"ჩემი ქმარი მთაწმინდაზე დახვრიტეს" - კვირის პალიტრა

"ჩემი ქმარი მთაწმინდაზე დახვრიტეს"

"საშინელებაა, ადამიანს კლავენ და წლების მანძილზე იმასაც ვერ არკვევ, რა მოხდა სინამდვილეში"

რეზო ბროძელი 23 წლის წინ მთაწმინდაზე დახვრიტეს. ოჯახმა მხოლოდ 40 დღის შემდეგ მიაგნო მორგში მის ჩონჩხადქცეულ გვამს.

1992 წლის 24 ივნისს თბილისში ხმა გავარდა, - ზვიად გამსახურდიას მომხრეები ტელევიზიის შენობაში შეიჭრნენო. გამთენიისას "მხედრიონის", ეროვნული გვარდიისა და პოლიციის ჯგუფებმა სახელმწიფო ტელევიზიის შენობა იერიშით აიღეს, შენობაში შეჭრილები დააკავეს.

მოგვიანებით ითქვა, რომ ტელევიზიაში აყვანილი სამხედროები - რევაზ ბროძელი, ლიმა გიორგაძე და მერაბ სულაძე მთაწმინდაზე აიყვანეს და დახვრიტეს. თუმცა, ოფიციოზმა განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა. ისინი სატელევიზიო ანძას დაესხნენ თავს და ორმხრივი  სროლისას დაიღუპნენო.

მთაწმინდაზე დახვრეტილი რევაზ ბროძელის მეუღლე ზიზი ცირეკიძე-ბროძელი იხსენებს: - რეზო გვარდიელი იყო, სამშობლოსთვის თავდადებული.  როდესაც კიტოვანი და ზვიადი გაითიშნენ, რეზოს კიტოვანი ეხვეწებოდა, ჩემთან წამოდიო, მაგრამ რეზომ ზვიადის გვერდში დგომა არჩია.

24 ივნისის დილას გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ზვიადის მომხრეებმა ტელევიზიის აღება სცადეს, არადა, ყველაფერი მოწყობილი იყო, ტელევიზიის შენობაში თავისუფლად შედიოდნენ და გამოდიოდნენ და როგორ აიღეს?! იქ წინააღმდეგობა არავის გაუწევია. შენობაში შესულები კიტოვანისა და იოსელიანის ხალხმა ალყაში მოაქცია.

24-ში დილით ტელევიზიით ვნახე, - სხვა გვარდიელებთან ერთად ხელბორკილებით გამოიყვანეს, შემდეგ კი დაჩოქილები აჩვენეს.

არ ვიცი, შიგნით რა მოხდა. არც ის ვიცი, ვინ ხელმძღვანელობდა დახვრეტას. როგორც გავიგე, შენობაში უწამებიათ, სასტიკად უცემიათ. შემდეგ წაუყვანიათ მთაწმინდაზე, ტყეში დაუხვრეტიათ - რეზო ავტომატით დაცხრილეს, ტანზე გოჯი არ ჰქონდა ტყვიამოუხვედრელი. მერე გამომძიებელმა დათო დანელიამ ფოტომასალა გვიჩვენა. მე ვერ შევძელი მათი ნახვა, ვინც ნახა, თავზარდაცემულები იყვნენ - სულ დასისხლიანებულ-დაჯიჯგნილი ყოფილა. როგორც შემდეგ მითხრეს, თურმე

5 კაცი შეიპყრეს და აქედან 3 დახვრიტეს, ორიც უბრალოდ, გაქრა.

არ ვიცი, ეს ბიჭები ასე რატომ გაიმეტეს. უპატრონოდ მიყრილი გვამები ვიღაცას უპოვია და ამის შემდეგ წაუსვენებიათ მორგში. მორგის ექიმი სასტიკად გაუფრთხილებიათ, - ამ  ამბავზე კრინტის დაძვრა არ გაბედოო.

