ვინ არის რუსთაველის თეატრის დედა-გრიმიორი?
13-04-2015
ვინ არის რუსთაველის თეატრის დედა-გრიმიორი?
"ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ნემსკაუჭია"

ეს ადამიანები არასდროს ჩანან, მაგრამ დიდ საქმეს აკეთებენ. ისინი მსახიობების სახეს ქმნიან... ყოველთვის სცენის მიღმა რჩებიან, თუმცა, რომ არა ისინი, ერთი მსახიობი რამდენიმე გმირს ალბათ  ვერასდროს შექმნიდა. თეატრში გრიმიორს ყოველთვის საპატიო როლი უკავია. ამბობენ, არტისტის სახე მათთვის დაგრუნტული ტილოა და მასზე ფერწერულ-გრაფიკულ, ზოგჯერ ავანგარდულ ნამუშევრებსაც ქმნიანო.

რუსთაველის თეატრის გრიმიორებს­ გამოცდის ჩაბარება ყოველ სპექტაკლზე უწევთ. მათი მთავარი შემფასებელი მაყურებელია... 45 წელია, მედიკო წიკლაური ამ თეატრის მთავარი გრიმიორია.
ამბობს, რომ სარკე, მის გარშემო მოელვარე ნათურები,­ მაგიდაზე ჩამწკრივებული გრიმის კოლოფები და ფუნჯები მისთვის მთელი სამყაროა...



მედიკო წიკლაური: - სამხატვრო-საგრიმიორო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, რამდენიმე თანაკურსელთან ერთად, პრაქტიკის გასავლელად რუსთაველის თეატრში გამომიშვეს. მას შემდეგ აქ ვარ... მაშინ 21 წლის ვიყავი, ახლა 66-ის ვარ. ხშირად უკითხავთ, თავიდან
რომ ირჩევდე პროფესიას, რა გზით წახვიდოდიო. ამავე გზას სიამოვნებით გავივლიდი. მაბედნიერებს აქ გატარებული ყოველი დღე. ჩემი მასწავლებელი აპოლონ გამყრელიძე გახლდათ, რომელიც თურმე 11 წლიდან იზრდებოდა თეატრში. ოთხი წლის მოსული ვიყავი, რომ ტრაგიკულად გარდაიცვალა. არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. მეუბნებოდა, არ მოგერიდოს, რაც დაგაინტერესებს,­ მკითხეო. ბატონი აპოლონის მოწაფე გახლდათ სერგო ისამბეგოვი. მისგანაც ბევრი რამ ვისწავლე.­ სიცოცხლის ბოლომდე მათი მადლიერი ვიქნები. “

"ბატონო ეროსი, დღეს რომელი ულვაში მოგაწებოთ?"

წლების წინ, რუსთაველის თეატრში სპექტაკლ "ქუთათურებში" მთავარ როლს იპოლიტე ხვიჩია ასრულებდა. ერთ-ერთ სპექტაკლზე დეკორატორებს სუფრაზე ლიმონათის ნაცვლად ღვინო ჩაუსხამთ დოქებში. იპოლიტეს ათწუთიანი ლხინის სცენა ოც წუთამდე გაუგრძელებია. ანიშნებდნენ­ დაამ­თავრეო, მაგრამ შეზარხოშებულს სცენიდან გასვლა აღარ უნდოდა. მერე მოულოდნელად კულისებში გასულა და მადლიერების ნიშნად, სცენაზე გრიმიორი გამოუცეკვია...

1926 წელს, როდესაც ფილმ "ნათელას" (რეჟისორი ამო ბეკ-ნაზაროვი) იღებდნენ, მსახიობ სანდრო ჟორჟოლიანს ასეთი კური­ოზი გადახდა: ფილმის ერთ-ერთ სცენას სამჭედლოში იღებდნენ და გავარვარებულ ქურასთან მდგარ მსახიობს გრიმი და მიწებებული ულვაში ჩამოადნა.

სანდრო ჟორჟოლიანის მოგონებებიდან: "სტოპ-სიომკა",“- იყვირა რეჟისორმა. შემისწორეს გრიმი, მიმაწებ-მომაწებეს. დაიწყო გადაღება, მომაშუქეს განათება. ისევ ჩამომ­ადნა გრიმი. ვინ გაუკეთა გრიმიო, - იკითხა­ მან. აგერ ვხედავ, ძლივს იკავებს სიც­ილს აკაკი ხორავა. მივხვდი, რაშია საქმე. ვუბრიალებ თვალებს იმ შეჩვენებულ მამფორიას (ფილმში მონაწილე ილია მამფორია). ის იჭაჭება და იჭაჭება. გრიმიორი გამოცდ­ილი კაცი იყო, 25 წუთი ითხოვა. მომწმინდა­ გრიმი. პირი საპნით დამბანა. გამიკეთა ხელახალი გრიმი, ისე დაამთავრა გადაღება­, ბალანი (მიწებებული) არ ჩამომვარდნია. მომატყუა იმ ციგანმა“მამფორიამ - ეს კინოა, თეატრის გრიმი არ გამოგადგებაო, კინოში სახეზე ჯერ ვაზელინი უნდა წაისვა კარგად და გრიმი მერე გააკეთებინოო. შეურცხვა ცხვირი. ყველამ იცოდა თურმე, რა სიაბდლეს­ მიპირებდა".

