"თავისი მიწა ვისაც ეცოტავება, ის წასულია ხელიდან" - გურამ დოჩანაშვილის წერტილი და მრავალწერტილი
06-04-2015
"თავისი მიწა ვისაც ეცოტავება, ის წასულია ხელიდან" - გურამ დოჩანაშვილის წერტილი და მრავალწერტილი
"ეს ისეთი აფექტების კაცია, თუ აფეთქდა, მტრისას!"

ქართველ მწერალს, გურამ დოჩანაშვილს, 26 მარტს 76 წელი შეუსრულდა. ზუგდიდში მას ლამის მთელმა სამეგრელომ უმასპინძლა.

სამი დღე ერთად ვიყავით და გზადაგზა­ საუბარში ვკრებდი თითოეულ სიტყვას...

გურამ დოჩანაშვილი:
- რა უცნაურია, არა? 20-25 წლისას მკითხეს, - როგორი უნდა იყოს ყოველი მიმართულების ხელოვანიო. მეგონა, კარგი რამ მოვიფიქრე და ვუპასუხე: მისი ყოველი ნაწარმოების მოსმენის, დანახვის ან წაკით­ხ­ვის შემდეგ ადამიანი უნდა გახდეს იმაზე უკეთესი, ვიდრე არის-მეთქი. მოგვიანებით
აღმოვაჩინე, რომ მთელი ბიბლია სწორედ ამაზეა - ადამიანი გახდეს უკეთესი...

დღეს ყველას ლიდერობა სურს. თუ წაიკითხავთ წმინდანთა ცხოვრებას, ნახავთ, რომ ყველა მათგანი უარს ამბ­ობდა წინამძღოლობაზე, ძალ­იან ცოდვ­ილებად მიაჩნდათ თავი და განდეგილ­ობით თუ ნებისმიერი საქმით ცოდვების­ გამოსყიდვას ცდილობდნენ. დღეს გინახავთ, რომელიმე ლიდერობ­ის მსურველს ეთქვას, შევცოდეო? ყველა­
მართალი როგორ არის?..
...მერე კიდევ, რომ ლაპარაკობენ, ან ამერიკა, ან რუსეთიო, - რა უბედურებაა, რატომ, კაცო? იყავი, ვინც ხარ! თავის მიწაზე რომ არ მდგარიყო სერვანტესი, არ იქნ­ებოდა ჩვენთვის ისეთი მშობ­ლიური. ჩვენი გოდერძი ჩოხელი გუდ­ამაყარში დაიბადა, პატარა სოფელში, მაგ­რამ მის შემოქმედებაში მთელი სამყაროა, იმიტომ, რომ თავისი მიწის შვილი იყო...

თავისი მიწა ვისაც ეცოტავება, ის წასულია ხელიდან. სამშობლო რომ არ უყვარს კაცს, იმან რანაირად უნდა შეიყვაროს ამერიკა და რუსეთი? შესაყვარებელი სამშობლო კი ნამდვილად გვაქვს.
ხალხური პოეზია რომ გვაქვს, უთარგმნე­ლი, ეგეთი - არ ვიცი... რუსთაველი გვყავს,­ ბარათაშვილი, ვაჟა-ფშაველა... სწორი­ ცხოვრება კვალს აუცილებლად ტოვებს კაცის სახეზე. ვაჟა-ფშაველაზე არაფერს ვამბობ, რადგან ციმბირის წყლულმა "შეუჭამა" სახე, ილია და აკაკი ხნიერები უკეთესი შესახედავები არიან, ვიდრე 20-25 წლის ასაკში. ზოგიერთი კი, ახალგაზრდობაში რომ კარგია, გაბოროტების გზას რომ დაადგება, სიბერეში საშინელებას ემსგავსება.
სხვისი კარგი ვისაც უხარია, ის არის გამართლებული და დიდი შემოქმედი, ხო­ლო ვინც ლაპარაკობს, ეს ვინ არის, ის ვინ არისო, ხელმოცარული და ხელიდან წასულ­ია...

საფრანგეთში კარგი წესი აქვთ: მწერალი, ხელოვანი რომ გარდაიცვლება, 10 წლით ჩვეულებრივ სასაფლაოზე კრძალ­ავენ, რადგან­ ზოგიერთი თავისი საქციელ­ით იხვეჭს პოპულარობას და მერე, 10-15 წლის შემდეგ როგორც ემახსო­ვრებათ, იმის მიხედვით დაკრძალავენ ჩვენი მთაწმინდის მსგავს საპატიო ადგილას.

