"მოკალი ბური", ანუ სამხრეთაფრიკული "კუ-კლუქს-კლანი" - კვირის პალიტრა

"მოკალი ბური", ანუ სამხრეთაფრიკული "კუ-კლუქს-კლანი"

სამხრეთ აფრიკას ტურიზმის მექას უწოდებენ. მხოლოდ მის ერთ ქალაქს, კეიპტაუნს, წელიწადში 7 მილიონი კაცი სტუმრობს; მართალია, მათ შორის ქართველები ცოტანი არიან, მაგრამ სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობს ხალხი, რომელიც ერთი ქართველის გამო ამაყობს. ესენი ადგილობრივი თეთრკანიანები, ბურები არიან. უმამაცესი ნიკო ბაგრატიონი (ნიკო ბური) მათ თავისუფლებისთვის იბრძოდა.

სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდი 1991 წელს გაუქმდა, თუმცა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი თანასწორობისთვის. რასიზმი აქ კვლავ არის - თუმცა, ეს უფრო შავკანიანთა შურისძიებას წააგავს, ახლა უკვე თეთრკანიანთა წინააღმდეგ...

შოთა შერმადინი, ქართველი ტურისტი: - სამხრეთი აფრიკა მიწიერი სამოთხეა - XVI საუკუნიდან აქ დამკვიდრებულმა ევროპელებმა ააყვავეს აქაურობა. მათ შორის უმთავრესნი არიან ბურები (ჰოლანდიელი გლეხების შთამომავლები), რომელთა შრომისმოყვარეობა განუზომელია, მათ ეკუთვნით პრაქტიკულად ყველა "ნოუ ჰაუ" სამხრეთ აფრიკაში. ბურებმა ეს ქვეყანა ღვინის ერთ-ერთ მსხვილ მწარმოებლად აქციეს. ამას აეროპორტში ფეხის დადგმისთანავე მიხვდები - ბუტიკებში გამოფენილი სხვადასხვა მარკის ღვინის ბოთლებისკენ გაგექცევა თვალი, ხარისხიანია და ძვირიც ღირს. ამიტომ მას აქ უმთავრესად თეთრკანიანები სვამენ. მათვე აქვთ განაწილებული სამხრეთ აფრიკის სიმდიდრე - ოკეანის სანაპიროზე თეთრების ზღაპრული ვილებია განფენილი. მათ ფონზე კი შავკანიანების ბარაკები საცოდავად გამოიყურება.

XVII საუკუნიდან სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ ჰოლანდიელები, ფრანგები, გერმანელები, რომელთაც მალაიზიიდან და მადაგასკარიდან შემოიყვანეს იაფი მუშახელი - მონები. 1795 წელს ბრიტანელებიც გამოჩნდნენ და დაიწყეს გავლენის მოპოვება. თავისუფლების დაკარგვა აქ დამკვიდრებულმა ბურებმა ვერ აიტანეს და ატყდა ინგლის-ბურების ომი, რომელსაც კინაღამ ჩვენი ნიკო ბაგრატიონი შეეწირა.

* * *

სამხრეთ აფრიკაში 11 სახელმწიფო ენაა, ქვეყანა ჭრელია, მაგრამ როცა მათ შორის გარეგნობით გამორჩეულ ბურებს უყურებ, ნიკო ბაგრატიონი გახსენდება და სიამაყე გიპყრობს. ნიკო ბაგრატიონს ოკეანისგადაღმელების ომში სიკვდილი სულაც არ ევალებოდა, მაგრამ სხვის ომში მაინც წავიდა. თავდაპირველად მეგობარმა, კოლა ორბელიანმა შეაგულიანა, - წამო, ნიკო, ცხელ ქვეყნებში სანადიროდ წავიდეთო. გაჰყვა - 1899 წელს პეტერბურგში ჩავიდა, იქიდან - პარიზში, შემდეგ ეგვიპტეში.

ეგვიპტეში ყური მოჰკრა, - ინგლის-ბურების ომი დაწყებულაო და ზუსტად ისე ანერვიულდა, როგორც იქაურები. "სასტუმროს პატრონმა მითხრა: - საზიზღრები არიან ეს ინგლისელები! თავისუფლების მოყვარული ბურების დამონება და მათი ქვეყნის კოლონიად ქცევა უნდათო. გამახსენდა საყვარელი საქართველო! მომიცვა ბურებისადმი თანაგრძნობამ და უყოყმანოდ გულში ამოვიჭერი, დავხმარებოდი თავისუფლების მოყვარულ პატარა ხალხს, რომელსაც ინგლისი მოსპობას უპირებდა" - დამარცხებულ ბურებს სამეფო გვარის კაცი ტყეში გაჰყვა პარტიზანული ბრძოლებისთვის. იქ ინგლისელებმა დაიჭირეს და ბაღლინჯოებიან საკანში შეაგდეს. დახვრეტას ქართულმა ჩოხამ და დედის სურათმა გადაარჩინა...

