სამყარო, სადაც არ არსებობს "მაშასადამე" - კვირის პალიტრა

სამყარო, სადაც არ არსებობს "მაშასადამე"

სინკლერ ლუისმა, დიდმა ამერიკელმა მწერალმა და ამერიკელთა შორის ნობელის პრემიის პირველმა ლაურეატმა, თავისი ეპოქალური სიტყვა ასე დაასათაურა, ამერიკელებს ეშინიათ ლიტერატურისო. თუ როგორ და რატომ, ახლა არ შევუდგებით ამის განხილვას, სულ სხვაგვარად გვჭირდება ზემოხსენებული ფრაზა ამჯერად და არა იმიტომ, მორალური და სოციალური საკითხები დავაყენოთ და ვიმსჯელოთ მათზე, მით უფრო, სელმა ლაგერლეფი არ იძლევა საამისო მიზეზსა და მასალას.

ოდნავ თუ შევცვლით ამ მეტად ცნობილ ფრაზას და დიდ შვედს მოვარგებთ, - ისე, არა მხოლოდ მას, არამედ თუნდაც მთელი  XX  საუკუნის დასაწყისის სკანდინავიურ პროზას, - გამოვა, რომ, ამერიკელებისა რა ვიცი და, ევროპელებს, გნებავთ, თანამედროვე (საუკუნისწინანდელს ამ შემთხვევაში) ადამიანს, ეშინია ცივილიზაციის. ჰო, სწორედ ამგვარად, ადამიანებს ეშინიათ ცივილიზაციის, ურბანიზმის, ტექნიკური პროგრესის, ტრადიციულ ფასეულობათა დაკარგვისა და მათ ნაცვლად სოციალური "ქაოსის" დამკვიდრების. მოკლედ, ბევრი რამის ეშინიათ. ოღონდ ეს შიში კანკალს არ მოჰგვრის კაცს, პირიქით, ეს იმგვარი შიშია, გამოსავლის ძიებისაკენ რომ უბიძგებს მრავალს და სწორედ ამიტომ და იქნებ სხვა ბევრი მიზეზითაც, მაგრამ ამიტომაც, გაჩნდება სკანდინავიურ ლიტერატურაში ნეორომანტიზმი - იდეა, რომელიც პატრიარქალურ ყოფას შეასხამს ხოტბას, ისტორიულ წარსულს წამოსწევს წინა პლანზე და შეეცდება, შეაჩეროს დრო, რომელიც ჯოჯოხეთურად აჩქარებულა ამ სულ ახალი ომის წინარე თუ ომის მომდევნო პერიოდში.

სელმა ლაგერლეფის ნეორომანტიკოსად მოხსენიება იქნებ გაჭირდეს, მთელ რიგ შემთხვევებში არ თანხვდება იგი ზემოხსენებული მიმდინარეობის ესთეტიკურ ღირებულებებსა და შაბლონებს, მაგრამ საერთო მახასიათებელიც ბევრი მოეძევება. უპირველესად, როგორც ვთქვით, პატრიარქალური ყოფის სურათები, მოქმედების განვითარების მორალური ხაზი და უარის თქმა ქალაქზე, როგორც ბოროტების ერთ უმთავრეს მიზეზსა და სამყოფელზე. ამის სანაცვლოდ სელმაცა და სხვანიც მკითხველს სთავაზობენ დაბრუნებას სხვაგან, ზღაპრულ, მშვიდ, პატიოსან სამყაროში, სადაც კიდევ არსებობს მიზეზშედეგობრივი კავშირი, სადაც ჯერაც არ დაწერილა შემაძრწუნებელი სიტყვები: "ადამიანი წარმოიშვა მაიმუნისაგან, მაშასადამე, გაუმარჯოს თავისუფლებას". მოკლედ, ხატავენ სამყაროს, სადაც არ არსებობს "მაშასადამე", პერსონაჟები კი კვირაობით ეკლესიაში დადიან და იქნებ რწმენით დიდად ვეღარ სწამდეთ, სამაგიეროდ, მათი მსოფლხატი ჯერაც მთელია და გაუბზარავი.

