რატომ უნდა ვიკითხოთ დეტექტივები? - კვირის პალიტრა

რატომ უნდა ვიკითხოთ დეტექტივები?

თითქმის ყველა გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, The New Yorker-ის ინფორმაციით, დასვენების ჟამს დეტექტივის კითხვას არჩევს. ეს არის ლიტერატურა, რომელიც ითრევს მკითხველს და დამღლელი საქმიანი დღის შემდეგ ხელს უწყობს გონების განტვირთვას და დასვენებას.

დეტექტივი მწერლობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟანრია. ყოველთვის ჰყავს მკითხველი, რადგან საიდუმლოს ჩაწვდომა, დანაშაულის გახსნა, დაფარულის გამოაშკარავება იზიდავს ადამიანის ცნობისმოყვარე ბუნებას. ეს ერთი შეხედვით უწყინარი, გასართობი ლიტერატურა დიდ საქმეს აკეთებს - დეტექტივის მკითხველს უვითარდება ლოგიკური აზროვნება, ხდება მიზანსწრაფული, თანამიმდევრული, ინტერესდება ფსიქოლოგიით, რაც ეხმარება ცხოვრების მოწყობასა და კარიერულ წინსვლაში.

ლოგიკური აზროვნება დღეს განათლების სისტემაში ყველაზე ანგარიშგასაწევ ღირებულებად მიიჩნევა. ამას ეფუძნება მისაღები გამოცდებიც. თუ გსურთ, თქვენმა შვილმა საგამოცდო საკითხები იოლად აითვისოს, ბავშვობიდანვე შეაყვარეთ დეტექტივები!

- დეტექტივი ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტის შესაქმნელად საჭირო ცოდნით მამდიდრებს, - ამბობს დეტექტივების მოყვარული, "კვირის პალიტრის" ერთგული მკითხველი ნოდარ გაბარაშვილი. მას მაღაზია "ბიბლუსის" სტენდთან გავესაუბრეთ:

- დეტექტივები მეც მომწონდა, როგორც ყველა ბიჭს, ვკითხულობდი დროის გასაყვანად, გასართობად... მაგრამ მერე, ჩემდა უნებურად, აღმოვაჩინე, რომ დეტექტივების სიყვარულმა ადამიანის გამოცნობა მასწავლა. შემდეგ პატარა კორპორაცია შევქმენი და როცა თანამშრომლების აყვანა დამჭირდა, ჩემმა ალღომ დიდი სამსახური გამიწია. ახლაც, როცა ვისვენებ, დეტექტივებს ვკითხულობ და ეს მეხსიერების სავარჯიშო საუკეთესო საშუალებაა...

დეტექტიურ ჟანრს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. ყველა ხალისით გვიდასტურებდა, რომ დეტექტივების კითხვამ არაერთი საინტერესო დღე აჩუქა...

ხალხს უყვარს გამოცანები და თავსატეხები. საიდუმლო - ეს არის ქვაკუთხედი, რომელზეც აგებულია ცნობისწადილი. სწორედ ეს გვიჩენს კითხვის სურვილს. ეს მარტივი ფორმულირებაა. ამასთან, კარგი დეტექტივი ყოველთვის გვაცნობს მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მსოფლიოში დეტექტივების რამდენიმე პოპულარული ავტორია ცნობილი, მაგრამ ამ ჟანრის მოყვარული მკითხველი უპირველესად მაინც ართურ კონან დოილსა და აგათა კრისტის ასახელებს. მათ დეტექტივებს თითქმის ყველა ქვეყნისა და ასაკის ადამიანი სიამოვნებით კითხულობს, დაუვიწყარ პერსონაჟებს კი მაყურებელი არაერთი ფილმითაც იცნობს...

აგათა კრისტის ქალური ინტუიცია ზრდის ინტერესსა და მის ნაწარმოებებს სულმოუთქმელად ვკითხულობთ.

"აგათა კრისტის შემოქმედებამ "მეორე სუნთქვა" გამიხსნა, - წერს მისი შემოქმედების ინგლისელი თაყვანისმცემელი რასელ მერი ბლეისი, - მისმა წიგნებმა საპენსიო ასაკში დამიბრუნა რწმენა და ხალისი, გამიჩინა შეგრძნება, რომ ყველაზე საინტერესო პერიოდი მაქვს ცხოვრებაში. ეს მთელი სამყაროა, სადაც ადამიანები ახალგაზრდული ენთუზიაზმით ცხოვრობენ მას შემდეგაც, რაც 70 წელს მიაღწევენ... ეს მეორე ცხოვრებაა, რომელიც იმდენად მიყვარს, ვერაფრით შეველევი. ის პირველი მწერალია მსოფლიო დეტექტიურ ჟანრში".

"დეტექტივი არის ჟანრი, რომელიც ფსიქიკისა და მეხსიერების ერთგვარი "მასაჟია", რათა სულ ფორმაში იყოს, - ამბობს ექიმი მეიერშტერნი, - მით უმეტეს, თუ დეტექტივი "კეთილია", ისე, როგორც აგათა კრისტის დეტექტივები.

ნებისმიერი მკვლელობა სისასტიკეა, მაგრამ არსებობს გადმოცემის მანერა, როცა სისასტიკე მეორე პლანზე ინაცვლებს, ავტორის თხრობის ტონი მშვიდია და გამორიცხულია, წაკითხული დეტექტივი ღამის კოშმარად გექცეს. ასეთია აგათა კრისტი. მე მას ნერვიულ პაციენტებსაც კი ვურჩევ".

დეტექტიური ჟანრი დრომ და უამრავმა მკითხველმა გამოცადა. ეს არის მიმზიდველი და საინტერესო ლიტერატურა, სასარგებლო ზემოქმედებითა და მნიშვნელოვანი შედეგით.

ლეილა გაგუა