ბედნიერებას ის მანიჭებს, რომ 9 ბიჭი დავამარცხე
30-03-2015
ბედნიერებას ის მანიჭებს, რომ 9 ბიჭი დავამარცხე
ბედნიერებას ის მანიჭებს, რომ 9 ბიჭი დავამარცხე

ანა ნაზღაიძე სულ ცოტა ხნის წინ, პროექტ "ეტალონის" გამარჯვებული გახდა შშმ პირებს შორის და ინტელექტუალურ შეჯიბრებაში მამრობითი სქესის 9 წარმომადგენელი დაამარცხა.
ეს ძალზე სასიხარულო ფაქტია და ვულოცავთ მას ამ წარმატებას. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მისი წარმატება მხოლოდ ამით სრულდება. როცა მან საკუთარი ცხოვრების სტილის შესახებ მიამბო, მისმა მრავალმხრივმა შესაძლებლობებმა და აქტიურობამ, სხვადასხვაგვარ საქმიანობაში ჩართულობამ და ნიჭიერებამ, ნამდვილად გამაოცა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ
ე.წ. შშმ პირებს შესაძლოა, ბევრად მეტი შესაძლებლობები ჰქონდეთ და ისინი საზოგადოების ისეთივე სრულფასოვანი წევრები არიან, როგორც ნებისმიერი სხვა. თავისი შემართებითა და რწმენით ანა ბევრს მისცემს სტიმულს, უკეთ წარმოაჩინონ თავი და საზოგადოებაში საკუთარი ადგილი ღირსეულად დაიმკვიდრონ.


ანა ნაზღაიძე:
- სიმართლე გითხრა, ისეთ პროექტებში მონაწილეობა, სადაც შეჯიბრება
ინტელექტში და მოგება შენს ცოდნაზეა დამოკიდებული, არ მხიბლავს, გამომდინარე იქიდან, რომ თუ სწორად ვერ ვუპასუხე, თავს ცუდად ვგრძნობ. აქამდე არც არასდროს მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ისე მოხდა, რომ სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა - ბატონმა ნუგზარმა დამირეკა და შემომთავაზა, სურვილი გვაქვს, პარასპორტსმენებმა "ეტალონში" მიიღონ მონაწილეობაო. ბევრი ვიფიქრე და ვიჭოჭმანე, მაგრამ ამ ადამიანს ძალიან დიდ პატივს ვცემ, უარი ვერ ვაკადრე და "იძულებული გავხდი", წავსულიყავი. როცა გოჩა ტყეშელაშვილს შევხვდი, ბევრი ვიწუწუნე, ეგებ, სიაში არ ჩამსვათ-მეთქი, მაგრამ გოჩამ ხაზგასმით მითხრა, სულ ბიჭები არიან, ერთადერთი გოგონა ხარ და გამორიცხულიაო. მოკლედ, დავთანხმდი.

- თამაშის დროს ღელავდი?

GzaPress- სხვათა შორის, "ერთსულოვნებაზე" ყოველ პარასკევს, პირადაპირ "ეთერში" გადაცემა მიმყავს შშმ პირებთან დაკავშირებულ თემებზე. ჩემი პირველი ინტერვიუც პირდაპირ "ეთერში" გავიდა და აქედან გამომდინარე, კამერის კომპლექსი მაინცდამაინც არა მაქვს. თუმცა, ხელმეორედ რომ ვუყურე, ჩემს თავზე გავბრაზდი, ისეთ შეკითხვებს ვერ ვუპასუხე, რომელიც ალბათ მეხუთე კლასელმაც კი იცის და მეც ვიცოდი, მაგრამ ეტყობა, დავიბენი. ალბათ, იმანაც დამაკომპლექსა, რომ მონაწილე ვიყავი და არა - წამყვანი. უკეთაც შემეძლო მეთამაშა, თუმცა, მთავარი მონაწილეობა იყო და უფრო მეტ ბედნიერებას ის მანიჭებს, რომ 9 ბიჭი დავამარცხე (იცინის). ვხუმრობდი, ფიზიკურად არც ერთ ბიჭს არ შევეჯიბრები, გონებრივად კი - ნებისმიერს, ნებისმიერ საკითხსა და საქმეში-მეთქი. გამარჯვება, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა!

