მობრძანდით! 18 აპრილს "პალიტრამედია" 20 წლის იუბილეს "ვარდების ბაღში" აღნიშნავს - კვირის პალიტრა

მობრძანდით! 18 აპრილს "პალიტრამედია" 20 წლის იუბილეს "ვარდების ბაღში" აღნიშნავს

"ყოველდღიურად ჩვენი პორტალების მკითხველების საერთო რაოდენობა ნახევარ მილიონს აღწევს(!)"

სიტყვის თავისუფლება, ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების დაცვა, ინფორმაციის აქტუალურობა, მიუკერძოებლობა და ობიექტურობა, მკითხველის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება, საქმისადმი ერთგულება, გუნდურობა და მაღალი პროფესიონალიზმი - ეს იმ ფასეულობათა მცირე ჩამონათვალია, რომელზე დაყრდნობითაც გაზეთ "კვირის პალიტრის" პირველი ნომერი 1995 წლის 18 აპრილს გამოვიდა. მას შემდეგ, ზუსტად ოცი წელი გავიდა და "პალიტრის" გუნდმა ერთი კარგი გაზეთის გამოცემის იდეიდან შექმნა მძლავრი მედიაჰოლდინგი, რომელსაც ამ ეტაპზე საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. რაც მთავარია, 1995 წლიდან მოყოლებული დღემდე "პალიტრის" გუნდისთვის მთავარი ფასეულობებიც არ შეცვლილა, მხოლოდ იდეების წარმოუდგენლად დიდი მასშტაბი ამსხვრევდა საზღვრებს და თანამიმდევრული მუშაობის წყალობით ხორცსაც ისხამდნენ.

დღესდღეობით მედიასახლი "პალიტრა" 4 პერიოდულ გაზეთს, 15 პერიოდულ ჟურნალს, 20-ზე მეტ ინტერნეტპორტალს, რადიოს, ტელევიზიას, საინფორმაციო სააგენტოს, ლიტერატურის საგამომცემლო სახლს, წიგნების მაღაზიათა ქსელსა და პრესის გავრცელების სამსახურს აერთიანებს. "პალიტრის" შემადგენლობაშია ასევე მულტიპროფილური, მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი სტამბაც. ასევე, ჰოლდინგში გაერთიანებულია სარეკლამო ინტერნეტმარკეტინგისა და ვებგანვითარების კომპანიები. მედიაჰოლდინგის გუნდი 1400-ზე მეტი თანამშრომლისგან შედგება...

ერთ-ერთი მთავარი რგოლია "ნიუსრუმი", რომლის მთავარი რედაქტორი ნატა მუმლაძე მომავლის გეგმებზე გვესაუბრება: "ნიუსრუმი" "პალიტრამედიის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. აქ გაერთიანებულია "პალიტრამედიის" შემადგენლობაში არსებული 20-ზე მეტი ვებგვერდი, მათ შორის ისეთი პოპულარულები, როგორიცაა  ინტერპრესსნეწს.გე,  ამბები.გე, პალიტრატვ.გე,  ბპნ.გე, სპორტალლ.გე, მარაო.გე, მსჰობლები.გე, გემრიელია.გე და ა.შ. "ნიუსრუმში" ძლიერი და შეკრული გუნდი მუშაობს, რომლის მთავარი ამოცანაა, მიაწოდოს მკითხველს საინტერესო და ობიექტური ინფორმაცია. ყოველდღიურად ჩვენი პორტალების მკითხველების საერთო რაოდენობა ნახევარ მილიონს აღწევს(!)

ამის  გამო განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. ვცდილობთ ყველა ინტერესის და გემოვნების მკითხველს შევთავაზოთ საინტერესო ინფორმაცია. რა თქმა უნდა, მუდმივად ვფიქრობთ განვითარებაზე და მომავალში კიდევ ვგეგმავთ ახალი საინტერესო ვებ-გვერდების შექმნას.

18 აპრილს 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჰოლდინგში გაერთიანებული კომპანიები "ვარდების ბაღში" შეიკრიბებიან და მომხმარებელს სასიამოვნო სიურპრიზებს შესთავაზებენ. "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნების გამოფენა-გაყიდვა, საჩუქრები ბავშვებისა და ქალებისთვის, სპორტული გასართობები,  იტალიური ყავა და ნაყინი - ეს ყველაფერი სწორედ "კვირის პალიტრის" იუბილეზე, "ვარდების ბაღში" მთელი დღის განმავლობაში გელოდებათ...

სოფო საყევარიშვილი, "პალიტრა L"-ის მარკეტინგის მენეჯერი: "პალიტრის" იუბილეზე მოსული მოქალაქეებისთვის 2 000 ზე მეტი დასახელების წიგნი იქნება წარმოდგენილი.  რაც მთავარია, წიგნის მოყვარულებს ავტორებთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის, "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" ავტორ ჯაბა სამუშიასთან".

მარი წამალაშვილი, წიგნების მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" მარკეტინგის სამსახურის უფროსი: "18 აპრილს "ბიბლუსი" მომხმარებელს, სხვა სიურპრიზებთან ერთად, წარუდგენს იტალიური კაფეების ქსელ "ჩი გუსტას", რომელიც კლიენტებისთვის სწორედ იტალიური ყავის, ნაყინისა და პიცის მიწოდებაზეა ორიენტირებული. "ვარდების ბაღში" მოსულ მოქალაქეებს სამივე პროდუქტს შევთავაზებთ.