მედიკო წიკლაური: - ზოგიერთ როლს სადა გრიმი სჭირდება და მსახიობები­ თავად იკეთებენ. დანარჩენ შემთხვევაში­ ჩვენ ვმუშაობთ. ხშირად გვიწევს ექსტრემალურ პირობებში მუშაობა. არის სპექტაკლები, როდესაც ერთი მსახიობი რამდენიმე როლს თამაშობს. თუ დრო აქვს, საგრიმიოროში შემოდის, თუ არა და სცენიდან გამოსულს ვუცვლით გრიმს, კოსტიუმს და ისევ სცენაზე გადის. ეს ყველაფერი ხშირად სულ რამდენიმე წუთში კეთდება. ხანდახან გაქცეული მსახიობისთვისაც გამიკეთებია გრიმი.

ბევრჯერ გამიკეთებია გრიმი მედეა ჩახავასთვის, სალომე ყანჩელისთვის, თამარ თარხნიშვილისთვის, თამარ თეთრაძისთვის, ზინა კვერენჩხილაძისთვის, რამაზ ჩხიკვაძისთვის, გოგი გეგეჭკორისთვის, კარლო საკანდელიძისთვის, გურამ საღარაძისთვის... ისენი დღეს ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ ყოველთვის ჩემს გულში დარჩებიან. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მათთან მომიწია მუშაობამ...

სპექტაკლ "ხანუმაში" ეროსი მანჯგალაძეს (კნიაზ ფანტიაშვილს თამაშობდა) გრიმს და პარიკს ყოველთვის აპოლონ ბიძია უკეთებდა. ერთ დღესაც აპოლონი სამსახურში­ ვერ მოვიდა. მითხრეს, ეროსის გრიმი და პარიკი უნდა გაუკეთოო. შევედი ეროსის საგრიმიორო ოთახში, პატარა ყუთიდან ორი ერთნაირი ულვაში ამოვიღე (სათადარიგო წვერ-ულვაში, ბაკენბარდები,­ წარბები და წამწამები კეთ­დება) და ვკითხე:­ ბატონო ეროსი, დღეს რომელი ულვაში მოგაწებოთ-მეთქი. რატომღაც ჩავთვალე, რომ ხან ერთს იკეთებდა და ხან - მეორეს. დაიბნა.­ მომიტრიალდა და მითხრა: ასეთი რამ არასდროს ჰკითხო მსახიობს, თვითონ უნდა აარჩიოო. ძალიან შემრცხვა, დავიბენი და გავწითლი... ასე ვსწავლობდი ყველა მსახიობისგან რაღაცას. თითოეულ მათგანთან გატარებული წუთები ჩემი ლამაზი წარსულია.   

"პარიკის ქსოვაში ბევრჯერ დამთენებია"

სპექტაკლისთვის პარიკს, ბაკენბარდებს­, წვერ-ულვაშს, წამწამებსა და წარბებს გრიმიორები ქსოვენ. ყველაზე დიდი დრო პარი­კს­­ სჭირდება. რუსთაველის თეატ­რის მთავარ საგრიმიოროში ახალი სპექტაკლისთვის ამჟამად რამდენიმე პარიკი იქსოვება. 

"უკვე სათვალავი ამერია, რამდენი სპექტაკლისთვის მაქვს პარიკი მოქსოვილი, - მიყვება ქალბატონი მედიკო, - სამწუხარ­ოდ, ბევრი გამელოტდა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, ამის გამო კერძო შეკვეთებზეც მიწევს მუშაობა. პარიკის მოქსოვაში ბევრჯერ დამთენებია თავზე. თუ ეს საქმე არ გიყვარს, ნებისყოფა არ გეყოფა, პარიკი და წარბ-წამწამი მოქსოვო... რუსთაველის თეატრთან ვცხოვრობ. 1991 წლის დეკემბ­ერში, როდესაც თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო, ბავშვების ტანსაცმელი,­ საჭმელი და ნემსკაუჭი (პარიკის საქსოვი) წამოვიღე სახლიდან. წუთით არ მიფიქრია, სხვა რაიმე ნივთის წაღება. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ნემსკაუჭი იყო. ვიცოდი, რომ ამ ხელსაწყოთი ყოველთვის შევძლებდი ჩემი შვილებისთვის პურის ფულის შოვნას.

რითი მზადდება პარიკი და რა ღირს ქართული თმა?!

პარიკისთვის ძვირფას მასალად კამეჩის ბეწვი ითვ­ლება, რომელიც ძვირად ფასობს. მასზე ძვირფასი ადამიანის თმაა - ერთი კილოგრამის ფასი ორი ათას ლარა­მდეა. ქართული მასალა ხშირად უმაღლესი ხარი­სხის არის, ამიტომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გააქვთ - მიაქვთ კანადაში, დუბაიში, რუსეთში და ა.შ. თბილისში რამდენიმე ოფისია, რომლის თანამშრომლები კარდაკარ, სილამაზის სალონებში დადიან და თმას ყიდულობენ.

თორნიკე ყაჯრიშვილი
სიუჟეტი იხილეთ პალიტრაTV-ზე
ძალიან საყვარელი ქალბატონი,ჩვენი დედა-გრიმიორი,მედიკო - ნათელა გვიყვარხარ ძალიააამ
29 მარტი 2017 01:31
ძალიან საყვარელი ქალბატონი,ჩვენი დედა-გრიმიორი,გვიყვარხარ ძალიან.

რედაქტორის რჩევით