ეგ ქალი ვინ არისო, ჰკითხა სურათზე გამოსახული ქალის უცნაური სამოსით გაკვირვებულმა ინგლისელმა და როცა მიხვდა, სამეფო გვარის შთამომავალს კლავდა, ხელი აუკანკალდა... ასე გადარჩა - წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს. იქიდან ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა.

* * *

სამხრეთ აფრიკაში ყველაზე იდუმალი და საშიში რობენის კუნძულია. ოკეანის ნაპირიდან 9 კილომეტრით დაშორებულ ამ ოაზისში ნავებით გადაჰყავდათ კეთროვანები, სადაც ახლობლებს მოწყვეტილნი და ტკივილით გატანჯულები მალე იხოცებოდნენ. კუნძულზე მათი საფლავის ქვების "ტყეებია". როცა კეთრის ეპიდემია შეწყდა, კუნძული მკაცრი რეჟიმის ციხედ გადაკეთდა, იქიდან მხოლოდ სამმა პატიმარმა შეძლო გაქცევა.

18 წელიწადი გაატარა ამ ციხეში სამხრეთ აფრიკის ეროვნულმა გმირმა ნელსონ მანდელამ. გადარჩა, მაგრამ მხედველობა დაუზიანდა - პატიმრებს მაღაროებში ამუშავებდნენ და მადნის მტვერი აბრმავებდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, 1994 წელს, მანდელა პრეზიდენტი გახდა და სამხრეთ აფრიკაში დემოკრატიის დამყარებას შეუდგა. საინტერესოა ისიც, რომ მანდელას მხედველობა იმდენად დაზიანებული ჰქონდა, კაშკაშა სინათლეს თვალს ვერ უსწორებდა და ფოტოებსაც მაშუქით არასოდეს უღებდნენ.

* * *

მანდელა სამხრეთ აფრიკის ეროვნული გმირია, მაგრამ რაც შეეხება დემოკრატიას, მის მიღწევამდე აქ კიდევ შორია. ეს იმითაც დასტურდება, რომ ტურისტებს აფრთხილებენ, - ღმერთი არ გაგიწყრეთ და ფეხი არ შედგათ შავკანიანთა უბნებშიო. წარსულის გამო აგრესია რასიზმად იქცა და თეთრკანიანებს დაატყდა თავს.

აფრიკის 49-მილიონიანი მოსახლეობიდან 9.1% თეთრკანიანია. მათ შორის 39% ბრიტანელების შთამომავალნი არიან, ხოლო 59% - ბურები (აფრიკანერები). ეს უკანასკნელნი უკვე ერად ჩამოყალიბდნენ ჰოლანდიელებისა და ფრანგი ჰუგენოტების შთამომავალთაგან. თუმცა, ამის გაცნობიერება შავკანიანებს არ სურთ, ისინი უპირველესად ბურებს ერჩიან, - ქვეყანაში მოძრაობაც კი ჩამოყალიბდა აფრიკანერი ფერმერების დასახოცად.

ბოლო 20 წლის განმავლობაში ბურებს ათასჯერ მაინც დაესხნენ თავს, დაიღუპა 3000 ბური. ფერმერების დასასჯელად შეიქმნა "აფრიკელთა ეროვნული კონგრესი", რომლებიც თავისიანებს სიმღერითაც კი მოუწოდებენ: "მოკალი ბური, მოკალი ფერმერი"... პარტიის საყვარელი ლოზუნგია "ერთი ფერმერი - ერთი ტყვია!" განსაკუთრებით აგრესიულია კონგრესის ახალგაზრდული ფრთა, რომელიც შავკანიანებს მოუწოდებს, თეთრკანიანებს ბიზნესიც წაართვან. ამის გამო ქვეყანა თეთრკანიანთა დაახლოებით 20%-მა დატოვა.

* * *

საუკუნეების განმავლობაში დაგუბებული აგრესიის შედეგად თავად აფრიკელებს შორისაც გაღვივდა ძალადობა, - აქ ქმარი ან პარტნიორი ყოველ 6 საათში თითო ქალს კლავს, ძირითადად ცემით... მდგომარეობას ართულებს შიდსი, რომელიც ბუნებრივ მოვლენად ითვლება... აქ სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან დაბალია.

...და მაინც, ეს მიწიერი სამოთხე სამუდამოდ ატყვევებს ადამიანს... აქ ტურისტები მილიარდობით დოლარს ხარჯავენ...