ნათელა სეფიაშვილი
- "სპილო დიდია ძაღლზე,/ მელა - მარდი და ფლიდი./ შენ ხარ პატარა თაგვი,/ მე კი კატა, დიდი და/ ბოლოს დაგიჭერ მაინც (იცინის)... - ეს სახუმარო სტრიქონები გურამმა ჩვენი ურთიერთობის გარიჟრაჟზე დაწერა, 5 წელიწადის განმავლობაში მართლაც დაჭერობანა გვქონდა და აგერ უკვე 51 წელიწადია გურამის ცოლი ვარ.  დიდ სამებაში,­ წმინდა ნიკოლოზის ტაძარში დაგვწერა ჯვარი მამა ელისემ...
გურამი მწერლობაზე­ ოცნებობდა, მე ბევრი შვილი მინდოდა. მე არ შემისრულდა ოცნება, მაგას - კი...
პირველად მოთხრობა რომ მიიტანა დასაბეჭდად, მავანმა უთხრა, სხვა საქმეს მოჰკიდე ხელიო. გაბრაზებულმა მისი სახელის პირველი ასო ამოკაწრა კედელზე და ყოვ­ელდღე იმეორებდა, ეს როგორ მითხრაო...
ახალი ნაწარმოების წერას რომ იწ­ყებს, ჰგონია, ცხოვრებაში პირველად წერს და პატარა ბავშვივით ღელავს, თრ­თის, - როგორ შეაფასებენ.


სამტომეული გამოდის. კორექტურა უკვე წავიკითხე. მანამდე ყველა სიტყვაზე­ ომი გვქონდა. ახლა ახალ ნაწარმოებზე­ მუშაობს და ძველებს დედინაცვალივით უყურებს. ვეუბნები, - ნახე, როგორია, მე ახლაც ადრინდელივით მომწონს-მეთქი... 1000 გვე­რდი უკვე გადაბეჭდა, - ახლა უნდა გადავუარო ტექსტს. პატრიარქმაც მითხრა, ყველასთვის გასაგ­ე­ბი­ უნდა იყოსო... ჯერ პატარა ნაწარმო­ებ­ის დაწერას აპირებდა, მაგრამ შეტოპა და 5 წელიწადია, წერს. ვეუბნები, ბოლოს და ბოლოს, დასვი ან წერტილი, ან მრავალწერტილი-მეთქი.

ჟურნალისტებს რომ გაურბის, სულ ვეუბნები, მკითხველს შეკითხვები უჩნდება და რა უფლება გაქვს, უარს რომ ეუბნები-მეთქი.­ მაგრამ როცა წერს, მტრისას! მთლიანად არის როლში შესული... ყველაზე­ მშვიდი პერიოდია, როცა ბეჭდავს. ჩვენ ხომ კომპიუტერი არ გვაქვს და არც ვიცით, ძველ საბეჭდ მანქანაზე ბეჭდავს... როცა დავოჯახდით, გერმანული მანქანა ვიყიდეთ­ და შრიფტი ქართულად გადა­უკეთეს. მერე გაუფუჭდა და ჯემალ ქარაზანაშვილმა ეგეთივე აჩუქა. რომ ბეჭდავს, ისე ურახუნ­ე­ბს... წარმოგიდგენია, ბავშვები­ რა დღეში იყვნენ?! ბინას არ გვაძლევდნენ. 18 ნაქირავები ბინა გამოვიცვალეთ. ახლა კი გვაქვს ყველაფერი... რამდენი ცუდი დაუწერიათ მაგაზე. არაფერს ვაკითხებ. ვიღაცამ დაწერა, გურამი შეხვედრებს თვითონვე იწყობსო. მას შემდეგ აღარსად დადის...
მუხათწყაროში ვიყავით, 2008 წლის აგვისტოს ომი რომ დაიწყო. გურამი რომანს წერდა. ატყდა პანიკა... მოვატყუე: რა ომი, რის ომი, ვერ ხედავ, გადაღებაა-მეთქი!.. 9 აპრილის ღამეს რუსთაველზე ნასვამი გავი­და. ნინო რამიშვილმა და მიშიკო მინდაძემ­ ვიღაცის სახლში შეიყვანეს, - მიტინგზე მთვ­რალი რომ გნახონ, ჩვენთვისვე იქნება ცუდიო. ჩაი დაალევინეს და მანქანით გამოისტუმრეს.

