"მეკითხებიან, ავღანეთში ხომ არ გიჭირსო?" - ქართველი ქალი ცხელ წერტილში - კვირის პალიტრა

"მეკითხებიან, ავღანეთში ხომ არ გიჭირსო?" - ქართველი ქალი ცხელ წერტილში

უკვე წლებია, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ქართველთა ერთი ნაწილი მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში, ავღანეთის მიწაზე ხვდება. მათ შორის არის მაიორი ნინო გიორგობიანი, რომელიც 2002 წლიდან ემსახურება სამშობლოს და რამდენიმე თვეა ავღანეთში ასრულებს სამშვიდობო მისიას.

პროფესიით გეოლოგი, სასარგებლო წიაღისეულის ძებნის ნაცვლად, ერთ დღეს სამხედრო სამსახურში ჩადგა. ამბობს, რომ პირველმა პროფესიამ მეორე გაუადვილა. როგორც გეოლოგი, საველე ცხოვრებას მიჩვეული იყო. ახლა ჯარი მისი სახლია. თავის დროზე, როდესაც ჯარისკაცობა გადაწყვიტა, ერთადერთი შვილის ამ იდეამ მამა შეაშფოთა, დედა კი, სამხედრო პირის ქალიშვილი, შედარებით მშვიდად შეხვდა.

ავღანური ამბების შესახებ ნინო სპეციალურად„"კვირის პალიტრისთვის" გვესაუბრა.

ნინო გიორგობიანი: - ხშირად მეკითხებიან ხოლმე, ისეთივე რთულია ქალისთვის ჯარში ყოფნა, როგორიც კაცისთვის, ან ავღანეთში ჩვენ, ქალებს, უფრო ხომ არ გვიჭირს? პასუხისმგებლობაც და საფრთხეც ყველას ერთნაირი გვაქვს. განსხვავება ის არის, თუ ვის რისი გაკეთება უწევს. მე, ძირთადად, ბაზაში ვარ, მაგრამ ზოგიერთი ქვედანაყოფი გარეთ გადის. სამხედროების გადაადგილება მკაცრად იზღუდება და რეგულირდება მთელი რიგი უსაფრთხოების წესებითა და ნორმებით, ამიტომაც ამ ქვედანაყოფებსაც მკაცრად აქვთ განსაზღვრული მარშრუტი და კონტაქტი. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობიდან ურთიერთობა გვაქვს მხოლოდ იმ ხალხთან, ვინც ბაზაში მუშაობს.

- მას შემდეგ, რაც ქართველი ჯარისკაცები მონაწილეობენ სამშვიდობო მისიებში, ჩამოყალიბდა შეხედულება, რომ თითქოს ქართველები განსაკუთრებით უყვარს ადგილობრივ მოსახლეობას.

- ალბათ, ავღანელების მცირე ნაწილმა თუ იცის, ვინ არიან ქართველები. აქაურები ვინმეს მიმართ დამოკიდებულებას განსაზღვრავენ არა იმის მიხედვით, რომელი ქვეყნიდან ხარ, არამედ, მათ როგორ ეპყრობი. თუ მისალმება, ღიმილი არ გენანება და სასმელ წყალსაც უწილადებ, პატივს გცემს.

- პატივისცემა რაში გამოიხატება?

- მოწიწებაში. სხვანაირად იქ ყურადღებას ვერავინ გამოხატავს, რადგან საჩუქარს, სუვენირს ვერავინ გაჩუქებს, უმკაცრესად იკრძალება ავღანელისგან ყოველგვარი ნივთის მიღება. როცა ჩვენი ბიჭები ბაზის გარეთ გადიან, ღარიბ-ღატაკ ბავშვებს კანფეტებსა და წყალს აძლევენ.

აქ წყალი უკვდავების წამლის ტოლფასია. ამიტომაც ბოთლი ბოლომდე უნდა გამოცალო და ისე გადააგდო, რომ წყლის მიმართ დაუდევარი დამოკიდებულებით ავღანელი არ გააღიზიანო.

- აღდგომას როგორ ხვდებით?

- მოძღვარი წირვას ჩაგვიტარებს (ინტერვიუ ჩაწერილია 8 აპრილს). ის საქართველოდან ჩამოვიდა ბატალიონთან ერთად და ახლა სხვა ბაზაშია, აღდგომის ღამეს ჩვენთან გაატარებს. აქ სალოცავი გვაქვს, სადაც საგანგებოდ დავაბრძანეთ ხატები. აღდგომას ვულოცავ ჩვენს საქართველოს და მშვიდობას ვუსურვებ. ჩვენი გულები თქვენთვის ძგერს ავღანეთში. ასევე, 20 წლის იუბილეს ვულოცავ "კვირის პალიტრას".

სულ მშვიდობაზე გეწეროთ.

- როგორც ვიცი, შენ განსაკუთრებული უფლებით სარგებლობ ბაზაში, კინოლოგიურ განყოფილებასთან ურთიერთობა შეგიძლია.

- აქ არის სპეციალური სამსახური "კა 9", სადაც ძაღლები ჰყავთ. თბილისში, მშობლებთან ერთად  ჩემი გერმანული ნაგაზი შანი მელოდება. ჩემს ტახტს იცავს საძინებელში და ჩამოჯდომის უფლებას არავის აძლევს. შანის მონატრებას მიქარვებენ აქაური ცუგები. სამხედრო ძაღლები სხვადასხვა ქვეყნის ქვედანაყოფებს ჰყავთ, მათ შორის ხორვატებს და რადგან ძაღლები ძალიან მიყვარს, დამდეს პატივი, მოვინახულო ისინი და ვეთამაშო. სამხედრო ძაღლი, ისევე, როგორც ჯარისკაცი ხშირად დაკავებულია, მუშაობს და იშვიათად აქვს დრო თამაშისთვის. ძირითადად, ძაღლს ნაღმების საძებნად იყენებენ. საბედნიეროდ, ჩვენს ბაზაზე არ ყოფილა ასეთი შემთხვევა, მაგრამ ხშირად ნაღმებზე ფეთქდებიან ჯარის ძაღლებიც. მათ პატივით მარხავენ და ისევე აჯილდოებენ, როგორც ჯარისკაცებს.

პენსიაში რომ გადიან, პენსიასაც კი უნიშნავენ, ხუთი წლის მერე ძაღლს აღარ ამუშავებენ და, ძირითადად, მას მიჰყავს, ვისი “მეწყვილეც იყო ჯარში. ამ ძაღლებს განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ თავიანთ ქვეყნებში, თავიანთ ქვედანაყოფებში.

იმის გამო, რომ ავღანეთში ძალიან ცხელა, ძაღლებს კი უფრო უჭირთ სიცხის ატანა, ვიდრე ჩვენ, ბაზაში პატარა აუზიც აქვთ გასაგრილებლად. მათი სრულ ფორმაში ყოფნა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საუკეთესო გარემოს შესაქმნელად ყველა დეტალი გათვლილია.