ბიჭად დარჩენილი მწერალი-ფანტასტი - კვირის პალიტრა

ბიჭად დარჩენილი მწერალი-ფანტასტი

ხომ არიან მწერლები, რომლებიც ერთ რომელიმე კონკრეტულ ჟანრში შეიზღუდებიან და მცირე, უღიმღამო ცდების შემდეგ - ცდები ყველას აქვს, - მგონი, ფეხს აღარ გადადგამენ ხოლმე გვერდზე. მიხვდება ვინმე მავანი, რომანი გამომდის უკეთო და, პიესას არ გაეკარება, ან მოთხრობა უფრო კარგად მომდის ხელშიო და, რომანს არ დაწერს თავის დღეში. კი, უმეტესად სწორედ ამგვარი მწერლები არიან და არც გაემტყუნებათ იმ პატიოსან ადამიანებს, რადგან მეტად იშვიათია ლიტერატურის ურიცხვი შენაკადი თუ განშტოება თანაბარი სიძლიერით გამოსდიოდეს მწერალს.

ოღონდ, ალბათ, ეს არ ეხება ბიჭს, რომელიც ილინოისის შტატში, მიჩიგანის ტბის ნაპირას, პატარა ქალაქ უოკიგანში დაიბადა. უოკიგანი ამერიკულით კი არა და, ქართული მასშტაბითაც პატარა ქალაქად ჩაითვლება, ახლა რაღა, ჭრელზე ჭრელი მოსახლეობა ჰყავს, მაგრამ იმ შორეული 1920 წლის 22 აგვისტოს აქაურობას სულ პირველი, როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე, ძირძველი ამერიკელებიც არ აკლდნენ. ჰოდა, იმას მოგახსენებდით, სწორედ ამგვარ ძირძველ, ჯერ კიდევ  XVII  საუკუნეში გაამერიკელებულ ბრედბერების ოჯახს უმცროსი ვაჟი შეეძინა, პირველ სახელად ბიჭს რეიმონდი დაარქვეს, მეორე სახელად - დაგლასი, როგორც მახსოვს, მაშინ ცნობილი მსახიობის პატივსაცემად.

დალხენილმა ცხოვრებამ როდი მოუწია რეის, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას გადაბარგდა ოჯახი ლოს-ანჯელესში. რეის მშობლებს მეტისმეტად უყვარდათ კინო, ჯერაც ახალფეხადგმული ბიზნესი, და შვილსაც, კაცმა რომ თქვას, თავისუფლად ზრდიდნენ. უნივერსიტეტში უოკიგანელმა ბიჭმა ვერ ისწავლა, ფული არ ეყო, მაშინ აშშ-ში მაინცდამაინც არც სამუშაო იშოვებოდა, ჰოდა, როგორც მერე სევდანარევი სიყვარულით იხსენებდა ხოლმე, ზრდასრულობაში ფეხშედგმულმა უმაღლესი განათლების დასრულების ნაცვლად ჩვენებური ბიბლიოთეკა დავამთავრეო. კვირაში სამჯერ დადიოდა თურმე მოცლილი რეი წიგნების საკითხავად და კარგა ბლომადაც წაუკითხავს.

მარტო კითხვა არ შველოდა საქმეს და ბრედბერი წერდა, თავიდან მხოლოდ ე. წ. ყვითელ პრესასთან თანამშრომლობდა, ისინიც უბეჭდავდნენ და უბეჭდავდნენ მოთხრობებს, ოღონდ ეს მოთხრობები - მერე რა, რომ ავტორი შიგადაშიგ პოს ჰბაძავდა, - ვერ გამოირჩეოდა დიდი ოსტატობით და არც კრიტიკას გაუმახვილებია მათზე ყურადღება. მოგეხსენებათ, აშშ დიდი ქვეყანაა, მაშინაც გვარიანად დიდი იყო, და აბა, ვიღაც ილინოისელი, დღიურ პრესაში ახალგამომცხვარი ბიჭი გამოცდილ ლიტერატორებს თვალებს რას აუბამდა. წარმატება, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, იოლად არ მოსულა, რეი გამოირჩეოდა მოთმინებით, წარმოუდგენელი, მე ვიტყოდი, ჰემინგუეისეული მოთმინებით, აი, თუ გახსოვთ, ჰემინგუეიზე იგონებენ, ყოველდღე გამთენიისას დგებოდა და რომ არ დასძინებოდა, საგანგებოდ მისთვის გაკეთებულ მაგიდასთან ფეხზემდგომელა წერდაო. ჰოდა, ბრედბერიც მაგ მოდგმის იყო, მშრომელი უკიდურესად და მომთმენი, კიდევ უფრო. ყოველდღე სამ, ოთხ, ხუთ საათს მუშაობდა, წერდა, ასწორებდა.

