ტარივერდიევის ”გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება” თბილისურად
30-03-2015
ტარივერდიევის ”გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება” თბილისურად
მისი რომანსები­ ფილმებიდან "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაე­ლ­ვება"და "ბედის ირონია" დღემდე უბერებელია

"ალბათ, ქართველების წინაპრები უწინ მთებში ცხოვრობდნენ და პოლიფონიურ­ პასაჟებს მათ ექო კარნახობდა, - წერს თბილისში დაბადებული და გაზრდილი ცნობილი სომეხი კომპოზიტორი მიქაელ ტარივერდიევი ავტობიოგრაფიულ წიგნში და დასძენს, - აქაური მიწა იმდენად ლამაზი და კეთილშობილია, რომ შეუძლებელია, აქ გაზრდილმა არ იმღეროს. ის სიმღერები, რომლებიც ბავშვობაში მესმოდა, იყო სიყვარულსა და სილამაზეზე. მე ამ სიმღერებზე გავიზარდე".

ქართულ საბჭოთა რეალობაში გაზრდი­ლმა კომპოზიტორმა მრავალჯერ იგემა­
წარმატების გემო. სხვა ნაწა­რმოებებთან ერთად, მისი რომანსები­ ფილმებიდან "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაე­ლ­ვება" და "ბედის ირონია" დღემდე უბერებელია.
თბილისში ორჯერ გაიმართა ტარივერ­დიევის საღამო, რომლის ორგანიზატორი ირმა სოხაძე გვიამბობს:
- მისი ოჯახი სოლოლაკში, ინგოროყვას ქუჩაზე ცხოვრობდა.

"43
-ე სკოლაში ვსწავლობდი, წარმოდგენა­ არ მქონდა, ჩვენ შორის ვინ რუსი იყო, ვინ - ქართველი, ვინ - ებრაელი... რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ სომეხი ვარ და ეს არანაირ დაბრკოლებას არ მიქმნიდა, არც ურთიერთობაში და არც მეგობრობაში... ჩვენი­ "შპანაც" ინტე­რნაციონალური იყო. აქეთ სოლოლაკელები, იქით პლეხანოველები, რომელთა­ ლიდერი შემდეგში ცნობილი გულის ქირურგი ვალოდია ბურაკოვსკი და პოლიტიკური მოღვაწე ჟენია პრიმაკოვი იყვნენ", - იხსენებს მიქაელ ტარივერდიევი.

ბავშვობაში ხან კრივი იტაცებდა, ხან - ფარიკაობა, ხან - ცხენები, ხან - ცურვა,­ ხანაც მოტოციკლეტი. ხან გატეხილი ცხვი­რით მიჰყავდათ შინ, ხანაც - დასის­ხლ­იანებული. ცამეტი წლისას მეზობლის როიალზე დაუწყია მეცადინეობა, თან ისეთი­ სიხშირით, მეზობელს უთქვამს, მამას­ უთხარი, პიანინო გიყიდოსო... 14 წლისა მშობლებმა სანატორიუმ "დარიალში" გაგზა­ვნეს, სადაც თბილისის საოპერო თეატრის რეჟისორი ჟორა გელოვანი გაიცნო. ეს ის გელოვანია, რომლის მამა თვით სტალინს ასახიერებდა კინოში. ჟორას უკითხავს, არ გინდა, საბალეტო მუსიკა დაწეროო? და მალე ტარივერდიევმა ორი ერთაქ­ტიანი ბალეტი დაწერა, რომლებიც ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიდგა. გაზეთში ტარივერდიევი "ნორჩ კომპოზიტ­ორად" მოუხსენიებიათ. "შეურაცხყოფილი ვიყავი, რადგან, "ნორჩი" მიწოდეს და არა "ახალგა­ზრდაო", - იხსენებდა ის. "ნორჩის" პირველი ჰონორარი იმდენად მიზერული იყო, რომ ერთი ცილ­ინდრი მოუვიდა.

- ვინ იყვნენ ტარივერდიევის მშობლები?
- მამამისი საქართველოს სახელმწიფო ბანკის დირექტორი იყო, დედა კი სტატისტიკის სამმართველოში მუშ­აობდა. დედამი­სის ბიძა ქალაქის საბჭოში მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი ყოფილა, თან - საკმაოდ უცნაური­ კაციც. სამი ეკიპაჟით დადიოდა, ერთში თვითონ იჯდა, მეორეში - მისი შლაპა იდო, მესამეში კი ხელჯოხი.
მიქაელს დედა უზომოდ უყვარდა. ყველაფერი კარგი, რაც ჩემშია, დედაჩემისგანაა, ცუდი კი - რისი სწავლაც მისგან ვერ მოვასწარიო, - ამბობდა. ჩემი ბავშვ­ობა მაშინ დასრულდა, როცა მამა დააპ­ა­ტი­მრესო - სამსახურში აუყვანიათ. "მახსოვს­, როგორ მარიდებდნენ თავს სკოლ­ე­ლები. მათი მშობლები ურთიერთობას არ გვიშლიდნენ,­ მაგრამ მიფრთხოდნენ, ვეცოდებოდი კიდეც, ხელში ბუტერბროდებს­ მაჩეჩებდნენ..."
ტარივერდიევმა სწავლა ერევნის კონსერვატორიაში გააგრძელა.

