"კვირის პალიტრა" გიყვართ, რადგან მასაც უყვარხართ!"
06-04-2015
"კვირის პალიტრა" გიყვართ, რადგან მასაც უყვარხართ!"
...20 წლის შემდეგ!..

"კვირის პალიტრა" ჩვენი სახლია

"დღეს თუ ამ გაზეთის ჟურნალისტი ვარ, იმის "ბრალიც" არის, რომ ჩემს სიტყვას აქ არასდროს არავინ ზღუდავდა
"

1995 წლის გაზაფხულზე, ზუსტად 20  წლის წინ, 18 აპრილს, ქართულ საინფორმ­აციო სივრცეში დაიბადა ახალი, სიტყვის მთქმელი გაზეთი“"კვირის პალიტრა",”რომელიც ქართული თუ უც­ხ­ოური გამოცემებიდან მთელი კვირის ამბე­ბ­ის დაიჯესტს სთავაზობდა მკითხველს.  მკითხველის აქტიურობამ, ინტერესმა და ერთგ­ულებამ აუცილებელი გახადა, რომ "კვირის პალიტრას" ქვეყნის საინფორმაციო პალი­ტრაში საკუთარი ფერი დაემატებინა და ნელ-ნელა დაიჯესტი
ინდივიდუალურმა სიტყვამ, მყარ არგუმენტებზე დაყრდნობით მოძიებულმა ინფორმაციამ და ჟურნალისტთა დამოუკიდებელმა გუნდმა შეცვლა. ასე გახდა "კვირის პალიტრა" ყველაზე პოპულარული და მაღალტირაჟიანი გაზეთი, რომელსაც დღემდე ყველაზე­ გემოვნებიანი მკითხველი ჰყავს.­ მოგვიანებით, სიტყვას, ხმოვანი და საეთერო პალიტრაც დაემატა და ის, რაც 20 წლის წინ გაზეთის სახით დაიწყო, ერთ დიდ
ჰოლდინგად იქცა. "პალიტრამედიაში" ყველა ფერია!



"კვირის პალიტრის" ამბავი აკურის ქუჩაზე დაიწყო, ერთ პატარა ოთახში, სადაც სწამდათ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, თუ პროფესიონალიზმისა და დაუზარელი შრომის შედეგის მისაღებად ერთად იბრძოლებდნენ... როგორც ოჯახი! შედეგი სახეზეა, თუმცა, მიღწეულს ახალი მიზნები ცვლის, ჩვენ კვლავ ვიმარჯვებთ!
ახლა სხვა მისამართზე ვცხოვრობთ. ერთ ოთახში დაწყებული საქმე ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა...

მკითხველი უკვე 20 წელია ეცნობა და აფასებს ჩვენს გაზეთს, რომელსაც ყოველ ორშა­ბა­თს­­ ვთავაზობთ, თუმცა, მისთვის უცნო­ბია, რა აკავშირებს ერთმანეთსა და "კვ­ი­რის პალიტრასთან" თითოეულ პალი­ტრელს. "პალიტრიდან" წასულები, უმეტესად, უკან ბრუნდებიან. თუნდაც ისე, როგორც მთავარი რედაქტორის ერთ-ერთი­ მოადგილე, ნათია გორდელაძე. 20 წლის წინ ისიც მათ შორის იყო, ვინც ციცქნა­ ოთახში მომავლის გაზეთს ქმნიდა. შემდეგ სხვა სამსახურში წავიდა. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ მიხვდა, რომ გული ისევ "პალიტრაში" მოუწევდა. იქ, სადაც დიდი ოჯახია.

