"საქართველოში არ ვიყავი, მაგრამ ,,კვირის პალიტრას" ინტერნეტით ვკითხულობდი..." - კვირის პალიტრა

"საქართველოში არ ვიყავი, მაგრამ ,,კვირის პალიტრას" ინტერნეტით ვკითხულობდი..."

მორიგი იღბლიანი მკითხველის გამოსავლენად სამგორის რაიონში ვიყავით. ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ,,კვირის პალიტრით" ხელში ახალგაზრდა გოგონა შევნიშნეთ. იღბლიან მკითხველს, რომელიც ბაღდათელი 23 წლის თამარ ჭრელაშვილი აღმოჩნდა, "პალიტრამედიის" სახელით გამომცემლობა ,,პალიტრა  L"-ის დიდი მხატვრების სერიიდან "პიკასო" გადავეცით.

თამარ ჭრელაშვილი: - ძალიან გამიხარდა, თქვენი გაზეთის იღბლიანი მკითხველი რომ აღმოვჩნდი. ხუთი წლისაც არ ვიყავი, უკრაინაში რომ წავედით საცხოვრებლად. ისე გავიდა რამდენიმე წელი, საქართველოში ვერ ჩამოვედით. მიუხედავად ამისა, ინტერნეტით აქტიურად ვეცნობოდი ქართულ პრესას, განსაკუთრებით, ,,კვირის პალიტრას". საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თქვენი გაზეთის საშუალებით ვიგებდი. სამი წელია რაც საქართველოში ჩამოვედი და მას შემდეგ თქვენი ერთგული მკითხველი გავხდი. ჩვენს სახლში დღემდე ინახება გაზეთის ძველი ნომრები. ბებია-ბაბუა "კვირის პალიტრის" აქტიური მკითხველები არიან.

- განსაკუთრებული რუბრიკა თუ გაქვს?

- კი, რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს ლელა ჯიყაშვილის სტატიები ხელოვნებაზე. შეიძლება ითქვას, რომ მისი აქტიური მკითხველი ვარ. მიყვარს ხელოვნება და მხატვრობა, ამიტომ თქვენმა საჩუქარმა ძალიან გამახარა. ჩემი ოჯახის სახელით, დიდი მადლობა გუნდს, რომელიც ჩვენს საყვარელ გაზეთს ქმნის.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 18 აპრილს "კვირის პალიტრის" პირველი ნომრის გამოსვლიდან 20 წელი სრულდება. საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, მესამე თვეა, ყოველ ორშაბათს, ქალაქის სხვადასხვა უბანში გავდივართ და სპეციალური პრიზით ვასაჩუქრებთ იმ იღბლიან მკითხველს, რომელიც პირველი შეგვხვდება "კვირის პალიტრით" ხელში.

თორნიკე ყაჯრიშვილი