ერთ-ერთი დახვრეტილის ძმა მორგიდან მორგში ეძებდა თავის მიცვალებულს. მას უთქვამს, ჩემს ძმასთან ერთად ტყავისქურთუკიანი, ლამაზი, ულვაშიანი კაცი რომ დადიოდა, მგონი, ისიც მორგში ასვენიაო. მეზობლები წავიდნენ ამოსაცნობად (საათით ამოუცნიათ)...  რეზოს გვამი 40 დღე ესვენა მორგში და იქამდე მალეს, ვიდრე ძვლები არ დარჩა. სხვებისაგან განსხვავებით საკაცეზე დაუსვენებიათ - იმხანად ბევრი მიცვალებული ჰყავდათ მორგში, გვამები ერთმანეთზე ეყარა.  ცხედარს სუნი რომ არ ჰქონოდა, ალბათ წამლებს უკეთებდნენ. როგორც გავიგე, უპატრონო მიცვალებულების სასაფლაოზე უნდოდათ მისი დამარხვა, მაგრამ მძღოლს საწვავი არ ჰქონია და გადაუფიქრებიათ.

ერთადერთი - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა შემომრჩა, სადაც დაფიქსირებულია  ცეცხლსასროლით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა.

ამის შემდეგ, როგორც ზვიადის მომხრეები, დამნაშავეებად გამოგვაცხადეს და ჩემს შვილებზე ცდილობდნენ ჯავრის ამოყრას. ერთი ვაჟი პირველი კურსის სტუდენტი იყო, მეორე - სკოლის მოსწავლე. ერთ დღეს ორივენი შინიდან პოლიციის სამმართველოში მიიყვანეს. მე სახლში არ ვიყავი, შემოცვივდნენ და ყუმბარები ჩაუდეს საწოლში. ბავშვები ერთი კვირა ჰყავდათ დატუსაღებული. იქიდან გაყვითლებულები გამოვიყვანე.

რომ მეჩივლა, რა შეიცვლებოდა - მათ ხელში სამართალს ვიპოვიდი? არც ერთი ხელისუფლების ნდობა არ მაქვს და მით უფრო, იმ ხუნტის მიმართ.

გელა ლანჩავას, ჯაბა იოსელიანის, თენგიზ კიტოვანის და მათი გარემოცვის ბრალია ჩვენი ოჯახის გაუბედურება. შემეძლო პოლიტიკური თავშესაფარი მეძებნა, მაგრამ ორი ბავშვით დარჩენილმა ქვრივმა ეს ვერ შევძელი, არ ვმუშაობდი, პურის ფული არ გვქონდა... მივხვდი, ტირილით და გლოვით ვერაფერს გავხდებოდი, მუდმივად ვერც ვერავინ დამეხმარებოდა და "წითელ ჯვარში" დავიწყე მუშაობა, მოხუცებს ვუვლიდი. არავის მოვუკითხავვარ, ხალხი დაშინებული იყო, მესმის მათი. ახლაც არაფრის იმედი არ მაქვს, რეპრესირებულებადაც კი არ გვაღიარეს.

ნათია სიორიძე, რეზო ბროძელის რძალი: - იმ წელს, როდესაც ჩემი მამამთილი დახვრიტეს, მე და კობა შეყვარებულები ვიყავით. მეორე წელიწადს  დავოჯახდით. პირველ ბიჭს მამამთილის სახელი დავარქვით.

ნორმალურმა სახელმწიფომ ხომ უნდა გამოიძიოს და დადგინდეს, იყო თუ არა რევაზ ბროძელი დამნაშავე? იმ პერიოდში არავის აძლევდა ხელს სიმართლის დადგენა! გამოძიება რომ ჩატარებულიყო, ყველაფერი გვეცოდინებოდა. ექსპერტიზის დასკვნაში ისიც კი არ წერია,  რომელი იარაღითაა მოკლული. საშინელებაა, ადამიანს კლავენ და წლების მანძილზე იმასაც ვერ არკვევ, რა მოხდა სინამდვილეში.

ნანა ფიცხელაური