ნათია გორდელაძე, მთავარი რედაქტორის მოადგილე: - უცნაურია, თითქოს რაღაც ვაქცინა გვაქვს გაკეთებული, რომელმაც ჩვენი­ იმუნური სისტემა მხოლოდ "კვირის პალიტრაში" მუშაობისთვის მომართა. თითქოს "პალიტრა" რეზუს-დადებითი, განსაკუთრებული ჯგუფის სისხლია და ყველა პალიტრელს ეს სისხლი უდუღს ძარღვებში. 20 წლის წინ, როდესაც აკურის ქუჩაზე ჯერ კიდევ პატარა გუნდს შემოვუერთდი, დამხვდა საოცრად თბილი ოჯახი. რედაქციაში სულ ფუსფუსი და შემოქმედებითი დუღილი იყო. მიზნისკენ­ შეუპოვარმა სწრაფვამ ეს პატარა გუნდი ამხელა ჰოლდინგად აქცია... წლების შემდეგ სიამოვნებით დავბრუნდი უკან, თუმცა, ახალ მისამართზე - იოსებიძIის 49-ში და ახლა ისეთი­ განცდა მაქვს, თითქოს "პალიტრის" გარეშე ერთი დღეც არ გამიტარებია. საოცარი კი ის არის, რომ აკურის ქუჩასაც ვერ შეველიე და ძველი "პალიტრის" გვერდით ბინა შევიძIინე. ახლა ორი მისამართი მაქვს და ორივეს ჩემი ოჯახი ჰქვია.

ბოლო დროს, როდესაც "ჩვენი ეპოქის" ხუთტომეული, საგაზეთო სტატიებად აკინძული ქვეყნის 20 წლის მატიანე გამოვეცით, უფრო შესამჩნევი გახდა, რომ პირველი­ ნომრიდან დღემდე გაზეთს სიყვარული და სითბო ატრიალებს - სიყვარული საქმისა და ერთმანეთის მიმართ...

ლია იაკობაშვილი მთავარი რედაქტორის მოადგილე:
- შეუძლებელია, "კვირის პალიტრა" სიყვარულის გარეშე, რადგან მას პირველი დღეებიდან სათავეში ჰყავდა არა მხოლოდ მთავარი რედაქტორი, არამედ დედა, ქალბატონი ლალი გუნთაიშვილი.

ბოლო პერიოდში, როდესაც შეუძლოდ იყო და რედაქციაში სიარული აღარ შეეძლო, მასთან შინ მისვლა და მასალების მასთან ერთად განხილვა მიწევდა. იმ პერიოდში დედაჩემიც შეუძლოდ იყო, საავადმყოფოში იწვა. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ლალი ძალიან ცუდად გრძნობდა თავს, არ ავიწყდებოდა, მოვეკითხე, თუ ვერ მივიდოდი, დამირეკავდა და მეკითხებოდა, დედა როგორ არის, ხომ არაფერი გჭირდებაო? მისი სიტყვები გულს მითბობდა, ისევე როგორც ღიმილი, რომელიც ერთდროულად გამოსჭვიოდა ხოლმე თვალებში და სახეზე, როდესაც სტატიები მოეწონებოდა. შეგაქებდა, მოგეფერებოდა. მე ახალი ვიყავი "პალიტრის" გუნდში. ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი ჩემთვის ქალბატონი ლალის დამოკიდებულება. თუმცა, მალევე მივხვდი, რომ მისთვის ახალი და ძველი არ არსებობდა, მისთვის ყველა ერთი იყო. ყველას დედა იყო...

გარდა იმისა, რომ ორშაბათს ლია და ნათია ერთნაირად დაღლილ-დაქანცულები­ არიან და მომავალი გაზეთისთვის ძალას­ იკრებენ, ყურადღებით აკვირდებიან ქუჩაში მოსიარულეებს, რომლებსაც "კვირის პალიტრის" ახალი ნომერი ჩაუბღუჯავთ, ან ვერ ითმენენ და გზაშივე კითხულობენ. "თითქოს დაღლილობა მეხსნება მათ დანახვაზე. მიხარია, რომ გაზეთს, რომელსაც მთელი კვირა რუდუნებით ვქმნიდით, ელოდნენ საორშაბათოდ", - ამბობს ლია.
"კვირის პალიტრის" ახალი თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელს, გამომშვებ რედაქტორ გიორგი კვიტაშვილს ოდესღაც როგორც მკითხველს შეჰყვარებია გაზეთი და ვერ წარმოედგინა, რომ წლების შემდეგ თვითონვე­ მოუწევდა იმ უზარმაზარი პასუხისმგებლობის გაზიარება, რომლითაც გაზეთი მეოცე წელია, იქმნება.

გიორგი კვიტაშვილი, გამომშვები რედაქტორი: - სხვადასხვა გაზეთში ვმუშაობდი და რამდენჯერმე დავაპირე "კვირის პალიტრაში" მოსვლა, თუმცა, ხან რა მიშლიდა ხელს, ხან - რა... 2011 წელს კონკურსში მივიღე მონაწილეობა. ასე გავხდი პალიტრელი.

