დღესასწაული სახელად "პალიტრა"... - კვირის პალიტრა

დღესასწაული სახელად "პალიტრა"...

"კვირის პალიტრის" 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით "პალიტრამედიაში"  გაერთიანებული კომპანიები "ვარდების ბაღში" შეიკრიბნენ და სტუმრებს დაუვიწყარი დღესასწაული მოუწყვეს. გემოვნებიანი მუსიკა, გასართობი საბავშვო შოუპროგრამები, იტალიური ბრენდის, "ჩი გუსტოს" უგემრიელესი ყავა და ნაყინი, ქალბატონებისთვის უფასო პროფესიონალური მაკიაჟი, "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული მრავალფეროვანი წიგნები, ნებისმიერი მსურველისთვის საჩუქრად გადაცემული ჟურნალები: "გზა", "რეიტინგი", "ისტორიანი", "არსენალი", "უტო ბილდი", "საბავშვო კარუსელი", "და ქალი" და ა.შ... ფერადი ბუშტები, ბევრი სიცილი და "გაზეთის კაციც" კი, რომლის ორიგინალური ტანისამოსი ნებისმიერ მნახველს კარგ განწყობას უქმნიდა.

ღესდღეობით "პალიტრამედია" ოთხ პერიოდულ გაზეთს, 15 პერიოდულ ჟურნალს, 22 ინტერნეტპორტალს, რადიოს, ტელევიზიას, საინფორმაციო სააგენტოსა და საგამომცემლო სახლს აერთიანებს. ბეჭდური მედიის საერთო ტირაჟი თვეში 800 000-ს აჭარბებს, ხოლო ინტერნეტპორტალების უნიკალური ვიზიტორების რაოდენობა ყოველთვიურად 15 335 105-ს აღემატება. "პალიტრის" შემადგენლობაშია მულტიპროფილური, მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი სტამბაც. ასევე, "პალიტრამედიაში" გაერთიანებულია სარეკლამო ინტერნეტმარკეტინგისა და ვებგანვითარების კომპანიები. ჯამში, მედიაჰოლდინგის პროფესიონალთა გუნდი 1 400-ზე მეტი თანამშრომლისგან შედგება.

1995 წლის 18 აპრილს, "კვირის პალიტრის" პირველი ნომრის გამოსვლის შემდეგ, ოცი წლის განმავლობაში, პროფესიონალთა გუნდმა მძლავრი მედიაჰოლდინგი შექმნა, რომელსაც ამ ეტაპზე საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. რაც მთავარია,

"ვარდების ბაღში" იუბილეზე მოსული უამრავი ადამიანი "პალიტრის" მიმართ უსაზღვრო სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავდა.

ერთ-ერთი სტუმარი "კვირის პალიტრისთვის" 20 წლის იუბილეს მოსალოცად საგანგებოდ ბათუმიდანაც კი ჩამოვიდა.

კლარა წერეთელი: "ორშაბათი არ გავიდოდა, მე და ჩემს მეუღლეს "კვირის პალიტრა" არ გვეყიდა. სამწუხაროდ, მეუღლე გარდამეცვალა, მაგრამ მე ისევ გაზეთის ერთგულ მკითხველად დავრჩი. "პალიტრის" იუბილეზე შვილიშვილიც წამოვიყვანე. გილოცავთ იუბილეს! სანამ ცოცხალი ვარ, თქვენი მკითხველი ვიქნები".

დიდი ინტერესი გამოიწვია ჟურნალ "არსენალის" კუთხემ, სადაც მსურველს ტირის სნაიპერული თოფით სროლის შესაძლებლობა ჰქონდა.

დავით ნადირაშვილი: "მიხარია, რომ "კვირის პალიტრა" სამხედრო თემატიკითაც ინტერესდება. ეს გაზეთი საქართველოში, პრაქტიკულად, ერთადერთია, რომელიც საზოგადოებას მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეზე დაფუძნებულ ინფორმაციას სთავაზობს".

რიგი იდგა ჟურნალ "ისტორიანის" სტენდთანაც, სადაც ჯაბა სამუშიას ავტორობით გამოსული ისტორიული წიგნებიც იყო გამოფენილი. აქ უამრავ მკითხველთან ერთად, "კვირის პალიტრის" ყოფილი ჟურნალისტი, დაჩი გრძელიშვილი შევნიშნეთ.

დაჩი გრძელიშვილი: "კვირის პალიტრას" საქართველოში ანალოგი არ გააჩნია და მეამაყება, რომ ამ ყველაფერში მეც შევიტანე წვლილი. დღეს "ისტორიანის" მიერ გამოცემული რამდენიმე წიგნი შევიძინე, რომლის სერიებსაც რეგულარულად ვკითხულობ".

წიგნის შეძენის მსურველთა ტალღა არ წყდებოდა "პალიტრა L"-ის საგამოფენო ჯიხურთანაც.

მანანა ბერძენიშვილი: "კვირის პალიტრის" გულშემატკივარი ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან ვარ, როცა გაზეთის რედაქტორი ქალბატონი ლალი გუნთაიშვილი იყო. ამ ჰოლდინგმა ბევრი ქარტეხილი გაიარა, მაგრამ თავი ღირსეულად გაართვა. თქვენი გამომცემლობის წიგნები ძალიან მომწონს, შვილიშვილებისთვის რამდენიმე შევიძინე. გმადლობთ, რომ მოაწყვეთ დღესასწაული, სახელად "პალიტრა".

ღონისძიებას ფონად ბავშვების ჟრიამული გასდევდა. ჟურნალ "საბავშვო კარუსელის" დასტით დატვირთული ბიჭუნები სურათის გადაღებაზე სიამოვნებით დაგვთანხმდნენ: "მშობლები "საბავშვო კარუსელს" ყოველთვის მყიდულობენ. მიყვარს რებუსების გამოცნობა და კროსვორდების შევსება. დღეს უგემრიელესი ნაყინიც გავსინჯე და კარგი იქნება, თუ ჩვენთვის ასეთ ღონისძიებები ხშირად მოეწყობა".

რუსუდან შელია