"მანქანასაც ვმართავ და ვნადირობ კიდეც" - შესაძლებლობები შეუზღუდავია! - კვირის პალიტრა

"მანქანასაც ვმართავ და ვნადირობ კიდეც" - შესაძლებლობები შეუზღუდავია!

"მხოლოდ ერთ რამეს ვთხოვ ჩვენს ხელისუფლებას: იქნებ ხალხს მეტი ყურადღება მიაქციოთ!"

"რა ვქნა, არ მასვენებს გამჩენი"

ბევრს ალბათ ვერც წარმოუდგენია, თუ ეტლს სამუდამოდ მიჯაჭვული ადამიანი დამოუკიდებლად ახერხებს ავტომობილის მართვას და მკლავჭიდში, მარათონსა თუ სხვა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას, თევზაობას, ნადირობასა და ლექსების წერას... სულიკო ჯამალაშვილის ცხოვრება იმის დასტურია, რომ ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არა აქვს. "კვირის პალიტრის" ერთგული მკითხველი საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდიდან რედაქციაში გვეწვია.

- 25 წლისა ვიყავი, როცა ავტოავარიაში მოვყევი და ფეხები დავკარგე. ზურგის ტვინი მქონდა დაზიანებული, რასაც დროულად ვერავინ მიხვდა. 51 წლის კაცი ვარ და ახლაც მიმძიმს ამაზე საუბარი.

პირველი გამოწვევა საკუთარ თავთან ის იყო, რომ ავტომობილი შევიძინე, ფეხის პედლები ხელისთვის მოსახმარად გადავაკეთე და მას შემდეგ დავქრივარ.

მოკლედ, არ მასვენებს გამჩენი.

ინვალიდობამდე ძალიან მოუსვენარი და ცელქი ვიყავი. სულ ბზრიალ-ტრიალის გამო სოფლელებმა "ჩიკორა" შემარქვეს. ფეხბურთი მიყვარდა, ბურთთან ერთად ვათენებდი და ვაღამებდი. "ლელო" ჩემი საყვარელი გაზეთი იყო და არის.

ერთხელ ადგილობრივი გაზეთი გადავშალე და სპორტულ რუბრიკას დავუწყე ძებნა, ვერსად ვიპოვე. სამაგიეროდ, ლექსებს წავაწყდი. რომ წავიკითხე, როგორც ჩვენთან იტყვიან, მკლავზე "ეკალმა აუშვა"... ამის მერე პოეზია შემიყვარდა. საპატრიარქოს მხარდაჭერით ჩვენს რაიონში ხშირად იმართება პოეზიის საღამოები, სადაც მიწვევენ და ლექსებს მაკითხებენ.

- როგორც ვიცი, სპორტით ისევ ძალიან ხართ გატაცებული...

- სპორტი რომ არა, ცოცხალი არ ვიქნებოდი. ყირიმში, ინვალიდთა სარეაბილიტაციო ცენტრში დავდიოდი. ერთხელ იქ ყოფნისას დედას ვთხოვე, წყალი მომაწოდე-მეთქი და ექიმმა ნება არ დართო. "თვითონ დაისხას წყალი!" - უთხრა მან დედაჩემს. მაშინ გავიცანი ბიჭები, რომლებიც ეტლს იყვნენ მიჯაჭვული და ხელის განძრევა არ უნდოდათ, უმრავლესობა ცოცხალი აღარ არის. უმოქმედობა სისხლის მოძრაობას აფერხებს, რაც სხვადასხვა დაავადებას იწვევს...

ყირიმში ინვალიდებისთვის საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადა ჩატარდა სისწრაფეში. მესამე ადგილი ავიღე. საბჭოური ეტლი რომ არა, უკეთესი შედეგის მიღწევას შევძლებდი. წლების წინ კიევში ჩატარებულ მარათონშიც ამან შემიშალა ხელი, სხვები გერმანული ეტლებით მონაწილეობდნენ. მერე თბილისშიც მოეწყო შეჯიბრება მკლავჭიდში, 80 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოვედი და მეორე ადგილზე გავედი. ტალინში გამართულ მარათონშიც მაქვს მონაწილეობა მიღებული.

- სხვა გატაცებების შესახებ რას გვეტყვით?

- ვენახში ფუსფუსი მიყვარს - გასხვლა, გაფურჩნა და ეგეთი რაღაცები. გასაკეთებელი რომც არაფერი იყოს, ვენახს ერთს მაინც შემოვუვლი ხოლმე. ძალიან მიყვარს თევზაობაც და ნადირობაც.

- ნადირობას როგორ ახერხებთ?

- თოფის სროლა და მიზანში ამოღება თუ შეგიძლია, რა პრობლემაა? კურდღელი მომიკლავს-მეთქი, ვერ ვიტყვი, ჩხართვისა ან ქორისთვის კი მისვრია. ისე კი, როცა სანადიროდ მივდივართ,  მაყურებლის როლშიც მომწონს ყოფნა.

- ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად აქციებში მონაწილეობდით.

- "ოცნების" მხარდასაჭერად საგარეჯოდან თელავში ეტლით ჩავედი. ეს დაახლოებით 110-115 კმ-ია, მსვლელობა დილით ადრე დავიწყე, ღამით ერთ-ერთ ოჯახში დავბინავდი, მეორე დღეს კი გზა განვაგრძე და თელავში ჩავედი.

- ივანიშვილს პირადად შეხვდით?

- არ მინდოდა, ვინმეს ეფიქრა, ამ კაცმა ამხელა გზა იმისთვის გამოიარა, რომ ივანიშვილს შეხვედროდაო, ამიტომ ვამჯობინე, არ გამოვჩენილიყავი. თუმცა, ახლა კი დამცინიან, ნეტავ, რისთვის ან ვისთვის იწვალეო... გამგეობაში წამყვან თანამდებობებზე ისევ ყოფილი "ნაციონალები" სხედან. არიან ისეთებიც, ვისაც ორი წიგნი არ წაუკითხავთ. ჰოდა, რაღა გასაკვირია, რომ სოფლისთვის ბევრი რამ არ კეთდება... მხოლოდ ერთ რამეს ვთხოვ ჩვენს ხელისუფლებას: იქნებ ხალხს მეტი ყურადღება მიაქციოთ!

- ე.ი. პოლიტიკურად აღარ აქტიურობთ?

- არა. ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაცია მაქვს გახსნილი, რომლის სლოგანია: "სიცოცხლე გწყურია? ბრძოლაა საჭირო!" ვატარებთ ღონისძიებებს. კარგი იქნებოდა, ორგანიზაციას საკუთარი სახსრები რომ ჰქონდეს, თორემ სულ დახმარების იმედად ვერ ვიქნებით.

ეკონომიკის სამინისტროს მივმართეთ, გვინდა 8 ჰექტარი მიწა მოგვცენ, ვაზს ჩავყრით და მოსავალს გავყიდით. ამგვარად ინვალიდებს ფული გაგვიჩნდება, ერთმანეთს დავეხმარებით, მედიკამენტებს შევიძენთ, ექსკურსიებსა და სხვა ღონისძიებებს მოვაწყობთ.

მოკლედ, ერთობლივი საქმიანობით დავამტკიცებთ, რომ ჩვენც საჭირონი ვართ, ჩვენც რაღაცის გაკეთება შეგვიძლია, თორემ სულ თუ ხელგაწვდილი ვიქნებით, მარტო საკუთარ თავს კი არა, სხვასაც თავს მოვაბეზრებთ. ჩვენ კი სიცოცხლე გვწყურია!