"კვირის პალიტრა" ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, იყო გაზეთი, რომელსაც სული ჰქონდა.
გელაპარაკებოდა ყველა საკითხზე, რაც ქვეყანას, საზოგადოებას აწუხებდა, შენთვის გასაგები ენით, ობიექტურად, ამომწურავად. ახლა უკვე პალიტრელის პოზიციიდან ვცდილობ, ეს სული არ დაიკარგოს, შენარჩუნდეს. კარგად მაქვს გაცნობიერებული, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა ათიათასობით მკითხველთან. "კვირის პალიტრა" ერთი ოჯახივით არის და თითოეული თანამშრომელი გაზეთს თავის ნაწილად მიიჩნევს.
სწორედ ასეთი დამოკიდებულება ქმნის იმ საოცარ სულს, რომელმაც რედაქციაში მოსვლამდეც პალიტრელი“გამხადა.

წლების წინ, "პალიტრამედიის" სხვადასხვა გამოცემებში, "გზასა" და "რეიტინგში", თანამშრომლობა დაიწყეს ჟურნალისტებმა თორნიკე ყაჯრიშვილმა­ და სალომე გოგოხიამ, თუმცა, შემდეგ მათი და„"პალიტრამედიის" გზები გაიყარა. დღეს კი ისინი ისევ "კვირის პალიტრის" დიდი ოჯახის წევრები არიან.

თორნიკე ყაჯრიშვილი: - "პალიტრაში" უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე ბიოლოგიური ოჯახის წევრებთან. ეს არის ადგილი, სადაც მოსვლა მომიხარია. როგორც ჟურნალისტისთვის, რესპონდენტებთან ურთიერთობისას თვალში საცემია, რომ ყველა იცნობს გაზეთს, რომელსაც მეც წარმოვადგენ. სხვა გამოცემებშიც ხომ ვმუშაობდი, მაგრამ ძალიან იშვიათად მახსოვს მკითხველის გამოხმაურება, "კვირის პალიტრაში" კი უამრავი გამოხმაურება მომდის საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. წერილების წაკითხვისას ვგრძნობ, რომ ტყუილად არ ვიხარჯები და საქმეს უფრო დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. 

სალომე გოგოხია: - ათი წლის შემდეგ ოცნება ამიხდა და ამ გაზეთში დავიწყე მუშაობა. ძალიან მომწონს აქაური ადამიანური ურთიერთობები.
აქ არავინ არის შენი კონკურენტი, აქ არავის აქვს პირადი ინტერესები, ყველა ერთიანი "სხეულის" - გაზეთის შესაქმნელად შრომობს, რაც სამაგალითოა ახალი პალიტრელებისთვის და გვიბიძგებს, მსგავსი ურთიერთობები განვაგრძოთ".

რუსუდან შელია
ჯერ მხოლოდ სამი თვეა, რაც გაზეთში მუშაობს, თუმცა, ჰგონია რომ დაბადებით“პალიტრელია: "მეამაყება, რომ მათ შორის ვარ, ვინც 20 წლის განმავლობაში მაღალი სტანდარტების მქონე გაზეთს ქმნიდა. ძველი თაობისგან, რომელმაც შექმნა "კვირის პალიტრის" უძლიერესი საფუძველი, უამრავ რამეს ვსწავლობ. ქალბატონი ნუცა დუმბაძე, რომელიც წლების განმავლობაში ამ გაზეთის რედაქტორი იყო, ხშირად ჩვენს ოთახში მუშაობდა "ჩვენი ეპოქისთვის" მასალების შესარჩევად. გამიმართლა, რომ მასთან  ხშირად მიხდება შეხვედრა. ვიღებ უამრავ რჩევას და ვსწავლობ იმას, რის მისახვედრადაც, ალბათ, მთელი ცხოვრება დამჭირდებოდა. ბედნიერებაა, როდესაც ასეთი გამოცდილი ადამიანების გვერდით გიწევს ყოფნა.  