- როგორ მიიღო ერევანმა?
- ძალიან ცუდად, "მეორეხარისხოვან სომხად მიმიჩნევდნენ და არც ჩემი მუსიკა იყო მაინცდამაინც სომხურიო," - ამბობდა.­ ამიტომ თბილისში დაბრუნდა, მოგვიანებით მოსკოვის კონსერვატორიაში ჩააბარა. არამ ხაჩატურიანის კლასში მოხვდა. ხაჩატურიანიც საქართველოში დაიბადა, მასაც თბილისური ბავშვობა ჰქონდა.
25 წლის ტარივერდიევი კომპოზიტორთა­ კავშირისა  და კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი ხდება. 132 ფილმისთვის აქვს მუსიკა დაწერილი.

"გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვებისთვის" შექმნილი "სიმღერა შორეულ სამშობლოზე", თბილისს მიუძღვნა. ეს ტიტრებში არ წერია, თუმცა, მისი მეუღლე, ვერა ტარივერდიევა, ყველგან, სადაც კი ამ მელოდ­იას გააჟღერებენ, ამბობს, მიქაელმა ვერ მოასწრო დაეწერა სიმღერა თბილი­სზე, სამაგიეროდ, ეს სიმღერა თავის შორეულ სამშობლოს, თბილისს მიუძღვნაო.

- პლაგიატობა დასწამეს...
- ეს ბოროტი ხუმრობა უფრო იყო. თითქოს ფრანგ კომპოზიტორ ფრანსის ლეის მოჰპარა მუსიკა, რომელიც "გაზაფ­ხულის ჩვიდმეტ გაელვებაში" იყო გამოყენებული. ერთ დღეს კომპოზიტორთა კავ­შირში გამოიძახეს და იქ დეპეშა დაახვედ­რეს: "გილოცავთ ფილმისა და ჩემი მუსიკის წარმატებას. ლეი". ტელეეთერიდან ტარივერდიევის სიმღერები გააქრეს. აღშფოთებული საფრანგეთის საელჩოში მივიდა და ლეისთან დაკავშირება მოითხოვა.­ იქ განუმარტეს, რომ საფრანგეთის საელჩოდან არც დეპეშა გაუგზავნიათ და არც არავის დაურეკავს კომპოზიტორთა კავშირში. ეს ამბავი ლეის ყურამდე მივიდა და ამჯერად მართლა გამოგზავნა დეპეშა, სადაც წერდა,  რომ ეს პროვოკაცია იყო...

- როგორც ვიცი, ალა პუგაჩოვასთანაც ჰქონდა მიქაელ ტარივერდიევს კონფლიქტი.
- ეს ამბავი ფილმ "ბედის ირონიას" უკავშირდება. მასში უნდა გაჟღერებულიყო ცვეტაევას, ახმა­ტოვას, ახმადულინას, პასტერნაკის ლექსებზე დაწერილი სიმ­ღერები. ბევრი უფიქრიათ, თუ ვის უნდა ემღერა­ მთავარი რომანსი. არჩევანი ახალგაზრდა ალა პუგაჩოვაზე შეუჩერებიათ. "მაშინ ჯერ კიდევ  წკრიალა და არაჩვეულებრივი ხმა ჰქონდა. შედეგი საოცარი გამოვიდა", - იხსენებდა კომპოზიტორი. ფილმის გამოსვლიდან 3 თვის მერე, პუგაჩოვა და ტარივე­რდიევი გადაცემაში მიიწვიეს. ალას ეს რომანსი უნდა ემღერა, მიქაელს კი აკომპანირება გაეწია. ჩაწერა რომ დაწყებულა, ალას სულ სხვა მანერაში დაუწყია სიმღერა,­ - მისი ნამღერი ვულგარულად მომეჩვენაო, წერს თავის წიგნში ტარივერდიევი. ამიტომ შენიშვნა მიუცია მომღერლისთვის, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. წლების შემდეგ, სოჭში შეხვდნენ ერთმანეთს. "ალამ მითხრა: მიკაელ ლეონოვიჩ, ძალიან მიხარია, რომ "თქვენით არ ვარ ავადო". მას შემდეგ ჩვენი გზები აღარ გადაკვეთილა", - წერს კომპოზიტორი სევდანარევი ირონიით.

-  მაიაკოვსკის­ მუზაზე, ლილია ბრიკზე სულ სხვა მოგონებები­ აქვს ტარივერდიევს.

