კომედია ქართულად, ვინ არის ქალი, ვინც ფანჯრიდან გადაგდებული ტელევიზორით ლამის ადამიანი იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

კომედია ქართულად, ვინ არის ქალი, ვინც ფანჯრიდან გადაგდებული ტელევიზორით ლამის ადამიანი იმსხვერპლა

"ბიჭებმა უკრაინელი ქალი გასართობად მოიყვანეს, ერთად დალიეს, ქალს დაეძინა, ბიჭები გავიდნენ, კარი გარედან გადაკეტეს, რათა როცა დაბრუნდებოდნენ, ქალი ისევ ბინაში დახვედროდათ."

"არ იარო კორპუსთან ახლოს, თორემ შეიძლება რაიმე დაგეცეს და მოკვდე!"

გავრცელებული ინფორმაციით, პეკინის ქუჩაზე მე-6 სართულის ფანჯრიდან გადმოგდებულმა ტელევიზორმა კინაღამ ქუჩაში მიმავალი ქალი იმსხვერპლა. საბედნიეროდ, ქალს სიმაღლიდან გადმოგდებული მძიმე ნივთი ფეხში დაეცა და მხოლოდ მსუბუქად დაზიანდა, თუმცა საავადმყოფოში მაინც მოუწია გადაყვანა. გადავწყვიტეთ გაგვერკვია, რა მოხდა და ვინ იყო ქალი, ვინც ტელევიზორთან ერთად კიდევ არაერთი საყოფაცხოვრებო ნივთი მოისროლა ფანჯრიდან... ამბავი, რომელიც იმავე სადარბაზოს მცხოვრებმა მოგვიყვა, ნამდვილად კომედიური ფილმის სიუჟტისთვის გამოდგება.

მოკლედ, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ღამის თორმეტის ნახევარზე პეკინის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალბატონს მე-6 სართულიდან გადმოგდებული ტელევიზორი ფეხზე დაეცა და მართლაც ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს...

ტელევიზორამდე 40-იოდე წლის ქალბატონმა ფანჯარიდან კიდევ მრავალი ნივთი გადაუძახა... თვითმხილველი ამბობს, რომ ის მეტად მშვიდად მოქმედებდა, - ფანჯრიდან გადმომდგარი ცალი ხელით ეწეოდა, მეორეთი კი ნივთებს ზედიზედ ყრიდა. ამ საქმიანობაში მისთვის ხელის შეშლა კორპუსის პირველ სართულზე არსებული მაღაზიის წინ გაჩერებული მანქანის მძღოლმა სცადა და ასძახა: - მანქანაზე ჭუჭყიან ნივთებს ნუ მიყრიო! მაგრამ ქალბატონმა კვლავ ოლიმპიური სიმშვიდით განაგრძო ნივთების გადმოყრა. პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ადგილზე უდანაშაულო ადამიანის დაზარალების შემდეგ მოვიდა.

მალევე გავრცელდა შემთხვევის ამსახველი ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელი ააფორიაქა... "არ იარო კორპუსთან ახლოს, თორემ შეიძლება რაიმე დაგეცეს და მოკვდე!" - აცხადებს ვიდეოს ავტორი, რომელმაც სიტუაცია ასე აღგვიწერა...

დავით. ლ. :

- იმავე სადარბაზოში ვცხოვრობ, საიდანაც ქალბატონი ნივთებს ისვრიდა. იმ დროს შემთხვევით ქუჩაში ვიყავი და ლაწალუწი რომ ატყდა, შეშენებულმა ავიხედე ზევით და რას ვხედავ, - მეექვსე სართულიდან ვიღაც, სლავური გარეგნობის ქალია გადმომდგარა და რაღაც ნივთებს ისვრის. თან ცალი ხელით ეწევა. თავიდან საშიშად არაფერი მომეჩვენა და ტელეფონი მოვიმრჯვე გადასაღებად. მაგრამ აი, ტელევიზორი რომ დავუნახე ხელში, მაშინ კი დამეცა თავზარი და ვიყვირე, არ გადმოაგდო-მეთქი, ერთი კი შეყოვნდა, მაგრამ ხელი მაშინვე გაუშვა… ამასობაში ის ქალიც გამოვიდა მაღაზიიდან. ამის დანახვაზე შოკში ჩავვარდი…. კიდევ კარგი, გადარჩა...

- ე.ი. ეს ქალი თქვენი მეზობელი ყოფილა.

- არა, ბატონო, მაგ ბინის პატრონია ჩემი მეზობელი. თურმე ბინა გაუქირავებია და ეს ქალი ვინც ამ ბინას ქირაობს, მათი მიყვანილი გახლდათ.

- ბინის დამქირავებლები ვინ არიან?

- რაიონიდან ჩამოსული ორი 18 წლის სტუდენტი. მაშველები რომ მოვიდნენ, ისინიც მაშინ გამოჩნდნენ და ბინა სანამ მაშველები გატეხავდნენ, თავად გააღეს.

- როგორც მივხვდი, ქალბატონი ბინაში ჰყავდათ გამოკეტილი, კარი გარედან ჰქონდათ გადაკეტილი?

- ასეა. ბიჭებმა უკრაინელი ქალი გასართობად მოიყვანეს, ერთად დალიეს, ქალს დაეძინა, ბიჭები გავიდნენ, კარი გარედან გადაკეტეს, რათა როცა დაბრუნდებოდნენ, ქალი ისევ ბინაში დახვედროდათ.

- ახლა გასაგებია, რატომ ყრიდა ეს ქალი ნივთებს ოლიმპიური სიმშვიდით, ნასვამი ყოფილა.

- დიახ. არც ხმაურობდა, არც არაფერი. საწყალს ამით უნდოდა გამვლელების ყურადღება მიეპყრო, ვინმეს კარი გაეღო და გამოეშვა. როგორც თქვეს, უკრაინელი ქალი იყო... უძველესი პროფესიის ქალები, მათ შორის უკრაინელებიც, უმრავია თბილისში... როგორც ვიცი, პოლიციამ დააკავა.

- მისმა დამატყვევებლებმა რაღა თქვეს?

- ასეთ ამბავს უეჭველად არ ელოდნენ. გვარიანად შეშინებულები იყვნენ, რომ დაბრუნდენენ, კარს ეცნენ და გააღეს, მანამდე მაშველები წვალობდნენ და ვერაფერს ხდებოდნენ.

- ქალმა რაო?

- არც არაფერი. ეცა ბიჭებს და ჩხუბი დაუწყო. ეგ ბიჭები ცუდად მოიქცნენ, მაგრამ ცოტა არ იყოს, მეცოდებიან, - მშობლებმა ბინა დაუქირავეს, ისწავლეთო, მათ ქალი მოიყვანეს, რომელმაც ბინადან ყველაფერი გადაუყარა, მაგრად არ გაუმართლათ (იცინის)...

როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 124 მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

ეთერ ერაძე(სპეციალურად საიტისთვის)