ნათია დოლიძე: "კვირის პალიტრამ" ძალიან კარგი ადამიანები შემძინა რესპონდენტებისა და თანაგუნდელების სახით. ამ რედაქციაში იმდენად კარგი ენერგეტიკაა, რომ თითქოს საუკეთესო ადამიანებს იზიდავს. ყველაზე მთავარი, რაც ამ გაზეთსა და სრულიად ჰოლდინგს ახასიათებს, არის ის, რომ აქ შეუზღუდავი ხარ როგორც ჟურნალისტი. აქ არავინ გიკრძალავს ან გიბრძანებს წერას ვინმეს ინტერესების შესაბამისად ან პირიქით".  

რატი შელეგია "კვირის პალიტრის" შუა თაობას წარმოადგენს, თუმცა, ისევე, როგორ ც„პალიტრელთა აბსოლუტური უმრავლესობა, აცხადებს, "ბავშვობიდან აქა ვზივარო".“\ოდესღაც ერთმა ყოფილმა (თუმცა, ყოფილი პირობითი სიტყვაა) პალიტრელმა, ზვიად სეხნიაშვილმა, შესთავაზა, მოდი, სპორტში დაწერეო...

რატი შელეგია: "დავწერე და მას მერე ვწერ. "ისევ მანდ ხარ?" - მეკითხებიან ხოლმე მეგობრები. დიახ, აქედან შეიძლება წასვლა? აქ ყველაფერია იმისათვის, რომ გაიზარდო და მართლა შეგეძლოს მკითხველის მაჯისცემის კონტროლი. ამასთან, საოცარ კომფორტს ვგრძნობ რესპონდენტებთან ურთიერთობისას. ისინი არასდროს ამბობენ უარს "კვირის პალიტრასთან" კომენტარზე, ინტერვიუზე. რატომ? ვიცით, რასაც ვიტყვით, გაზეთშიც ის დაგვხვდებაო".

რამდენიმე წლის წინ ჩვენმა გუნდელმა,­ მარინა ბაბუნაშვილმა, ჟურნალისტთა "ძველ გვარდიას" ჩამოგვიარა და გვთხოვა­, ერთი წინადადებით გვეთქვა, რას ნიშნავს­ ჩვენთვის "კვირის პალიტრა". არაფერი შეცვლილა - ისინი, ვინც კვლავ აქ ვართ, ვინც წავიდა, მაგრამ სულით მაინც აქ არის, აი, ასე ვფიქრობთ­ კვლავაც:

მერაბ მეტრეველი: "მე ვფიქრობ, თქვენ?"
ირაკლი ალადაშვილი: "კვირის პალიტრა" ჩემი არსენალია!"”
მარინა ბაბუნაშვილი: "ცხოვრება "კვირის პალიტრასთან" ერთად კიდევ უფრო მშვენიერია..."
ეკა ასათიანი: "სიმართლე 110-იანში!"
ეკა ლომიძე: "კვირის პალიტრა" ჩემი სახლია!"
სულხან ნამჩევაძე, გელა კორძაძე: "ვიცინით, მაშასადამე, ვარსებობთ!"
დაჩი გრძელიშვილი: "პალიტრა" ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე გაზეთი, რადგან სიმართლე უმთავრესია..."”
იზო რიკაძე: "კვირის პალიტრა" ჩემი მშობლიური კერაა, ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ!"”
ხათუნა პაიჭაძე: "ცას - კიბე, ზღვას - ხიდი, ქვეყანას - სამართალი, "კვირის პალიტრას" -– დღეგრძელობა!"”
ლელა ჯიყაშვილი: "კვირის პალიტრა" გიყვართ, რადგან მასაც უყვარხართ!"”
ეთერ ერაძე: "პალიტრა" მუდამ თქვენთან იქნება!"”
ნინო ბურჭულაძე: "კვირის პალიტრა" ყველაზე მაგარია, სხვა ვერსია არ განიხილება!"”
მათთვის, ვინც არ იცის, როგორ იწყებოდა ისტორია, სახელად "კვირის პალიტრა", კიდევ ერთხელ შევახსენებთ:

მთავარია - იდეა!


"კვირის პალიტრის" დამფუძნებლის, ირაკლი თევდორაშვილის, კაბინეტის კედელზე ჩარჩოში ჩასმული გაზეთის პირველი ნომერი კიდია. ახლა იგი წარმატების სიმბოლო უფროა, ვიდრე უბრალოდ ძველი გაზეთის პირველი ეგზემპლარი.

