"ეტლში ჩაჯდომა არ ნიშნავს იმას, უარი თქვა ცხოვრებაზე" - კვირის პალიტრა

"ეტლში ჩაჯდომა არ ნიშნავს იმას, უარი თქვა ცხოვრებაზე"

"მთავარია, საზოგადოებამ თავის  სრულუფლებიან წევრად მიგიჩნიოს და არა - უსარგებლო და გადასაგდებ ნივთად"

ირმა ხეცურიანმა 11 წლის წინ დასმული მძიმე დიაგნოზის შემდეგ ეტლში გადაინაცვლა. ამბობს, რომ ეტლიდანაც შეიძლება იმის დანახვა, როგორი მშვენიერია ცხოვრება. მტკიცე ნებისყოფის წყალობით ცხოვრებისეულ გამოწვევებს არასოდეს ნებდება - შარშან კანადის ქალაქ მონრეალში, რაპირით ფარიკაობაში მსოფლიოს გრან-პრის გათამაშებაზე მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ირმა ხეცურიანი:

- ოჩამჩირეში, ლეჩხუმელების დასახლება ცაგერაში დავიბადე. 7 წლის ვიყავი, ომი რომ დაიწყო. ბევრი რამ ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ არ მავიწყდება ჩვენი სახლი და ის საბედისწერო დღე, როდესაც იძულებით გამოვიხიზნეთ. წყალტუბოში დავამთავრე სკოლა და ჩავაბარე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში. პირველ კურსს ვამთავრებდი, როდესაც დამისვეს დიაგნოზი - ზურგის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც სწრაფად მზარდი აღმოჩნდა. თავიდან ძალიან გამიჭირდა იმის გაცნობიერება, რომ კარგა ხანს ფეხზე ვერ გავივლიდი.

ყველაზე მძიმე პირველი ორი წელიწადი იყო. მერე ყირიმში, ბურდენკოს ცენტრში გავიარე სარეაბილიტაციო კურსი. ჩასვლისთანავე გავოგნდი - ამდენი ეტლში მჯდომი ადამიანი ერთად არასდროს მენახა. უკრაინა და ის გარემო დამეხმარა, რომ მივმხვდარიყავი, თურმე რა კარგია ცხოვრება. დედა, ჩემგან განსხვავებით, დღემდე ვერ ეჩვევა ჩემს მდგომარეობას, ჰგონია, რომ ვიტანჯები. არადა, თავს საზოგადოების სრულუფლებიან წევრად ვთვლი. ამით ცხოვრება არ მთავრდება. ის შეიძლება ჩვეულებრივად გააგრძელო, ბევრი სასიკეთო და წარმატებული საქმე აკეთო და სხვასაც კი დაეხმარო. თუმცა, გულისტკივილით მინდა ვთქვა, რომ ჩვენში შშმ პირებს რატომღაც განსხვავებულ კატეგორიას მიაკუთვნებენ, ისინი განცალკევებით არიან, ყველასგან გარიყულები.

ჩვენ ყოველთვის ხელს გვიშლის ხელოვნური ბარიერები, რომლებიც საზოგადოებასთან ერთად უნდა გადავლახოთ. ერთი ადამიანიც რომ გაგიღიმებს და ეტლის საბურავებს არ ჩააშტერდება, ბედნიერი ხარ. ბევრი ადამიანი ეტლს იმისათვის იყენებს, ქუჩაში გამოვიდეს და ხელი გაიშვიროს. რამდენჯერმე მქონია შემთხვევა, ჩემთვის ვმდგარვარ და ვიღაცას ხურდები ჩაუყრია ხელში, თან მოუბოდიშებია, მეტით ვერ გეხმარებიო, მე კი გავბრაზებულვარ, რატომ ჩათვალეს, რომ მოწყალებას ვითხოვ-მეთქი. მთავარია, საზოგადოებამ თავის სრულუფლებიან წევრად მიგიჩნიოს და არა - უსარგებლო და გადასაგდებ ნივთად.

-  როგორც ვიცით, ფარიკაობაში  დიდ წარმატებას მიაღწიეთ.

- ორი წლის წინ დამირეკეს და შემომთავაზეს პარაოლიმპიური კომიტეტის ოფისმენეჯერობა, რომელიც შშმ პირების სპორტში ჩართვას ემსახურება. ოჯახმა დიდი წინააღმდეგობა გამიწია, ეშინოდათ, ეტლში მჯდომს ყველაფრისთვის როგორ უნდა გამერთმია თავი. პანდუსს ვერ მოვთხოვდი მერიას, ვინაიდან ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ. სახლში გადაადგილება არ მიჭირს, მაგრამ ბინაში შესვლამდე კიბის ცხრა საფეხურია ასავლელი. ხან ტაქსის მძღოლი მეხმარება, ხან - მეგობარი.

ფარიკაობა იმდენად ლამაზი, მიმზიდველი და ინტელექტუალური სპორტის სახეობაა, პირველ გაკვეთილზევე ვთქვი, ვიპოვე ის, რაც მჭირდება-მეთქი. ექვსი თვის შემდეგ კანადაში ავიღე მესამე საპრიზო ადგილი, რაც ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. პარაოლიმპიადის მსოფლიო რეიტინგში მე-16 ვარ და მე-12 უნდა გავხდე, რომ პარაოლიმპიადის ლიცენზია მოვიპოვო, რომელიც 2016 წელს გაიმართება რიოში. ამა წლის 29 აპრილს ჩვენი გუნდი კანადაში მიდის მსოფლიო თასის გათამაშებაზე, სადაც გასულ წელს ავიღე მესამე საპრიზო ადგილი. ვამბობ, კანადა ჩემი თილისმაა-მეთქი. ჩვენი მწვრთნელები და გუნდი ყველაფერს აკეთებენ, რომ მაქსიმალური კომფორტი შეგვიქმნან სპორტის ამ სახეობაში.

- პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- მყავდა უცხოელი მეუღლე, რამდენიმე თვეა, რაც დავშორდით. ის არ იყო შშმ პირი. სოციალურ ქსელში გავიცანით ერთმანეთი, თავდაპირველად საქმიანი ურთიერთობა გვქონდა, შემდეგ ჩამოვიდა შვეიცარიიდან, ერთმანეთი შეგვიყვარდა და ერთ წელიწადში დავინიშნეთ. არაფერს ვნანობ, ყველაფერი იმისათვის ხდება, რომ რაღაც ისწავლო და გადააფასო.

- ირმა, რას ურჩევდი მათ, ვინც შეზღუდულ შესაძლებლობებს ვერ ეგუება?

- რაღაც თუ წაგერთვა, რაღაც აუცილებლად მოგეცემა. შევებრძოლოთ სტიგმას და დავანგრიოთ სტერეოტიპი, რომ უსარგებლო ადამიანები ვართ. ეტლში ჩაჯდომა არ ნიშნავს, რომ უარი უნდა თქვა ყველაფერზე. ეტლი არ ცვლის ადამიანს, მან შეიძლება შეგიცვალოს რაღაცებისადმი დამოკიდებულება, მაგრამ ცხოვრება ხომ გრძელდება.

ნანა ფიცხელაური