"იბადება ბიჭი - კოტე თოლორდავა" - კვირის პალიტრა

"იბადება ბიჭი - კოტე თოლორდავა"

"შეიძლებოდა, გაბრაზებულიყო, აფეთქებულიყო და მერე ცრემლებამდე ინანიებდა..."

- "რა არის სიცოცხლე?

- სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.

- სიკვდილი?

- სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის ტკბილი სევდა".

ყოფნა-არყოფნის სევდამ ჩვეულზე მეტად შეგვიპყრო ამ დღეებში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კოტე თოლორდავას გარდაცვალების ამბავი შევიტყვეთ.

ის იყო... კეთილი, ენერგიული, სიცოცხლით სავსე, იუმორის განსაკუთრებული გრძნობით დაჯილდოებული უნიჭიერესი მსახიობი,  მეუღლესა და შვილებზე უზომოდ შეყვარებული. კოტე თოლორდავა იყო...

რამდენიმე დღის წინ კოტეს გარეშე ჩატარდა პრემიერა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმისა "ვინ მოკლა ილია", სადაც მსახიობმა ილია ჭავჭავაძე განასახიერა. მერე გავრცელდა ვიდეოფირი მისი ბოლო რეპეტიციებიდან... თეატრის სცენიდან და "პალიტრა TV"-ს" ტელეეთერიდან. კოტეს მეგობრებმა გადაიღეს მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი კლიპი. ვუყურებთ ამ ვიდეოფირებს და სევდა გვიპყრობს.

უმამოდ დარჩა სამი შვილი: ბუკა, ტასო და თარაში. ერთ-ერთ ინტერვიუში განო მელითაური წერდა, ქმრისგან ყველაზე დიდი მხარდაჭერა მშობიარობისას ვიგრძენიო. კოტე მათი ორივე შვილის - ტასოს და თარაშის დაბადებას დასწრებია და როდესაც მისი შვილები ევლინებოდნენ ქვეყანას, ცოლის ხელი ხელში სჭერია...

კოტეს გარდაცვალებამ ბევრს დასწყვიტა გული. მათ შორის ჩვენც. ის "პალიტრა TV"-ს და ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრი იყო. ჩვენთან ერთად უნდა ეზეიმა "პალიტრის" 20 წლის იუბილე, თუმცა განგებამ სხვაგვარად ინება...

კახა მელითაური, კოტეს სიმამრი: "ერთმანეთის მიმართ ჩუმი სიყვარული გვქონდა. უღალატო და უბოროტო კაცი იყო. შეიძლებოდა, გაბრაზებულიყო, აფეთქებულიყო და მერე ცრემლებამდე ინანიებდა, თუ ვინმეს რაიმე აწყენინა. ძალიან კარგი კაცი იყო. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ის ჩემიანია. კარგი ადამიანი ბევრი დადის თბილისში. კოტე ცოტათი მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ თბილისელი კარგი ადამიანი".

ზუზუ ბეჟაშვილი: "ეს ადამიანი არა მარტო თავის საქმეში იყო ძალიან ნიჭიერი, არამედ ურთიერთობასა და მეგობრობაშიც. თუ ცუდი პერიოდი და ჩავარდნა მქონდა როგორც მსახიობს, პირველი კოტე მედგა მხარში. გადაცემაც რომ გააკეთა, იქაც პირველი სტუმარი მე ვიყავი.

განო საშინელ მდგომარეობაშია. არ მახსოვს, მენახოს ან გამეგონოს იმხელა სიყვარულზე, როგორიც მათ ჰქონდათ.

კოტეს უფროს შვილს, ბუკას, ახლოს არ ვიცნობ, ვიცი, ძალიან გონიერია. მომსწრე ვარ, როგორ დარეკა განოსთან და აქეთ აწყნარებდა. 6 წლის ტასო ძალიან განიცდის... განო 3 თვის ფეხმძიმეა. რამდენადაც ვიცი, იბადება ბიჭი - კოტე თოლორდავა".

სანდრო კაკულია: "კოტე 10-11 წლის წინ გავიცანი, მაშინ, როცა ლელა ჭინჭარაულმა დადგა ჩემი პირველი პიესა "ფანჯარა" რუსთაველის სარდაფში. მთავარ როლს იაშკა, დათო იაშვილი თამაშობდა. მერე ეს როლი კოტემ შეასრულა, დუბლიორები იყვნენ. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ ამ სპექტაკლის ორივე მთავარი როლის შემსრულებელი გადაღებაზე წასული გარდაიცვალა; იაშკა - 2008 წელს, ჰოლანდიაში. არ მივიდა გადაღებაზე, მიაკითხეს და გარდაცვლილი იპოვეს სასტუმროს ნომერში. ახლა კოტესაც იგივე დაემართა. დღემდე დავდივარ იაშკას საფლავზე, წერილებს ვწერ და ვესაუბრები. იაშკა ჩემთვის არ მომკვდარა. იგივე იქნება კოტეს შემთხვევაშიც... ჩემთვის ადამიანები არ კვდებიან. ისინი აგრძელებენ სიცოცხლეს გულებში, წერილებსა და მოგონებებში. კოტეც გააგრძელებს ცხოვრებას...

