ქართველი გოგონა დუბაის "დიდ ავიაციაში" - კვირის პალიტრა

ქართველი გოგონა დუბაის "დიდ ავიაციაში"

ბოლო ოცი წელია ქვეყნიდან განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა გარბის - ყველა რატომღაც ჩანთის ჩალაგებას ჩქარობს და საქართველოდან წასვლის შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს. რატომ? ამაზე პასუხი, ვიცი, თავადაც გაქვთ, ამიტომ სოციალური პრობლემების შეხსენებით თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ, სამშობლოდან წასულ ერთ-ერთ ქართველზე, 25 წლის მარიამ ქურასბედიანზე გიამბობთ, რომელიც 3 წლის წინ თბილისიდან პირდაპირ დუბაის "დიდ ავიაციაში" მოხვდა.

- იურისტი ვარ. სამწუხაროდ, საქართველოში საკუთარი პროფესიით დასაქმება რთულია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მეც ამ პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი, არადა, ფინანსურად ოჯახსაც უნდა დავხმარებოდი. ამიტომ დუბაიში, ბიძაშვილთან წასვლა გადავწყვიტე, სადაც კურსები გავიარე და დუბაის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია "ეტიჰედის" ბორტგამცილებელი გავხდი. კომპანიაში, სადაც 20 ათასზე მეტი კაცია დასაქმებული, 3 ქართველი ვმუშაობთ. ჩემმა სამსახურმა ოცნების ახდენის შესაძლებლობაც მომცა - ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ჩიკაგოსა და თითქმის ყველა ევროპულ სახელმწიფოში ნამყოფი ვარ. ლაგოსსა და ბანგლადეშშიც კი გახლდით. ერთი სიტყვით, 80-ზე მეტი ქვეყანა მოვიარე და ყველაზე მეტად მაინც იმან გამაოცა, რომ თითქმის ყველგან ქართველს წავაწყდი. მეტიც, მელბურნში კოლეგებს აჭარული ხაჭაპურიც კი დავაგემოვნებინე.

- ავსტრალიაში ქართული რესტორანი პოპულარულია?

- დიახ. მელბურნში ონიანების ოჯახს ქართული რესტორანი აქვს გახსნილი, სადაც ქართული სამზარეულოს მოყვარულებს, აჭარულის გარდა, გებჟალიასა და ხინკალსაც სთავაზობენ. ავსტრალიაში ქართულ რესტორანში თუ მოვხვდებოდი, არ მეგონა. დუბაის ავიაკომპანიის თითქმის ყველა კაპიტანს ქართული კერძები და წითელი ღვინო ძალიან უყვარს.

- ისეთ ქალაქში თუ შეხვედრიხარ ქართველს, სადაც ყველაზე ნაკლებად წარმოგედგინა?

- ბანგლადეშში... სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ მსგავსი სოციალური პრობლემების მქონე ქვეყანა არსებობდა. ამიტომ, როცა ბანგლადეშში ჩავედი, მკაცრად გამაფრთხილეს, გარეთ გასვლას მოერიდე, საშიშიაო. ცნობისმოყვარეობამ მძლია და სასტუმროდან მაინც გავედი, თუმცა, როგორც კი სასტუმროს რამდენიმე ნაბიჯით გავცდი, მივხვდი, შეცდომა დავუშვი. ტურისტებს გაოცებულები უყურებენ, ყველგან სიბინძურეა...

როცა დამინახეს, რამდენიმე ბავშვი მაშინვე გამომედევნა. ამ დროს კიდევ ერთ ტურისტს მოვკარი თვალი და დახმარების სათხოვნელად მისკენ გავიქეცი. ეს "ტურისტი" ქართველი აღმოჩნდა.

- როგორ აღმოჩნდა ბანგლადეშში?

- მეც გამიკვირდა, როგორც წესი, ქართველები სამუშაოდ ასეთ ადგილებში არ მიდიან...

როცა იგებენ, რომ საქართველოდან ვარ, მეკითხებიან, სად მდებარეობს და რა ენაზე მეტყველებთო. მე კი ვუხსნი, რომ უძველესი ქვეყანაა და ქართული 14 დამწერლობიდან ერთ-ერთია... ქართველებისადმი კეთილგანწყობა განსაკუთრებით არაბულ ქვეყნებში იგრძნობა. სხვათა შორის,

იორდანიის მეფის პირად დაცვას ჩოხა აცვია. როგორც მითხრეს, იორდანიის მეფეს პირად დაცვაშიც მხოლოდ კავკასიელები ჰყავს. ჩერქეზები ერთადერთი ხალხია კავკასიაში, რომლის 80% ემიგრაციაში ცხოვრობს, მათ შორის, იორდანიაში. ჩერქეზული და ქართული ჩოხა კი ერთმანეთს ჰგავს.

- საქართველოში დაბრუნებაზე თუ გიფიქრია?

- აუცილებლად დავბრუნდები! მიუხედავად ყველაფრისა, სამშობლოზე ტკბილი არაფერია. თბილისის ქუჩებში როცა დავდივარ, სულ სხვა განცდა მეუფლება. სამწუხარო ის არის, რომ რამდენჯერაც საქართველოში ჩამოვდივარ, ქუჩაში სულ უფრო მეტ დაბღვერილ სახეებს ვხედავ. ვერც გაამტყუნებ... მაგალითად, დუბაიში ყველას სამსახური აქვს და იმაზე ფიქრობენ, შვებულება რომელ ქვეყანაში გაატარონ, საქართველოში კი ყოველდღიურად ხვალინდელი დღისთვის იბრძვიან. თუ ეს ვითარება გამოსწორდება და საზოგადოებაში სტაბილურობის განცდა გაჩნდება, დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველი ემიგრანტი სამშობლოში დაბრუნდება.

რუსუდან შელია