- რა პრიზები გადმოგცეს, როგორც გამარჯვებულს?
- თამაში, როგორც უკვე გითხარით, კომპანია "ნიკორას" ინიციატივითა და მხარდაჭერით ჩატარდა და ბუნებრივია, მონაწლეებს საჩუქრებიც გადმოგვცა. კომპიუტერის მაგიდები, რაც წინ გვედგა და 50-ლარიანი "ნიკორა სუპერმარკეტის" სასაჩუქრე ბარათი, რომლითაც "ნიკორას" ნებისმიერ მაღაზიაში სასურველ პროდუქტს შევიძენ. ასევე სხვადასხვა კომპანიამ ტელეფონი, პლანშეტი გადმოგვცა. "კულამ" წვენები გვაჩუქა, პოლიციის აკადემიამ - "საქართველოს ისტორიის" ხუთტომეული, ყვავილები და ა.შ. ყველა მირეკავდა და მილოცავდა, ძალიან გაუხარდათ, "ეტალონში" რომ გავიმარჯვე და ჩემით ამაყობენ, მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ რამე განსაკუთრებული გავაკეთე.

- ანა, როგორც ვიცი, საკმაოდ აქტიურად ხარ ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გვიამბე, რას საქმიანობ?
- ტელევიზიის გარდა, ტაქსების კომპანიაში, ოპერატორად ვმუშაობ. "ერთსულოვნებაში" პარასკევს უკვე მეცხრე გადაცემა მქონდა. იქ სრულიად შემთხვევით მოვხვდი, მანამდე რამდენჯერმე რესპონდენტი ვიყავი და მერე, შემომთავაზეს, ჩვენთან გადაცემის წაყვანას ხომ არ ისურვებდიო. დავფიქრდი, იდეა მომეწონა, ზუსტად ის თემაა, რაც მაინტერესებს. სამწუხაროდ, ტელევიზიის უსახსრობის გამო ჯერჯერობით უხელფასოდ ვმუშაობ, მაგრამ კმაყოფილი ვარ, რომ იმ კოლექტივთან მაქვს ურთიერთობა. 15 წლისა ჟურნალ "კოქტეილში" ვმუშაობდი, მერე კი "სტუდენტურ პაემანში". ახლა, უკვე ერთი თვეა, "განსაკუთრებული ჟურნალის" კორესპონდენტიც ვარ; 2013 წლიდან ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია მაქვს, რომელიც რეორგანიზაციის პროცესშია და ჯერჯერობით, გაჩერებული ვარ, - შშმ პირთა საკითხებზე ვმუშაობ. ასევე, პარამოცეკვავე ვარ, პარაცეკვების ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. გარდა ამისა, სერტიფიცირებული ტრენერი გახლავართ და სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ტრენინგებს ვატარებ შშმ პირთა საკითხებზე. არსებობს ილია მართლის სახელობის პროზა-პოეზიის პრემია "ივერია" და ამ პროექტის წამყვანიც ვარ. ბისერებითაც ვხატავ, ხატწერასაც ვსწავლობ და სკვნილებს ვაკეთებ ხოლმე. მოკლედ, ბევრ რამეში ვარ "გახლართული" და დრო ისე მაქვს გადანაწილებული, დასვენებასაც ვასწრებ და მეგობრებთან ერთად გართობასაც.

თამთა დადეშელი
keti
30 მარტი 2015 12:52
Ana, gilocav! Zalian gamixarda sheni ambavi. Mixaria, Rom aseti aqtiuri cxovrebit cxovrob. Gmertma didi zala mogces, gagaxaros da gabednieros! Shen sheizleba arc gaxsovde, me Keti Laliashvili var, eri periodi ert klasshic vscavlobdit saguramos sashualo skolashi:) mashinac zalian aqtiuri ikavi mxolod im gansxvavebit, Rom chvensavit darbodi da axtajanobdi kvelgan:) mere sheni ambavi gavige da zalian meckina. Tumca, rogorc vxedav, daamtkice, Rom shezguduli shesazleblobebi ar araebobs. Gaixare, gilocav da gmertma sul cin gataros!

რედაქტორის რჩევით