"ამ ყველაფრის უკან ჯოზეფ ქეი დგას" - 2 000 კაცი უმუშევარი დარჩება?! - კვირის პალიტრა

"ამ ყველაფრის უკან ჯოზეფ ქეი დგას" - 2 000 კაცი უმუშევარი დარჩება?!

"ამ ყველაფრის უკან ჯოზეფ ქეი დგას. ეჭვებს კი ის ამძაფრებს, რომ ეთერ მთვრალაშვილი ჯოზეფ ქეის ბუღალტერი გახლდათ(?!)"

უსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებული 2000-ზე მეტი კაცი, შესაძლოა,  უმუშევარი დარჩეს. ქარხნის გენერალური დირექტორი ნუგზარ კაჩუხაშვილი ამის მიზეზად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიიჩნევს. შეგახსენებთ, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა კორპორაცია "ქართული ფოლადის" საკუთრება 2005 წელს გახდა, ის ბადრი პატარკაციშვილმა 36 მილიონ დოლარად შეიძინა. მისი გარდაცვალების შემდეგ ქარხანა ჯოზეფ ქეის მფლობელობაში გადავიდა. 2011 წელს პატარკაციშვილებმა ქარხანა დაიბრუნეს, თუმცა, ახლა მას დახურვა ემუქრება.

გია გვილავა, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" პროექტების მენეჯერი: - 2011 წელს ხელისუფლებამ პატარკაციშვილის ოჯახისთვის წართმეული რამდენიმე მილიონის ღირებულების ქონების დაბრუნების ვალდებულება აიღო და დაიწყო აქტივების ოჯახისთვის დაბრუნება. 2011 წელს "ქართულმა ფოლადმა" საწარმო გადაიბარა, მაგრამ საწარმოს კრედიტორების 82 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება ჰქონდა. დამტკიცდა რეაბილიტაციის გეგმა და "ქართული ფოლადის" საკუთრებაში არსებული აქტივები: მეტალურგიული ქარხანა, მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები და მოძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა შპს "რუსთავის ფოლადს", რომელიც პატარკაციშვილების კომპანიაა. ნაყარი წიდა და ნაცარი შეიძინა შპს "რუსთავის ინდუსტრიულმა ჯგუფმა", რომელიც ასევე პატარკაციშვილებს ეკუთვნის. ამ უკანასკნელმა კი ეს ქონება "რუსთავის ფოლადზე" გაასხვისა. 2013 წელს ჯოზეფ ქეისთან დაკავშირებულმა ჯგუფმა დაიწყო დავა პატარკაციშვილების საკუთრებაზე - მიზანი "ქართული ფოლადის" აქტივების გასხვისების ბათილად ცნობა და მეტალურგიულ ქარხანაზე ქეის საკუთრების დაწესება იყო. სამი სამართლებრივი დავიდან სამივე "რუსთავის ფოლადმა" პირველივე ინსტანციაში წააგო (ყველა დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა). მოსარჩელეები მიუთითებდნენ აქტივების ნასყიდობის გარიგების მოჩვენებითობაზე, რომ აქტივების რეალური ღირებულება აღემატებოდა ხელშეკრულებაში მითითებულ თანხას.

საბოლოოდ, ეს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ გააუქმა და მიიჩნია, რომ არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ამ ფაქტს.

ჯოზეფ ქეის მხარემ უზენაეს სასამართლოში დავა წააგო, მაგრამ ამის შემდეგ ჩნდება ვინმე ეთერ მთვრალაშვილი, რომელმაც შპს "მეტაკომის" (ეს კომპანია "ქართული ფოლადის" ერთ-ერთი კრედიტორი იყო) 4.553-ლარიანი საკრედიტო დავალიანება წარმოადგინა. მან ზუსტად სამი დღის შემდეგ სარჩელი აღძრა აქტივების ნასყიდობის (წიდისა და უძრავ-მოძრავი ქონების) ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ასე გახდა მთვრალაშვილი სს "ქართული ფოლადის" კრედიტორი. ეთერ მთვრალაშვილისთვის "ქართულ ფოლადს" 2019 წელს უნდა დაებრუნებინა 4.553 ლარი და 48 თეთრი, მაგრამ მან 2014 წელს იჩივლა, "ქართული ფოლადის" აქტივი სრულად გასხვისდა და საფრთხე ექმნება რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად ჩემი მოთხოვნის დაკმაყოფილებასო. მთვრალაშვილმა მოითხოვა, აკრძალვოდა შპს "რუსთავის ფოლადს" მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა; ანუ რასაც ქარხანა იყენებს წარმოებაში, მისი განკარგვა ვერ შესძლებოდა.

