

აგათა კრისტი 66 დეტექტიური რომანისა და 150 მოთხრობის ავტორია. იყო დრამატურგიც და მისი პიესები წარმატებით იდგმებოდა ლონდონში. მისი თითოეული ნაწარმოები თანაბრად საინტერესო იყო მოზარდებისა და უფროსი თაობის მკითხველისთვის. ის ძალდაუტანებლად, ლაღად წერდა. ამიტომაც ლოგიკური იყო, რომ მისი წიგნების 4 მილიარდზე მეტი ეგზემპლარია გამოსული და დაახლოებით 100 ენაზე ნათარგმნი.  
ქალი, რომელიც საკუთარმა შემოქმედებამ მსოფლიო მოქალაქედ აქცია და რომელსაც საკუთარი (ბავშვობის დროინდელი) სახელით - აგათა მერი კლარისა მალოუენ მილერი, - არავინ იცნობს, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დეტექტივების ავტორადაა აღიარებული. ის გახლავთ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ხშირი გამოცემების ავტორიც.

მას საკმაოდ საინტერესო პირადი ცხოვრებაც ჰქონდა..
24 წლისა პოლკოვნიკ არჩიბალდ კრისტის გაჰყვა ცოლად და მასთან ქალიშვილი როზალინდა შეეძინა. ალბათ, აგათა კრისტის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს თარიღებს შორის პირველი ორი სწორედ ქალიშვილის დაბადებისა და 1920 წელს პირველი რომანის გამოცემის თარიღები იყო.

შემოქმედებითი მუშაობა მისთვის ისეთივე საინტერესო იყო, როგორიც მკითხველისთვისაა საინტერესო მისი დეტექტივების კითხვა. წერდა ერთ ფურცელს და თავადაც დიდი ინტერესით აღვსილი ფიქრობდა, რა იქნებოდა მეორე ფურცელზე. სწორედ ეს დიდი ინტერესია, რომელიც აღიბეჭდა კიდეც მის წიგნებში და ისეთივე გადამდები ძალა შეიძინა, როგორიც რომელიმე "ინფექციურმა დაავადებამ"... აგათა კრისტის რომანებით მსოფლიო "დასნეულდა".

1926 წელს აგათას ოჯახში გლოვამ დაისადგურა - მას დედა გარდაეცვალა. ეს უმძიმესად გადასატანი იყო მგრძნობიარე მწერლისთვის, მაგრამ ცხოვრება კიდევ უფრო მძიმე განსაცდელს უმზადებდა. საყვარელმა მეუღლემ გამოუცხადა, სხვა მიყვარს და ოჯახიდან მივდივარო. აი, მაშინ კი იგრძნო, რომ ფეხქვეშ მიწა ეცლებოდა. იგრძნო და მოუნდა გამქრალიყო... გამქრალიყო ისევე, როგორც მისი რომანის პერსონაჟები ქრებოდნენ... ჯერ მისი ავტომობილი იპოვეს, რომლის სალონშიც ბეწვის ქურქი დაეტოვებინა. მერე თავად აგათასაც მიაგნეს, ოღონდ არა საკუთარი სახელით "მცხოვრებს". რაც უნდა ღიმილის მომგვრელი იყოს, არჩიბალდის საყვარლის სახელითა და გვარით დარეგისტრირებულიყო სასტუმროში.

ექიმებმა ამნეზიის დიაგნოზი დაუსვეს... თუმცა, ამნეზია, ალბათ, უფრო გამოსავლის ძებნაში მოიშველიეს... შემდეგში ცნობილი ინგლისელი ექიმი ენდრიუ ნორმანი თავის წიგნში - "მზა პორტრეტი," წერდა: მისი ამნეზიით დაავადება გამორიცხული იყო, მსგავსი დაავადების არც ერთი სიმპტომი არ ჰქონიაო.

1934 წელს აგათამ მერი უესტმაკოტის ფსევდონიმით გამოაქვეყნა მოთხრობა, სადაც თავისი გაქრობის მსგავსი სიუჟეტი იყო გათამაშებული. არჩიბალდთან დაშორების შემდეგ ორი თუ სამი წელი იყო გასული, ერაყში მოგზაურობისას არქეოლოგი მაქს მალოუენი რომ გაიცნო. 15 წლით ახალგაზრდა მამაკაცისთვის, როგორც ქალს, ყურადღება არ მიუქცევია. "ალბათ, ამიტომ ვიყავი უბრალო, სწორედ ისეთი, როგორიც ვარ", - ამბობდა აგათა მოგვიანებით. ამ უბრალოებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. მაქსს თავდავიწყებით შეუყვარდა ქალი და ეს რომანი ქორწინებით დასრულდა...  ტყუილად არ ხუმრობდა აგათა კრისტი: კარგია, ჩემი მეუღლე რომ არქეოლოგია, რაც უფრო დავბერდები, მით მეტ ინტერესს გამოიჩენს ჩემდამი, როგორც სიძველისადმიო...

მას მერე, რაც 1976 წელს 85 წლის აგათა კრისტი გარდაიცვალა, მისი მეუღლე წერდა, ბედნიერი ვარ, რომ განგებამ ასეთი სიყვარული მარგუნა ბედადო... მაქსი აგათას გარდაცვალების შემდეგ ორ წელიწადში აღესრულა.
ალბათ, იმიტომ, რომ საინტერესო შემოქმედი არ შეიძლება საინტერესო ადამიანი არ იყოს, დღეს თავად აგათას პიროვნების მიმართაც ისეთივე მძაფრი ინტერესია საზოგადოებაში, როგორიც მისი მოთხრობების მიმართ.
აგათა კრისტი არ ბერდება...

ლელა ჯიყაშვილი
dudana zakaraia
23 მარტი 2015 23:24
მართლა კარგი მწერალი იყო აგატა. და ისე ვიღაცის სიკვდილებზე რაღაც უბედურობებს, რომ დებთ მთავარ გვერდზე არ ჯონია ასეთი ისტორიები დადოთ?

რედაქტორის რჩევით