სიჯიუტეც გვარიანი მოსდევდა, ალბათ, იმ ატლანტიკის გადმომცურავი წინაპრებისგან. იმდენად, რომ პირველი დიდი წიგნის, ,,მარსის ქრონიკების" წარუმატებლობამ ვერ დააფრთხო და ვერც შრომის, წერის სიყვარული გაუნელა. ,,მარსის ქრონიკები" მეუღლეს მიუძღვნა, სრულიად არაჩვეულებრივი, პატარ-პატარა მოთხრობებად, ამბებად დაწერილი წიგნი, რომლის ფორმატსაც ცოტა უფრო გვიან კიდევ ერთი სრულიად ფანტასტიკური და ამჯერად გამომცემლობა ,,პალიტრა L"-ის მიერ ქართულად წარმოდგენილი ,,ბაბუაწვერას ღვინო" გაიმეორებს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ, როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ეს უკანასკნელი უფრო შეკრული ტექსტია, ავტობიოგრაფიულიცაა უფრო მეტად და საერთოდაც, დამწყები ავტორის დაწერილს აღარ ჰგავს, უკვე გამოჯეკილი მწერლის ხელი ატყვია. კეთილმოსურნეები იმასაც ჩაურთავენ ხოლმე, რომ ,,ბაბუაწვერას ღვინოში"“ ორი მთავარი პერსონაჟი რეიმ საკუთარი თავისგან გადმოხატა, ალბათ, ისე, როგორც კარგა ხნის მერე ამერიკული ლიტერატურის კიდევ ერთმა უმთავრესმა ავტორმა, რეისგან განსხვავებით, დიდმა ხულიგანმა და მექალთანემ, რომელიც მთელი ცხოვრება სიყმაწვილეში შერთული ცოლის მოსიყვარულე მეუღლედ დარჩა, ჩარლზ ბუკოვსკიმ. ძნელი წარმოსადგენია, რა უნდა ჰქონდეთ საერთო ამ ორს, ხელწერითაც, რწმენითაც, ცხოვრების წესითაც მეტად განსხვავებულ მამაკაცებს. მე ვიტყოდი, ადამიანის სიყვარული. რეის, უფრო კიდევ, კაცობრიობისაც, ეს, ალბათ, მისი მოგონილია, მხოლოდ მას შეეძლო, ფანტასტიკური სიუჟეტი აღეწერა კია, მაგრამ წამკითხველს იმ აღწერილობის იქით ერთხელაც არ გახსენებოდა, რომ რაღაც უჩვეულოს კითხულობს და საკუთარი სახლის უკანა ეზოში ჰგონებოდა თავი.

რეის ,,451 გრადუსი ფარენჰაიტით" პირველად ,,ფლეიბოიში" დაიბეჭდა - სასაცილოა, პირდაპირ. ეგრეც გახდა საქვეყნოდ ცნობილი ეს პატიოსანი კაცი "ფლეიბოიში" კაცობრიობაზე, მართალთა რწმენაზე, უკანასკნელმოჰიკანობაზე დაბეჭდილი რომანით. ,,ბაბუაწვერას ღვინოზე" კი კრიტიკოსები ამბობენ ხოლმე, მარტო პო რას გვიქვია, მარკ ტვენის გავლენაც აქვსო. რა მოხდა მერე, ტვენის გავლენა ყველას აქვს ამერიკულ ლიტერატურაში, კაცს ვერ ნახავ, წერა შეეძლოს და ტვენისა არაფერი წამოეღოს. გავლენა როგორ არა აქვს, ამ ჩვენს "ბაბუაწვერაში" ორი თითისტოლა ბიჭია და იქაც - კლემენსთანაც. რა სალაპარაკოა, ქალაქს გინდაც სანქტ-პეტერბურგი რქმევია და გინდაც გრინთაუნი (ვითომ, მწვანე ქალაქიო), გინდაც ის პეტერბურგი მგვანებია ტვენის მშობლიურ ქალაქს და გინდაც ეს რეის მწვანე ქალაქი - რეისავე უოკიგანს. ოჰ, ეს პატარა ქალაქების მოყვარული დიდი ამერიკელი მწერლები! ჰოდა, აქაც,

ამ ჩვენს ,,ბაბუაწვერას ღვინოშიც", კაცობრიობის გადარჩენის ამბავია, ყოველდღიურობისთვის სულის მოპარვისა და ამ სულის ბიჭებისგან ქალაქს გაღმა უჩუმრად გაპარების ამბავი.

ყველაზე კარგი მწერლები ხომ ყოველთვის ისინი გამომდგარან, ვინც სულ ყოველთვის ბიჭებად დარჩენილან. ამბებიც ხომ მხოლოდ ბიჭებს გადახდებათ ხოლმე თავს, მით უფრო, ქალაქად ზაფხულიც თუა...

რეი ბრედბერი

რეი ბრედბერის ნაწარმოებები 800-მდე ანთოლოგიაშია შეტანილი. 1985-1992 წლებში იყო ავტორი და წამყვანი სატელევიზიო გადაცემისა "რეი ბრედბერის თეატრი", რომლის დროსაც გადაიღეს 65 მინიფილმი მწერლის ნაწარმოებების მიხედვით.

რეი ბრედბერი იყო ლაურეატი ო ,  ჰენრის, ბენჯამინ ფრანკლინის, ამერიკის აკადემიის, ენ რადკლიფის და სხვა პრემიებისა. 1988 წელს მიანიჭეს "დიდი ოსტატის" ტიტული. 1989 წელს ბრემ სტოკერის პრემია „შემოქმედებითი მიღწევებისთვის. 2000 წელს ამერიკულ ლიტერატურაში შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოეს ეროვნული წიგნის პრემიით. არჩეული იყო კალიფორნიის შტატში უილტერის კოლეჯის საპატიო დოქტორად.

ზაალ ჩხეიძე