რას გულისხმობს შობადობის გაზრდის ახალი ინიციატივა - კვირის პალიტრა

რას გულისხმობს შობადობის გაზრდის ახალი ინიციატივა

"საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" ახალი ინიციატივა მაღალმთიან რეგიონებში დაქორწინების წახალისებას ეხება. რა ასაკობრივ კატეგორიაზე გაიცემა დახმარება და რომელ სოფლებში გვყავს ყველაზე მეტი დაუოჯახებელი? - ამ თემებზე "საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე გვესაუბრება:

- ისედაც დაცარიელებულ სოფლებში თითო-ოროლა ახალგაზრდაა შემორჩენილი და ისინიც თანდათან უშვილძიროდ ბერდებიან... ეს არის მძიმე ფსიქოლოგიური, ტრაგედიამდე მისული მდგომარეობა, რაც მთიან რეგიონებს შავ ფონად გასდევს. ყაზბეგის მაჟორიტარმა დეპუტატმა გვითხრა: არც კი გინდათ სტატისტიკის მოშველიება, გამგეობაში შემოაბიჯეთ, ყოველი თუ არა, მეორე კაცი მაინც უცოლოაო. ჩვენი ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის სოფელ ხევსურთსოფელში კანტიკუნტად არიან ახალგაზრდები და მათგან (30 წლის ზემოთ) 27 უცოლოა, რაც უმთავრესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებით არის განპირობებული. მოსახლეობისა და ქორწინების რაოდენობათა შეფარდებით, ყველაზე მძიმე მდგომარეობაა მცხეთა-მთიანეთში, შემდეგ რაჭა-ლეჩხუმში, გურიაში, სამეგრელოში, სვანეთში... იმერეთში შედარებით უკეთესი ვითარებაა.

- ეს რით არის გამოწვეული?

- იმერეთიდან ყველაზე მეტი ჩვენი მოქალაქეა ემიგრაციაში და ოჯახების რჩენას გამოგზავნილი თანხებით ახერხებენ, ეს კი ქორწინების სტატისტიკაზეც აისახება.

- რომელ ასაკობრივ ჯგუფშია ყველაზე ხშირი ქორწინება?

- ყველაზე ხშირია 16-19 წლამდე ახალგაზრდებში, თუმცა, ამ ასაკობრივ სეგმენტში განქორწინებაც მრავლადაა. ასევე, ხშირია 20-დან 24 წლამდე ქორწინებები. იშვიათია 35-დან 40-მდე, 40-დან 45 წლამდე კი დაოჯახებულთა რაოდენობა ძალიან მცირეა. ამასთან, ირკვევა, რომ 2013 წელს უფრო მეტი წყვილი დაოჯახდა, ვიდრე 2014 წელს. ეს რით არის განპირობებული, ვერ გეტყვით... გადავწყვიტეთ, პარლამენტს შევთავაზოთ ახალი ინიციატივა, რომლის თანახმადაც, ახალდაქორწინებულები ერთჯერად დახმარებას მიიღებენ. ეს ინიციატივა "მთის შესახებ" კანონში ცვლილების სახით უნდა შევიდეს.

მაღალმთიან რეგიონებში ბინების პრობლემა არ არსებობს (მიტოვებული სახლები დაცარიელებულია), ახალგაზრდებს ფინანსური დახმარება სჭირდებათ. გამოვდივართ ინიციატივით, რომ მათ ერთჯერადად 5 ათასი ლარი გადავცეთ ან იმავე ოდენობის თანხის ფარგლებში მცირე ბიზნესის (სასოფლო-სამეურნეო პროექტების განხორციელებაში) წამოწყებაში შევუწყოთ ხელი.

ექვსი რეგიონი (რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი) დემოგრაფიულად კატასტროფის ზონებია. ამის მიზეზია შობადობის ნაკლებობა, ქორწინებათა შემცირება, აბორტების რაოდენობა, სოციალურ-ეკონომიკური პირობები. ამ პრობლემების გადასაჭრელად რამდენიმე ინიციატივას უკვე შევასხით ხორცი, როგორიც იყო, მაგალითად, ყოველ მესამე და შემდეგ ბავშვზე - ყოველთვიურად 150 ლარის, მთიან რეგიონებში კი 200 ლარის გაცემა. ჩვენმა ინიციატივებმა გაამართლა - დღეს ბევრად უკეთესი მდგომარეობაა.

- რა ასაკის მოქალაქეებს ერგებათ დაწესებული "ჯილდო" დაქორწინების შემთხვევაში?

- დახმარებას მიიღებენ ახალშექმნილი ოჯახები, სადაც ქალები 25-დან 40 წლამდე ასაკობრივ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. ეს რეპროდუქციული ასაკია. სახელმწიფო იმიტომ გაიღებს ამ თანხას, რომ წყვილის დაოჯახებას მოჰყვეს შობადობა!

- ასეთი განსაზღვრება დისკრიმინაციული ხომ არ არის, მით უფრო, რომ შვილებს 45 წლამდე ქალებიც აჩენენ?

- პარლამენტი იმსჯელებს და გადაწყვეტს ასაკობრივ კრიტერიუმს.

შესაძლოა, დახმარება გაიცეს იმ ახალშექმნილ ოჯახებზე, სადაც 30-დან 45 წლამდე ქალები იქნებიან.

მჯერა, რომ ჭკვიანური მიდგომებითა და გათვლებით შევძლებთ ქვეყნის იმ კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანას, რასაც დემოგრაფიული კატასტროფა ეწოდება!