1995 წლის 18 აპრილამდე რამდენიმე თვით ადრე ირაკლის უცნაურობა შენიშნეს მეგობრებმა - ზაზა ბუაძემ და ავთო მდევაძემ, რომლებიც მასთან ერთად მუშაობდნენ. ირაკლის სამუშაო მაგიდასთან, კედელზე, უცხოური გაზეთის ამონაჭერი გაეკრა და დაჟინებით მისჩერებოდა. უცნაური მზერის მიზეზი რამდენიმე კვირის შემდეგაც რომ არ ახსნა, მეგობრები ფრთხილად ჩაეძიენ.

ირაკლი თევდორაშვილი: - მანამდე არაერთხელ გვილაპარაკია, რომ გაგვეკეთებინა საინტერესო პროექტი, ყველა გაზეთი ერთ გაზეთში. ვფიქრობდი, რომ ქართულ-უცხოური საინფორმაციო დაიჯესტი ყველაზე მიმზიდველი იქნებოდა მკითხველისთვის, რომელსაც მაშინ, უმძიმეს ეკონომიკურ პერიოდში, არც ბევრი გაზეთის ყიდვის თავი ჰქონდა და ალტერნატიულ საშუალებაზე, ინტერნეტზეც არ მიუწვდებოდა ხელი. რამდენიმეთვიანი ფიქრის შემდეგ დედაჩემს, ლალის (ლალი გუნთაიშვილი, "კვირის პალიტრის" პირველი მთავარი რედაქტორი) შევთავაზე, მის მეგ­ობრებთან ერთად დაგვეწყო გაზეთის გამოცემა. ლალიმ ერთხელ ხუმრობაში გამიტარა უარი, მეორედაც თავი შეიკავა, მაშინდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ეეჭვებოდა, რომ წარმატებას მივაღწევდით. მესამე თქმაზე დამთანხმდა.

ასე დავიწყეთ მთელი კვირის საინფორმაციო პალიტრის ერთ მოლბერტში, ყვითელ ქაღალდზე დაბეჭდილ გაზეთში მოთავსება. ასეთი ფერის ფურცელი მარკეტინგულად გათვლილი იყო, ვეცადეთ, გაზეთი შინაარსის გარდა, ვიზუალურადაც თვალში საცემი ყოფილიყო.

ამაში ხელი შეგვიწყო მაშინ საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილმა ყვითელმა ქაღალდმა. ყველა გაზეთი მოთეთრო ქაღალდზე იბეჭდებოდა, ამიტომაც სტენდზე ყვითელი ფერი უფრო გამოირჩეოდა. როდესაც ეს ქაღალდი გათავდა და მსგავსი ვერაფერი ვიშოვეთ, ყვითელი ქუდი, როგორც წარმატების სიმბოლო,­ დავტოვეთ. მოგვიანებით, ფერად ქაღალდზე გაზეთის დაბეჭდვას მიმბაძველები გამოუჩნდნენ, მაგრამ განვლილმა წლებმა ცხადყო, რომ მხოლოდ ქაღალდის ფერი ვერ განსაზღვრავს წარმატებას".

"ძველი გვარდია"

ამბობენ, ახლობელი და ნათესავი სამსახურში არ უნდა მიიყვანო, სიმკაცრეს ვერ გამოიჩენ და საქმეში პრობლემას შეგიქმნისო. ეს მითი "კვირის პალიტრის" შექმნის პირველსავე წელს გაცამტვერდა. აქ მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა დაიწყეს საქმე. ლალი გუნთაიშვილმა თავისი სამეგობრო დაიყენა გვერდით: ნუცა დუმბაძე, სალომე ნიკოლაიშვილი, ნანა ანტონოვა-ილურიძე, მანანა ჯანელიძე, თინა მარგველაშვილი... შემდეგ შემოემატნენ ლია შარვაშიძე, ხათუნა ჩიმაკაძე, მარინა ინანიშვილი და ნათელა ხოსიტაშვილი.