როდესაც გადასაღებ მოედანზე აღმოვჩნდი როგორც მსახიობი, კოტეც, გიორგი ყიფშიძეც და კაბუც სულ რაღაცებს მასწავლიდნენ. მე ხომ პროფესიონალი მსახიობი არა ვარ.

ჩემთვის ძნელი მისაღებია, რომ კოტე აღარაა. არის კოტეს ოჯახი და არის კიდევ ბევრი პრობლემა, რომელიც ამ ოჯახს აქვს. ყველანი უნდა გავერთიანდეთ, რადგან ახლა ოჯახს ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა.

კაბუ (კახა აბუაშვილი): "ჩვენ კარგა ხნის მეგობრობა გვაკავშირებდა, მაგრამ "ჩემი ცოლის დაქალებმა"”ძალიან დაგვაახლოვა. ჩემი ძმა იყო, მაგრად მენანება. ნიჭიერი და პერსპექტიული მსახიობი აღარ არის.

გიორგი ყიფშიძე: "ამდენი ადამიანი დარჩა კოტეს გარეშე...

იყო ჰიპერაქტიური. დაღლილს ვერ ნახავდი, მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში ძალიან ბევრ საქმეს აკეთებდა - გადაღებები, ტელევიზია, რეპეტიცია... ამ დინამიკაში ცხოვრობდა და უყვარდა... ჩვენ ყველაზე აქტიურად ისეთ დროს ვმეგობრობდით, როდესაც სიტყვა "ბაბუ" იყო ხუმრობის დონეზე აყვანილი. ამას იმეორებდა ხაზგასმით, ჩვენ ხომ "ვბაბულიკობდით" სერიალში... განოზე რა სჭირდა?.. ასეთი გრძნობა, მგონი, მარტო ლიტერატურაში იხატება. სასწაულად უყვარდათ ერთმანეთი. გული მიკვდება იმაზე, თუ როგორ გადაიტანს განო ამ ყველაფერს".

ასმათ ტყაბლაძე: "კოტე ჩემი უახლოესი ოჯახის შვილია. კოტეს დაბადება დიდი ზეიმი და ბედნიერება იყო. ბავშვობაში ჩემთანაც ისვენებდა ხოლმე აგარაკზე, დუშეთში. ძალიან ცელქი ბავშვი იყო, მაგრამ ზრდილი, - არაფერს აშავებდა.

კოტე ძალიან ნიჭიერი იყო. ბევრი კარგი როლი ითამაშა და ახლა რუსეთში იღებდნენ ძალიან კარგ მსახიობებთან ერთად ძალიან კარგი რეჟისორები. გერმანიაშიც შეიძლებოდა წასულიყო, ისე ვითარდებოდა მოვლენები და უცებ მოხდა ეს ტრაგედია. კარგია, რომ მალე მისი შვილი უნდა გაჩნდეს. მიხარია, დაიბადება მეორე კოტე თოლორდავა.

ბედნიერი ვიყავი, როდესაც მე და კოტემ დედა-შვილი ვითამაშეთ... დეკემბერში ამერიკაში ვიყავი. რომ ჩავფრინდი აეროპორტში, იქაური ქართველები ხვდებოდნენ ერთ ქართველს... იმისკენ კი არ გაიქცნენ, რომ დამინახეს, ჩემკენ გამოიქცნენ, დიტოს ("ჩემი ცოლის დაქალების" პერსონაჟი) დედა ჩამოსულაო. ერთხელ დედამისს ჰკითხეს, თქვენ დიტოს დედა ხართო? არა, დიტოს დედა ასმათია, მე კოტეს დედა ვარო. დიტოს დედად დავრჩი...

მინდა იცოდეთ, რომ კოტე თოლორდავას ოჯახს შეიძლება ბინა წაართვას ბანკმა. ჩვეულებრივი "ხრუშჩოვკაა", სამოთახიანი. არ იქნებოდა ურიგო, თუ ამას მიიღებენ მხედველობაში და დაეხმარებიან".

კოტე თოლორდავა ჩვენი თაობის კოლორიტად დარჩება და დრო ამას კიდევ უფრო კარგად გვიჩვენებს.

ხალხის თხოვნით, მეგობრებმა ოჯახის დასახმარებლად ანგარიში გახსნეს. რადგან, კომენტარებშიც გამოჩნდა მსურველები, აქვე ვაქვეყნებთ რეკვიზიტებს:

საბანკო კოდი- TBCBGE22

მიმღების დასახელება - გაიანე მელითაური (მიმდინარე ანგარიში სესხის დასაფარად)

ანგარიშსოწრების ანგარიში - GE55TB2520636010300035

ეკა სალაღაია