მალევე დაწყებულა დარბევა. ეს ისეთი”აფექტების”კაცია, თუ აფეთქდა, მტრისას! იქ რომ დარჩენილიყო, შეიძლება­ რევოლუცია მოეხდინა - მთელ რუსთაველს ააყირავებდა".

...ზუგდიდში სამი დღე ვიყავით ერთად და გამუდმებით ერთი და იგივე მეორდებოდა: ბატონი გურამი დაიხურავდა თავის განუყრელ კეპს, ქალბატონი ნათელა მოახდევინებდა... მესამე დღეს ვეღარ მოითმინა და აღმოხდა: - ცოლი სხვასაც ჰყოლია, მაგრამ ასეთიო? ასეთი მზრუნველი, ხომ, ბატონო გურამ-მეთქი. ჰო, ასეთი მზრუნველი. თუმცა, მაგას უფრო "შემაფერხებელი" შეეფერება. ადრე მქონდა ხუჭუჭი თმა, მაგრამ ამის ხელში გავმელოტდი. თანაც ქუდს მიმალავს. ხომ დაინახე, გუშინ სცენაზე გასვლისას ჯიბიდან როგორ ამომაცალაო...

ნათელა:
- თმას სულ მე ვჭრი, ოღონდ ცოტა "ნაყლაპს". აბა, ფხიზელი არ მიგიკარებს. ტელეფონის ყურმილს ვაწვდი ხოლმე­ და ლაპარაკს რომ იწყებს, მაშინ დავტრი­ალდები. ერთხელ ვახო რურუას ელაპარაკებოდა. ის იყო, უნდა დაესრულებინა, რომ ხმამაღლა დავიძახე: ვახო, ცოტა ხანს კიდევ გაუგრძელე, ჯერ ცალი მხარე არ დამიმთავრებია-მეთქი... ბოლოს, სარკეში გაკორტნილ თავს რომ დაინახავს, ბრაზობს. ჩაცმაც არ უყვარს. ძაფით ვზომავ ხოლმე და შარვალს ან ფეხსაცმელს ისე ვყიდულობ.

უცნაური ბუნება აქვს გურამ დოჩანაშვილს: ხან ბრაზობს, ხან იმორცხვებს; გაგირბის და თან უყვარხარ. ვერ გელევა...
კიდევ ერთხელ გილოცავთ 76-ე დაბადების დღეს, ბატონო გურამ!


ირმა ხარშილაძე

JimUK
17 აპრილი 2015 04:36
არ გიცნობთ ბატონი გურამ, მაგრამ ვიხრი ქედს და ვიდრეკ თქვენს წინაშე მუხლს, რადგან მაღალი გონის და დიდი სულის მატარებელი და ძალიან დიდი გულის პატრონი ადამიანი ბრძანდებით. თქვენისთანა კეთილი
კაცისთვის ერთი დღის, საკუთარი სიცოცხლის, დათმობაც კი არ დაენანება ერთ წესიერ ადამიანს. გფარავდეთ სულ მუდამ და ყველგან უფალი ღმერთი! გეხვევით როგორც ღვიძლ მშობელს და მეგობარს. თქვენისთანა ადამიანები არიან ერის და ქვეყნის, საქართველოს სახე, სინდისი და ნამუსი, გმადლობთ თქვენ და ღმერთს, რომ ხართ აქ ჩვენთან.
ვახო
14 აპრილი 2015 09:50
იდღეგრძელეთ, ბატონო გურამ, თქვენი ნაწარმოებები იმდენჯერ მაქვს წაკითხული, მთელი აბზაცები და ფრაზები შემიძლია ზეპირად წარმოვთქვა. თქვენ დიდხანს უნდა იცოცხლოთ და რაც შეიძლება მეტი წეროთ. მიყვარხართ და გეფერებით.
ზე მორეირა
09 აპრილი 2015 18:46
ბატონო გურამ, ძალიან, ძალიან მიყვარხართ, სწორს ბრძანებთ, თქვენი სახე და განსაკუთრებით თვალები მთელ თქვენს შემოქმედებას, თქვენი ნაწერებიდან წამოსულ სითბოს ასხივებენ, სიტვები ზოგჯერ ვერ გვათქმევინებენ გულისნადებს, ამიტომ მე მრავალწერტილს გიძღვნით...

რედაქტორის რჩევით