... და, მთავარი რედაქტორი, ანუ მთავარი მეგობარი


მეორე სართულზე, ჟურნალისტების ოთახის მოპირდაპირედ, მთავარი რედაქტორის, გიორგი თევდორაშვილის, კაბინეტია. იყო დრო, როდესაც ამ ოთახში გამოძახებაზე მეც და თითოეულ ჟურნალისტს ტანში­ გვცრიდა, რამე შეგვეშალა? ვფიქრ­ობდით, სანამ გამოძახების მიზეზს გავიგე­ბდით. ისე არ გაიგოთ, რომ ვინმე, მით უფრო გოგა, გვაიძულებდა, თავისი აზრი მოეხვია თავს. თუ დღემდე "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ვარ, იმის "ბრალიც" არის, რომ ჩემს სიტყვას არასდროს არავინ ზღუდავდა. გოგას ერთადერთი უმკაცრესი მოთხოვნა იყო და არის: სტატია მხოლოდ მას შემდეგ დავწეროთ, როდესაც დავრწმუნდებით, რომ ზურგს უკან მტკიცებულებების, არგუმენტების მთა გვიდგას. ყველა კამათი, ყველა დავა სწორედ არგუმენტების გამო იწყებოდა. ზოგჯერ ნაწყენიც დავრჩენილვარ იმის გამო, რომ ვერ გამიგო ან მეტისმეტად ბევრს ითხოვდა. ახლა, 15-წლიანი ერთად მუშაობის შემდეგ კი, ძალიან თამამად, ყოველგვარი მაამებლობის გარეშე შემიძლია დავიკვეხნო, რომ მე და ჩემს კოლეგებს, უბრალოდ, მთავარი რედაქტორი კი არა, მთავარი მეგობარი გვყავს, რომელიც არასდროს გეტყვის უარს დახმარებაზე და ასევე არასოდეს დახუჭავს თვალს ჩვენს ნაკლოვანებაზე. მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ ასე გაზეთს სჭირდება, არა, იმიტომ, რომ მეგობარი მეგობრის ნაკლოვანებაზე თვალს არ ხუჭავს. მხოლოდ ასეთი მეგობრობის საფუძველზე დამყარებული თანამშრომლობაა ხანგრძლივი, მარადიულიც. მხოლოდ ასეთი მეგობრობის საფუძველზე დამყარებული პარტნიორობის შედეგია ღირებული. 

გაუხუნარი ფერები

20 წლის იუბილეს უამრავი წარმატებით, მაგრამ ტკივილითაც ვხვდებით. ოჯახმა დაკარგა დედა, ლალი დეიდა, და სხვები: გიო ჯიბლაძე, ია ნაცვლიშვილი, ლია ჭეიშვილი, თენგო ჭეიშვილი, რამაზ ალანია, ავთო მდევაძე, ეთერ თარიმანაშვილი, მამუკა ხუციშვილი, დოდო თოფურია... მათ სხვადასხვა დროს დაგვტოვეს, მაგრამ "პალიტრაში" სამუდამოდ დარჩა მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი გაუხუნარი ფერები.

პირველი გიო იყო... მოსვლისთანავე მიიქცია ყურადღება კრივში ნავარჯიშები ხელებით და უზომოდ თბილი და მშვიდი მზერით. მერე თავისი სული ჩადო გაზეთის დიზაინის განახლებაში.
წარსულში დარჩა ეთერ თარიმანის უკეთილშობილესი სახე. ერთ დღეს, გაგანია მუშაობის დროს, უცებ რომ გაქრა ოთახიდან და კარგა ხნის შემდეგ გამოჩნდა, კოპწიად დავარცხნილ თმაზე თოვლის ფიფქები ეფინა, გარეთ ისე ლამაზად თოვსო, თქვა ღიმილით და ლექსი წაგვიკითხა.

