"9+1" - "ფილმში რა უნდა მოვიგონო ისეთი, რაც სააკაშვილს არ ჩაუდენია?"
23-03-2015
"9+1" - "ფილმში რა უნდა მოვიგონო ისეთი, რაც სააკაშვილს არ ჩაუდენია?"
მერე რა, რომ ამ ფილმის გადაღება ბიძინა ივანიშვილმა დაგვიკვეთა?

გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ ფილმში - "9+1", ყოფილი პრემიერის როლს 80 წლის ენტონი ჰოპკინსი შეასრულებს, სააკაშვილისას კი - 50 წლის ნიკოლას ქეიჯი, თავად ფილმის რეჟისორი გოგა ხაინდრავა კატეგორიულად უარყოფს. საერთოდ, რა ეტაპზეა მსახიობების შესარჩევი კასტინგი და "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობიდან რა დეტალები მოხვდება ფილმში, რეჟისორი "კვირის პალიტრასთან" განმარტავს:


- ფილმზე რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ - სცენარზე ჩამოყალიბების პარალელურად, მსახიობების შესარჩევი
კასტინგი გამოვაცხადეთ. ლოკაციის ადგილებსაც ვარ­ჩევთ, სად უნდა გადავიღოთ სხვადასხვა სცენა... სცენარზე ბატონი ირაკლი სამსონაძე და მისი ჯგუფი, ასევე ბასა ჯანიკაშვილი, მუშაობენ და ამ პროცესში მეც ჩართული ვარ. ამასთან, სასცენარო კონკურსი "GDშ"-მაც გამოაცხადა, რომლის დასრულების შემდეგ საკმაოდ საინტერესო ახალგაზრდები აღმოვაჩინეთ.

- უკვე მოფიქრებული გაქვთ, "ნაციონალური მოძრაობის"
მმართველობიდან რა დეტალები უნდა მოხვდეს სცენარში?

- 2003 წლიდან დავიწყებთ, თუ რამ განაპირობა ამ კონკრეტული ჯგუფის ხელისუფლებაში მოსვლა და, ბუნებრივია, დანარჩენ წლებსაც შევეხებით.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის როლის შესასრულებლად - ენტონი ჰოპკინსს, სააკაშვილის როლზე კი ნიკოლას ქეიჯის მოწვევას გეგმავთ.
- ეს დეზინფორმაციაა. მეტიც, მსგავსი საკითხი არც განგვიხი­ლავს. ენტონი ჰოპკინსი თუ სადმე ვახსენე, ფილმის გმირად კი არ მოვიაზრე, უბრალოდ, აღვნიშნე, რომ ნიჭიერი მსახიობია. ნიკოლას ქეიჯი კი არ მიყვარს და ასი წელი, როგორც მსახიობი, არ მაინტერესებს. უბრალოდ, ვიღაცამ მოიგონა, რომ ის სააკაშვილის როლს შეასრუ­ლებს. უმეცრებაა იმაზე საუბარიც, თითქოს ბიძინა ივანიშვილის როლს ენტონი ჰოპკინსი შეასრულებს, რადგან მსახიობი 80 წლისაა, ბიძინა ივანიშვილის ასაკი და გარეგნობა კი საქართველოში ყველამ კარგად იცის. 80 წლის მსახიობმა ახალგაზრდა მამაკაცის როლი როგორ უნდა შეასრულოს, ამას არავინ უფიქრდება?

- მთავარ გმირებზე მეტად, საზოგადოე­ბის ნაწილს ალბათ, ის უფრო აინტერესებს, რამდენად დროული და მიზანშეწონილია დღეს მსგავსი ფილმის გადაღება?
- გაუგებარია, როდესაც ამბობენ, ეს ფული ხალხს მოახმაროს ივანიშვილმაო. მსახიობები ადამიანები არ არიან? ოპერის,­ სპექტაკლისა თუ მხატვრობის შექმნის მიზანშეწონილობაზე საუბარი ზედმეტად მიმა­ჩნია. მაშინ, დავსვათ შეკითხვა: საერთოდ, სიცოცხლე და ხელოვნება რამდენად დროულია?

- ფიქრობთ, რომ ფილმი ხელოვნების ნიმუში იქნება?

- არაერთი ფილმი გადავიღე და ჯერჯერობით არ მომისმენია პრეტენზია, რომ რომელიმე მათგანი უხარისხოა. 