მოკლედ, სასამართლომ დააკმაყოფილა მთვრალაშვილის მოთხოვნა. მოსამართლე ქოჩიაშვილის ეს გადაწყვეტილება დიდ ეჭვებს ბადებს: გაუგებარია, რა რისკების დაზღვევას ცდილობდა მოსამართლე. მთვრალაშვილს "რუსთავის ფოლადმა"  შესთავაზა, რომ სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსებდა 4.553 ლარსა და 48 თეთრს, ან საერთოდ გაისტუმრებდა კრედიტორს. მოსამართლემ ეს საკითხი არც განიხილა და აკრძალვა დაადო კომპანიის ათეულობით მილიონად ღირებულ ქონებას. საბოლოოდ, სასამართლომ ბათილად ცნო სადავო ხელშეკრულებები (არადა, თავის დროზე, უზენაესმა სასამართლომ აღიარა ზუსტად იმავე სადავო ხელშეკრულებების კანონიერება და დავა პატარკაციშვილების სასარგებლოდ გადაწყვიტა(?!). უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება ქოჩიაშვილის გადაწყვეტილება - ეს აჩენს ეჭვს.

- რა ინტერესი ჰქონდა ეთერ მთვრალაშვილს?

- აშკარად იკვეთება ჯოზეფ ქეისთან ასოცირებული ჯგუფის მეტალურგიული ქარხნის დაუფლების ახალი მცდელობა. ასევე იკვეთება მოსამართლის ერთგვარი ინტერესიც, რაც, შესაძლოა, სისტემის შიგნით, მოსამართლეთა გარკვეულ ნაწილში არსებულ არაჯანსაღ მდგომარეობაზეც მიუთითებდეს. მთავარ პრობლემას ვხედავთ სასამართლოში, რომელიც არაადეკვატურ და არაპროპორციულ გადაწყვეტილებებს იღებს. ეს არ არის სახუმარო საქმე. ასეთ პატარა მოთხოვნაზე ამხელა შეზღუდვებს რომ აწესებ, ისმის კითხვა, რამე ინტერესი ხომ არ არის? იუსტიციის საბჭომ უნდა გადახედოს ამ საქმეს.

ნუგზარ კაჩუხაშვილი, ქარხნის აღმასრულებელი დირექტორი:

- გაუგებარია, მოსამართლე ქოჩიაშვილმა 4.553 ლარის გამო რატომ დაადო აკრძალვა ამდენი მილიონის ქონებას? მათ შორის - წიდასაყარს, საიდანაც ფოლადს ვადნობთ. ამის გამო იძულებული გავხდით, 360 კაცი შვებულებაში გაგვეშვა, ამას დაემატა საბადოს ხალხიც. მეტიც, თუ თვის ბოლომდე მუშაობა არ განახლდა, მაშინ 2 000 კაცი უმუშევარი დარჩება და ქარხანაც დაიხურება. და ეს ხდება 4.500 ლარის გამო! ჩვენ შევთავაზეთ მოსამართლეს, რომ ამ თანხას დავდებდით დეპოზიტზე, ან საერთოდ გავისტუმრებდით კრედიტორს, მაგრამ მოსამართლემ ჩვენი წინადადება არც განიხილა. ამის ნაცვლად, მთელ ქონებას დაადო აკრძალვა და ამდენი ხალხი უმუშევარი დარჩა. ამ ყველაფრის უკან ჯოზეფ ქეი დგას. ეჭვს ის ამძაფრებს, რომ ეს ქალბატონი ჯოზეფ ქეის ბუღალტერი გახლდათ(?!).

- არ გაასაჩივრეთ გადაწყვეტილება?

- გავასაჩივრეთ, ველოდებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. თუ ძალაში დარჩა, 2 000 კაცი ქუჩაში დარჩება და ქარხანაც დაიხურება. 82 მილიონი დაგვხვდა ვალად, დიდი ნაწილი უკვე გადახდილია. ნებაყოფლობით ვიხდიდით, ამიტომ გაუგებარია ქოჩიაშვილის გადაწყვეტილება.

კომენტარი ვთხოვეთ ეთერ მთვრალაშვილის ადვოკატ ირაკლი ყანდაშვილს, თუმცა, მან გვითხრა, რომ ჯერ სააპელაციო სასამართლოს ვერდიქტს დაელოდება.

თეა ხურცილავა