"მაკულიტერატურის" განსაკუთრებული აქცია ქუთაისში ჩატარდება - კვირის პალიტრა

"მაკულიტერატურის" განსაკუთრებული აქცია ქუთაისში ჩატარდება

რვადღიანი აქციის ფარგლებში 150-160 ტონაზე მეტი მაკულატურა ჩაბარდა, სანაცვლოდ კი, 150 ათასი ლარის ღირებულების წიგნი გაიცა

თუმცა, გრანდიოზული აქცია ამით არ ამოწურულა - პროექტმა დედაქალაქიდან რეგიონებში გადაინაცვლა. პირველი "მასპინძელი" ქუთაისი იქნება, რომლის შემდეგაც "მაკულიტერატურა" საქართველოს სხვადასხვა ქალაქს ეწვევა, მათ შორის, ბათუმს, სენაკს, ხაშურსა და ყვარელს. ქუთაისში აქცია 22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით გაიმართება, რომლის დროსაც ერთი კილო მაკულატურა გადაიცვლება ისევ ერთი ლარის ღირებულების წიგნში. დანარჩენ ქალაქებში აქციის ჩატარების ზუსტ განრიგს უახლოეს მომავალში გაცნობებთ.

"აქციე მაკულატურა წიგნად" - ამ მოწოდებით მედიასახლმა "პალიტრამ" 28 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით მოსახლეობას უპრეცედენტო აქცია შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც წიგნის მოყვარულებს 1 კგ მაკულატურის 1 ლარის ღირებულების ახალ წიგნში გადაცვლის შესაძლებლობა ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ აქციის ხანგრძლივობა მხოლოდ ერთი კვირით იყო განსაზღვრული, მაგრამ მასში მონაწილეთა რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ პროექტ "მაკულიტერატურის" ორგანიზატორებმა აქცია კიდევ ერთი დღით გაახანგრძლივეს.

საბოლოოდ, რვადღიანი აქციის ფარგლებში 150-160 ტონაზე მეტი მაკულატურა ჩაბარდა, სანაცვლოდ კი, 150 ათასი ლარის ღირებულების წიგნი გაიცა.

თუმცა, გრანდიოზული აქცია ამით არ ამოწურულა - პროექტმა დედაქალაქიდან რეგიონებში გადაინაცვლა. პირველი "მასპინძელი" ქუთაისი იქნება, რომლის შემდეგაც "მაკულიტერატურა" საქართველოს სხვადასხვა ქალაქს ეწვევა, მათ შორის, ბათუმს, სენაკს, ხაშურსა და ყვარელს. ქუთაისში აქცია 22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით გაიმართება, რომლის დროსაც ერთი კილო მაკულატურა გადაიცვლება ისევ ერთი ლარის ღირებულების წიგნში. დანარჩენ ქალაქებში აქციის ჩატარების ზუსტ განრიგს უახლოეს მომავალში გაცნობებთ.

"კვირის პალიტრა" აქციის მონაწილეებს ესაუბრა:

თამილა მაჭავარიანი: "როგორც კი "მაკულიტერატურის" აქციის შესახებ შევიტყვე, უსარგებლო ქაღალდების შეგროვება დავიწყე. დაახლოებით 100 კილოგრამი მაკულატურა შევაგროვე, რომლის სანაცვლოდ ჩემთვის სასურველი წიგნები შევარჩიე. რამდენიმე წიგნი შვილებისთვისაც წამოვიღე, მიხარია, რომ ახალი წიგნის კითხვის სურვილი მათაც გაუჩნდებათ.

"მაკულიტერატურა" მართლაც უმნიშვნელოვანესი წამოწყებაა, ფაქტობრივად, ნაგავში გადასაყრელად გამზადებული ძველი ქაღალდების სანაცვლოდ ახალ წიგნებს გვაძლევენ".

ლელა წიფურია: "წიგნი ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. კითხვა ბავშვობიდან მიყვარს და ახლაც, როგორც კი თავისუფალ დროს მოვიხელთებ, ოჯახის ბიბლიოთეკისკენ გავრბივარ - იქ ყოველთვის ვპოულო რაღაც ახალს, რაც დღემდე არ წამიკითხავს. სამწუხაროდ, ჩემს ბიბლიოთეკაში უამრავი ფასეულობადაკარგული წიგნი იყო, რომლის გადაყრა მენანებოდა, ახლა კი, როცა "პალიტრის" აქციის შესახებ შევიტყვე, ყველა მათგანი ახალ წიგნებში სიხარულით გადავცვალე.

მაკულატურის შეგროვებას მომავალშიც ვაპირებ, ქაღალდებსა და გაზეთებს შევინახავ და ახალ წიგნებში უსასყიდლოდ გადავცვლი".

ეს პროექტი ბუნების გადარჩენის თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესი წამოწყებაა. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 40 წლის განმავლობაში მსოფლიოში ქაღალდზე მოთხოვნა 400%-ით გაიზარდა - დღეს მსოფლიო წელიწადში დაახლოებით 300 მილიონ ტონა ქაღალდს მოიხმარს. შესაბამისად, ხეების ჩეხის სტატისტიკური მაჩვენებელიც კატასტროფულად იზრდება. ამ მხრივ, საქართველოშიც კატასტროფული მდგომარეობაა. არადა, სულაც არ არის აუცილებელი, ქაღალდის წარმოებას მწვანე საფარი შეეწიროს, რადგან საამისოდ მეორეული ქაღალდის გადამუშავება და ამ გზით ქაღალდის ბაზარზე დაბრუნება შესაძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ "დედამიწის საათისთვის" მიძღვნილი აქცია დასრულდა, "დიდუბე პლაზას" ეზოში მაკულატურის მიღება გრძელდება. ამჯერად, "ნერგი ბარათზე" ერთი კილოგრამი მაკულატურის ჩაბარების სანაცვლოდ, ერთი "ნერგი", ანუ 20 თეთრი დაგერიცხებათ, რომლის გადაცვლაც სასურველ წიგნში შეგიძლიათ.

გახსოვდეთ, ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავება 17 ხეს გადაარჩენს, რის შედეგადაც 26 კუბ/მეტრი წყალი და 2,3 კვადრატული მეტრი მიწა დაიზოგება.

რუსუდან შელია