მეორე მსგავსება სელმასა და მთელ მაშინდელ სკანდინავიურ ლიტერატურას შორის, განსაკუთრებით ქალ მწერლებს შორის, არის ქალ პერსონაჟთა უცნაური პანთეონი თუ თავყრილობა. საინტერესოა, საიდან მოვიდნენ ამგვარად ძლიერი "სუსტი" სქესის წარმომადგენლები XX საუკუნის დასაწყისის პროზაში. რომანტიზმიდან მოყოლებული და იქამდეც ხომ ასე იყო - ქალი გინდაც მთავარი პერსონაჟი ყოფილიყო ტექსტისა, სათაყვანებელ არსებად რჩებოდა, ძირითადად, მოსაფრთხილებელ, შესაყვარებელ არსებად. რეალიზმში დაიწყო უფლებებზე ლაპარაკი ლიტერატურაში, შრომის უფლებაზე, ქორწინების უფლებაზე, მაგრამ აქაც, ბალზაკთანაც, ფლობერთანაც, მერე მოპასანთანაც, დიკენსთანაც, შარლოტა ბრონტესა თუ უილიამ თეკერეისთან ქალები გამძლენი და თავგამოდებულნი არიან, მაგრამ მათ გამძლეობაში, მე თუ მკითხავს ვინმე, მოწამებრივი პატიოსნება და თმენა მეტია, ვიდრე ხმალამოღებული ბრძოლა და მომავალი გამარჯვების იმედი. აი, სელმასთან კი სხვაგვარადაა, აი, სიგრიდ უნსეტთან კი სხვაგვარად. მოკლედ, იმის თქმა მინდა, სელმას ქალები არ ჰგვანან სხვა არც ერთი ქვეყნის, სხვა არც ერთი ლიტერატურის (გარდა სკანდინავიურისა) ქალებს. იქნებ ცოტათი ამერიკელებს ჩამოჰგავდნენ შორეულად, მაგრამ მათაც ნაკლებად, მეტისმეტად მცირედ. ქართველებს არა, მით უფრო ქართველებს არა, ამაზე საფიქრელია კარგად, რატომ და როგორ გამოდის ეს, როგორ და რატომ, ოღონდ ამჯერად საამისო ადგილი და დრო არ არის, იქნებ არც საჭირო იყოს ამ არაჩვეულებრივი წიგნის შესავალში. მხოლოდ სიტყვამ მოიტანა და, გამახსენდა, რადგან

სელმას გმირები, ხშირად გაუზიარებელი, ცალმხრივი სიყვარულის მსხვერპლნი, ზოგჯერ შეცდენილნი, ზოგჯერ ფეხმძიმედ დარჩენილნი (ჰო, ეს უფრო ხშირად უნსეტს ახასიათებს), ქედს არ უხრიან ყოველდღიურობას, ებრძვიან მას და მამაკაცებზე უკეთაც კი უმკლავდებიან.

იმათ არ სჭირდებათ უფლებებზე დარდი, საკუთარი ქედით ეწევიან ყველაფერს, იქნებ ამის საფუძველი მხოლოდ კულტურულ გავლენებში არ იყოს საძებნი, იქნებ პირადი ცხოვრებაც ქმნიდა საამისო წინა პირობას, ნაცნობ-მეგობრებიც და ის სოციალური ფონიც, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში გახლდათ შვედეთში.

ამჯერად თქვენ წინაშე წარმოდგენილი ლიოვენშოლდების ტრილოგიის სამივე რომანი: "ლიოვენშოლდების ბეჭედი", "შარლოტა ლიოვენშოლდიცა" და "ანა სვერდიც" სწორედ ამგვარი პატრიარქალური, კონსერვატიული და თავისუფალი რომანებია - თავისუფალი წინა პირობებისგან, კლიშეებისგან, აკვიატებებისგან.

ისიც სათქმელია, რომ სელმა ლაგერლეფის სამყარო ჯერაც მთელი სამყაროა, ჯერაც უცხოა მისთვის მოდერნიზმისთვის ასე დამახასიათებელი შიში აპოკალიფსისა, უნაყოფობისა და სიკვდილისა.

სელმასთვის მნიშვნელოვანია ფასეულობები, ფასეულობები, რომელთათვისაც განირჩევა ერთმანეთისგან კარგი და ცუდი, კეთილი და ბოროტი, ცოდვა და უცოდველობა.

სელმა მორწმუნე მწერალია, სელმა, ულაპარაკოდ, ქრისტიანი მწერალია. იშვიათია მასზე მეტად გულმხურვალე ქრისტიანი მწერალი, იქნებ თავისებურად ქრისტიანი, მაგრამ მაინც. იგი არასდროს განსჯის, სამაგიეროდ, ყოველთვის თანაუგრძნობს, არასოდეს მოსამართლეობს, მით უფრო, არასოდეს ჯალათობს, სამაგიეროდ, ყოველთვის შეუნდობს საკუთარ გმირებს, ყოველთვის უმართავს ხელს და არასოდეს, დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, არ უარყოფს მათ, არ მიატოვებს.

აგერ ლამის ოცდაათი წელი გადის, ეს ტრილოგია ლიოვენშოლდებისა ქართულად აღარ გამოცემულა. ამჯერად ისევ, კიდევ ერთხელ, უკვე მეორედ იხილავს დღის სინათლეს. მოსალოცი საქმეა.

ჰო, რა დამავიწყდა - სელმა ლაგერლეფი კეთილი მწერალია, არადა, ამ ჩვენს დროში ისე იშვიათია დიდი, კეთილი მწერლები.

ზაალ ჩხეიძე