- და იმის გამო, რომ გადაღება ბიძინა ივანიშვილმა შეგიკვეთათ, ფიქრობთ, რომ ფილმი არც ტენდენციური იქნება?
- ტენდენციური იქნება თუ არა, ეს მხოლოდ ჩემს სინდისზეა დამოკიდებული და არა სხვა ფაქტორებზე.
უსინდისობაშიც მაინცდამაინც შემჩნეული არა ვარ... მოგეხსენებათ, ამ თემაზე დოკუმენტური ფილმი უკვე გადავიღე და ყველამ შეაფასოს,­ "დემ­ოკრატიის შუქურა" ტენდენციურია თუ არა.
მერე რა, რომ ამ ფილმის გადაღება ბიძინა ივანიშვილმა დაგვიკვეთა? ის ტენდენციური ადამიანი არ არის. ქვეყანას მწამებლები რომ მოაშორა, ეს ტენდენციურობაა?! რა უნდა მოვიგონო ისეთი, რაც სააკაშვილს არ ჩაუდენია?!
ტენდენციური იმ შემთხვევაში ვიქნები, თუ იმას დავაბრალებ ადამიანს, რაც არ გაუკეთებია, მაგრამ ვიმეორებ, რა უნდა დავაბრალო სააკა­შვილს, ბოკერიას, ლომაიას, მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიას იმაზე უარესი, რაც ქართველ ხალხს გაუკეთეს? საზოგადოებამ იცის, რომ ახალაია პატიმრებს თავზე აშარდავდა და მეტი რა უნდა მოვიგონო?

- ანუ ფილმში ეს დეტალებიც მოხვდება?

- ჯერ არ ვიცით, ვნახოთ...

- დაახლოებით როდის დასრულდება ფილმზე მუშაობა?
- ფილმის გადაღება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და კონკრეტულ ვადაზე საუბარიც რთულია.

რუსუდან შელია
mixa
13 აპრილი 2015 23:24
ფსბ.-ს აგენტურა გულაობს. ამხანაგ ქეთი დოლიძეს იმედია დასაქმებთ. ეხლა თქვენი დროა შპიონებო.
Kibo
28 მარტი 2015 11:11
რა ვიცი, დიდ პატრიოტად კი შერაცხეს ბიძინა,მაგრამ "ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო".თქვე კაი ხალხო,ამ ათასი სიბინძურისა და მისი გამკეთებელი ავადმყოფების ნამოქმედარზე რომ არ დახარჯოთ ათეულობით მილიონი დოლარი,არ ჯობია ფილმი დავით აღმაშენებელსა და თამარ მეფეზე გადაიღოთ ჰოლივუდის ცნობილი მსახიობების მონაწილეობით? ეს ხომ მთელ მსოფლიოს გააცნობს ჩვენს ქვეყანასა და კულტურას,სხვა თვალით შემოგვხედავენ,მეტი ტურისტი ჩამოვა და შესაბამისად ჩვენს დაქცეულ ეკონომიკასაც წაადგება,წინ წავალთ.
oponenti
25 მარტი 2015 17:55
მე, როგორც ჩანს არ ვიცი, იქნებ ვინმემ მითხრათ, რა აქვს გადაღებული ამ რეჟისორს, ცხრააპრილის ტრაგედიის ამსახველი კადრების გარდა და იქაც ოპერატორი იყო. რას და ვის ემსახურება ეს ფილმი? ასე რომ აღიქვა, რა უკვირთ ამ ფილმს რომ ვიღებთო, გარდა იმისა რომ შენ ძმაო ფულს გააკეთებ და არცთუ ცოტას, სხვას რაში არგია? სწორედაც რომ უკვირთ, ამ გაუსაძლის პირობებში, როცა ხალხს უჭირს, 200 სერიის გადასაღებ ფულს წყალში რომ ყრის ივანიშვილი, რამე ქვეყნისათვის სარგო გაეკეთებინა, ის 100 საწარმო აეშენებინა, ჯობდა ქვეყნისთვის. ამ ფილმს მარტო რეჟისორი და დამფინანსებელი თუ ნახავენ და თავგადამკვდარი ბიძინისტები, ისიც რომ ასიამოვნონ მარჩენალს.

რედაქტორის რჩევით