"ჩი გუსტას" კაფე ჭავჭავაძის #7-ში, "ბიბლუსის" მეორე სართულზეა განთავსებული და ვეცდებით, მისი მინიმაკეტი "პალიტრის" იუბილეზე წარმოვადგინოთ. –"ვარდების ბაღში" მოსულ ადამიანს დასვენებისთვის სრულ კომფორტს შევუქმნით. უახლოეს მომავალში კაფეების ქსელის გაფართოებას ვგეგმავთ და შესაძლოა, მომხმარებელმა ზაფხულში, შავი ზღვის სანაპიროზეც გვიხილოს".

ნინო ტურაშვილი, ჟურნალ "და ქალისა" და ვებგვერდ "მარაოს" მთავარი რედაქტორი:

"ვარდების ბაღში" ქალბატონებს განსაკუთრებულ გარემოს მოვუწყობთ - ნებისმიერ მსურველს პროფესიონალი ვიზაჟისტები მაკიაჟს უფასოდ გაუკეთებენ, რის შემდეგაც შესაძლებლობა ექნებათ "და ქალის" ბანერთან ფოტო გადაიღონ. რაც მთავარია, ბანერთან გადაღებულ ფოტოს ჟურნალის გარეკანის ეფექტი ექნება, თითოეული ქალბატონის სურათს კი Faceebook-ზე ავტვირთავთ. ქალებს ჟურნალებითაც დავასაჩუქრებთ.

ფაქტობრივად, "...და ქალთან" ერთად დაიბადა ვებგვერდი "მარაოც" და ორივე მათგანმა თავიდანვე ქალბატონების დიდი მოწონება დაიმსახურა. უახლოეს მომავალში "და ქალს" საკუთარი პორტალიც ექნება".

შორენა ბურდილაძე, "საბავშვო კარუსელის" მთავარი რედაქტორი: "საბავშვო კარუსელი" სასარგებლო უნარებს უვითარებს ბავშვს. ვიყენებთ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პედაგოგ-ფსიქოლოგების მეთოდებსა და ტესტურ სამუშაოებს. სხვა გამოცემებთან ერთად, "კვირის პალიტრის" 20 წლის იუბილეზე პატარებს მრავალფეროვან საჩუქრებს შევთავაზებთ, მათ შორის, ჟურნალებსა და პაზლებს, ასევე წიგნებს სერიიდან "მე ვიწყებ კითხვას".

"საბავშვო კარუსელი" უკვე ათი წელია ბავშვებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ჩვენც წლიდან წლამდე ვცდილობთ, პატარებსა და მშობლებს სასიამოვნო სიახლეები შევთავაზოთ. 18 აპრილს ბავშვებს კიდევ ბევრი სიურპრიზი ელოდება".

ალექსანდრე კაპანაძე, სტამბის დირექტორი: "იუბილესთვის ჩვენც განსაკუთრებულად ვემზადებით. სტამბა "კოლორი" ყველაზე მსხვილი საგაზეთე და საჟურნალე სტამბაა  1992 წლიდან. 2013 წლიდან კი დღეისათვის პრიორიტეტულ მიმართულებას, სარეკლამო პროდუქციასაც უახლესი მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აწარმოებს.

მომხმარებელს საკმაოდ მაღალი ხარისხის მომსახურებას ვთავაზობთ, რაც საქართველოში, სამწუხაროდ, იშვიათობას წარმოადგენს. ცოტა ხნის წინ მანქანა-დანადგარები შევიძინეთ, რომლის ანალოგი საქართველოში არ არსებობს.  ეს არის "ჰივლედ პაკარდი „ინდიგო", რომელსაც  უნიკალური შესაძლებლობები აქვს. მისი საშუალებით ბაზარს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას საკმაოდ მისაღებ ფასებში და ძალიან ოპერატიულ მომსახურებას.

კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ საწარმოო მასშტაბის მანქანა-დანადგარია, კლიენტის სურვილის შემთხვევაში, შეუძლია დაბეჭდოს ზუსტად იმდენი ცალი ეტიკეტი, რამდენსაც მოისურვებს, მაგალითად, 10 ცალი და ეს გააკეთოს ისე, რომ ბეჭდვის თვითღირებულებაც მხოლოდ 10 ცალის საფასურს შეადგენს - ანუ მანქანას არ გააჩნია დანაკარგი, რაც სხვა ტექნოლოგიის მანქანებში საკმაოდ დიდია და საბოლოოდ მომსახურების ფასზე აისახება ხოლმე".

ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების  გარდა, "პალიტრის" იუბილეზე წარმოდგენილი იქნება მედიაჰოლდინგში შემავალი ყველა გაზეთი და ჟურნალი.

ასე რომ, ყველას, ვისაც სურს დასვენება, წიგნების შეძენა, საინტერესო სანახაობების ნახვა, სიურპრიზების მიღება, ბავშვების გართობა და დასაჩუქრება,  "პალიტრამედია" 18 აპრილს "ვარდების ბაღში", აღმაშენებლის #73-ში დილის 11 საათიდან გელოდებათ.

რუსუდან შელია