"განო სამი თვის ფეხმძიმეა, ამიტომ მას კოტეს გარდაცვალების ამბავს უმალავდნენ" - კვირის პალიტრა

"განო სამი თვის ფეხმძიმეა, ამიტომ მას კოტეს გარდაცვალების ამბავს უმალავდნენ"

"როგორც გვითხრეს, წინაღამეს, გადამღებ ჯგუფთან ერთად რესტორანში ღამის 12-საათამდე ბევრი

უმღერია და კარგ ხასიათზეც ყოფილა"

"ცხოვრება უყვარდა, ხალისიანი და ენერგიული ადამიანი იყო. განსაკუთრებით ახარებდა განოს ფეხმძიმობა..."

როდესაც მითხრეს, კოტე თოლორდავა გარდაიცვალაო, არ დავიჯერე. ვიღაცის მორიგი ბოროტი ინტერნეტხუმრობა მეგონა. სულ რამდენიმე დღის წინ შემხვდა "პალიტრამედიის" ოფისში, მხიარული, სიცოცხლით სავსე იყო.Nნეტავი მართლაც ბოროტი ხუმრობა ყოფილიყო და არა ტრაგიკული რეალობა.

ბოლო წლებში კოტე თოლორდავა განსაკუთრებით პოპულარული მსახიობი გახდა. თავად კი იმით ამაყობდა, რომ ილია ჭავჭავაძის როლის შესრულების პატივი ერგო. კოტე თოლორდავა “პალიტრა TV-ს ერთ-ერთი გამორჩეული წამყვანიც იყო. მას მეუღლესთან, განო მელითაურთან ერთად, გადაცემა - "შუადღის ამბებით განო და კოტე", თავისთვის დამახასიათებელი განუმეორებელი სტილით მიჰყავდა. ბოლო  გადაცემა რამდენიმე დღის წინ ჩაწერა და მოსკოვში ფილმის გადაღებებზე გაემგზავრა. საქართველოში 14 აპრილს უნდა დაბრუნებულიყო, კვირის ბოლოს კი  ჩვენს გუნდთან ერთად, "კვირის პალიტრის" 20 წლის იუბილე უნდა ეზეიმა, თუმცა სამწუხაროდ, 11 აპრილს ის მოსკოვში, სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.

"კვირის პალიტრა" კოტე თოლორდავას სიმამრს, კახა მელითაურს დაუკავშირდა:

- როგორც გვითხრეს, წინაღამეს, გადამღებ ჯგუფთან ერთად რესტორანში ღამის 12-საათამდე ბევრი უმღერია და კარგ ხასიათზეც ყოფილა. სასტუმროს ნომერში კი პირველის ნახევრისთვის ასულა. მეორე დღეს, გადასაღებ მოედანზე რომ არ გამოჩნდა, მოიკითხეს და... ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. უმძიმესი ტრაგედიაა. ბოლო დროს განსაკუთრებულად ბედნიერი იყო, ჩემს კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყოო. მოსკოვში მხოლოდ ორი სცენა ჰქონდა გადასაღები და ორ დღეში ბრუნდებოდა.

ექსპერტიზა დაადგენს, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. განო სამი თვის ფეხმძიმეა, ამიტომ მას კოტეს გარდაცვალების ამბავს უმალავდნენ, მოსკოვიდან ამის შესახებ პირველს მე შემატყობინეს... არ ვიცით, ამას როგორ გადავიტანთ.

ინგა დადიანი, "პალიტრა TV"-ს დირექტორი: "რთულია კოტეზე წარსულში საუბარი. ცხოვრება უყვარდა, ხალისიანი და ენერგიული ადამიანი იყო. განსაკუთრებით ახარებდა განოს ფეხმძიმობა... მისი გარდაცვალება არა მხოლოდ ჩვენთვის, მთელი საქართველოსთვის ტრაგედიაა. უნიჭიერესი და ძალიან კარგი ადამიანი დავკარგეთ".

"კვირის პალიტრა" უსამძიმრებს კოტე თოლორდავას ოჯახს და გამძლეობას უსურვებს.

რუსუდან შელია