- "მოხუცმა ლილია ბრიკმა ბევრი რამ მასწავლა. მეუბნებოდა, სიმღერა არასდროს დაწერო დაბალი ხარისხის პოეზიაზეო". მართლაც, ვოკალური ციკლი მაიაკოვსკის ლექსებზე ლილიას გავლენით დაიწერა.
ბოლოს კომპოზიტორს გული აწუხებდა და ხშირად აფრთხილებდნენ ექიმები, ცოტა შეანელე ცხოვრების ტემპიო. 1996 წელს 64 წლისა გარდაიცვალა.

თბილისური "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება"

40 წელზე მეტი გავიდა, რაც ფილმი­ "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება" ტელეეკრანებზე გავიდა. გადაღებები 1969-1972 წლებში მიმდინარეობდა. რამდენიმე სცენა საქართველოში გადაიღეს, თბილისის ზოოპარკში. არადა, პროფესორ პლეიშნერის სცენაში მოქმედება­ შვეიცარიაში, ბერნში ხდება...  
იყო კიდევ ერთი თბილისური სცენა, რომელიც რატომღაც კადრში აღარ მოხვედრილა. პანორამა ჩუღურეთში, ბუხაიძის ქუჩის ერთ-ერთი ჩიხიდან გადაუღიათ. ამ კადრებს უნდა გაეწია გერმანიის ხედის მაგივრობა, რომელსაც შტირლიცი ეზოდან ხედავს... შვეიცარიის საზღვარი ვითომ შვეიცარიის ალპებში, სინამდვილეში კი ბაკურიანში "გადაკვეთა" თხილამურებზე პირველად შემდგარმა პასტორმა შლაგმა, რომელიც იქამდე შტირლიცმა მიაცილა "მერსედესით". მანქანა გადაღებისას გაფუჭებულა და რადგან მსგავსი მოდელი საქართველოში ვერ მოიძიეს, იმავე ფერის "ფორდით" ჩაუნაცვლებიათ. ამბობენ, ფილმში ეს არც ისე შესამჩნევიაო, თუმცა, ყურადღებიან მაყურებელს არ გამორჩენია, როგორ გაიპარა ამ კად­რებში ავტომანქანის საბჭოთა ნომერი. იდეა ამ სცენების საქართველოში გადაღებისა, ფილმის რეჟისორისთვის მიქაელ ტარივერდიევს მიუწოდებია.
დროს გასწრებული კადრები

ავტომანქანით საზღვრისკენ მიმავალ გზაზე შტირლიცი ედიტ პიაფის ორ სიმღერას უსმენს. სინამდვილეში, ეს სიმღერები მოგვიანებით, 60-იან წლებში დაიწერა. ფილმში შესულია კადრები, როდესაც შტირლიცი ფლომასტერით კარიკატურას ხატავს. მართალია, პირველი ფლომასტერი მართლაც გერმანიაში გამოიგონეს, თუმცა, ეს იყო ომის დამთავრებიდან საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ, 1960 წელს.
ქართველი "შტირლიცი"

შტირლიცის როლზე არაერთი კანდიდატი მოუსინჯავთ. თავად ტატიანა ლიოზნოვას ამ როლზე არჩილ გომიაშვილის გადაღება უნდოდა. ჯერ ერთი, დარწმუნებული იყო, ქართველი მსახიობის ტალანტსა­ და შესაძლებლობებში, მეორე - ამ პერიოდში ტატიანას მხურვალე რომანი ჰქონდა არჩილთან, მაგრამ უმაღლესმა საბჭომ კატეგორიულად აკრძალა, რომ რუსი მზვერავი ქართველს განესახიერებინა. ამ უარმა ლიოზნოვასა და გომიაშვილის რომანიც შეიწირა.

ეკა შავლაძე
მანანა
23 მაისი 2017 22:13
გაიხარეთ, ძალიან საინტერესოა
pavle
03 აპრილი 2016 13:41
გმადლობთ ქალბატონო ეკა ამ შესანიშნავი მასალისათვის. აი ასეთი წერილები უნდა ბევრი იბეჭდებოდეს, რომ რაღაც ახალი, დადებითი შევიძინოთ.
kato
13 აპრილი 2015 23:13
ვა ამ კაცზე ადრე რუსეთზე ვუყურე ბედის ირონიის გადაღებებს ეხებოდა არ ვიცოდი აქ დაბადეული თუ იყო და მისი რომანსები რომლიც ასე მომწონს,ხო გამიგია რომ ერევნელი სომხები აქაურ სომხებს მეორე ხარისხოვან სომხებად თვლიან, ვაი მაგათ პატრონს მაგათ კუდაბზიკობას ხომ საზღვარი არ ააქვს და ეხლა 2 დღის წინ წინა საუკუნეში გადახვეწილი კარდაშინებს რამის იმხელა უკანალი დაუკოცნეს რახან სომხური წარმოშობისაა რომელმაც გრამი სომხური არ იცის და ეს გენია კაცი წესიერად არც მიირეს.

რედაქტორის რჩევით