მანამდე თენგომ დაგვტოვა. "კაცი ლამაზი ღიმილით", - ასე დაგვამახსოვრდა ჟურნალისტებს, ტექნიკურ პერსონალს კი - იდეებით. რაიონებში დადიოდა და გაზეთს ავრცელებდა, "კვირის პალიტრის" საფოსტო ყუთებიდან მკითხველის წერილები მოჰქონდა. ამიტომაც თენგო რაიონებში მკითხველისთვის რედაქტორიც იყო და ჟურნალისტიც. მას უმხელდნენ სატკივარს, უზიარებდნენ იდეებს და მერე თბილისში დაბრუნებული იხვეწებოდა, გავხსნათ რეგიონებში ჟურნალ-გაზეთების გამავრცელებელი სამსახური, ხალხს ინფორმაციის დეფიციტი კლავსო. როდესაც დაიღუპა, ჟურნალ-გაზეთებით მოვაჭრე ჯიხურებში გამყიდველებს მისი ჩარჩოიანი ფოტო ჰქონიათ ჩამოკიდებული.
მოგვიანებით დავკარგეთ ავთო,“იდეების გენერატორი. პირველ ნაბიჯებს რომ დგამდნენ, როგორც კი გაუჭირდებოდათ, ავთო მყისვე იტყოდა, მოდი, ჩემი ბინა გავყიდოთო. მაშინ საბანკო სესხები არ გაიცემოდა და ავთოს ბინას ბევრჯერ დაემუქრა ეს საფრთხე. მოგვიანებით ოცნებობდა, "კვირის პალიტრას" რელიგიური ჟურნალი გაეკეთებინა. ასე, მისი შეძახილით გაჩნდა მართლმადიდებლური "კარიბჭე" და კიდევ ბევრ ხორცშესხმულ იდეას დარჩა მისი სახელი.

ჩვენს ერთგულ მკითხველთან ერთად...

"კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორი გიორგი თევდორაშვილი:

"თავიდანვე მომეწონა ირაკლის იდეა, რომ ლალის გაეკეთებინა ეს გაზეთი. მაშინ ისეთ სამსახურებში ვმუშაობდი, რომ ოჯახურ ბიზნესში ჩართვის გარეშეც უამრავი საქმე მქონდა, ამიტომაც ერთხანს გარედან ვადევნებდი თვალს ჩემი ოჯახის შრომას.

ერთ დღესაც რედაქციაში მოსულმა აღმოვაჩინე, რომ ყველა დედაჩემის მეგობარი, ვის ხელშიც გავიზარდე და ვისი მოსმენაც ბავშვობიდან მიყვარდა, აქ იყო. ერთად თავშეყრილი ჩემი საყვარელი საზოგადოების ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ მათთან უფრო ხშირად ყოფნა მინდოდა. ასე გავხდი 1998 წელს ჯერ "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორის მოადგილე და საბოლოოდ, მთავარი რედაქტორი.

ლალის გულისხმიერი და თბილი მასალების, ნათარგმნი დაიჯესტისა და საავტორო მასალების საინტერესო ნაზავმა და დიზაინის პერმანენტულმა ცვლილებამ ახალ საფეხურზე აგვიყვანა. გაიზარდა ტირაჟი და შემოსავალიც, რამაც მოგვცა ქაღალდის გაუმჯობესების, ფერადი გვერდების დამატების, რეგიონებში ჟურნალისტების მივლინების, ახალი ტექნიკის ყიდვის საშუალება.

ასე დაიმკვიდრა "პალიტრამ" სახალხო გაზეთის იმიჯი. თუმცა, იყო დროც, როდესაც ჭორები დადიოდა, რომ თურმე სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას ვეკუთვნოდით,“ვიყავით” ყველასი: ედუარდ შევარდნაძის, ზურაბ ჟვანიასი, ასლან აბაშიძის, ნინო ბურჯანაძის, მიხეილ სააკაშვილის... ალბათ, ახლაც ფიქრობენ, რომ ვიღაცის „ვართ.“ ვერ ვიტყვი, რომ ეს არ მაწუხებდა, მაგრამ არც ძალიან განვიცდიდი, რადგან როდესაც სიმართლეს ემსახურები, ჭორების არ გეშინია. სიმართლე კი მალე იგრძნო ყველამ - ჩვენი გემი ყოველთვის მარტოს მიგვყავდა და ყინულსაც მარტონი ვჭრიდით, რა თქმა უნდა, ჩვენს ერთგულ მკითხველთან ერთად, ჩვენ ხომ გემოვნებიანი მკითხველი გვყავს.
მას მერე ბევრმა წელმა გაიარა და ჩვენც გავბევრდით, გავიზარდეთ, გავმრავალფეროვნდით... "პალიტრამედიაში" არსებული ორგანიზაციების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და ამიტომ, ვინმე რომ არ გამომრჩეს, ყველას დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის, რაც ჩვენ ყველამ ერთად გამოვიარეთ და გავივლით კიდევ მინიმუმ 120 წელიწადს!"

რედაქტორის რჩევით